21 წლის მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გადარჩეს. ოჯახი ყველაფერს ყიდის იმისთვის, რომ მარის გადარჩენისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. ბიძის, მერაბ ანანიძის ინფორმაციით, ის ახლა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სჭირდება 2 ოპერაცია, ამის შემდეგ კი 4 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს.
ოჯახმა უკვე მიიღო ის ფინანსური დახმარება, რისი მიღებაც ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროგრამებით შეიძლებოდა. მარის მამის ინფორმაციით, ამ თანხამ, ჯამში, 31 000 დოლარი შეადგინა, თუმცა ის უკვე ამოწურულია, მარის მკურნალობის გასაგრძელებლად კი თანხა ისევ სჭირდებათ:
„სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, შემდეგ მკურნალობა და 4 თვიანი რეაბილიტაცია. ოპერაციები მკურნალობასთან ერთად 84 ათასი დოლარი ღირს, ამას ემატება 4 თვიანი რეაბილიტაცია, 168 000 დოლარის ღირებულების.
საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს წარვუდგინე 168 000 ლარიანი ინვოისი, დამიფინანსა 28 200 ლარით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 35 000 ლარი ჩაგვირიცხა. აჭარის მთავრობის აპარატმა დაგვიმატა 35 000 ლარი. ჯამში გამოვიდა 98 000 ლარი გამოვიდა. ეს მეექვსედია ალბათ იმ თანხის, რაც სამკურნალოდ გვჭირდება. ეს თანხა უკვე ამოწურულია. მარის ანგარიშზე თანხა აღარ არის. ახალი 84 000 დოლარის ინვოისი გადმომიგზავნეს. ესეც უნდა მივიტანო და არ ვიცი, რას მეტყვიან“, – ამბობს მერაბ ანანიძე, მარის ბიძა.
ოჯახის ინფორმაციით, მარის 2024 წლის 16 სექტემბერს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში პოლიპების მოშორების ოპერაცია და რენოპლასტიკა უნდა გაეკეთებინა, მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. ოპერაციის დროს მარის გული გაუჩერდა. ამას მოჰყვა დამატებითი პრობლემები, რის შედეგადაც მარი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
„როგორც ამიხსნეს, გულის გაჩერების შემდეგ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის შედეგადაც ბავშვი ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. 6 თვე მკურნალობდა კლინიკაში, იკრიბებოდა კონსილიუმები. მითხრეს, რომ ყველა პირობა ჰქონდა კლინიკას ჩემი შვილის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა, ის უფრო დასუსტდა. 25 მარტს სტამბოლში გადავიყვანეთ. გვეუბნებიან, რომ პაციენტი ჯერ უნდა მოამზადონ ოპერაციისთვის, უნდა მოაძლიერონ, რადგან ძალიან დასუსტებულია. ბევრი პროცედურაა საჭირო.“
მარის აქვს შანსი, რომ გამოჯანმრთელდეს, თუ სტამბოლში გააგრძელებს მკურნალობას. ოჯახი მარის მკურნალობის დასაფინანსებლად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.