ცნობილ „აზოვის პოლკს“, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადაა და კვლავ „აზოვად“ იწოდება, ახალი მეთაური ჰყავს.
„აზოვის“ ახალი მეთაური ბოგდან გრიშენკოვია [„პუგაჩი“]. რაც შეეხება „აზოვის“ ყოფილ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, იგი „აზოვის“ ბაზაზე შექმნილ კიდევ ერთ კორპუსს ხელმძღვანელობს უკრაინის გვარდიაში.
სპეცდანიშნულების ბრიგადის ახალ მეთაურს„აზოვში“ მსახურობის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალურ ქსელებში „აზოვის“ გვერდი წერს, რომ „პუგაჩი“ „აზოვში“ ჯერ რიგითი ჯარისკაცი იყო, უმუშავია ასეულის მეთაურად, შტაბის უფროსად და ბატალიონის მეთაურადაც.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოგდან გრიშენკოვი დონეცკის ოლქიდან, ქალაქ სლოვიანსკიდანაა. ის „აზოვს“ 2014 წელს შეუერთდა, როდესაც უკრაინული ჯარები მის მშობლიურ ქალაქს ათავისუფლებდნენ.
მონაწილეობდა მარიუპოლის ბრძოლებში, იცავდა აზოვსტალს, დაჭრილი იყო საბრძოლო მოქმედებებისას. აზოვსტალის დაცემის შემდეგ, იგი, სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსებმა გაგზავნეს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოლენოვკის კოლონიაში.
აზოვსტალის ტყვეების ნაწილის გათავისუფლების შემდეგ გრიშენკოვი უკრაინაში დაბრუნდა და ომში ბრძოლა განაგრძო.






