მთავარი,სიახლეები

ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

20.04.2025
ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

დღეს, 20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის 14 აპრილს მიიღო.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება თანხას ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ნასიძეს გადაუხდის, რომელმაც 20 აპრილს ჯგუფი „ურსა“-ს სოლო კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

უცნობია, რა თანხას მიიღებს ამ კონცერტიდან უშუალოდ „ურსა“, ვინაიდან ჯგუფსა და მანანა ნასიძეს შორის 10 აპრილს დადებულია შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია:

„მუსიკოს შემსრულებელსა და კომპანიას [ამ შემთხვევაში მანანა ნასიძეს] შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი საჭიროებისამებრ დარეგულირდეს დამატებითი, კონფიდენციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

შეთანხმების ყველა პირობა არის კონფიდენციალური, მხარეები ვალდებული არიან არ გაახმაურონ მისი პირობები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ან მასთან დაკავშირებით.“

„ურსას“ კონცერტი შუხუთში უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება უშუალოდ ლელობურთს, შეჯიბრი დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება.

„ჯგუფი“ ურსა შუხუთში / 20.04.2025 / ფოტო: „ბათუმელები“

  • 2019 წლის მარტში, ლელობურთის ტრადიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა:

ლელობურთის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: