ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

20.04.2025
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია.

ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია.

ბათუმი, ბარცხანა / ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე ეს ხეები „ტყეკაფშია“ აღრიცხული და დანომრილია. მარჯვნივ – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა / 18.04.2024

ტერიტორია, სადაც „ტყითმოსარგებლედ“ კომპანია „ამბასადორია“ მითითებული, საჯარო რეესტრის მიხედვით, ჯერ კიდევ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

„ტყეკაფის“ 3 120 კვადრატულ მეტრ ფართობზე აღრიცხული და დანომრილია სხვადასხვა სახეობის ხეები: 8 ძირი კაკალი [მანჯურიის], 23 ძირი აკაცია; 2 ძირი თუთა, 1 ძირი პალმა [მარაოსებრი], 5 ძირი ცრუ ქაფური; 5 ძირი ჭადარი და 1 ძირი ალვის ხე.

ტყეკაფში დანომრილი ხეები / წყარო: ტყეკაფის აღრიცხვის მასალები

„ტყეკაფი“ / სატელიტის ფოტო [„ტყეკაფის“ მიმდებარედ ზღვა ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის ხრეშითაა ამოვსებული]

დოკუმენტების მიხედვით, ხეების აღსარიცხად აჭარის სატყეო სააგენტოსთვის „ამბასადორს“ 2024 წლის 13 თებერვალს მიუმართავს. ხეები კი ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციამ იმავე წლის 15 თებერვალს აღრიცხა.

„ტყეკაფი“ მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძულის მიმდებარედ / ბათუმი, ბარცხანა / 18.04.2025

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული უნდა ააშენოს. აღნიშნული პროექტისთვის მთავრობამ კომპანიას ზღვაში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობი გადასცა აღნაგობის უფლებით.

„ტყეკაფის“ მიმდებარედ ხელოვნურად მოწყობილი 194 457 კვადრატული მეტრი ნაკვეთი კი, საქართველოს მთავრობამ ამბასადორს 1 ლარად საკუთრებაში უკვე გადასცა.

აღნიშნული ნაკვეთი იმ ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია საჯარო რეესტრში ამ დრომდე არ არის რეგისტრირებული ცალკე საკადასტრო ერთეულად.

ტყეკაფის პასპორტში ეს ჭადარიც დანომრილია [N28] / მარცხნივ ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა და გამქრალი ბარცხანის პლაჟი / ბათუმი, 18.04.2025

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 აპრილის განკარგულებით „ამბასადორი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

ამ განკარგულებით კომპანიას მისცეს უფლება ერთი წლის განმავლობაში მოიპოვოს 287 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე [ჯამში 14 ჰექტარზე].

ამასთან, „ამბასადორი“ ვალდებულია „ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 374 ათას 609 ლარი“.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბოლოს ლიცენზიისგან 2024 წლის დეკემბერშიც გაათავისუფლეს და კომპანიას 371 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მისცეს.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: