მთავარი,სიახლეები

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

17.04.2025 •
ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

50 წლის მაია ფელიშვილი ცხოვრება ბოლო წლებში ერთი წინადადებით ასეთია – პოლიციელობიდან ემიგრაციამდე.

„ბათუმელები“ გიამბობთ ქალზე, რომელიც ბოლო 4 წელია იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დღე ფიქრობს საქართველოზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ვითარდება; აღელვებს თანამებრძოლების ბედი და აბრაზებს უსამართლობა.

მაიას თქმით, მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, რუსული კანონის საპროტესტო აქციების პირველი ტალღიდან მოყოლებული უერთდება ქართველი ხალხის პროტესტს. უერთდება ისე, როგორც შეუძლია – სოციალურ კამპანიებში მონაწილეობს, თანამებრძოლებს ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება და სხვა.

მაია ფელიშვილი პირველი პროფესიით მუსიკათმცოდნეა, თუმცა ემიგრაციაში წასვლამდე 14 წელი სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა. ამბობს, რომ ახლა მესამე პროფესიის შესწავლაზე ფიქრობს.

„პოლიციელად ვიმუშავე წინააღმდეგობებით სავსე გარემოსა და დროში, თუმცა ამას სიამაყით ვამბობ. ვიმუშავე საყვედურებისა და რეალურად – შეცდომების გარეშე. ბევრი რამ გავაკეთე, მეამაყება ის წლები, იმიტომ, რომ მე პოლიციაში მივედი და ვიყავი ბოლომდე მხოლოდ ერთი მისიით – დავხმარებოდი სხვა ადამიანებს. ასეც იყო, ვეხმარებოდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო ის, რაც გავეცი და გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო იყო. არა იმიტომ, რომ დავიღალე, არამედ უიმედობის გამო.

მე გაცილებით ადრე დავინახე იმედგაცრუება, მანამდე, ვიდრე სისტემა თავს ისე გამოავლენდა, როგორიც ეს ჩვენ ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში.

ახლა, აგერ უკვე ოთხი წელია, იტალიაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დავტოვე, უწყვეტი კავშირი მაქვს ბევრ სფეროსთან, ნაწილობრივ ვაგრძელებ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩემი გამოცდილების გაზიარებას სოციალური პლატფორმის საშუალებით, ასევე, ემიგრანტების დახმარებას ისევ პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, მაქვს ჩემი საკონსულტაციო პლატფორმა სოცქსელში და ასევე, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან“, – გვიყვება მაია ფელიშვილი.

მისი თქმით, ემიგრაციიდანაც ძალიან კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული კრიზისი, რაც გახდა მიზეზი, ემიგრანტები გაერთიანებულიყვნენ, ერთმანეთთან კავშირი დაემყარებინათ და გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერი ეღონათ – ერთმანეთისთვის მიეწოდებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია, კოლექტიურად ეზრუნათ არჩევნების დროს ტრანსპორტირების საკითხზე და ყველა პრობლემის მოგვარებაზე.

„საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ერთგვარი გამოწვევა იყო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უმეტესობა სწორედ სოცქსელებით, ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროიდან ჩაერთო სოციალურ აქტივობებში. ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ადამიანებმა გავიცანით ერთმანეთი და გავერთიანდით.

რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად ემიგრანტებისთვის რამდენიმე ადამიანის თაოსნობით შეიქმნა სივრცე და დავიწყეთ საარჩევნოდ ერთმანეთის გაძლიერება, მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება. ყოველ კვირას გვქონდა ონლაინ შეხვედრები. განიხილებოდა საკონსულო რეგისტრაციიდან დაწყებული, ტრანსპორტირების ორგანიზებით დასრულებული, ყველა დეტალი, რამაც დადო ის შედეგი, რაზეც დღეს ყველამ იცის:

„ქართული ოცნება“ ემიგრანტებთან დამარცხდა.

ემიგრაციიდანაც კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული მასშტაბური კრიზისი და ასევე, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში უბრალოდ ვერ მოახერხეს არჩევნების გაყალბება“, – იხსენებს მაია ფელიშვილი.

ემიგრანტის თქმით, იოლი არ ყოფილა მისთვის ან სხვა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა და ეს დიდი ძალისხმევად დაუჯდათ.

„იტალიაში სულ სამ ქალაქში გაიხსნა საარჩევნო უბანი, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შრომა ჩავდეთ ხელმოწერების მოგროვებაში და სამართლებრივი დავებიც კი წამოიწყეს სხვადასხვა პლატფორმებმა, რათა კანონით მონიჭებული უფლებით გვესარგებლა და თუ 50 ამომრჩეველზე მეტი ვფიქსირდებოდით, საარჩევნო უბნები გაეხსნა ცესკოს კონკრეტულ ქალაქებში.

როგორც იცით, არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში შეეზღუდათ ეს უფლება ქართველ ემიგრანტებს ჩვენივე მთავრობის მხრიდან. ამიტომ ადამიანებს ათასობით კილომეტრის გავლა, ასევე სხვადასხვა ოდენობის თანხისა და უდიდესი დროის დაკარგვა მოუწიათ“, – გვიყვება მაია ფელიშვილი.

მისი გამოცდილებაც ასეთია – არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვა ქალაქში ჩასვლა, ერთი ღამით გაჩერება და შესაბამისად სასტუმროს დაჯავშნა მოუწია. დახარჯა ფული და დაკარგა დრო.

„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ არჩევნები იყო შაბათს და ემიგრანტების უმეტესობა მხოლოდ კვირას ისვენებს. უმეტესობამ სამუშაო დღე გააცდინა და ამითაც იზარალა, თუმცა მობილიზება იმდენად დიდი იყო, რომ ნათელი გახდა, ხალხი უბრალოდ დაიღალა თორმეტწლიანი თვალებში ნაცრის შეყრით, ტყუილი დაპირებებითა და ბოლო პერიოდში რუსეთისკენ სვლის დაუფარავი გამოვლინებით.

ადამიანები სრულიად რეალურად ხედავენ, განსაკუთრებით ემიგრაციაში, რომ ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ და ამის შეჩერებას ვცდილობდი აქედანაც, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

თეთრ ფურცელზე დიდი შავი ლაქა არ არისო – გვარწმუნებდა ჩვენი მთავრობა, მაშინ, როცა ეს შავი წერტილი მთელმა მსოფლიომ დაინახა“, – გვეუბნება მაია და დასძენს, რომ იმედგაცრუება, რაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გააჩინა მოქალაქეებში, დიდხანს არ გაგრძელებულა.

„ემიგრანტებისთვის შექმნილ სოციალურ პლატფორმაზე შეხვედრების დროს ორგანიზატორი განიხილავდა ხოლმე შესაძლო ვარიანტებს. იმასაც, რომ ქართული ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო და მზად უნდა ვყოფილიყავით ჩვენი ხმების დასაცავად. ეს დაშვება გვქონდა და აქციების დაორგანიზება და სამართლებრივი დავის წამოწყება მალევე შევძელით.

საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ დაწყებულ პროტესტს ემიგრანტებიც შევუერთდით. ჩვენც გამოვედით ქუჩაში. იყო საოცარი მომენტები, როცა აქციაზე ვიდექით ჩვენ, ქართველები და ადგილობრივი გამვლელები, როცა ქართულ დროშას ხედავდნენ მოდიოდნენ და გვესაუბრებოდნენ, რა დროსაც ნათელი ხდებოდა, რომ მათ იცოდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და აღფრთოვანებულები იყვნენ იმ კადრებით, რასაც თბილისში მანიფესტაციის მონაწილეების მხრიდან ხედავდნენ – ევროპული ფასეულობებისადმი თავგანწირვა, სამშობლოსადმი ასეთი ერთგულება და მონაწილეთა რაოდენობა.

დეკემბერში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ეგრეთ წოდებული მთავრობა უბრალოდ უნდა წავიდეს, არანაირი სხვა ალტერნატივა, ჩემი აზრით, არ არსებობს. „ქართული ოცნების“ მიმართ მისხალი ნდობაც აღარ არსებობს.

ძალადობის ის ფორმები, რომლებიც აქციის მონაწილეთა და ზოგჯერ უბრალოდ სახლში მიმავალი მოქალაქეების მიმართ გამოიყენა, განვმეორდები, ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, სრულიად ამოვარდნილი იყო დროიდან და სივრციდან. არავინ ელოდა ალბათ. არ ვიცი, მე ვერ წარმომედგინა ის, რასაც ვხედავდი ტელევიზიით.

დამანგრეველი იყო ეს ყველაფერი – დაუსრულებელი ცემა, დევნა, მივარდნები, დაჭერები, ცირკად ქცეული სასამართლო პროცესები… როცა ფიქრობ, რომ უკანონოდ დაკავებული ქალები, სტუდენტები, ახალგაზრდები (21 წლამდე პირს კანონი გარკვეულ სიტუაციებში არასრულწლოვანის სტატუსს ანიჭებს), მარტო იმიტომ, რომ რუსეთში ცხოვრება არ უნდათ და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ, ციხეში სხედან და შიმშილობენ, უკვე ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობ გარდა იმისა, რომ შენც რამე გააკეთო!“, – ამბობს მაია.

მაია ფელიშვილი

როგორც ემიგრანტი ამბობს, ის და მისი ნაცნობი ემიგრანტები მომავალშიც გააგრძელებენ პროტესტს „ქართული ოცნების“ მისამართით:

„ჩვენ ვეძებთ პროტესტის სხვადასხვა ფორმასა და გზებს, რათა, რაც შეიძლება მეტ ევროპელ თუ ამერიკელ დიპლომატს მივაწვდინოთ ხმა და არამხოლოდ დიპლომატს, ასევე ჩვენი მიმღები ქვეყნის მოსახლობასაც დავანახოთ სიმართლე და დავანახოთ ის, თუ ვინ დგას რეალურად „ქართული ოცნების“ უკან და რამხელა საფრთხე იქნება დღეს ჩვენი მტერი რუსეთი ხვალ მთელი მსოფლიოსთვისაც“.

მაია ფელიშვილის თქმით, არიან ისეთი ემიგრანტებიც, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად მცირეა.

„ეს საოცარი ფენომენი სრულიად ამოუხსნელია. შეკითხვაზე, თუ კი მთავრობა მოსწონთ, რატომ არიან საზღვარგარეთ, მათ ცნობილი ნარატივი აქვთ – მერე რა, რომ ფული არ აქვთ, მთავარია მშვიდობაა და როცა კითხვას უბრუნებ – თუ მშვიდობაა, შენ ემიგრაციაში რატომ ხარ? ისინი ჯადოსნურ წრეში ექცევიან საპასუხო კითხვით – შენ რატომ ხარ ემიგრაციაშიო? ვუხსნით, იმიტომ, რომ მთავრობის კურსმა ქვეყანაში არაერთ სფეროში შექმნა კრიზისი. ისინი გაიძახიან – არანაირი კრიზისი არ არის. მერე ისევ უმეორებ, აბა აქ რატომ ხარ და ისევ იმ წრეში ვბრუნდებით. ამბობენ, რა მოხდა მერე, სამაგიეროდ მშვიდობაა და ასე დაუსრულებლად…

ის პრივილეგია აქვს ემიგრაციას, რომ გამადიდებელი შუშით ხედავ ყველა პლუსსა და მინუსს, რაც შენს ქვეყანას აქვს. ეცნობი სხვა ხალხის კულტურასა და მრავალფეროვნებას და ხვდები, რომ, მაგალითად, კულინარია ავიღოთ, არც ფელამუში და არც ღომი შენი მოგონილი არ არის და აგერ სიცილიელი ბებოც აკეთებს. ხედავ, რომ მოწოდება – „ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები“ – არაფერია, მაგალითად, იტალიელების კულტურასთან – უკლებლივ ყოველ კვირა დღეს დაესწრონ დილის წირვას მთელი ოჯახით, ყოველი კვირა დღე გაატარონ ოჯახის ყველაზე უფროსი წევრების გარემოცვაში, ბავშვებთან ერთად და რომ ეს კულტურა ხელშეუხებელია და საუკუნეებია იცავენ ამ ტრადიციას.

ემიგრაციაში ხედავ, რას ნიშნავს კარგი ინფრასტრუქტურა, რა არის კარგი პენსია, მშვიდი სიბერე და ბევრი სხვა რამ. გაუსაძლისი მონატრების პარალელურად ბევრი რამის გადაფასებაც ხდება, თვალსაწიერი უფრო ფართოვდება და თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, მერე აუცილებლად გამოიყენებ შენს გამოცდილებას მშობლიურ გარემოშიც“, – გვეუბნება მაია.

ჩვენთან საუბრის ბოლოს მაია აღნიშნავს, რომ მისი უპირველესი სურვილია ემიგრანტების, ემიგრაციაში მყოფი ქალების მძიმე ცხოვრება პირველ რიგში მთავრობამ გაიაზროს და მათ დაბრუნებაზე მთავრობამ, საზოგადოებამ და ოჯახებმა ერთად იზრუნოს, თუმცა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში წარმოუდგენლად მიაჩნია.

„კიდევ გავიმეორებ, ერთადერთ გამოსავლად მე „ოცნების“ წასვლას ვხედავ. უკანონო პატიმრების განთავისუფლებისა და მიმდინარე მოვლენებში დამნაშავეების გამოვლენის, გასამართლების, ასევე ახალი არჩევნების ჩატარების უფლება და ვალდებულება, ჩემი აზრით, უნდა მიენიჭოს ახალ, დროებით მთავრობას“, – ამბობს მაია ფელიშვილი.

მოუსმინეთ ხმას: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: