13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა.
მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს.
მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ბარცხანაში ამბობენ, 17-მდე ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა და შეიწირა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე.
2025 წლის 11 აპრილს, ორთაბათუმში, სკოლის წინ, 8 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი დაიღუპა.
12 აპრილს თბილისში, ავჭალაში დაიღუპა 13 წლის მოზარდი – ის ავარიული კორპუსის შახტში ჩავარდა.
2025 წლის 15 თებერვალს, უსაფრთხოების ნორმების არარსებობას შეეწირა ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ბათუმში, „ოცნების ქალაქში“. წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც რამდენიმე საათიანი ძებნის იპოვეს, თუმცა მათი გარჩენა ვერ მოხერხდა.

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა
ბავშვების დაღუპვამდე ამ დასახლებაში „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი კობახიძე იმყოფებოდა. მისი მოსვლისთვის ტერიტორია მოაწესრიგეს, შემოღობეს და ასე იზრუნეს „ოცნების“ მთავრობის წევრების უსაფრთხოებაზე. ამისთვის საგანგებოდ 200 ათასი ლარიც დახარჯეს ბიუჯეტიდან. თუმცა, მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, თხრილში ბავშვები ჩავარდნენ. თხრილი არავის შემოუღობავს. აქ არც გამაფრთხილებელი წარწერა ყოფილა.
2025 წლის იანვარში წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის გამო 16 წლის მოზარდი დაიღუპა თბილისში, რიყის დოქებთან. არც ამ ადგილას იყო განთავსებული უსაფრთხოების ნიშნულები.
კიდევ უფრო ადრე, 2023 წელს, ასევე ბათუმში, ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვი დაიღუპა. ამავე ადგილზე დაშავდა კიდევ ერთი, 3 წლის ბავშვი. „ბათუმელები“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა მიეღო პასუხი მერიიდან – როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება ან საერთოდ ამოწმებენ თუ არა, თუმცა, ამაოდ – ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.
უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ემსხვერპლა 2022 წელს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე თბილისში. ის აუზში 2 მოზარდის დასახმარებლად შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მარიტა მეფარიშვილი
ეს ბოლო წლებში მომხდარი ტრაგედიების მოკლე ჩამონათვალია, ძირითადად, გახმაურებული შემთხვევები. ყველა ეს შემთხვევა საჯარო სივრცეში მოხდა.
ხშირ შემთხვევაში, როცა ბავშვები და მოზარდები სახიფათო გარემოს ეწირებიან, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ან ბრალდებები ისმის დაღუპულების ოჯახის წევრების მისამართით, ან გვესმის მშრალი ფრაზები – „მიმდინარეობს გამოძიება“.
როცა ამდენი ტრაგედია ხდება საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზე მეტყველებს ეს? ვინ არის პასუხისმგებელი? რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ტრაგედიების თავიდან აცილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს, სალომე შუბლაძეს ესაუბრა.
„ძალიან დიდი პრობლემაა საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა. ბოლო პერიოდში, მართლაც ბევრი ტრაგიკული შემთხვევა დაგროვდა და ჩვენ, როგორც სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, ამას ვუყურებთ სოციალური ვალდებულებების ჭრილში.
ეს არ არის უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
რა ვალდებულებებია ეს?! – ეს არის ძალიან საბაზისო – სიცოცხლის უფლება, რადგან როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ, აქ პირველ რიგში მოვიაზრებთ სიცოცხლის უფლებას. შემდეგ სხვა უფლებებიც შემოდის, მაგალითად, საცხოვრისზე უფლება და ასე შემდეგ.
სიცოცხლის უფლება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მაგალითად პოლიციელმა არ ესროლოს მოქალაქეს უსაფუძვლოდ. ეს სახელმწიფოს ავალებს, რომ მან შექმნას ისეთი სისტემა, ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის დაცვას.
საჯარო სივრცეებზე სახელმწიფოს აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადგან ესაა მისი იურისდიქციის და კონტროლის სფერო. ამიტომ ვერაფერი გაამართლებს იმას, რაც მოხდა თუნდაც „ოცნების ქალაქში“ – ამბობს სალომე შუბლაძე.
მისი თქმით, საჯარო უწყებების მხრიდან ხშირად არის ხოლმე პასუხისმგებლობების არიდების მცდელობა და ასეთ შემთხვევებში საზოგადოება ხედავს, რომ თანამდებობის პირები საერთოდ ვერ იაზრებენ ამ პასუხისმგებლობას.
„სულ რაღაც თავის მართლების რეჟიმში დგებიან. განა ის, რომ ჩავარდნაა, ან „გამოვასწორებთ“… და ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული, სამწუხაროდ, ხდება ახალი ტრაგედიების წინაპირობა“- ამბობს სალომე შუბლაძე.
ხშირად, ტრაგიკული ფაქტების შემდეგ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ბრალდებას აქეთ უყენებენ მოქალაქეებს და შვილების უყურადღებობაში ბავშვების მშობლებს ადანაშაულებენ.
„სად იყვნენ მშობლები?“, „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“- ხშირად ისმის ეს ფრაზა თანამდებობის პირების მხრიდან. სალომე შუბლაძეს ამის შესახებაც ვკითხეთ.
„გარდა იმისა, რომ მშობლებს ადანაშაულებენ ტრაგედიაში, მედიასაც უშლიან ხელს, რომ გააშუქონ ფაქტები და დასვან კითხვები უსაფრთხოებაზე. გვახსოვს ის შემთხვევაც, როცა „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვის დღეს, როგორ უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში.
ამ შემთხვევაში მოქმედებს არა სახელმწიფო, არამედ პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული ინსტიტუციები, რომლებიც მარტო იმაზე ფიქრობენ, რომ არ გამოჩნდეს მათი ბრალეულობა. თავდაცვის საუკეთესო გზა, თავდასხმააო, რომ ამბობენ, ამ პრინციპით მოქმედებენ და აქეთ გადმოდიან შეტევაზე.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თითქოს ყველაფერი არის ან კრიტიკული მედიის ან მშობლის ბრალი და არა ის, რომ მაგალითად ვაკის პარკში ვიღაცებმა ჩაიდინეს კორუფციული დანაშაული.
ის ადამიანი, ვინც მშობლების ბრალეულობაზე საუბრობდა, განათლების მინისტრადაც დაინიშნა. არავითარი პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური არც სხვაგვარი, რაც ასეთ უტიფარ განცხადებებს უნდა მოჰყვეს ხოლმე.
ეს პოლიტიკური ძალა („ქართული ოცნება) ჩამოყალიბდა მორალისგან დაცლილ ძალად, რომელიც მხოლოდ ელექტორალური საზომებით აზროვნებს“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძე
მისი თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების მოშლა და ამაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ახასიათებთ ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რეჟიმის მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკული აზრის დევნაზე და იმდენად, რომ მისი პირველადი ფუნქცია რაც არის, როგორც ადგილზე, ასევე რეგიონებში და რაც უკავშირდება სწორედ უსაფრთხოების სისტემების გამართვას, არ არის მათთვის პრიორიტეტული და არც საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს სთხოვენ ამ ყველაფერზე პასუხს.
ერთადერთი საზომი ხდება ის, თუ ვინ რამდენ ხმას მოიტანს არჩევნებზე და ვინ რამდენ ამომრჩეველს მოისყიდის.
და თუ ვინმე რაიმეს იტყვის, საჯარო სამსახურიდან ათავისუფლებენ და ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის ტენდენციაც“ – ამბობს სალომე შუბლაძე.
მსგავს პირობებში რა ბერკეტი რჩება მოსახლეობას დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება და სიცოცხლე?
სალომე შუბლაძის თქმით, დღეს სამწუხაროდ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურ უსამართლობას ეჯახებიან ადამიანები და ხელისუფლების არცერთი რგოლი არ თვლის თავს ვალდებულად რაიმე პასუხი გასცენ მოქალაქეებს.

ბავშვების სასრიალო ლიანდაგთან. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
„ეს ჩინოვნიკები არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რადგან მათი პოსტზე ყოფნა დამოკიდებულია არა ხალხზე, არამედ ერთ კაცზე (ივანიშვილზე). ეს ნიშნავს, რომ მათთვის ხალხის ფაქტორი არ არის ანგარიშგასაწევი. ამას მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენო ჭიათურა, რადგან ის რაც იქ ხდება, ამის კარგი მაგალითია.
ადამიანები შიმშილობის ზღვარზე არიან უკვე. 3500 ადამიანი სმს-ით გაათავისუფლა კომპანიამ სამუშაოდან და ისინი რასაც ითხოვენ, არის რომ „ვინმე შეგვხვდეს, დაგველაპარაკოს სახელმწიფოდან“, რომ ოჯახები შიმშილით არ დაგვეხოცოს.
ასეთ დროს რა რჩება ადამიანს? ჩვენ არაერთხელ გვინახავს რადიკალური პროტესტის ფორმები – შიმშილობა, პირის ამოკერვა, თვალის ამოკერვა, როცა ადამიანი ამდენ უსამართლობას ეჩეხება, დგამს ასეთ ნაბიჯებს.
მარტო „ოცნების ქალაქი“ არ არის ბავშვებისთვის მძიმე საცხოვრისი, არის გორის, ორხევის საცხოვრისი, რომელზეც დასკვნები არსებობს, რომ არ არის უსაფრთხო. წლებია ვიხვეწებით, გვაქვს სასამართლო დავაც, რომ ადამიანები გაიყვანონ ამ საცხოვრისებიდან, თუმცა ჯერ შედეგი არ არის.

ორხევის საცხოვრისი
რომ ჩამოინგრეს ეს საცხოვრისი, დიდი უბედურება იქნება. მერე გამოვლენ „ოცნების“ წარმომადგენლები და იტყვიან რომ „რაღაც ტრაგედია მოხდა“ და „ტრაგედიაზე ხელს ნუ მოითბობთ“, – ასეთი ფრაზები აქვთ ხოლმე.
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრებას და ამ ყველაფრის მიმართ შემგუებლობის ნორმალიზებას ახდენენ“- ამბობს სალომე შუბლაძე.
მისი თქმით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ომის საშიშროებაზე და მოჩვენებით მშვიდობაზეა აგებული და „აშკარაა, რომ ამ მშვიდობაში არ მოიაზრებენ სამოქალაქო უსაფრთხოებას და სოციალურ მშვიდობას“.
მისი შეფასებით, ახლა „ჩვენ ყველაფერი გვაქვს სოციალური მშვიდობის გარდა“:
„ამ ქვეყანაში მოსახლეობისთვის ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო, აღარაფერს ვამბობ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ „ოცნებისთვის“ ომზე საუბარი არის მხოლოდ პროპაგანდის გზა და სხვა მხრივ, ის არაფერს აკეთებს, რომ რეალურად დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი სიცოცხლე ამ ქვეყანაში“ – მიიჩნევს სალომე შუბლაძე.






