მთავარი,სიახლეები

რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

17.04.2025
რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში დაამატა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული. 2024 წელს ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის III ხარისხის მედლით დააჯილდოვა.

რუსული პროპაგანდისტული მედია tass-ი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურის განცხადებას ციტირებს:

„დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული, რომელსაც აქვს ნატოს მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება სხვადასხვა ცხელ წერტილში, უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტოს პერიოდში.

იგი შეუერთდა კიევის ხელისუფლების მიერ შექმნილ საერთაშორისო ლეგიონს და მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა საბრძოლო პუნქტებში. ამისთვის მან მიიღო ჯილდო 2,2 მილიონი რუბლის ექვივალენტი”.

თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ რატი ბურდულს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საერთაშორისო ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ნაწილია. ყველა ქვედანაყოფი, რომლებიც საერთაშორისო ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სტრუქტურული ნაწილი.

რუსეთი ქართველ სამხედრო ტყვეებს სპეციალურად წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით. საქმე ის არის, რომ გარდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, მაგალითად დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაქირავებული ჯარისკაცებისთვის მოქმედებს “სასჯელის უმაღლესი ზომა”, სიკვდილით დასჯა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: