3 პირს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს – მედროშეს აძევებენ

საქართველოში, პირველ კვარტალში, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი 3 პირს მიანიჭეს. სტატუსი მიანიჭეს რუსეთის 1 მოქალაქეს, ორის მოქალაქეობა კი, დაუდგენელია.

ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომაც უარი უთხრა ბათუმელს მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზს]. მედროშის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა შსს-მ დაიწყო, თუმცა გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდა და შსს ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის – თემურ ქათამაძის მეგობარი ამბობს, რომ თემურ ქათამაძემ შესაძლოა ჰუმანიტარული, ან ლტოლვილის სტატუსი ხელახლა მოითხოვოს საქართველოში, რადგან თურქეთში მოიპოვეს ე.წ. დოსიე, სადაც თემურ ქათამაძე მოხსენიებულია, როგორც „გიულენის დაჯგუფების წევრი“.

ბათუმელი მედროშის ადვოკატების მტკიცებით, თემურ ქათამაძეს თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ.

რაც შეეხება საქართველოდან გაძევებულთა სტატისტიკას: 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 219 პირი გააძევეს, მათ შორის, ყველაზე მეტი მოქალაქე ირანიდან იყო – 42, შემდეგ ადგილზეა ინდოეთი – 32, შემდეგ თურქეთი – 25.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ უცხო ქვეყნის 255 მოქალაქეს უთხრა უარი სტატუსზე. 2025 წლის პირველ 3 თვეში შსს-ს დროებითი განთავსების ცენტრში 151 უცხოელი გადაიყვანეს. საქართველოში თავშესაფრის სტატუსი 394-მა პირმა მოითხოვა,

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

#1, 1ა და 4 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა შეიცვალა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის კონსტრუქციული ნაწილი დაზიანდა და ხიდის სტრუქტურულ მდგრადობას იკვლევენ.

„შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ სამარშრუტო ხაზებზე: N1 – სევერიან აჭარელის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, შინდისის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე. N1ა და N4 – სევერიან აჭარელის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვები სამ თვემდე ვადით გაგრძელდება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით და დილით 4 ბალი, დღისით 2-3 ბალი; ზღვის ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; 21 მაისს ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 973 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 10 832 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 557 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 27 980 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 387 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 385 ერთეული [+107]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 900 ერთეული [+91]
  • სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 591 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 019 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 641 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ „მასობრივ“ პაკეტს ამზადებს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დღეს ტირანაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში განაცხადეს.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნებამ“ ჯერ წააქეზა საპატრიარქო, შემდეგ იგივე იარაღი მას შეუტრიალა – ინტერვიუ თეოლოგთან 

„რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოაცხადეს. ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებსაც კი იჭერენ…“ – პარალელს რუსეთთან ავლებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რის დემონსტრირებას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით?

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ხელისუფლება ჰომოფობიასთან გამიჯვნის და ადამიანების დაცვაზე ზრუნვის ნაცვლად, ჰომოფობიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ადამიანზე ზრუნვის და ძალადობაზე გამიჯვნის ნაცვლად, საქართველოს პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისს 2014 წლიდან „ოჯახის სიწმინდის დღე“ აღინიშნება.

„ხელისუფლებამ ჯერ წააქეზა საპატრიარქო და აგრესიის აკუმულირება მოახდინა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, შემდეგ კი ეს იარაღი შემოუტრიალა თავად ეკლესიას. ეს მოხდა „ციანიდის საქმით“, შემდეგ სუსის ფაილების სახით,“ – თეოლოგი გვიყვება, როგორ მოიპოვა გავლენა და კონტროლი „ოცნების“ მთავრობამ ეკლესიაზე: – „ეკლესიისთვის ბოლო „ხანჯლის ჩაცემა“ მაინც სუსის კრებსები იყო, სადაც არეულია ტყუილ-მართალი, მაგრამ ერთი ხაზია მნიშვნელოვანი:  ძირითადად სახელმწიფო ინტერესდება მათი სექსუალური გემოვნებით – ვინ ვისთან წევს?

ეს იყო ბოლო წვეთი და წერტილი. ამის შემდეგ უკვე საქართველოს ეკლესიაზე, როგორც სუვერენულ ინსტიტუტზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია. ეკლესიას რომც არ უნდოდეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე მსვლელობის მოწყობა, მან ის უნდა გააკეთოს, რასაც სახელმწიფო ეტყვის,“ – მიიჩნევს თეოლოგი.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მირიან, რის დემონსტრირებას ცდილობს, თქვენი აზრით, არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით? 

პირველ რიგში, ეს დღე მახსენებს 2013 წელს, როცა დაარბიეს აქციაზე შეკრებილი ადამიანები. ეს იყო ორგანიზებული დარბევა, რაშიც მონაწილეობდა მაშინდელი, ახლად არჩეული ხელისუფლება. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ უბიძგა საპატრიარქოს აგრესიისკენ. მაშინ „ქართული ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობდა: იქ თითქოს ევაკუირება მოახდინეს და ამავე დროს მოაწყვეს კორდონები.

ცხადია, ამისთვის პასუხი არავის უგია.

ჩემთვის მაშინ ეს დარბევა აჩენდა თეოლოგიურ პრობლემას: რა პასუხი აქვს ეკლესიას თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით, ანუ რა ფორმებით უნდა მოახდინოს ეკლესიამ რეაგირება გარკვეულ ფენომენებზე, რომელიც მას შეიძლება დიდად არ მოსწონს [დემოკრატიის ფარგლებში მისაღებია, რაღაც არ მოგწონდეს], მეორე საკითხი კი, იყო ის, თუ რა პოლიტიკური გზავნილი იკითხებოდა ამ პროცესის უკან?

ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ ეს არის ახალი ხელისუფლების ნიშანი, რომ ჩვენ, როგორც კულტურა, როგორც ცივილიზაცია, მივდივართ არა ევროპის, არამედ რუსეთის გზით. ბევრი ჩემი კოლეგაც კი, მაშინ ამაში არ მეთანხმებოდა.

  • რადგან იმავდროულად ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“? 

ამ პროცესებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთში ხდებოდა იგივე – რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოცხადდა, ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებს იჭერენ…

  • რატომ იწყება რუსული დიქტატურის წესების დამკვიდრება თავდაპირველად სექსუალური უმცირესობების დევნით?

მოწყვლადია და ამიტომ. 2013 წლის 17 მაისს იქ იდგა დაახლოებით 100, მაქსიმუმ 200 ადამიანი, აქედან ნაწილი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, ან სოლიდარობის ნიშნად იქ მისულები.

მაშინ გამოჩნდა სწორედ რუსეთის სისტემის მიბაძვა – პარალელი, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თამაშობდა ორმაგ თამაშს და გაჩნდა ეჭვის საფუძველი.

დღევანდელი გადასახედიდან კი, ყველაფერი უკვე ნათლად ჩანს: მივდივართ რუსეთ-ჩინეთისკენ.

რა გამოჩნდა ამ პროცესში, რა გაუკეთა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეკლესიას? ხელისუფლებამ ჯერ წააქეზა საპატრიარქო და აგრესიის აკუმულირება მოახდინა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, შემდეგ კი, ეს იარაღი შემოუტრიალა თავად ეკლესიას. ეს მოხდა „ციანიდის საქმით“, შემდეგ სუსის ფაილების სახით.

ეს არის ერთადერთი განსხვავება რუსეთთან – იქ მსგავსი საქმეები არ დასჭირვებიათ, რადგანაც რუსეთში ეკლესია ისედაც ყოველთვის ლოიალური იყო მთავრობის მიმართ.

საქართველოში კი, ამ საქმეებით ხელისუფლებამ ეკლესია სრულად განძარცვა სუვერენიტეტისგან.

  • რა შეცვალა „ციანიდის საქმემ“ და სუსის ფაილებმა ეკლესიის საერო ხელისუფლებასთან დამოკიდებულების კუთხით? 

„ციანიდის საქმეს“ ჰქონდა ორი განზომილება: ერთი იყო ოფიციალური განზომილება, რაც ჩნდებოდა პრესაში, რომ აი, ვიღაც წამლავდა პატრიარქს და სასულიერო იერარქიას და შემდეგი იყო მოარული კამპანია – სინამდვილეში რას ეხებოდა ეს საქმე.

ეს მეორე ნაწილი დასრულდა მეუფე პეტრეს ღია პროტესტით, როცა მან თქვა, რომ პატრიარქი თავად არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი, ამას ვერავინ გაარკვევს ამ პროცესში, რადგან არცერთ მხარეს რამე კონკრეტული ფაქტი საჯაროდ არ დაუდია, მაგრამ ფაქტია, რომ სამების ეკლესიაში ამ ამბების შემდეგ შეკრებილმა მრევლმა პატრიარქით სკანდირება დაიწყო, გვიყვარხარო.

ეს ფაქტი კარგია იმ გაგებით, რომ ამას აჩვენებს: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღიად და აგრესიულად ჰომოფობიის მოსურნე არ არის.

ეკლესიისთვის ბოლო „ხანჯლის ჩაცემა“ მაინც სუსის კრებსები იყო, სადაც არეულია ტყუილ-მართალი, მაგრამ ერთი ხაზია მნიშვნელოვანი:  ძირითადად სახელმწიფო ინტერესდება მათი სექსუალური გემოვნებით – ვინ ვისთან წევს? ამ ფაილებში ხომ იმაზე არ იყო საუბარი, მაგალითად, ვინ თანამშრომლებს უცხოეთის დაზვერვასთან? არც იმ ინფორმაციაზე საუბარი, რომელიც წესით სუსს უნდა აინტერესებდეს.

ეს იყო ბოლო წვეთი და წერტილი. ამის შემდეგ უკვე საქართველოს ეკლესიაზე, როგორც სუვერენულ ინსტიტუტზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია.

ეკლესიას რომც არ უნდოდეს ოჯახის სიწმინდის დაცვის მსვლელობის მოწყობა, მან ის უნდა გააკეთოს, რასაც სახელმწიფო ეტყვის.

  • ფიქრობთ, რომ ამ დღესაც პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარება „ქართულ ოცნებას“ საპატრიარქო? 

ერთმანეთის ინტერესები ემთხვევა, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფომ ეკლესიის ინსტრუმენტალიზება მოახდინა.

სიწმინდის იდეა თვითონ საპატრიარქოს გაუჩნდა ალბათ და სცადა კრეატიულად ალტერნატიული კალენდრის შექმნა, მაგრამ ეს ამბავი, როგორც პოლიტიკური დივიდენდი აითვისა ხელისუფლებამ: ვხედავთ, როგორი მონდომებით მონაწილეობენ ამ მსვლელობაში მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები.

  • დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა და საია თავის განცხადებაში წერდა, „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოსო. ვერ გრძნობს მრევლი, რომ რეალურად ოჯახის სიწმინდის დაცვა „ოცნებას“ არ აინტერესებს? სოციალურ ქსელშიც იყო კომენტარები: „ოცნება“ ოჯახის სიწმინდეს კი არ იცავს, პირიქით, ძალადობა ნორმად აქციაო.

ზუსტად ასე ხდება რუსეთშიც: იქაც ოჯახის ირგვლივ ერთიანდებიან, მათ შორის, ომთან მიმართებით.

მრევლს კი ჰქონდა პროტესტი და ახლაც აქვს, თუმცა ეს ხშირად არ ჩანს. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ მრევლი იმ ინტენსივობით აღარ დადის ეკლესიაში, როგორც ადრე – ისინი ხედავენ ამ ინსტიტუციასთან გარკვეული ფასეულობების აცდენას.

არსებობს ინდივიდუალური პროტესტიც: გეხსომებათ საკმაოდ გაბედული ქალბატონი, რომელმაც ზუსტად ამ დღეს, 17 მაისს პირდაპირ ამბიონზე მდგომი იაკობ იაკობაშვილს გამოუცხადა პროტესტი. მოქალაქემ სასულიერო ლიდერისგან პასუხი მოითხოვა: რატომ ურტყამს და არბევს საპატრიარქო უდანაშაულო გოგო-ბიჭებს?

ევროპაში არსებობენ სამრევლო საბჭოები, მას მრევლის წევრები მართავენ, მათ შორის არიან სასულიერო პირები, ერთი ხმის უფლებით. მრევლს ამ გზით შეუძლია ადგილობრივ დონეზე რაღაც შეცვალოს. მაგალითად, შვედეთში, იქაურ ქართულ სამრევლოში სასულიერო პირი თუ გადაწყვეტს, რომ უნდა დაარბიოს ადგილობრივი ლგბტქ თემი, ჯერ საბჭომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება.

საქართველოში მსგავსი არაფერი არსებობს.

  • თქვენ რუსეთთან პარალელი ახსენეთ: რა ეტაპია შემდეგი? 

იგივე გზით მიდის საქართველოს მთელი კულტურული ფორმაცია და არა მხოლოდ ეკლესია. ეს ეხება, მაგალითად, ხელოვნებასაც: თუ ვინმე რამეს გაბედავს, მომენტალურად ხდება რეაგირება, გადაყენება, გაძევება, ადამიანების დაპრესვა, დემონიზება, შეჩვენება.

შემდეგი ეტაპი იქნება იქ მისვლა, სადაც ახლა რუსეთია – ავტორიტარული რეჟიმი კრიტიკოსების გარეშე. როცა კრიტიკისგან სრულად დაიცლება საზოგადოება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება საშუალება, გააკეთოს ის, რაც მოესურვება. ეს მოცემულობა ჩვენ უკვე გვაქვს – ეს ძლიერდება.

  • არსებობს იმის რესურსი, რომ ეკლესიაში არაჯანსაღი პროცესები გააპროტესტონ ისე, რომ ეს გაჩერდეს? 

ეკლესიაში სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი გაყურსულია. ისინი ელოდებიან, როდის მოხდება რაღაც, რაც იქნება სიახლე.

ეკლესიის ავტორიტეტი ძირითადად ბაზირებული იყო და არის პატრიარქის კულტზე. ამ დრომდე ეკლესიამ ვერ მოიპოვა ავტონომიური ავტორიტეტი, რადგან მინიმუმ მისი ენა არის გაუგებარი საზოგადოებისთვის. ყველა კრიტიკულად განწყობილი პიროვნებისგან, რომელიც იყო ინტელექტუალური რესურსი, საპატრიარქომ არჩია მათგან  სრულად დაცლა.

საუბარი არ მაქვს მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ თეოლოგებზე – მაქსიმალურად ჩამოაცილეს ეკლესიას ადამიანები, რომლებიც აზროვნებდნენ ცივილიზებულად.

წელს საშობაო ეპისტოლე ფოთის მიტროპოლიტმა ცალკე დაწერა, რომელიც ძალიან თანმიმდევრული იყო და საინტერესო, მაგრამ ის არ ითვლება ცენტრალურ ხმად – მედიასაშუალებების უმეტესობამაც ყურადღება ძირითადად დაუთმო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს.

პროტესტი არსებობს მხოლოდ რაღაც ეტაპზე – შემდეგ ისინი ტოვებენ ეკლესიას და ამაზე, ცხადია, ეკლესიას არ აქვს მგრძნობელობა. იქ მისდევენ პოლიტიკას: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, მაგრამ ეს ქარავანი სანამდე ივლის, არავინ იცის.

„ამ ქალმა ქართველ პოლიციელს აწყენინა… მზიას ციხეში გამომწყვდევის ეპიზოდი ფაშისტურია“ – ალეკო შუღლაძე

მწერალი ალეკო შუღლაძე „მზია ამაღლობელის საქმეს“ ფეისბუქპოსტით ეხმაურება:

„ფილმში „მოდი, ნახე“, არის ასეთი ეპიზოდი, სადაც გერმანელ ნაცისტს სავარძლიან მოტოციკლზე ნაწამებისა და ჩამოხრჩობილის გვამი აქვს თოკებით დაკრული და ასე დაატარებს მთელ სოფელში, ისმის სახალისო მუსიკა, ცხედარს კი აწერია:
„ამ კაცმა გერმანელ ჯარისკაცს აწყენინა“.

ციხეში ცუდია, ხანდახან გაუსაძლისიც. პროცესი, სადაც განიხილება სამართალდამცავის აწითლებული ლოყა – და თან საქმე იმაშია, რომ ასეთი სილით ლოყა ვერც კი აწითლდება, პროცესი, სადაც „დაზარებული“ ჰყვება საკუთარი ლოყის ძლიერ ტკივილზე და ამას აკეთებს მთელი სერიოზულობითა და შურისძიების გრძნობით… ანდა თუნდაც ქალის ასეთი შეთრევა შენობაში გინებითა და წეწვა-გლეჯით, საერთოდ არ განიხილება როგორც რაღაც კომედიური.

ეს არც სიურრეალისტური კადრია.

შეიძლება „დაზარალებულს“ ახლა დასცინიან, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი იმ მძიმე კადრს მახსენებს ფილმიდან. ვფიქრობ, სისასტიკით, ცინიზმით, მზიას ციხეში გამომწყვდევის ეპიზოდი ფაშისტურია.

„ამ ქალმა ქართველ პოლიციელს აწყენინა,“ – წერს მწერალი ალეკო შუღლაძე.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.

„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე შეტანილია ევროსასამართლოში.

ამ თემაზე:

დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

საღამოს აჭარაში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 მაისს საღამოს [უფრო 22.00 საათიდან] და 18 მაისს ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 20-25 მეტრ წამამდე.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; 19 და 20 მაისს კი – ხანმოკლე წვიმა.

საია: „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს“

„ქართული ოცნება“ ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში მოუწოდა,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ, დღეს, 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. 

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ბოლოდროინდელი შეტევა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ლგბტქ+ ადამიანების უფლებებზე.

2024 წლის აპრილში, ქართულმა ოცნებამ დააინიიცირა დისკრიმინაციული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძირს უთხრიდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ძირითად უფლებებს. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი, მათ შორის, ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა. 

მართალია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის გამო, ქართულ ოცნებას აღნიშნული კონსტიტუციური კანონი არ მიუღია, თუმცა მიიღო იდენტური შინაარსის მქონე საქართველოს კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” და მასთან დაკავშორებული ცვლებები 18 საკანონმდებლო აქტში. მიღებული კანონები იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციულსამართლებრივ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რომლებითაც, ფაქტობრივად, აქტივიზმის, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის და ჯანდაცვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზებას ახდენს. 

კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს და ამასთან კავშირში საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც შესასრულებლად სავალდებულო ძალისაა ქვეყნისთვის. 2025 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ანტი-ლგბტქ+ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

საკანონმდებლო ცვლილებებს თან ახლავს ქართული ოცნების მიერ ჰომოფობიური/ტრანსფობიური სიძულვილის გავრცელება

სახელმწიფოს მიერ სიძულვილისა და უთანასწორიბის ასეთი პოლიტიკა, გარდა უშუალოდ ლგბტქ+ ადამიანებისა, საფრთხეში აგდებს მთელ საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს: ამ ტიპის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენზურის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მექანიზმები შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა სახის გამოხატვის წინააღმდეგ.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან პოლიციის მიერ დემონსტრანტების სისტემურ წამებას და არასათანადო მოოყრობას თან ახლდა ჰომოფობიური სიძუვილვილის ენა და დამცირება. ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც სპეცრაზმელები რაიმე ნიშნის გამო ლგბტქ+ თემთან აკავშირებდნენ, განსაკუთრებით სასტიკ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ. 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ერთი მხრივ, ლგბტქ+ ადამიანების წინაშე არსებულ საფრთხეებზე, მეორე მხრივ, წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, რომ ქართულო ოცნების პოლიტიკური ჰომოფობია რეპრესიის იარაღია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მათ შორის, უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წასახალისებლად და გასამართლებლად,“ – აღნიშნულია საიას მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა.

წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე ქვეყანაში საბოლოოდ აფორმებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს და საქართველოში სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას აკანონებს,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა, ხოლო თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

„დღე, რომელიც ემსახურება ლგბტქ ადამიანების უფლებების ხილვადობას მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას, საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით” ჩანაცვლდა.

2024 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” 17 მაისი ოფიციალურად უქმედ და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა.

რეალობას, როდესაც ჰომოფობია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მართვისა და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი გახდა, წინ უძღოდა მათ მიერ წარმოებული თანასწორობის საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც რადიკალური ჯგუფების მიერ ლგბტქ ადამიანების სასტიკ ძალადობას იწყნარებდა და ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების რეალურ რისკებს ღიად უგულებელყოფდა.

2012 წლის შემდეგ საქართველოში ლგბტქ ადამიანებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში. სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენდა ლგბტქ ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებდა ადეკვატურ პრევენციულ ზომებს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარა იყო მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტქ მოძრაობებისა და ჰომოფობიური რიტორიკის მიმართ.

ქვიარ თემისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, პოლიტიკური თავისუფლების, განვითარების შეთავაზების ნაცვლად, „ქართული ოცნება” წლების მანძილზე ლგბტქ ადამიანებს მტრის ხატად მონიშნავდა, სიძულვილსა და შიშებს მოქალაქეების მართვისა და კონტროლის, ოპონენტების მარგინალიზების მიზნით იყენებდა.

არაერთი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა დატოვა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი, რაც მათ სტიგმატიზაციას, გარიყვასა და მიზანმიმართულ გაწირვას იწვევს.

2024 წლის სექტემბერში პარლამენტმა მიიღო ,„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი ლგბტქ ადამიანებისთვის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც შემზღუდავ დათქმებსა და ცენზურას ითვალისწინებს. არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით, კანონი ფაქტობრივად კრძალავს ლგბტქ საკითხების ირგვლივ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და ეხება როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით, სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ მცდარ და სიძულვილის ნარატივებზე დაფუძნებული კანონი ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაძლიერებას, მსგავს შეზღუდვას მსუსხავი ეფექტი ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის – ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პოპულისტური “ოჯახებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” ლოზუნგი ფარისევლური შინაარსისაა. ის უსირცხვილოდ ნიღბავს იმ მძიმე რეალობას, როდესაც ფაშისტური კანონების გამო ლგბტქ აქტივისტებისა და ხილვადი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს – რაც მათ აიძულებს, იცხოვრონ საკუთარი ოჯახების, ნათესავების, მეგობრებისა და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე.

„ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით „ქართული ოცნება” ცდილობს მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები – გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მზარდი მიგრაცია – რაც არათუ განამტკიცებს, არამედ შეუქცევლად აზიანებს ჩვენი ოჯახების სტრუქტურას.

აღნიშნული პროცესები ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლისა და მძაფრი ავტორიტარული, ანტიევროპული გეოპოლიტიკური შემობრუნების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში წარმატებით მოახერხა ავტორიტარული პოლიტიკის აღმასვლის ფერხულში ჩაბმა და სხვა ავტოკრატიული რეჟიმების გზას დაადგა. ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერა მარტივად ამოსაცნობია – ისინი მძიმე, კომპლექსური კრიზისების პირობებში მორალური პანიკის შექმნის გზით აძლიერებენ სხეულების კონტროლს; ქვეყნის შიგნით კი ლგბტქ თემსა და ქვიარ აქტივისტებს სახელმწიფოს მტრებად წარმოაჩენენ.

ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ლგბტქ უფლებები არა მხოლოდ უარყოფილია, არამედ აქტიურად ხდება ამ უფლებებით სტრატეგიული მანიპულირება. ასეთ ვითარებაში ქვიარ და სექსუალობის საკითხების პოლიტიზირება ხდება, რადგან ავტორიტარული რეჟიმების ძალაუფლების წარმატება და მდგრადობა ნორმატიული საზღვრების დაწესებასა და საზოგადოების ტოტალურ კონტროლზეა დამოკიდებული.

ამდენად, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებით, „ქართული ოცნება” პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს და მათ რიგებში ეწერება. რეჟიმი ზედმიწევნით იმეორებს რუსეთისა და მისი ორბიტის ქვეშ მოქმედი ავტოკრატიული სისტემების პოლიტიკურ სტრატეგიებს, რომელიც, ერთი მხრივ,საზოგადოების შიშებისა და აფექტების მობილიზაციას – და ამ გზითპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას – ისახავს მიზნად, ხოლომეორე მხრივ, ანტიევროპულ რიტორიკას ე.წ. ტრადიციული, რელიგიური ღირებულებების საპირწონედ.

„ქართული ოცნების” მიერ გაფორმებული რეჟიმი მკაფიოდ ანტიჰუმანური და ფაშისტურია [და არა მხოლოდ ტრადიციული ან კონსერვატიული]. ის ლგბტქ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული და უსაფრთხო არსებობის უფლებას ართმევს. როგორც ნებისმიერ სხვა ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, მასაც ადამიანების ჯგუფი კატეგორიამდე დაჰყავს, რომელიც უნდა აკონტროლო, დასაჯო, უგულებელყო ან საერთოდ ამოშალო/წაშალო.

მსგავსი პოლიტიკა არ ემსახურება საზოგადოების ან ოჯახების დაცვას – მისი მიზანია შიშისა და სიძულვილის მეშვეობით, ტოტალური კონტროლის მობილიზებით, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობა.

უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაზე მყოფი რეჟიმი მხოლოდ საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის – ლგბტქ ადამიანების/ქვიარ თემის – უფლებების ფეხქვეშ გათელვით არ დაკმაყოფილდება. ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავდასხმით გაგრძელდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელი უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემის მიმართ, რაც ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილია – ბრძოლისა დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის და ჰუმანისტური პრინციპების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაბრუნებლად.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ ადამიანებს საქართველოში და მზად ვართ, ჩვენი რესურსები აქტიურად გამოვიყენოთ მათი უფლებების, საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვაგრძელებთ და არ შევაჩერებთ ლგბტქ უფლებებზე, ლგბტქ ადამიანების სისტემურ ჩაგვრასა და თანასწორობაზე ლაპარაკსა და ამისთვის ბრძოლას ბოლომდე!“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.

ფოტო: „ბათუმელების“ 2023 წლის არქივიდან

„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ.

როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. „იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ“-ამბობს გოტა ჭანტურია.

ამ ფაქტს ფეისბუქში დიდი კამათი და განხილვა მოჰყვა.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პლაკატი არ უნდა ჩანდეს სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე, ნაწილი კი თვლის, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებსაც. 

რატომ რჩება ეს თემა „განხეთქილების ვაშლად“ და შეიძლება თუ არა ამ უთანხმოებამ დააზიანოს საყოველთაო პროტესტი, რომელიც 170-ე დღეა იმართება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, საპროტესტო აქციებზე სააკაშვილის პლაკატის გამოჩენას არაერთხელ მოჰყვა უთანხმოება, თუმცა ყველაზე მწვავე რეაქცია გასულ კვირას ვნახეთ, როცა სააკაშვილის პლაკატი არ გააშლევინეს ერთ-ერთ მხარდამჭერს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს ეს დაპირისპირება?

თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიული საზოგადოება პირველ რიგში ეს არის პლურალისტული საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ჯგუფებს ევალებათ თანაცხოვრება. შესაძლოა მძაფრ კონკურენციაში ყოფნა, მაგრამ მაინც ევალებათ თანაცხოვრება. 

ვინც ამ თანაცხოვრებას ხელს უშლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ერთმნიშვნელოვანი და სრულიად ცხადია. 

ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები. კერძოდ, ამ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ჯგუფების თანაცხოვრების პროცესში, არ უნდა იქნეს ჩადენილი თანაცხოვრებისთვის შეუფერებელი ან დევიანტური ქმედებები. 

თანაცხოვრებისთვის შეუფერებელი ქმედებები შეიძლება იყოს იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, რომლებიც შენი პოლიტიკური გემოვნების მატარებელი არ არიან, ნებისმიერი შეუსაბამო ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებულად მოაზროვნეთა ფუნდამენტური უფლებების ხელყოფა. 

აი, ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. 

ახლა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, როცა მოხდა სააკაშვილის პლაკატის წართმევა მის მხარდამჭერზე. ამასთან დაკავშირებით მოვისმინე სრულიად განსხვავებული პოზიციები. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცხადია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქვთ შესაძლებლობა და უფლება, გაშალონ მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ეს არ უნდა გამოიყენონ აქციაზე გამოსული სხვა ჯგუფების გადასაფარად ან ხელშემშლელად. 

მეორე მხრივ, ითქვა ისიც, რომ არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. ამიტომ, ამ დეტალებზე საუბარი ჩემთვის რთულია. 

მაგრამ, ჩემთვის ერთი რამ სრულიად ნათელია, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებული, მძაფრ კონკურენციაში მყოფი, ურთიერთ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების თანაარსებობას, ოღონდ ამ თანაარსებობაში არ უნდა იყოს ჩადენილი ისეთი ქმედებები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ – გამოხატვის და სიცოცხლის უფლებას ან თავისუფლებას ხელყოფს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

რაც შეეხება იმას – როდემდე იქნება ეს ფაქტი გამოყენებული დაპირისპირებისათვის, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე, სამწუხაროდ, წლებია ასეა. 

ეს დაპირისპირება ბოლო დროს თითქოს შესუსტდა, განელდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღეს უფრო მეტ საერთოს პოულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან, გვინახავს კიდეც ისინი ერთი მაგიდის გარშემო და მათი ერთობლივი განცხადებებიც მოგვისმენია. შესაბამისად, ეს თანაარსებობა უფრო შესაძლებელი გახდა, მაგრამ ასეთი რეციდივები ისევ იჩენს ხოლმე თავს. 

  • საზოგადოების ერთ ნაწილს არ სურს სააკაშვილის პლაკატების ფონზე პროტესტის მონაწილე იყოს. მეორეს მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომელიც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ჯგუფია, აქვთ უფლება პროტესტს შეუერთდნენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, არ აქვთ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამ აქციებზე მათ მხარდამჭერებს და ცალკე უნდა იდგნენ და ისე მოითხოვონ? 

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი პოზიცია, რადგან თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის პატიმრობაში ყოფნას, პოლიტიკური პატიმრობის ბევრი ნიშანი ახლავს და ამის თაობაზე არაერთხელ დაიწერა ჩვენშიც და უცხოეთშიც დამოუკიდებელი ექსპერტების თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, ანუ თუ ეჭვგარეშეა რომ პოლიტიკური პატიმრობის ნიშნები აქვს სააკაშვილის პატიმრობას, მაშინ ის ნებისმიერი პოლიტიკური პატიმრის თანასწორად განიხილება, ხომ?!

  • გამოდის, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?

რა თქმა უნდა, ისევე როგორც იმ ბიჭების პატიმრობა, რომლებიც აქციებზე დააკავეს, ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სამწუხაროდ. ისევე როგორც მზია ამაღლობელის პატიმრობა შეიძლება იდგეს ვიღაცისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. 

არიან თუ არა ისინი პოლიტიკური პატიმრები, ამაზე ყოველთვის იარსებებს განსხვავებული აზრი, მაგრამ ერთია განსხვავებული აზრი და მეორეა შეთანხმებული, ანუ მეინსტრიმული აზრი, ანუ ძირითადი ნაკადი რას მიიჩნევს. ეს ნაკადი არის ვინ? – არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, აკადემიური ექსპერტები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, უფლებადაცვითი ორგანიზაციები შინ თუ გარეთ – ესენი აღიარებენ მზია ამაღლობელს, აქციის დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს პოლიტპატიმრებად, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილს.

და თუ ეს სტატუსი მათ აქვთ მეინსტრიმული საზოგადოებრივი აზრის მიერ, რომელსაც ქმნიან სხვადასხვა ადამიანები ან ორგანიზაციები, მაშინ მეტ-ნაკლებობის დასმა მათ შორის გაუმართლებელია. 

თუ პოლიტპატიმარია, მაშინ რას ნიშნავს, რომ ის სხვაზე მეტია ან ნაკლები? მეორე მხრივ, თუ აქციის მონაწილე რომელიმე ადამიანი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, კი ბატონო, უგულშემატკივროს სხვებს და პირიქით. 

ეს რომ ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია და იქ გამოჩენილიყო ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, პრეტენზია საფუძვლიანი იქნებოდა, მაგრამ საერთო საპროტესტო აქციის ფარგლებში ყველა პოლიტპატიმარს შეიძლება ჰყავდეს გულშემატკივარი, რომელიც პროტესტს გამოხატავს.

  •  „ოცნება“ ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს იყენებს ხალხის დაყოფისთვის. სააკაშვილის დაბრუნებით „აშინებს“ საზოგადოების ერთ ნაწილს და ფაქტია, რომ ამ შიშებს თავის სასარგებლოდ იყენებს. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, იგივე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის საპირწონედ? 

რადგან „ოცნება“ ამ თემას იყენებს, რა ვქნათ, გადავმალოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები? ამ პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და რა გავაკეთოთ ახლა, გადავმალოთ ისინი, ციხეში ჩავსვათ თუ ემიგრაციაში გავუშვათ?

  • თუ სააკაშვილის მხარდამჭერები გაემიჯნებიან ან საყოველთაო პროტესტს, ეს რამდენად დააზიანებს ამ პროცესს? ეფექტურად მიგაჩნიათ ეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში?

ვცხოვრობდით ჩვენ ასეთ ვითარებაშიც, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური ძალები არ ეკარებოდნენ. თუ ე.წ. მაღალი მიზანი არსებობს და ეს მიზანი არის ქვეყანაში დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის გადარჩენა და ამ ყველაფერს დღეს ძალიან სერიოზული და რეალური საფრთხე ემუქრება და თუ ამ მაღალი მიზნისთვის საჭიროა გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რატომ არ უნდა წავიდეთ.

„ქართულ ოცნებას“, ცხადია, აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ გამხლეჩად გამოყენება და მან იცის, ისევე როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, რომ არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არასდროს მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს უფლებას „ნაციონალური მოძრაობა“გამოვაცხადოთ მარგინალურ პარტიად, რომელიც თავიდან უნდა მოვიშოროთ. 

  • არაერთხელ ითქვა, რომ ეს პროტესტი არის – ყველა ერთის წინააღმდეგ. ანუ ქართული საზოგადოება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რატომ ვერ მოხდა ამის ბოლომდე მიტანა საზოგადოებამდე, რომ ვთქვათ კრიტიკულ ვითარებაში მაინც შეინარჩუნოს საზოგადოებამ ერთობა და არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები?

ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის ოპოზიციური სპექტრის უმწიფრობისა და დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. 

თუ იზიარებ ამ პრინციპს, – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო ამ პრინციპის განხორციელებაში და ეს თანმიმდევრულობა გულისხმობს კომპრომისებზე წასვლას. 

კომპრომისები არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას და შეიძლება დარჩე მძაფრ კრიტიკოსად, მაგრამ, ხომ შეიძლება აქცენტები გადაანაცვლო, კრიტიკის ისრები მიმართო უფრო დიდი საფრთხობელასკენ, რომელიც სამშობლოს ინტერესებს აზიანებს? 

მით უმეტეს, არავის ითხოვს, რომ ამ პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს დაკვეთა რაღაცნაირად დაძველდა საქართველოში, მაგრამ თანამშრომლობის მინიმუმი ხომ მოგვეთხოვება. 

სხვათა შორის, მე წავიკითხე სოციალურ-დემოკრატიული მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად ვაფასებ მათ მუხლჩაუხრელ და თავდაუზოგავ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, მოვისმინე მათგან ერთგვარი სინანული მომხდარი ფაქტის გამო, ასე, რომ შეცდომებზე ყველა ვსწავლობთ. 

  • არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ამ უთანხმოებას პროვოცირებს სუს-ი. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე? 

არაფერს გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და სუს-მა კარგად იცის სააკაშვილის ფაქტორის მადეზორგანიზებელი როლი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში.

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს იყოს ხელოვნურად პროვოცირებული, საერთოდ არ გამოვრიცხავ. 

  • ინცინდენტის მეორე დღეს თქვენ ფეისბუქზე დაწერეთ – „მე ვიცავ იმას, რაც სააკაშვილის დროს კარგი გაკეთდა და ვებრძვი იმას, რაც იყო ცუდი და რაც გააღრმავა „ოცნებამ“, – კიდევ სჭირდება ამას ახსნა? და რა შეგიძლიათ კიდევ ამას დაამატოთ, იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისში ეს უთანხმოება გადაილახოს?

სრულიად შეგნებულად დავწერე ეს. მთავარი ამოსავალი ჩემთვის არის ის, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, ფიგურა არის არსებითად ამბივალენტური. ეს ნიშნავს, რომ მასზე ვერ იტყვი მხოლოდ კარგს ან მხოლოდ ცუდს. მას ძალიან ბევრი კარგი საქმე შეიძლება მიაწერო და პირიქით, ბევრი ცუდი საქმეც შეგიძლია მიაწერო. 

ისტორიის და პოლიტოლოგიური ანალიზის საქმეა, რომელი საქმეები გადაწონის, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ცდება ყველა, ვინც სააკაშვილს წარმოადგენს როგორც ერთმნიშვნელოვან ბოროტებას ან როგორც ერთმნიშვნელოვან სიკეთეს. 

ფაქტია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სააკაშვილის პერიოდზე, როგორც მოდერნიზებულ საქართველოზე, რომელიც ბევრ რამეში გამოიხატა. მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ევროატლანტიკური მისწრაფებების გაღრმავებაში, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში, ისევე როგორც , თუ შევხედავთ ნეგატიურ მხარეს, გამოიხატა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში, სასამართლოს დაქვემდებარებაში, მედიის თავისუფლების შელახვაში და სხვა. 

ამიტომ, რასაკვირველია, წინააღმდეგობრივია სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ამ წინააღმდეგობას თვალი გავუსწოროთ და არ ვიყოთ ტენდენციურები ან ერთი ან მეორე მიმართულებით. 

და „ოცნებამ“ გააღრმავა ის, რაც სააკაშვილის დროს ცუდი გაკეთდა. სააკაშვილის დროს პრობლემა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, მაგრამ რაც ეხლა ხდება სასამართლოში, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება ამ პრობლემის. 

ფაქტობრივად, ძალაუფლების ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჯიბეში ჰყავს ჩასმული „ქართულ ოცნებას“, სასამართლოს თამადობით. 

ადამიანის უფლებები, მაგალითად გამოხატვის თავისუფლება, ფუნდამენტური უფლებაა ხომ?! ის კანონები, რაც „ოცნებამ“ ლამის ყოველკვირეულ რეჟიმში მიიღო, აბსოლუტურად აუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში, ართმევს ადამიანებს თავისუფალი გამოხატვის უფლებას. 

მოკლედ, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და შენარჩუნების თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა გაცილებით ბრუტალური. 

„ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ გულისხმობს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, კანონშიც კი ჩაწერეს, რომ ისინი გულისხმობენ ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პოლიტიკურ პარტიებს (ასეთად პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პარტია მიაჩნიათ) და უფრო მეტიც, ისინი ლაპარაკობენ ისეთი პარტიების აკრძალვაზეც, რომლებიც ჯერ არ შექმნილა და მომავალში შეიქმნება. 

  • დარეგისტრირების უფლებასაც არ აძლევენ პარტიებს…

დიახ, არც აძლევენ შექმნის შესაძლებლობას და რა არის ეს, თუ არა ავტორიტარიზმის მნიშვნელოვანი გაღრმავება და უკუსვლა. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევრო-ატლანტიკური მისწრაფების ღალატი „ოცნების“ მხრიდან, ხომ არის კატასტროფის მომტანი, უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების გზაზე?!

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 972 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 10 831 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 22 553 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 27 942 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 386 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 278 ერთეული [+155]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 809 ერთეული [+96]
  • სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 516 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 985 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 593 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ „მასობრივ“ პაკეტს ამზადებს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დღეს ტირანაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში განაცხადეს.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„სიწითლეზე მეკითხებით?- სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ვაფასებ ობიექტურ ნიშანს“ – უთხრა მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მას შემდეგ, როცა პროკურორი მას ჩაეკითხა – იყო თუ არა გამოხატული დაზიანება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ.

მანამდე კი ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. გივი ჩხარტიშვილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტია, რომელმაც მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა.

ექსპერტი გივი ჩხარიშვილი დღეს, 16 აპრილს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოკითხეს. 

პროკურორს ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ექსპერტიზაზე მიყვანისას ვიზუალურად შესამჩნევი სიწითლე სახეზე. გივი ჩხარტიშვილმა თქვა, რომ არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარებისას ირაკლი დგებუაძეს სახეზე სიწითლე და იქვე დასძინა, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის.

რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ექსპერტმა მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელს დაზიანებული ჰქონდა მკლავი მარცხენა მხარეს და აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

გივი ჩხარტიშვილი. 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

სასამართლო პროცესზე გივი ჩხარტიშვილმა სასამართლოს უთხრა:

„12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემს წინაშე წარმოდგენილია პირადად, ექსპერტიზა დაიწყო 14:24 წუთზე. ჩატარდა აღნიშნული პიროვნების სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

იმავე დღეს წარდგა მოქალაქე მზია ამაღლობელი, 15:24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ვიზუალურად დათვალიერდა მზია ამაღლობელის სხეული, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები“.

მზია ამაღლობელი. 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ამის შემდეგ პროკურორი გოგეშვილი დაინტერესდა იყო თუ არა დგებუაძის მხრიდან გამოხატული ტკივილი. რის შემდეგაც მოწმემ მას აუხსნა, რომ ტკივილი სუბიექტურია, რაც მისი შესაფასებელი არ არის და კიდევ ერთხელ განუმარტა სასამართლოს:

„ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა“.

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის გაწითლების ამბის განხილვა ამ სხდომაზეც დიდხანს გაგრძელდა, რადგან ამ საკითხზე ექსპერტთან ბევრი კითხვა ჰქონდა პროკურორ გოგეშვილს.

რაც შეება ტკივილს, ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი დგებუაძე ექსპერტიზის ჩატარების დროს მარჯვენა ყურის არეში სუსტ ტკივილს უჩიოდა, თუმცა არ მიუთითებია რის გამო ჰქონდა მას ტკივილი:

„როდესაც უშუალოდ ვამოწმებდი, ექსპერტიზის დროს შესამოწმებელი პირი უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. კონკრეტულ ფაქტს უკავშირებდა თუ არა, ეს ჩემთვის არ უთქვამს“. 

ამის შემდეგ პროკურორმა ექსპერტს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი განეცადა. პროკურატურის ამ კითხვის განრიდება მოითხოვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარის განმარტებით, ამ საკითხზე ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია და ეს კითხვა არც გამოძიებას დაუსვამს.

„რადგან ტკივილის მცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. შესაბამისად, ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ აღნიშნული პიროვნება [ირაკლი დგებუაძე] რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ტკივილთან დაკავშირებით“ – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მაია მწარიაშვილმა მოწმეს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ირაკლი დგებუაძის ტკივილი იყოს სიმულაცია. მოწმემ ამჯერადაც გაიმეორა, რომ ტკივილი სუბიექტურია და მისი შესაფასებელი არ არის. ადვოკატმა მას ჰკითხა, ზოგადად შესაძლებელია თუ არა, რომ ტკივილის განცდა იყოს სიმულაცია?

მოწმემ თქვა, რომ ეს შესაძლებელია.

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა სილის გაწვნიდან მეორე დღეს ჩაუტარდა.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ექსპერტს ჰკითხა, სილის გაწვნიდან 12 საათის შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა ირაკლი დგებუაძეს სახეზე სიწითლე ჰქონოდა და ექსპერტიზას ეს არ აღენიშნა:

„ალბათ, სიწითლე მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ გაურტყამს, ხომ?! ანუ სიწითლეს მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

პროკურორი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობის გამოვლენის შესაძლებლობითაც დაინტერესდა. მოწმემ მას აუხსნა, სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა ფერით ფასდება, რადგან სისხლი ფერს იცვლის, ფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეფასებისასო.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ექსპერტმა ასევე თქვა, რომ მზია ამაღლობელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აქციაზე წააქციეს, გარდა ამისა, უცნობმა პირმა მას მხარზე ხელი ძლიერად მოუჭირა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები.

„ჩამოიშალა მზიას საქმე პროკურატურის თავზე“ – ასეთი იყო დარბაზში მსხდომების რეაქცია ექსპერტის დაკითხვის შემდეგ.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პერიოდულად დარბაზში აღწევდა იმ პირების შეძახილები, რომლებმაც დარბაზში შესვლა ადგილის სიმცირის გამო ვერ შეძლეს.

„უსამართლო სასამართლო!“, „თავისუფლება მზიას!“, „ცეცხლი ოლიგარქიას!“, „მზიას გაუმარჯოს!“, „გაუძელი მზია!“ – სკანდირებდნენ ქუჩიდან. 

სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზიას აქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს, აქციაზე, მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს, არ უშლის ხელს პოლიციელებს, არ აგინებს მათ და ელოდება როდის გაათავისუფლებენ ციალა ქათამიძეს, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ 11 წამი – სილის გაწვნის კადრი ამოიღო.

სხდომაზე ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მზია ამაღლობელის პირად ჩხრეკას ადვოკატი არ დასწრებია.

ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ, მიუხედავად პროკურორის პროტესტისა, სხდომაზე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მზია ამაღლობელის ტელეფონის ამოღებისა და აპლიკაციებზე წვდომის თაობაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს მზიას დავალება მისცეს და შესაბამისდა იმოქმედა, თუმცა არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მზიამ დავალება მიიღო და შესაბამისად იმოქმედა.

„მე ხაზს ვუსვამ, რამდენად არათანაბარია სტანდარტი ასეთ შემთხვევაში“ – აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ სხდომაზე.

ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის.

მზია ამაღლობელის ადვოკატები – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

დღეს სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილ ვიდეომასალებზე, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას.

ადვოკატმა სასამართლოს განუმარტა, რომ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე გადაღებული ფაქტები, არამედ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე გადაღებული ვიდეო მასალა, რაც, მისივე შეფასებით, სიყალბე და სამოხელეო დანაშაულია.

მაია მწარიაშვილმა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს დეტალურად განუმარტა:

„ადმინისტრაციულ საქმეში პოლიციამ ყალბად წარადგინა ვიდეოები სხვა გარემოების დასადასტურებლად, რომლის გამომრიცხავი მტკიცებულებაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი.

ბრალდებამ იშუამდგომლა და წარმოადგინა იმ საქმის დადგენილება ადმინისტრაციულ საქმეზე, სადაც უცებ გაჩნდა ჩანაწერი, რომ მოსამართლე ეყრდნობა ვიდეოებს, რითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელი თურმე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს დაკავებამდე.

იმ საქმეში ბატონი ვანაძის ჩვენებებიც არის, [ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე] სადაც ის აღწერს, რომ თითქოს ეს არის მტკიცებულება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მას შემდეგ რაც ბრალდებამ იშუამდგომლა და ეს დადგენილება თქვენ დაურთეთ საქმეს, აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლე საუბრობს რაღაც წინააღმდეგობაზე და ვიდეოებზე, რომელიც ჩვენს სისხლის სამართლის საქმეში არ არის, დაკავების ოქმშიც კი არ არის მითითებული.

ჩვენ სამივე ვიდეო გამოვითხოვეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ ვიდეოს საერთოდ არა აქვს შემხებლობა საქმესთან, 2 ვიდეო, სადაც ჩანს მზია, არის ჩვენი ვიდეოს ფრაგმენტები. ანუ, იმ მოვლენების ფრაგმენტები, რომლებიც ამ საქმეში გვაქვს წარმოდგენილი.

ჩვენი ვიდეო აჩვენებს მზიას სისხლის დაკავებამდე პერიოდს 7 – 8 წუთით ადრე და მთავრდება მზიას დაკავებით, ანუ უტყუარია, რომ ეს ვიდეო არის გადაღებული მზიას სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე, მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ – ეს უტყუარია.

და თუ ეს უტყუარია, ყალბად არის წარდგენილი ამბავი. ამბავი მოხდა მერე, პოლიციამ მიიტანა სასამართლოში და თქვა, რომ მოხდა მანამდე.

გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში, ეს არის სამსახურებრივი სიყალბე და სამოხელეო დანაშაული. რომ არ მოეტანა პროკურორს ის დადგენილება, კიდევ ჰო, მაგრამ მოიტანა და წავიკითხეთ, ამიტომ შეუძლებელია ეს სასამართლომ არ დაურთოს ამ საქმეს, ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია“.

16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ადვოკატმა სხდომაზე როგორც პროკურორს, ასევე სასამართლოს აჩვენა ვიდეოები, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, რომ დეტალურად იცნობს წარდგენილ ვიდეომასალას და შუამდგომლობაში ასახულ გარემოებებსაც და მათ პრევენციული ძალა არ გააჩნიათ:

„შესაბამისი წარმოების ფარგლებში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად იქნა კიდევაც გასაჩივრებული აღნიშნული დადგენილება. შესაბამისად, ამ წარმოების ფარგლებში, ვინაიდან დადგენილება იქნა დართული, ჩვენ ვერ ვიკვლევთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებას ამ ფარგლებში“.

დღეს, 16 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

ასევე, დღეს სასამართლო დარბაზში იყო ავსტრიელი ევროპარლამენტარი ვერა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა ბათუმში სხდომაზე დასასწრებად. ევროპარლამენტარმა ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ მისი მიზანია გვერდით დაუდგეს მზია ამაღლობელს და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის.

ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„აშკარაა, რომ ესაა პოლიტიკური საქმე და საკითხავია ვიცავთ თუ არა ჩვენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას. აქ ვარ, რადგან თავადაც ვიყავი აქტივისტი და გამიკრავს სტიკერი, ახლა კი ევროპარლამენტში ვარ და არა პატიმრობაში. ამ საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროკავშირში“ – თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ლენა შილინგმა „ბათუმელებთან“.

პროკურატურა 8 მოწმე პოლიციელის დაკითხვას აღარ აპირებს – მზია ამაღლობელის საქმე

პროკურატურა თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სასამართლო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

„ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია, ობიექტურად მან დაზიანების კვალი ირაკლი დგებუაძის სახეზე ვერ იპოვა. ამ შემთხვევამაც დაადასტურა, რომ თავდასხმა გამოგონებულია,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

რატომ მოხსნა პროკურატურამ დარჩენილი მოწმეები?

„პროკურატურა დაიღალა ცრუ მოწმეების მოყვანით, მოწმეების მეცადინეობით, მერე ჩვენი კითხვებით, ეს ცრუ მოწმეები, ნიღბიანი მოწმეები – „შენ ხარ ნამდვილად“, „არ ხარ ნამდვილად“… მათ შორის იყო ჩიტაია, რომელიც გამოდის, რომ უცხოპლანეტელია და უნდა მოეყოლა მზიას ტელეფონთან დაკავშირებული ამბები“, – გვითხრა სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამ საქმიდან ამორიცხა, მათ შორის, 18 მოწმე.

ამ თემაზე: სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა 

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.

„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე შეტანილია ევროსასამართლოში.

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

„მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ.

„აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?“ – პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „მზია ამაღლობელის საქმეზე“.

გერმანიის ელჩი დღეს, 16 იანვარს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას ესწრება. „მზიას საქმე არის ტესტი პრესის თავისუფლებისთვის,“ – აღნიშნა პეტერ ფიშერმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს დროს ელჩს ვკითხეთ საშუალებებზეც – როგორ შეიძლება გადარჩეს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოში? ელჩს, პირველ რიგში, ადამიანებთან შეხვედრები ახსენდება საქართველოში:

„სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: გმადლობთ პარტნიორობისთვის, გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia… მეუბნებიან, ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ გაწევრიანება შეძლოს ევროკავშირში – თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის კავშირში, რომელიც საქართველოსთვის ხელის გაწვდენაზეა,“ – გვითხრა პეტერ ფიშერმა. 

„ბათუმელებმა“ გერმანიის ელჩთან საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • „ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითი” არსებობს… რომელშიც თვითონ ჩართული ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკია“ – ეს არის გია ვოლსკის [„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე] ციტატა და ის ამას თქვენ შესახებ ამბობს. ბატონო პეტერ, „ოცნება“ გამოგონილი მტრების მეშვეობით ისევ გადის ფონს, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ სიყალბის წინააღმდეგ თქვენ, მაგალითად, დიპლომატებმა და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა?

რას უნდა ვაკეთებდეთ ამის წინააღმდეგ? მან [გია ვოლსკიმ] ეს იმიტომ თქვა, რომ ევროპის დღეს ინტერვიუში ვთქვი, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს – ეს გამოგონილია. ეს არის სიმართლე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო სამსახურში 39 წელი ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ვიმუშავე – ეკონომიკის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, კანცლერის აპარატთან და სხვა უწყებებთან. ამ 39 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ არ მინახავს. ვხედავდი ისეთივე საჯარო მოხელეებს, როგორიც მე ვარ, რომლებიც ცდილობენ არჩეული თანამდებობის პირებისთვის მაქსიმალურად კარგი რჩევების მიცემას.

ხშირად გვქონდა კამათი, დისკუსია, განსხვავებული პოზიციები, შესაძლო განსხვავებული ინტერესების გამო, ეკონომიკური ინტერესები საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს კლასიკურია, ან სხვადასხვა სამართლებრივი ინტერპრეტაციის გამო. ჩვენ ყოველთვის ვსწავლობდით კანონმდებლობას, გერმანიის მთავრობის პოზიციებს.

საბოლოოდ, ვაერთიანებდით სხვადასხვა მოსაზრებას და ვაძლევდით საუკეთესო რჩევას არჩეულ პოლიტიკოსებს – მათ ხალხმა მისცა ხმა. გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა. ეს არჩეული პირები ვალდებულები არიან, რომ თავიანთი პოზიციები საზოგადოებაში დაიცვან. თუ ეს გადაწყვეტილება კანონად იქცა, ის ქვეყნდება. სად არის „დიფ სთეითი“? არაფერია ფარული.

პირველი, რაც შემიძლია ვთქვა: ჩემი 39-წლიანი გამოცდილებით, რაც ნამდვილად სოლიდური დროა, არასდროს მინახავს „დიფ სთეითი“.

მეორე – ეს არის საუკუნოვანი მეთოდი: როცა ადამიანს ან ხელისუფლებას პრობლემა აქვს, ძალიან მოსახერხებელია თქვა, რომ „ვიღაც გარედან არის ამის მიზეზი”. თითქოს, პრობლემა მე არ შემიქმნია – ვიღაც უხილავი ძალაა ამის უკან. განა უცნაური არ არის, რომ „დიფ სთეითი“ არავის უნახავს?

საქართველოში ბევრი საუბრობს „დიფ სთეითზე“, მაგრამ ჯერ არავის უჩვენებია ამ „დიფ სთეითის” ფოტო, დოკუმენტი, რაიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მისგან მოდის.

სად არის მტკიცებულება? ეს რეალურად გამოგონილია – ეს კარგად ცნობილი ხრიკია: როცა გინდა პასუხისმგებლობა აიცილო, დააბრალო ყველაფერი გაურკვეველ უცხო ძალას, რომელსაც სახელი არ აქვს. რას უნდა ვაკეთებდეთ ამის წინააღმდეგ? მე ვიტყოდი: არ დაიჯეროთ!

თუ მტკიცებულება არ არსებობს, არ დაიჯეროთ. ეს არის გამოგონილი ცნება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

  • დიპლომატები როგორ შეიძლება ებრძოლოთ ამას? 

დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ თქვა: „ეს ელჩი წარმოადგენს გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას“. ეს არის დიპლომატების მოვალეობა.

მართლაც გასაკვირია, რომ საქართველოში ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თითქოს ჩვენ, დიპლომატებს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით პოლიტიკას. ეს არ არის სიმართლე. დიპლომატი, რომელიც ასე იქცევა, ცუდად ასრულებს თავის საქმეს. ის არღვევს საკუთარ პასუხისმგებლობას.

ჩემი აზრით, ევროკავშირის დიპლომატების უმრავლესობა პროფესიონალია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი მთავრობების პოლიტიკას. ყველაფერი, რაც შეგვიძლია – სწორედ ისაა, რასაც აქ ვაკეთებ: ავხსნათ, რომ გერმანიაზე თუ ვსაუბრობთ – იქ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.

ეს არის თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. პოლიტიკის ფორმირება გამჭვირვალეა. გვაქვს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ ასევე აკვირდება და კითხულობს ყველაფერს. მათ აქვთ კითხვები და ცდილობენ სიმართლე დაადგინონ.

გერმანიას აქვს თავისუფალი მედია, რომელსაც პატივს ვცემთ და საჭიროდაც ვთვლით – ის აკეთებს ანალიზს ყველგან. მაგრამ „დიფ სთეითი“ – ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენს საზოგადოებაში მიდის აქტიური დებატები განსხვავებულ პოზიციებს შორის – პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც არსებობს შეხედულებების ფართო სპექტრი. სად არის „დიფ სთეითი“?

ახლახან ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის კურსიც გარკვეულწილად შეიცვალა. რომ ყოფილიყო „დიფ სთეითი“, ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა?

  • უშუალოდ თქვენ რატომ გესხმიან თავს „ქართული ოცნებიდან“ ყველაზე ხშირად? 

მეც არ ვიცი. მართლა ვერ ვხვდები. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს გერმანიის პოზიციას.

1918 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოს ელჩი გაუგზავნა. უკვე 30 წელზე მეტია, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია.

ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ყოფილა, გერმანიას მეგობარს უწოდებდა. ჩვენ ვართ ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა და ყველაზე დიდი ეკონომიკით. იქნებ ამის გამო?

ორი წელია აქ ვმუშაობ და ხშირად მესმოდა სიტყვები: „გმადლობთ, ბატონო ელჩო, თქვენ ნამდვილი მეგობარი ხართ ჩვენი ქვეყნისთვის, ვაფასებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას“. და ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ მე „დიფ სთეითი“ ვარ და თურმე ცუდი ელჩი ვარ. მართლა ვერ ვხვდები. 

  • თქვენ ბათუმში ჩამოხვედით და აპირებთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწროთ, რისთვისაც ჩვენი რედაქციის სახელით მადლობას გიხდით. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით 3 მარტს განცხადება გაავრცელა. ის დღემდე პატიმრობაშია. რას აჩვენებს თქვენთვის „მზია ამაღლობელის საქმე“?

გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. ამისთვის ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აშენდა ნაცისტური სახელმწიფოს ნანგრევებზე და ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, როცა კანონის უზენაესობა იკარგება და ადამიანის უფლებები აღარ ფასობს.

ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მედიის თავისუფლება.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპებია. თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამ ყველაფრის დაცვა აუცილებელია.

ამიტომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ვსაუბრობთ ჟურნალისტზე, რომელიც უკვე ოთხი თვეა ციხეში იმყოფება.

უნდა აღვნიშნო – განსხვავებით ზოგიერთი მტკიცებისგან – მე არ ვცდილობ, ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი.

ფაქტებიდან, რაც საჯაროდაა ცნობილი, ის ბრალდებულია, რომ შენობაზე სტიკერი მიაკრა და პოლიციელს სილა გაარტყა.

გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია. მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა დაკავებულია. 

აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?

როგორც გავიგე, საქმე აღძრულია პოლიციელზე ძალადობის და ფიზიკური დაზიანების მიყენების ბრალდებით, სასჯელი კი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქ საქმე გვაქვს ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან – მზია ამაღლობელთან, რომელიც მედიაში 2001 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის თემებზე. ის დიდ როლს თამაშობდა აჭარის რეგიონში, მათ შორის, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკების მხარდაჭერაში მთიან რაიონებში. ის არაერთი პრიზის მფლობელია.

„ბათუმელები“ აკრძალულია რუსეთში – დაბლოკილია, რაც ასევე საინტერესოა.

ასე რომ, როცა მედიის თავისუფლებასა და პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა ეს ხელის დარტყმა. საკითხავია: მართლაც იმსახურებს თუ არა 4–7-წლიან სასჯელს? ის უკვე ოთხი თვეა პატიმრობაშია.

შესაძლოა, ის, რაც გააკეთა – ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია.

ჩვენ სასამართლო პროცესებს მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით, რადგან ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების პროპორციულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერ ქვეყანაში.

მზია ამაღლობელი არის ცნობილი ჟურნალისტი. მან ბევრი რამ გააკეთა თავისი რეგიონისთვის. ის გარკვეული ასაკის ქალია. მან სტიკერი მიაკრა და პოლიციელს გაარტყა. ის უკვე ოთხი თვეა ციხეშია.

მისი ბრალდების საფუძველზე სასჯელი არის 4-დან 7 წლამდე. კითხვა კი რჩება:  ეს მართლაც სამართლიანობაა?

ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა, მრავალწლიანი სასჯელიც მიიღოს?

ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტების უმრავლესობით, ეს იქნებოდა უკიდურესად/გადამეტებულად მკაცრი სასჯელი და უკვე ასე აღიქმება, გადამეტებულ სასჯელად – ოთხთვიანი პატიმრობა ეს ძალიან დიდი დროა. 

მხოლოდ ქართულ მედიასაშუალებებში არ ფიქრობენ ასე – საერთაშორისო მედიაც ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრე, როგორც მას [მზია ამაღლობელს] ექცევიან, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაშინება.

და თუ გსურთ გაწევრიანება ევროკავშირში – თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია.

ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვსაუბრობთ საქართველოზე? – იმიტომ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა.

ეს კი გვაკისრებს პასუხისმგებლობას: ვთქვათ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ გაწევრიანდეთ და როგორც მეგობრები, ვამბობთ სიმართლეს: აუცილებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.

ჩვენ ვუჭერთ მხარს სამართალს მზია ამაღლობელისთვის. ვუჭერთ მხარს შესაბამის და სამართლებრივ სანქციას [სასჯელს] მის მიმართ. მაგრამ, როგორც არაერთხელ ვთქვი – ყველამ ნახა ის სილა: ეს სამართალია, რომ ამდენ ხანს [მზია ამაღლობელი] იჯდეს ციხეში? მართლა საშიშროებაა ის ქართული საზოგადოებისთვის? მართლა საშიში კრიმინალია? მართლა ძირგამომთხრელი პოლიტიკოსია? მართლა ვინმეს მძიმე დაზიანება მიაყენა? არის მოძალადე, რომელიც გამუდმებით სცემს ადამიანებს?

ჩვენი მოწოდებაა – სასამართლომ იპოვოს სამართალი.

  • გერმანიის მთავრობამ დაასანქცირა კონკრეტული პირები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისთვის. ხომ არ უნდა ველოდოთ „მზია ამაღლობელის საქმის“ ფიგურანტების დასანქცირებას? 

რაც შეეხება სანქციებს – ჩვენ არ გვინდა, ვინმე დავასანქციროთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. გვინდა დავუბრუნდეთ იმ შესანიშნავ პარტნიორობას, რაც 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

თუმცა, ჩვენ გვაქვს გლობალური პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე და ვიტოვებთ უფლებას, სანქციები დავუწესოთ მთელს მსოფლიოში იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს – სწორედ ამისთვის არსებობს სანქციების მექანიზმი.

უკვე დავასანქცირეთ 13 ადამიანი საქართველოში, რომელთაც, ჩვენი შეფასებით, პირდაპირი მონაწილეობა ჰქონდათ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებში. მედიის თავისუფლების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენი შეფასებით, აქციების დროს დაკავებების რაოდენობა არაპროპორციულად მაღალი იყო. ბევრი ადამიანი დაშავდა დაკავების პროცესში. ჩვენ გვინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამას ძლიერად არ ვეთანხმებით და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შესაბამისი ზომები.

მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ გაწევრიანება შეძლოს ევროკავშირში – თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის კავშირში, რომელიც საქართველოსთვის ხელის გაწვდენაზეა.

ყველა ქართველი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სწორედ ამას ამბობს – რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს.

ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა, ვაჩვენებთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ ეს გზა, რომლითაც ახლა მიდის ქვეყანა, ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.

ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენ არ ვართ ამის მიზეზი. ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა. არასდროს გვითხოვია რუსეთზე სანქციების დაწესება. არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე „დიფ სტეიტური“ რევოლუციური სცენარი საქართველოს რომელიმე მთავრობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც გავაკეთეთ, ეს იყო მხოლოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზება და მიცემა.

ყველამ იცის, რა არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ არ გვიყვარს სანქციები, მაგრამ როდესაც სერიოზული შეშფოთება გვაქვს და პრობლემები გვაქვს რომელიმე ქვეყანასთან – დიახ, ხანდახან ვიღებთ შესაბამის ზომებს.

გავიმეორებ, გერმანიაში დაუშვებელია ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცავებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე. აუცილებელია დაემორჩილო პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს, თუმცა, ასევე არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებებს.

არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება – განსაკუთრებით, როცა ძალა არის გადამეტებული. ძალის გამოყენება უნდა იყოს პროპორციული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ყველა ფაქტი – მათ შორის, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომებიც.

რამდენადაც მე ვიცი, არცერთი პოლიციელი – მათ შორის პირები, რომლებსაც ყველა ხედავდა ვიდეო კადრებსა და  ქუჩებში – არ გამოუძიებიათ , არცერთი არ გაუშვიათ თუნდაც დროებით სამსახურიდან. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

ესეც სერიოზული შეშფოთების საგანია და მიანიშნებს, რომ რაღაც ძალიან არასწორადაა.

  • მზია ამაღლობელი იქცა ქართული თავისუფალი მედიის სიმბოლოდ. ვიცით, რომ დიპლომატიური კორპუსი ხვდება 20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს. აპირებთ შეახსენოთ მას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც EU ქვეყნების გრანტებს დღგ-ს-განაც კი ათავისუფლებს. ამ ვითარებაში, როგორ ხედავთ თავისუფალი მედიის მხარდაჭერას საქართველოში?

ჩვენ გვინდა გავიგოთ საქართველოს მთავრობისგან: ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ გავაფორმეთ, დღესაც მოქმედებს თუ არა? 

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის საფუძველი, რომელზეც 30 წელზე მეტია ვაფუძნებთ თანამშრომლობას – და რომელიც, განსაკუთრებით გერმანიის შემთხვევაში, ძალიან ფართო და ღრმაა – კვლავ შენარჩუნებულია. გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოსთან გვაქვს ინტენსიური და მრავალმხრივი ურთიერთობა და ფინანსური დახმარების, გრანტების ან შეღავათიანი სესხების ძირითადი ნაწილი სწორედ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე მოდის.

ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, კვლავ ძალაშია თუ არა ეს საფუძველი, თუ საქართველოს მთავრობა ცვლის თანამშრომლობის პირობებს.

ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს პასუხი ამ საკითხებზე… ვკითხეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

მოდით ვნახოთ, რას მოიტანს შეხვედრა. არ ვიცი, არის თუ არა ეს ის ფორმატი, სადაც ასეთი ფუნდამენტური შეკითხვის პასუხის გაცემა მოხდება, მაგრამ ჩვენ დღეს სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ – ურთიერთობა, რომელიც ძალიან კარგი იყო, ახლა მკვეთრად გაუარესდა.

ეს ძალიან გვწყინს. ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ იმ დიდებულ პარტნიორობას, რაც გვქონდა – მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.

ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს, რათა შემდეგ უკვე ჩვენი პოზიციის გადახედვა შევძლოთ.

ჩვენ მოგვიწევს მოვარგოთ ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ იმ ქმედებებზე დაყრდნობით, რასაც საქართველოდან ვხედავთ.

შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს – საქართველოსგან არ წავსულვართ, საქართველოა, ვინც ჩვენგან გამორიყა.

ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – და უკვე მოგანიჭეთ კიდეც. ეს არის უზარმაზარი ნდობის გამოცხადება – ნიშნავს, შემოდი ჩვენს სახლში, იყავი ჩვენი ოჯახის წევრი.

როდესაც „ოჯახზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის სამართლებრივი სტრუქტურა წესებითა და ვალდებულებებით, რომელსაც ყველა მომავალი წევრი ქვეყანა უნდა მოერგოს.

და მაინც, ეს იყო ნდობის ძალიან დიდი ჟესტი საქართველოს მიმართ, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი პასუხი.

ახლა ჩვენ ველით გარკვევას – რა სურს საქართველოს ჩვენგან – და ამის შემდეგ დავისახავთ საკუთარ პოზიციას.

მაგრამ ჩვენი ძირეული კეთილი ნება კვლავ შენარჩუნებულია.

როდესაც ქვეყანა უერთდება ევროკავშირს, არ უერთდება მხოლოდ მთავრობა, არც მედია, არც პარლამენტი, არც პოლიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროკავშირში შედის მთელი ქვეყანა.

და სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: „გმადლობთ პარტნიორობისთვის. გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს — European Union, Georgia.“

მეუბნებიან, „ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.“

ეს შესაძლებლობა არსებობს. ეს შემოთავაზებულია. მაგრამ ამისთვის საჭიროა იყო ლიბერალური დემოკრატიის მიმდევარი. 

  • კიდევ რა რესურსია გერმანიის და ევროკავშირის ხელში, რომ დემოკრატიის გადარჩენა, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა მოხერხდეს? ერთ-ერთი მექანიზმი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. საქართველო, მის მოქალაქეებს ემუქრება ამ მექანიზმის ამოქმედება?

დიახ, ეს შესაძლებელია. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება – ეს არის პრივილეგია, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მინიჭებული.

ამ პრივილეგიის საფუძველი ისაა, რომ თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ – ლიბერალური დემოკრატია ხართ, სადაც დაცულია სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა ძირეული ღირებულებები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ამ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება – ანუ, არ არსებობს არალეგალური მიგრაციის პრობლემები.

როგორც მოგეხსენებათ, ეს მექანიზმი ამჟამად გადახედვის პროცესშია – როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ.

ჩვენ ამას არ ვისურვებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველ მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, სამთვიანი მოგზაურობა შენგენის ზონაში. 

  • გერმანიის ახალი მთავრობის სტრატეგიული ხედვას საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე როგორ ჩამოაყალიბებდით?

გერმანიის ახალმა მთავრობამ, როგორც ცნობილია, ხელი მოაწერა კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც მათი მმართველობის გეგმის საფუძველს წარმოადგენს. ამ დოკუმენტში საქართველოზე ორი წინადადებაა მითითებული – რაც იშვიათია, როდესაც კონკრეტულ ქვეყანას ასე პირდაპირ ახსენებენ. ამ დოკუმენტში წერია, რომ:

„საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელახალი ჩართულობა შეუძლებელია, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს. ამ მხრივ, გერმანიის მთავრობა საქართველოს პროევროპულ ძალებს უჭერს მხარს“. 

ასე რომ, ჩვენი კომუნიკაცია ძალიან მკაფიოა. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები და კანონები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გზასთან.

მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ.

ჩვენ კი, ვუჭერთ მხარს ყველა იმ ძალას საქართველოში, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.

ბოლოს და ბოლოს, საქართველო ქართველების ქვეყანაა და ქართველმა ხალხმა  დროთა განმავლობაში უნდა გვითხრას, რა სურთ.

ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.

ჩემი აზრით, საქართველოს წინ სამი სცენარია:

  1. გაწევრიანდეს ევროკავშირში – ვუწოდოთ ამას „ოქროს მომავალი“;
  2. არ გაწევრიანდეს ევროკავშირში – და როგორი იქნება საქართველო? პატარა სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელიც არ იქნება ჩართული არცერთ ალიანსში, არცერთი დიდი ბაზრის ინტეგრაციის ნაწილი. ეს ნიშნავს პატარა ბაზარს.

არსებობს უზარმაზარი განსხვავება: იყო ევროკავშირში, რომელიც 450 მილიონიან ბაზარს წარმოადგენს – თქვენთან ერთად იქნებოდა 453.7 მილიონი.

ეს შესაძლებელი არჩევანია – რატომაც არა? გერმანია ურთიერთობას შეინარჩუნებს, მაგრამ ის ფუნდამენტურად განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობისგან, რაც გვექნებოდა, თუკი თქვენ ევროკავშირის გზაზე იდგებოდით ან წევრი იქნებოდით.

ევროკავშირი განსაკუთრებული რამაა – ასეთი ღრმა ურთიერთობები მსოფლიოში იშვიათია.

თქვენ კი, შეგიძლიათ იყოთ პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ალიანსის გარეშე, ბაზრის ინტეგრაციის გარეშე – გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ის იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული.

3. თუ ამას ემატება ისიც, რომ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც არ აკმაყოფილებს იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დონეს, რასაც ჩვენ ვაყენებთ კარგი პარტნიორობისთვის, მაშინ ურთიერთობა კიდევ უფრო შემცირდება – და გახდება ძალიან შეზღუდული.

ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანასთან გვაქვს ურთიერთობა, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. 

საქართველოში კვლავ დარჩება გერმანიის საელჩო, მაგრამ ბევრს ერთად ვეღარ გავაკეთებთ. 

  • რა შემთხვევაში აქვს „ქართულ ოცნებას“ შანსი, რომ მან გერმანიასთან ურთიერთობის აღდგენა შეძლოს? 

ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ „დიფ სთეითი“ უბრალოდ არ არსებობს. ევროკავშირი უკიდურესად გამჭვირვალეა – ჩვენ ყველაფერს წერილობით ვაფიქსირებთ. გვქონდა 9 პუნქტი, შემდეგ 12 რეკომენდაცია… უკვე იმდენი დრო გავიდა და იმდენმა წყალმა ჩაიარა მტკვარში ამასობაში, რომ რთულია გავიხსენო ყველა დეტალი – მაგრამ ისინი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ვწერთ მათ, ვაუწყებთ, ვსაუბრობთ მათზე.

მაგრამ ერთი რამ აშკარაა:

შეწყვიტეთ შეკრების თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. არ დააპატიმროთ და არ სცემოთ დემონსტრანტები.

თუ რაიმე ხდება – გამოიძიეთ! მზიას საქმე არის ტესტი პრესის თავისუფლებისთვის.

შეწყვიტეთ ისეთი კანონების მიღება, რომლებიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებთან. თუ გინდათ გაწევრიანდეთ ევროკავშირში, უნდა მიიღოთ ჩვენი კანონმდებლობა. უნდა შეითავსოთ ჩვენი სამართლებრივი სივრცე.

ახლა კი, ერთი-მეორის მიყოლებით იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც არა მხოლოდ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონებს – ისინი წინააღმდეგობაშია.

და ეს მხოლოდ გარემოს დაცვას ან მშენებლობის რეგულაციებს არ ეხება, ან ტრანსპორტის წესებს – ეს ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

და კიდევ – შეწყვიტეთ ჩვენზე ასე ცუდად ლაპარაკი. კარგი რა, თუ გინდათ კლუბში გაწევრიანება, მაგრამ თან მუდმივად აცხადებთ, რომ ეს კლუბი „დალპა“, რომ ის „მტერია“ და საშინელია – მაშინ ვერ გახდები მისი წევრი და, როგორც ჩანს, არც გინდა მისი წევრობა.

  • შეჩერდა რომელიმე პროგრამა განათლების კუთხით? ხარიხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ბევრისთვის სწორედ გერმანიასთან პარტნიორობის გზით იყო შესაძლებელი, რა იცვლება? 

ესეც საჯარო ინფორმაცია იყო. წელიწად-ნახევრის წინ, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ვგეგმავდით თანამშრომლობის გაღრმავებას აკადემიური გაცვლებისა და სამეცნიერო პროგრამების მიმართულებით, ასევე საქართველოს ჩართვას ევროკავშირის კვლევისა და მეცნიერების პროგრამებში.

ჩვენმა შესაბამისმა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გაძლიერება დროებით შეეჩერებინა.

მაგრამ პროგრამები არ შეგვიმცირებია – დღესაც, როგორც მახსოვს, ყოველწლიურად გერმანია მილიონ ევროზე მეტს ხარჯავს საქართველოში აკადემიური გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის. უბრალოდ, ახალი საფეხურის დამატება გავაჩერეთ. სხვა სფეროებშიც გვქონდა დაგეგმილი გაღრმავება, მაგრამ ვთქვით, რომ ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია.

ეს არის შესაძლებლობის დანახარჯი – რა შეიძლებოდა ყოფილიყო და რა რეალურად გვაქვს. ახლა კი, ეს FARA და გრანტების შესახებ კანონები, სერიოზულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს.

არ ვიცი, კონკრეტულად ყველა დეტალზე როგორ ვიმოქმედებთ – გერმანიაში სამინისტროებს საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობა აქვთ.

მაგრამ ჩვენ მეგობრებთან მუშაობისას არ ვართ მიჩვეული, რომ ისე გვექცეოდნენ, თითქოს ეჭვმიტანილი და მტრული ძალა ვიყოთ, თითქოს თითოეულ ხარჯზე ნებართვა უნდა მოვითხოვოთ.

რადგან იცით, რომელ ქვეყნებშია ასეთი რეჟიმი? რუანდაში, პაკისტანში და ნეპალში – იქ ყველა ცენტი უნდა დაამტკიცოს ხელისუფლებამ.

ჩვენ კი ჩვეულებრივ გვაქვს ჩარჩო-შეთანხმებები: ვთანხმდებით მიზნებზე და ვმუშაობთ ერთობლივად ამ მიზნების მიღწევაზე.

ასე იყო საქართველოსთანაც, მაგრამ საქართველო თითქოს შორდება ამ ჩარჩოს. და ახლა უნდა დაველოდოთ, რა მოხდება FARA-ს გარშემო.

მაგრამ ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპია – და ეს ისეთ ქვეყნებთანაც ასეა, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აღარ გვაქვს – რომ კულტურის, მეცნიერების, ახალგაზრდობის და განათლების კავშირები არ გავწყვიტოთ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის არსია – ვიყოთ პარტნიორები, გვქონდეს კარგი ურთიერთობები, ვახორციელოთ გაცვლები, მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ორივე მიმართულებით იმოგზაურონ, ისწავლონ ერთმანეთისგან, ერთად რაღაც შექმნან.

  • მაგრამ როგორც თქვენ ახსენეთ, FARA და სხვა რეგულაციებმა შეიძლება ეს პროგრამებიც დააზიანოს, არა?

დიახ და ჯერჯერობით არ მიგვიღია მათგან არანაირი ახსნა. რაც იკვეთება, საკმაოდ შემზღუდავად ჟღერს.

გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში.

ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.

„როგორც ევროპარლამენტის წევრმა, მინდა ვთქვა: ევროპა გიყურებთ. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“ – განაცხადა ლენა შილინგიმ.

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პროცესებს თითქმის ყოველ ჯერზე ესწრებიან საქართველოში ევროპული ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები.

მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამავე თემაზე: 

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში კვირას, 18 მაისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს 20 მაისს განიხილავენ.

„სანქციების ახალი პაკეტი მზადაა. გადაწყვეტილებას სამშაბათს, ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ X-ზე.

მერცი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმით თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაიგდო.

„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, უზარმაზარი ჟესტია. პუტინი არ გამოჩენილა – ის არასწორად მოიქცა“, – წერს მერცი.

დღეს, 16 მაისს, სტამბოლში იწყება მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. მიუხედავად ზელენსკის შეთავაზებისა, შემდგარიყო პირისპირ მოლაპარაკება მასსა და პუტინს შორის, პუტინი თურქეთში არ ჩავიდა. მეტიც, რუსეთის დელეგაციაში არ შედის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLIVIER HOSLET

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 971 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 825 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 22 546 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 27 908 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 385 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 123 ერთეული [+123]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 713 ერთეული [+166]
  • სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 436 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 354 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 950 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 545 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს, სტამბოლში დღეს, 16 მაისს გაიმართება.

ცნობილია უკრაინის დელეგაციის წევრების ვინაობა სტამბოლის მოლაპარაკებებზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ცნობილია უკრაინის დელეგაციის წევრების ვინაობა სტამბოლის მოლაპარაკებებზე

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს, სტამბოლში 16 მაისს გაიმართება.

15 მაისს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი. 12-კაციან დელეგაციაში შედიან სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ოლექსანდრ პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;  ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და სხვა უწყებების წარმომადგენლები, ძირითადად უფროსის მოადგილეები.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, მას პუტინის მრჩეველი, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.

11 მაისს ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა თურქეთში, თუმცა თურქეთში არც პუტინი ჩავიდა და არც სერგეი ლავროვი.თურქეთში იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკი. მან 15 მაისს რუსეთის დელეგაციას „დეკორატიული“ უწოდა.

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა პოეტ ზვიად რატიანს. იგი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრები ივანიშვილისთვის ტყვეებია, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობას აპირებს.

ზვიად რატიანი: „არც კი ვიცი, რამდენად დროული და ზნეობრივია ამ ამბის კულტურულ თუ ისტორიულ საწინდრებზე საუბარი, ვიდრე მზია ამაღლობელი საპყრობილეშია, თუმცა თავად ამბავი – თუკი ემოციებს დროებით გავთიშავთ – მართლაც არის არქეტიპული.

დიდი ანგარიშით არც ის შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს, არ მიემართებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს და არც მისი რეაქცია იყო მხოლოდ ერთი ვიგინდარასთვის გაცემული საკადრისი პასუხი. ერთ მხარეს იყო რეჟიმი და მეორე მხარეს ხალხი, საზოგადოება.

რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, ძალიანაც ლოგიკურია, რომ მისთვის საზოგადოება, პირველ რიგში, სწორედ ნათელ და გამბედავ ქალთან ასოცირდება, ხოლო რეჟიმის სახედ ერთი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გადაგვარებული კაცი მოგვევლინა, რომლის ერთადერთი დამსახურებაც, რის გამოც სრულიად შეუსაბამო თანამდებობაზე განამწესეს, მისი სიხარბე, სისასტიკე და, რაც მთავარია, უგუნურობაა: ის ვერ ხვდება, რომ ნებისმიერი რეჟიმი სწორედ მისნაირ მალფუჭებად კაცუნებზე დგას, რომლებსაც ყველაფერს აკადრებინებს და შემდეგ, როცა აღარ დაჭირდება, ადვილად მოისვრის, რადგან იმდენი ექნებათ დაშავებული, კრინტის დაძვრასაც ვეღარ გაბედავენ.

მზია ამაღლობელისაგან განსხვავებით, პოლიციელ დგებუაძის მსგავსი უღირსებო შემსრულებლების ნაკლებობა არასდროს ყოფილა და რეჟიმისთვის მათი პერიოდული ჩანაცვლება არათუ იოლი, აუცილებელიც კია.

მართლა იმ სტიკერის გაკვრის გამო რომ გაესამართლებინათ მზია ამაღლობელი, ესეც კი ნაკლებად უღირსი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც აკეთებენ: ჯანღონით სავსე ვაჟბატონები წყება-წყება შედიან სასამართლოს დარბაზში და შეწითლებულ ყვრიმალზე ვიშვიშებენ.

ასეთებს ისევ გაწნული სილა თუ აუწითლებს ლოყებს, თორემ სირცხვილის გრძნობა მათთვის უცნობია.

ერთხელ დავწერე, რომ დღეს საქართველო მზია ამაღლობელია და პირიქით, და ეს არ იყო ლიტონი ლირიკა. მან, ისედაც და მანამდეც მისაბაძმა ადამიანმა, პირადი რისკის ფასად გვიჩვენა მაგალითი, რომელსაც ჩვენ, დამცირებულმა საზოგადოებამ უნდა მივბაძოთ: ბოლოს და ბოლოს გადაგვევსოს მოთმინების უძირო ფიალა და სილა გავაწნათ რეჟიმს, რომელიც გვგუდავს.

სულ მცირე, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და არამარტო დასავლურ კულტურებში სილის გაწვნა არა ძალადობრივ, არამედ სიმბოლურ აქტად ითვლებოდა; ეს იყო ღირსეული პასუხი შელახული ღირსების გამო, რომლის ფიზიკური ზიანიც, მორალურისგან განსხვავებით, უმნიშვნელოა: მაქსიმუმ, ლოყის სიწითლე და სუსტი ტკივილი. მეტიც, სილის გაწვნაზე მყისიერი პასუხიც სიმდაბლედ ითვლებოდა. ამას შეიძლება დუელიც კი მოჰყოლოდა, მაგრამ არც დუელი გულისხმობს მხოლოდ ცალმხრივ ანგარიშსწორებას, რადგან შანსები, თუნდაც მხოლოდ თეორიულად, თანაბარია.

სწორედ ამ სიმბოლურობის გამო დამკვიდრდა „სილის გაწვნა“ იდიომატურ ნაირთქმად ქართულ და კიდევ უამრავ ენაში, თორემ იგივე წარმატებით ვიტყოდით „ტყვია დაახალა“, „წიხლი ჩასცხო“, „ტაფა ჩაარტყა“…

გასაგებია, რომ დუელების დრო წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე სამყაროში სხვა წესებია, მაგრამ სილის გაწვნის სიმბოლური არსი, მაქსიმუმ, ასეთივე სიმბოლურ სასჯელს უნდა გულისხმობდეს და არა ადამიანის საჩვენებელ, რიტუალურ ნგრევას.

არადა არ ტყდება. არცერთი პატიმარი არ გამტყდარა. ისინი თავთავიანთი მაგალითით აძლიერებენ ერთმანეთს და ყველანი ერთად — ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ გარეთ ვართ და არ გვაქვს უფლება, არ ვიბრძოლოთ მათი და საქართველოს თავისუფლებისთვის, რაც დღეს სწორედაც რომ ერთი და იგივეა.

გარდა მოწინააღმდეგეების დასჯისა და ამით სხვების დაშინებისა, დარწმუნებული ვარ, რეჟიმის უმთავრესი მიზანი საჭიროების შემთხვევაში ტყვეებით ვაჭრობაა. გაყიდული და გამყიდველი ივანიშვილისთვის ბარიგობა ყველაზე ორგანული, ბუნებრივი რეფლექსია.

ის საგარეო ბაზარზე სამშობლოს ყიდის, შიდა მოხმარებისთვის კი ტყვეები ჰყავს შემონახული და მხოლოდ იმას ელოდება, როდის მიაღწევს უმაღლეს ნიშნულს მათი საბაზრო ფასი.

არ არსებობს ერთი კონკრეტული განცდა, რომელიც მზია ამაღლობელზე და კიდევ ათეულობით პოლიტ-მძევალზე ფიქრისას გვეუფლება, ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად სხედან ციხეებში. უფრო განცდების ნაზავია, ბევრი რთული და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განცდების აბლაბუდა, და თუ მათგან რომელიმეს გამოვყოფდი, ალბათ ამათ: სირცხვილს და იმედს.

ჩვენი ვალია, კი არ გავექცეთ, პირიქით, მაგრად ჩავეჭიდოთ ენერგიის ამ ორ წყაროს და ვაქციოთ საერთო ძალად, ქარიშხლად, გნებავთ — სილად, რომელსაც გავაწნით რეჟიმს“.

უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია.

საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია.

უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო თუ არა? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს.

  • ბატონო არმაზ, საკითხი დაისვა ასე და ნიკა მელიაც ეკითხებოდა მოქალაქეებს ფეისბუქში, – უნდა გადავიხადო თუ არა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის შეფარდებული გირაო? თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

ამ თემას მე განვიხილავ ორ პრიზმაში.

პირველი ისაა, რომ ამ მექანიზმს ახლა „ოცნება“ იყენებს ერთადერთი მიზნით – ეს არის რეპრესიები, პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროპაგანდის ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, სხვა დანიშნულება ამ კომისიას არ აქვს. მეორე მხრივ, ცინიზმია, როდესაც ეს რეჟიმი კომისიის ფარგლებში განიხილავს ძველ ამბებს და ამ ძველი ამბებიდან თავად ვერცერთხელ სწორი გაკვეთილი, სწორი დასკვნა ვერ გამოიტანა.

მე ვსვამ კითხვას – სად არიან მაშინდელი შემსრულებლები, პროკურორები, სუს-ისა და პოლიციის მაღალჩინოსნები, დღეს ისინი, შემთხვევით, კვლავ თანამდებობებზე ხომ არ არიან?!

კვლავ ის მოსამართლეები ხომ არ არიან და იუსტიციის საბჭოს არაფორმალური მმართველები კვლავაც ისინი ხომ არ არიან?!

მაინტერესებს, რასაც მე და ბევრი ჩემნაირი მოქალაქე საქართველოში ვაპროტესტებდით სააკაშვილის რეჟიმის დროს, იმ დიდ დანაშაულებრივ მანქანას, რომელიც მაშინ არსებობდა, ივანიშვილი აპროტესტებდა იმ წლებში?!

და „ოცნების“ დღევანდელი მმართველები, ვისაც ეს ასაკით შეესაბამება, თუნდაც კობახიძე, მაშინ ამას აპროტესტებდა?!

თუ მაშინ არ აპროტესტებდნენ და გვიან, ახლა აპროტესტებენ, რა დასკვნები გააკეთეს, რომ ისევ ავტორიტარული მმართველობა, ისევ კორუფციაში ჩამხრჩვალი ქვეყანა შექმნეს, მოახდინეს ძალაუფლების სრული უზურპაცია და დაამყარეს არნახული პოლიციური რეჟიმი?!

  • გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიული მექანიზმი იმისთვის, რომ შური იძიონ ყველაზე, ვინც მათთვის პოლიტიკურად თუ სხვა ნიშნით მიუღებელია. ცალკე საკითხია ის, რომ საერთოდ უკანონოდ არის შექმნილი ეს კომისია, სამართლებრივადაც თუ დავსვამთ კითხვებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კომისია გამოიყენება როგორც დევნის მექანიზმი. ამიტომ, როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში?

საქმე ისაა, რომ ამ ჩამონათვალში შეიძლება მოხვდნენ პოლიტიკოსები და რაღაც მომენტში არაპოლიტიკოსებიც, თუკი დასჭირდა ეს ივანიშვილს.

დაზღვეული არავინაა. მიდგომა ერთიანი რომ იყოს, შესაძლოა კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა მაინც მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, სინდისის კარნახით.

ჩემი აზრით, ნებისმიერი თანამშრომლობა ამ რეჟიმთან და მისი გადაწყვეტილებების გათვალისწინება, მათ შორის გირაოს გადახდა, კვლავ ამ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • გირაოს გადახდა თანამშრომლობაა?

ეს არის „ოცნებისთვის“ მისაღები, სასურველი რამ, როდესაც გირაოს ვიხდით. თუმცა, მე იმასაც ვხვდები, რომ ამის საპირწონე ახლა არის ციხე.

ამიტომაც, ვერავის ვერ დავძრახავ, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გირაო გადაიხადა, ყველას ესეც არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე და არა მხოლოდ იმაზე, როგორც ყოველთვის გვიწევს ხოლმე, რომ უცებ ვიზრუნოთ ცეცხლის ჩაქრობაზე, რომელიც აქა-იქ ყოველთვის გაჩნდება.

გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. პირველ რიგში ეს გამოსავალი უნდა იპოვონ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ახლა უწევთ გირაოს გადახდა, ან რიგში არიან, უნდათ გადახდა ან არ უნდათ. ეს გამოსავალია საპოვნი, რომელიც ამ საკითხს და ყველა სხვა უმთავრეს საკითხს მოაგვარებდა.

მაგრამ, არიან მზად დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამისთვის?

აი, ეს არის ფუნდამენტური კითხვა.

წულუკიანის კომისია არის არალეგიტიმური, რეჟიმის საზიზღარი ინსტრუმენტი, ეს, ვფიქრობ, ყველამ ვიცით.

  • დღეს, 15 მაისს, პოლიტპატიმრების მორიგ სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე შეეხო ამ საკითხს. „თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო ნიშნავს, რომ ბრძოლის ველიდან გარბიხარ“ – თქვა მან და აღნიშნა, რომ გირაო არავინ უნდა გადაიხადოს, რადგან ეს ნიშნავს ღალატს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ნიშნავს ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას?

მეც ვნახე ეს განცხადება, ჩემი დიდი პატივისცემა ამ პოლიტპატიმარს, როგორც ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, მათ აზრს, ბევრისთვის და ჩემთვისაც, ახლა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალაც, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ალბათ ვერავის დავამუნათებთ.

ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას.

რომ იყოს ერთიანი მიდგომა, როგორც დასაწყისში გითხარით, კონსოლიდირებული განცხადება, რომ არავინ, არც ერთ შემთხვევაში არ გადავიხდით გირაოს, არ წავალთ ამ კომპრომისზე, ეს იქნებოდა კარგი, მაგრამ როგორც ჩანს, ამის მიღწევა ახლა შეუძლებელია.

მე ამიტომაც ვეცდები უფრო ფართოდ, გლობალურად დავინახო პრობლემა და მინდა გითხრათ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი, პროპაგანდისტული, რეპრესიული კომისიის მსგავსი ინსტიტუციები აღარ არსებობდეს, რომ ყველა დროში, საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე დანაშაულები გამოიძიოს არა პროპაგანდისტულმა კომისიამ, არამედ მიუკერძოებელმა მართლმსაჯულებამ.

  • ეს მაშინ მოხდება ალბათ, როცა „ოცნება“ წავა.

ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, არა მაშინ, როცა რეჟიმი შეიცვლება, არამედ მაშინ, როცა ეს პოლიციური რეჟიმი შეიცვლება და მომდევნო იქნება არსით დემოკრატიული, სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მთავრობა, პოლიტიკოსთა ერთობა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ეს შესაძლებელია.

ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა და ამაში უნდა დავარწმუნოთ პოლიტიკოსებმა მოქალაქეები და რომ დავარწმუნოთ, ამისთვის ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვვარგოდეთ.

  • პრინციპში, ამ გირაოს გადახდა არ ათავისუფლებს ამ ადამიანებს ციხისგან, რადგან შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იყო თუ არა სწორი ან არასწორი ამ კომისიაზე არ მისვლა და თუ სასამართლო იტყვის, რომ არასწორი იყო, მაშინ შესაძლოა გირაოს გადამხდელი მაინც დააკავონ. მაგრამ მეორე საკითხია, თუკი ჯაფარიძე, მელია, გვარამია არ გადაიხდიან გირაოს და წავლენ ციხეში, ამით ხომ „ოცნება“ პოლიტიკურ ველს მარტივად მოასუფთავებს?

ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილს არაფერი არ გააჩერებს და მას შეუძლია დაიჭიროს ოპოზიციის ნახევარი თუნდაც, არ მოერიდება არავის და არაფერს. აქვე იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ გირაოს ინსტრუმენტით თუ გირაოს გარეშე, ივანიშვილს ხელში სხვა მექანიზმიც აქვს, რომ დაიჭიროს მისთვის არასასურველი პოლიტიკოსები ან სხვა პირები.

  • ოპოზიციური პარტიების გაუქმების კანონი მიიღეს უკვე და ალბათ ამასაც გამოიყენებს.

ჩვენ საქმე გვაქვს ძალადობრივ, პოლიციურ რეჟიმთან, აღვირახსნილ უკანონობასთან მთელს ქვეყანაში, შესაბამისად, დღეს აქტუალურია წულუკიანის კომისია, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ახალი თემა შემოაგდოს ივანიშვილმა და მისი მეშვეობით უფრო მეტი რეპრესიები მოუწყოს არასასურველ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს, არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებს.

ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს თუნდაც გველეშაპის ეს ერთი თავი დავადუმოთ, მოვჭრათ როგორღაც, პოლიტიკურად, ამოვა სხვა თავი.

აქ პრობლემა არა მარტო წულუკიანის ავადსახსენებელი კომისიაა, არამედ ამის პირველწყარო.

პირველწყარო არის ივანიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი, ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმი. ის საზრდოობს დღეს ივანიშვილით, ასრულებს მის შეკვეთას, შესაბამისად, ვერაფერს ვერ გავხდებით, თუ ეს პირველწყარო არ აღმოიფხვრება.

  • როგორ ფიქრობთ, ახლა ველის მოსუფთავება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება თუ ივანიშვილის გეგმას, სამუდამოდ დააშოროს ეს ქვეყანა ევროკავშირს?

ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ჩქარობს და ჩემთვის გასაგებია რატომაც.

აქ საქმე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს არ ეხება, მისთვის ახლა არის რამდენიმე ამოცანა – პირველი, მან უნდა შეძლოს და მოასუფთაოს ოპოზიციური პოლიტიკური ველი. თუკი სადმე არასასურველი ვინმე დარჩა, რომელმაც შეიძლება გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა – ასეთი ადამიანებისგან, ორგანიზაციებისგან ის უნდა გათავისუფლდეს.

იმიტომ, რომ ხვდება, ადგილობრივ არჩევნებშიც და ნებისმიერ მომდევნო არჩევნებშიც მას საზოგადოების დიდი ნაწილი გაუწევს წინააღმდეგობას, ამიტომაც მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღარ არსებობდეს არანაირი ალტერნატივა და იყოს მხოლოდ მისი სატელიტები აქა-იქ.

მეორე – ის ჩქარობს, რადგან მას აჩქარებს კრემლი.

კრემლისთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წერტილი დაესვას ყველა იმ სივრცეს, წყაროს, სადაც შეიძლება აღმოცენდეს წინააღმდეგობის მოძრაობა.

ამასთან ერთად, ივანიშვილი ჩქარობს იმიტომაც, რომ ხვდება – მისი რეიტინგი, საზოგადოების ნდობა მის მიმართ, მკვეთრად ეცემა ყოველ ჯერზე და მას აღარ რჩება არც ერთი სხვა მექანიზმი, გარდა რეპრესიულისა.

მე ერთ რამეს ზუსტად ვხვდები, რომ ის სურათი, რაც ახლა გვაქვს, 2025 წლის მაისში, სანატრელი გახდება 2025 წლის შემოდგომაზე, თუკი ეს ასე გაგრძელდა, ისეთ დღეში ჩააგდებს საზოგადოებას, ქვეყანას ივანიშვილი.

ამიტომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ რა გველის და რა დღეში ვართ, მაგრამ შედეგის მომცემი ეს ნამდვილად არ იქნება, თუ არ დაიწყო რეალური ძვრები პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ არ შეიქმნა ახალი პოლიტიკური, ოპოზიციური, მძლავრი სუბიექტები, რომლებიც საპროტესტო მუხტით გაჯერებულ მოქალაქეებთან ერთად შეძლებენ ყველა კონსტიტუციური გზის გამოყენებას იმისთვის, რომ საქართველოს ჩამოაშორონ კრემლის ეს მარიონეტული რეჟიმი და შექმნან პირობები საქართველოში უალტერნატივო დემოკრატიული განვითარებისთვის.

აი, ეს არის ახლა ჩემთვის ზეამოცანა.

თუ წინააღმდეგობა არ იქნება სათანადო და შედეგიანი, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავის გეგმას შეასრულებს.

  • ეს „შედეგიანი“ წინააღმდეგობა რომელია? ამ დრომდე მხოლოდ ის გვესმის, რომ ახლა მთავარია ქუჩაში დგომა და ამ ფორმით წინააღმდეგობის გაწევა რეჟიმისთვის. თქვენ რაში ხედავთ შედეგს?

დღეს ქუჩის პროტესტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არასაკმარისი.

საკმარისი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩის ამ მძლავრ, საპროტესტო მუხტს შეერწყმება ჰარმონიულად პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემქმნელიც დღევანდელი ოპოზიცია ვეღარ არის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს, რომლებიც უნდა შეიქმნას გაბედული, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების, მათ შორის პროტესტში მყოფი მოქალაქეების მიერ.

მე სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ.

სხვა გამოსავალი ჩემთვის დღეს უბრალოდ არც არსებობს. ამ ოპოზიციის ამარა საქართველო განწირულია, რომ მრავალი მომდევნო წელი იყოს ივანიშვილის უღელქვეშ.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი დაესწრება – „ევროპა გიყურებთ“

16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ ლენა შილინგი პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტებისათვის.

„ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა.

მზია სასამართლოშია იმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. სინამდვილეში, მას რაიმე დანაშაულისთვის კი არა, ასამართლებენ იმის გამო, რომ მან ხმა აიმაღლა და უარი თქვა უსამართლობის წინაშე გაჩუმებულიყო.

ამიტომ ვიქნები ხვალ ბათუმში, რათა გვერდით დავუდგე მზია ამაღლობელს და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის.

ჩემთვის, როგორც ევროპარლამენტის წევრისთვის, ცხადია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, თუმცა დღევანდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და ახშობს პრესის თავისუფლებას, მისი ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება.

როცა ჟურნალისტებს აპატიმრებენ და აჩუმებენ – საფრთხე ემუქრება თავად დემოკრატიას.

როგორც ევროპარლამენტის წევრმა, მინდა ვთქვა: ევროპა გიყურებთ. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“ – აცხადებს ლენა შილინგი.

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.

ევროპარლამენტარმა პეტიციაც შექმნა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს. პეტიცია ორენოვანია და მისი ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად, ისე გერმანულად.

 

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა – აპრილის სტატისტიკა

2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა. შემდეგ ადგილებზეა: იტალია, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები.

ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში:

  • აშშ-დან საქართველოში გადმოირიცხა 53 987 300 აშშ დოლარი, რაც 7,6 მილიონი დოლარით მეტია 2024 წლის აპრილში ჩამორიცხულ თანხასთან შედარებით;
  • იტალიიდან საქართველოში გადმოირიცხა 50 211 300 აშშ დოლარი, რაც 2,1 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2024 წლის აპრილში;
  • რუსეთიდან კი გადმოირიცხა 39 867 900 აშშ დოლარი, რაც 9,3 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის იმავე თვეში ჩამორიცხულ თანხასთან შედარებით.

სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამორიცხული თანხის ოდენობა ნახეთ ცხრილში [მილიონი აშშ დოლარი]:

ქვეყნები და ამ ქვეყნებიდან საქართველოში 2025 წლის აპრილის თვეში ჩამორიცხული თანხა მილიონ აშშ დოლარში / წყარო: სებ

სების ინფორმაციით 2025 წლის აპრილში უცხოეთიდან საქართველოში სულ გადმოირიცხა 295,5 მილიონი აშშ დოლარი [814 მილიონი ლარი], რაც 2024 წლის აპრილის თვესთან შედარებით 17 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან უცხოეთში ჯამში გადაირიცხა 31,9 მილიონი აშშ დოლარი [88 მილიონი ლარი], რაც 2024 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1,5 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

ამავე თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

 

 

„ქოლცენტრების საქმე“ – აჭარაში ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს, რომ  აჭარაში ე.წ. „ქოლცენტრი“ აღმოაჩინა და ტექნიკა ამოიღო.

სამსახურის ინფორმაციით წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით თბილისსა და აჭარის რეგიონში.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს  ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.

დღეს, 15 მაისს ასევე გავრცელდა, რომ შსს-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

გამოძიების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი. პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქოლცენტრზე გამოძიების ფარგლებში დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

ვერ შევწყვეტთ პროტესტს, „ოცნებას“ ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს – ემიგრანტი ქალი მოლდოვიდან

„ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს მათ. მარტო ჩვენს შვილებზე არ არის აქ საუბარი, ჩვენც ხომ ვართ ჯერ ცოცხლები.

ვერ მივცემთ იმის უფლებას, უარესობისკენ შეცვალონ და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ სიგუა, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დროისთვის მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს.

თამარი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ემიგრანტი, ელოდა ძირეულ ცვლილებებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დარწმუნებული იყო, რომ ხალხის არჩევანი გაიმარჯვებდა. თუმცა ამბობს, რომ ისევე როგორც მოსახლეობის უმრავლესობა, თავადაც გაოგნებული და იმედგაცრუებულია არჩევნების ტოტალური გაყალბებით.

„რამხელა მობილიზაცია იყო უცხოეთში, არა?! ეს ხომ ყველამ ვნახეთ. უპრეცედენტო აქტიურობა იყო ამ არჩევნებზე. ადამიანებმა გადალახეს ზღვა, მთა, ტბა, იარეს ასობით კილომეტრები, რომ საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ, რადგან ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა.

ამიტომ, როცა წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, ძალიან დიდი იყო დეპრესიული მუხტი. მეგობრებმა მითხრეს, მეორე დღეს საერთოდ ლოგინიდან ვერ ავდექითო.

მეც თავზარდაცემულივით ვიყავი, რადგან საერთოდ არ ველოდებოდი ამ შედეგს და ჩემი განწყობაც იყო შესაბამისი“, – გვეუბნება თამარ სიგუა.

კიშინიოვში „ოცნებამ“ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გახსნა.

„გაზაფხულის პროტესტების შემდეგ, როცა მაინც მიიღეს რუსული კანონი, ხალხის სახლში წასვლა არ ნიშნავდა იმას, რომ პროტესტი გაქრა. ჩვენ შეგნებული საზოგადოება ვართ და ყველა დაველოდეთ არჩევნებს.

გვინდოდა, რომ საარჩევნო ყუთთან გაგვეკეთებინა არჩევანი და ეს ყოფილიყო ჩვენი ტრიბუნა. კანონი მიიღეთ? – კარგი, მოდის არჩევნები და ამით შეგცვლით – ეს იყო ხალხის დამოკიდებულება. მაგრამ 2020-იდან ემზადებოდნენ თურმე ესენი გაყალბებისთვის.

კანონმდებლობების მცოცავი ცვლილებებით, სრულიად კაბალური სისტემის ჩამოყალიბებით, ბოლოს ისეთი სისტემა შექმნეს, დაშიფვრა რომ უნდა. 2020 წლის არჩევნებზე როცა დაინახეს, რომ პირწმინდად ჰქონდათ წაგებული, მერე გუნდურად დაგეგმეს – ძალიან დიდი გაყალბების სქემა მოამზადეს და ეს ჩვენ ყველამ დავინახეთ.

ძალიან დიდ სპეცოპერაციას ჰგავდა ეს ყველაფერი და ნამდვილად იკვეთებოდა გარე ძალების ხელწერაც. ეს ძალები ვინც არიან, ესეც კარგად ვიცით“, – ამბობს თამარ სიგუა.

მისი აზრით, ეს არჩევნები რომ გაყალბებულია, ამაზე ის რეპრესიებიც მეტყველებს, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს.

„მასობრივი პროტესტების ჩახშობის მცდელობა, ახალგაზრდების დაპატიმრება, ცემა, სპეცრაზმის მისევა, ეს არის არჩევნების გაყალბების სიბრტყეზე არსებული, ან უფრო უარესიც კი.

ხელისუფლება ჩვენ უნდა წარმოგვადგენდეს, ხომ?! ხალხის უმრავლესობას. ამიტომ არის ხელისუფლება მიტაცებული, რომ არ მიგვიცია „ოცნებისთვის“ ჩვენ ეს მანდატი. ესენი კი მაინც იჩემებენ და დაკავებული აქვთ შენობები.

მეც, როგორც ხალხის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტი, მიმაჩნია, რომ არ უნდა შეჩერდეს პროტესტი. ცხადია, რეცეპტი არ არსებობს, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, მაგრამ არის სხვადასხვა რჩევა – ერთი ოქროს წესი არის ის, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მეორე ოქროს წესია, როგორ გაგრძელდეს.

ჩემი აზრით, ეს გზა ძალების კონსოლიდაციაა.

გარკვეულ პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ საზოგადოება თუ პოლიტიკოსები, რადგან ახლა თითქოს ყველა პროტესტშია, მაგრამ ყველა დაყოფილია“, – ამბობს თამარი.

მისი თქმით, „გათიშე და იბატონეს“ პრინციპი ისედაც კარგად გამოსდის „ოცნებას“, იმარჯვებენ დეზინფორმაციით, პროპაგანდით, ბოტებისა და ტროლების ჩართულობით და ქმნიან ყალბ გარემოს, რომ დემოტივაცია ჩანერგონ ადამიანებში.

„ოცნება“ საზოგადოებას ასე რომ ანაწევრებს, ესეც დანაშაულია. მრავალფეროვანი დანაშაულების სქემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ვხედავ ერთადერთ გამოსავალს პროტესტში.

მე, როგორც ერთ რიგით ადამიანს, ემიგრანტს, რაც შემიძლია არის ის, რომ თუ საქართველოში ვარ, აქტიურად ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, როცა აქ ვარ, მოლდოვაში, იქნება ეს პეტიციები თუ სხვადასხვა აქტივობა, თანხის გადარიცხვა უსამართლოდ დაჯარიმებულებისთვის, ვცდილობ, ჩემი წილი მონაწილეობა მივიღო და ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღო“, – ამბობს თამარ სიგუა.

თამარის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება რეპრესიებითა და დაშინებით ცდილობს საზოგადოების გატეხას და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც ამას, თუმცა ადამიანების დიდ ნაწილზე რეპრესიები მაინც ვერ ახდენს გავლენას.

„დედაჩემს, მაგალითად, შიში აქვს. „რაიმე არ დაგიშავონ“ – მეუბნება ხოლმე და ბევრს აქვს ასეთი შიშები. ამიტომ ის ხალხი, ვინც ყოველდღე დგას ქუჩაში, ჩემთვის ყველა გმირია.

მიუხედავად იმისა, რომ შიშის დანერგვით ცდილობენ ხალხის მართვას, მე მაინც არ განვიხილავ პესიმისტურ პროგნოზს. იქნება ეს თვეები, ერთი თუ ორი წელი, პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე.

ვინც თავად არ არის პირდაპირ ამ კორუფციულ სქემებში ჩაბმული, არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება მოსწონდეს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამიტომ, ეს მოლოდინი, რომ რაღაც სიკეთისკენ უნდა შეიცვალოს, ვფიქრობ გაამართლებს, თუკი საზოგადოება იქნება ერთიანი.

ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, რადგან ვერ მივცემთ მათ ჩვენს მომავალს. მარტო ჩვენს შვილებზეც არ არის აქ საუბარი, ჯერ ჩვენც ხომ ცოცხლები ვართ. ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ უარესობისკენ შეცვალონ ყველაფერი და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაზე დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ.

მარტო იმის გამოა დამნაშავე „ქართული ოცნება“, რომ საზოგადოების ამხელა ნაწილის თავიდან მოშორებას ცდილობს.

ეს ხომ არ არის ერთი პატარა ჯგუფი, პროტესტში არიან მკვლევრები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, პედაგოგები, მსახიობები. ამ ადამიანების უგულებელყოფა, ამ ადამიანების თავიდან მოშორება წარმოუდგენლად მეჩვენება.

თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ გაიბზარა მათი ხმა.

ბათუმის მერი გადადგა, დღეს კიდევ ვიღაც გადადგა, ეს პროცესი ნელ-ნელა გაგრძელდება და ვერ დამაგრდებიან.

ყველას ვერ დაგვიჭერენ, მთელი საზოგადოება რანაირად უნდა დაიჭირონ, როგორ უნდა მოგვერიონ ყველას. ხომ ნახეს, რომ არ გაჩერდა პროტესტი? ახლა კიდევ ახალი ტალღა შეიძინა.

ვხედავთ მათ წერილებს, მათ განცხადებებს – „ბრიუსელმა უნდა გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ“?

თუ ჩვენ მიერთებული ვართ ევროპას და ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული წესრიგი, მაშინ ამ წესრიგსაც მიერთებული ვართ. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ვიღაც გვკარნახობს რაღაცას.

გუშინ თუ ამ გზით მიდიოდი და არჩევნების შემდეგ გამოაცხადე, რომ შეაჩერე ევროინტეგრაცია, მოგეცით ამის უფლება? თქვი ეს არჩევნებამდე, აუხსენი ხალხს?

ახლა ამ „დიფ სთეითის“ და ზღაპრების ვის სჯერა, მართლა ჯგუფურ დანაშაულს ჩადიან ესენი და პირი რომ შეკრეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მართლები არიან.

იმდენად ღრმად არიან კორუფციულ სქემებში, რომ არანაირ კომპრომისზე არ უნდათ წამოსვლა. როგორც დამნაშავე იქცევა ისეა – ან ბოლომდე უნდა დადგეს დანაშაულის მხარეს, ან იცის, რომ აღიარებით რაღაც დაემუქრება. მაგრამ მაინც მოუწევთ“, – ამბობს თამარი.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციაში ხედავს სწორედ ქვეყნის მშვიდობას და „ოცნება“ ცდილობს ეს დაათმობინოს ხალხს.

ვერ შევწყვეტთ პროტესტს, „ოცნებას“ ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს – ემიგრანტი ქალი მოლდოვიდან

„მშვიდობა რომ გვინდა და დემოკრატია, ამიტომ მიდის მშვიდობიანი ზეწოლა მათზე.

ევროინტეგრაციის, უვიზო მიმოსვლის დაკარგვა მარტო პასპორტების დონეზე არ დადის. ეს არის განვითარება, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ყველა საფეხურის ადამიანს აძლევს სარგებელს. მეწარმეებისთვის იღება კარები, სტუდენტებისთვის, დროებით მომუშავეთათვის… ევროპა ხომ მარტო მილანში შოპინგი არ არის. თუმცა ესეც გადასარევია, ყველას გვინდა კეთილდღეობა და აქეთკენ გვიხსნის კარს სწორედ ევროკავშირი.

ბიზნესის მაჩვენებლებს რომ ითვლიან, ამ ყველაფრის ზრდა ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გამო გვაქვს და არა იმ ადამიანების პატარა ჯგუფის, თუ ოლიგარქიის დამსახურებით.

ამიტომ, ამ ყველაფრის დაკარგვა, მათ არ გამოუვათ, ამიტომ არის თითოეული ადამიანის როლი ამ პროტესტში მნიშვნელოვანი.

ახლა უცხოეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის სულერთია, რაც საქართველოში ხდება. ადრე იქნება თუ გვიან, ჩვენ ხომ დაბრუნებას ვაპირებთ და ჩვენი მომავლის დაკავშირებას ჩვენს სამშობლოსთან.

ამიტომ, რაც ჩვენს ძალებშია, ის უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობაც“, – ამბობს თამარ სიგუა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს გაგრძელდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.

ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.

„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ თემაზე:

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას 2 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, მიგრანტის ფ.ა.-ს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაყვანას.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე ხვალ, 16 მაისს, გამოიდარებს და დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

  • მთიან რაიონებში:

დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

  • მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 და 19 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებს არ დაესწრება

მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს.

რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი.

რუსეთის დელეგაციაში მყოფი პირების ვინაობა წუხელ, 14 მაისს გახდა ცნობილი. დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკია, რომელსაც პუტინის იდეოლოგს უწოდებენ.

დელეგაციაში არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი  და, ასევე, არიან „ექსპერტები“ სხვადასხვა ოფიციალური უწყებიდან.

გუშინ, 14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელის, ვინ იქნებიან რუსეთის დელეგაციის წევრები. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ იქნება უკრაინის დელეგაციაში.

მანამდე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი იქნება.

მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა თურქეთში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 970 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 10 812 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 514 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 27 872 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 384 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 166 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 000 ერთეული [+140]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 547 ერთეული [+165]
  • სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 275 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 339 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 911 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 489 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს. რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი.

პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებს არ დაესწრება

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგვიანდებოდა დათანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მერცი წერდა ასევე, რომ უკრაინის უპირობო თანხმობის შემდეგ ბურთი რუსეთის მოედანზეა.

„პუტინი არის ის, ვინც ყველაფერს განსაზღვრავს რუსეთში, ასე რომ, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს ომის საკითხი. ეს მისი ომია. მაშასადამე, მოლაპარაკებები უნდა იყოს მასთან”, – თქვა ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართავში 13 მაისის საღამოს. ზელენსკი ასევე აცხადებდა, რომ ის პირადად ელოდებოდა პუტინს თურქეთში.

აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი კი ვარაუდობდა, რომ ხუთშაბათს, თურქეთში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს შეუერთდება.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

„ბათუმელებმა“ უკვე გიამბოთ უწყვეტ, პროევროპულ პროტესტზე ჩხოროწყუში,ზუგდიდში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარტვილში. ამჯერად გიამბობთ, როგორია პროტესტი გორში.

დღეს, 14 მაისს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 168-ე დღეა, ხოლო გორში 95-ე დღეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული კურსის ცვლილებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

გორში პროტესტის მთავარი ადგილი გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაა.

„უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ [2008-ში], თურმე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, თურმე ანწუხელიძე „უაზროდ განწირული სიცოცხლეა“…

ჩვენ, გორში მცხოვრები ადამიანები, ვცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც დღემდე ეტყობა ტყვიების კვალი კედლებზე. ჩვენ ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ყველაზე კარგად ვიცით, რუსული აგრესიის კვალი, ვიცით, რას ნიშნავს ბავშვობა წაგართვას ომმა. ამიტომ, ვიცავთ და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის.

ქვეყანაში, რომელსაც 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, არ შეიძლება პროტესტი ისმოდეს მხოლოდ ერთი ქალაქიდან. პოლიტპატიმრები იბრძოდნენ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ქუთაისში, სხვა ქალაქებში. ვთვლი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც ქვეყნის, ისე პოლიტპატიმრების მიმართ”, – ამბობს რუსა ბუზიაშვილი, სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი გორიდან.

რუსა 23 წლისაა და აქტიურად მონაწილეობს როგორც გორის, ასევე თბილისის საპროტესტო აქციებში. მისი თქმით, არ აქვს უფლება დაიღალოს და ასე ფიქრობს გორის პროტესტის თითოეული მონაწილე:

„ჩვენ ტელევიზორებიდან გვიყურებენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც ჩვენი ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლის გამო ოთხ კედელში გამოამწყვდია სისტემამ. ქუჩაში ვიდგებით, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, არ გათავისუფლდება ყველა სინდისის პატიმარი და არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.

არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის ადამიანები იყვნენ ციხეში. რეალურად, ყველა სინდისის პატიმარი აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რადგან კონსტიტუციით აქვთ ვალდებულება აღებული, იცავდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას”.

რუსა იხსენებს, რომ გორში, როგორც მთელ ქვეყანაში, აქტიური პროტესტი 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.

„კვირაში რამდენჯერმე გვქონდა მასშტაბური აქცია გორში სხვადასხვა პერფორმანსით. პარალელურად, გორის აქციებიდან ან იმ დღეებში, როდესაც გორში არ გვქონდა აქცია ჩანიშნული, დავდიოდით თბილისში, რადგან იმ პერიოდში აქტიურად გვარბევდნენ რუსთაველზე და იქ ვჭირდებოდით ჩვენს თანამებრძოლებს.

მოგვიანებით, როდესაც დღემ მოიმატა და საშუალება მოგვეცა ორ ფრონტზე დაგვეწყო ბრძოლა, გორშიც და რუსთაველზეც, დავიწყეთ ყოველდღიური აქციები. 90 დღეზე მეტია არ ჩაგვიგდია არც ერთი დღე და უწყვეტად ვაპროტესტებთ გორში.

ყოველ დღე, 18:00 საათზე, ვიკრიბებით გორის საკრებულოსთან, იქ, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა, იქ, სადაც რუსული ტყვიების კვალია. ზოგჯერ, კვირაში რამდენჯერმე, გორის აქციის შემდეგ მივდივართ თბილისში, რუსთაველზე”.

რუსა ბუზიაშვილი

რუსა ამბობს, რომ ნაომარ გორში, იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან ომის საფრთხე, ხალხიც განსაკუთრებითაა შეშინებული:

„სულ რამდენიმე კილომეტრში მცოცავი ოკუპაცია, მავთულხლართები და რუსის ჯარია, ამიტომ ბევრად მეტი მუშაობა გვიწევს, როგორც უშუალოდ გორში, ასევე საოკუპაციო ხაზს მიმდებარე სოფლებშიც.

პრინციპი ერთია – ქარით, სიცივით, წვიმით, ყინვით გამორჩეულ გორში აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი მთავარი სათქმელი ყოველთვის ისაა, რომ ერთი კაცის პროტესტიც პროტესტია.

ერთი კაციც რომ დავრჩეთ აქციაზე, აქცია ჩატარდება.

ქვეყნის სიყვარულის გარდა, ერთმანეთის სიყვარულიც გვამოძრავებს. აქციაზე ვდგავართ ქვეყნისა და ერთმანეთისთვის, არ დავუშვებთ არცერთი ადამიანის მარტო მიტოვებას ამ ბრძოლაში.

შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ვართ, მაგრამ ძლიერები და ერთიანები ვართ”, – მტკიცე პოზიცია აქვს რუსა ბუზიაშვილს.

რუსა წუხს, რომ ბევრი ადამიანი იზიარებს და მხარს უჭერს მათ პროტესტს, თუმცა ეს ადამიანები არ ჩანან საჯაროდ და შესაბამისად, მათი პოზიციები არ ჟღერდება ხმამაღლა.

„ჩვენთვის ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან რეალობის წინაშე, იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, ვრჩებით მარტო, 15, 20, 30 ადამიანი.

ყველაზე მეტად ორი ფაქტორი მაწუხებს – პირველი ისაა რომ, მე, 23 წლის ასაკში, გორის აქციების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გორი საუნივერსიტეტო ქალაქია, სამწუხაროდ, გორის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი კომფორტის ზონას ვერ ტოვებს. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ნაწილი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლია”.

როგორც რუსასგან ვიგებთ, გორში პოლიცია ყოველდღიური საპროტესტო აქციების მიმართ აგრესიული არ არის:

„ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ პოლიციელ ფოტოგრაფთა კლუბი გვითვალთვალებს. 90 დღის განმავლობაში მათი ერთადერთი საქმე ისაა, რომ ფოტოები და ვიდეოები გადაგვიღონ. ხან ჩუმად, ხან კი ცხადად“.

რუსა ბუზიაშვილის მთავარი სათქმელი კი „ბათუმელებთან“ საუბრის დასასრულს ეს არის:

„თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს. ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“

ფოტო გორის საპროტესტო აქციიდან. ფოტო: კახაბერ ქარელიძე

გორის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა თეონა ბზიშვილი, რომელსაც გორის პროტესტის ხსენებისას პირველ რიგში პუტინის ფიტულის დაწვა გაახსენდა ადგილობრივების პროტესტისა და რუსეთისადმი წინააღმდეგობის ნიშნად.

„ძირითადად პროტესტი შენობის გარეთაა, როგორც რუსთაველზე. გორში გვქონდა შემთხვევა, რომ მე და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე შევედით საკრებულოს სხდომაზე და იქაც გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. საკრებულოს თავმჯდომარე ყვიროდა – „გაათრიეთ აქედან“, „მოაშორეთ აქედან“…

დე ფაქტო ხელისუფლებას მუდმივად და ყველა ადგილიდან უნდა ახსენებდე, რომ არის დე ფაქტო, არ არის ლეგიტიმური და მიუთითებდე, რომ წავიდეს.

პროტესტი ხმა უნდა ისმოდეს ყველგან. ცეცხლის კერებივითაა, თუ ცეცხლი ერთგან მინელდება, ბოლო, მთავარ კერასაც მიადგები და იქაც ჩაქრება. აქციები ყველგან უნდა იყოს. ესაა ერის ხმა, რუსთაველის ხმა ხომ არ არის?!“

თეონას თქმით, გორის პროტესტი ყოველთვის ეხმიანება დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს საპროტესტო ბანერებზე დატანილი თემატური წარწერებით – ეს ეხება ბავშვების დაღუპვას, ფონდების დახურვას თუ სხვა პრობლემებს.

თეონა იხსენებს, რომ თავიდან ხშირად უერთდებოდნენ პროტესტს თბილისში, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო პროტესტის დეცენტრალიზაცია:

„თბილისში აქციების დამრბევი ძალა ძირითადად არის გორის გდდ და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული, ბელორუსული მოდელით გადამზადებული ტიპები, ვისზეც ვლაპარაკობთ, არიან გორიდან. განსაკუთრებით გვინდოდა გორის აქციები გამოსულიყო, რომ ამათი გარკვეულწილად მობილიზება ადგილზე ყოფილიყო და თბილისში წასვლის საშუალება აღარ ჰქონოდათ.

მაგალითისთვის, ერთხელ მოსამართლეებს რომ გავუმართეთ აქცია, ვიდრე არ ჩამოიყვანეს გორიდან გგდ, მანამდე მოსამართლეები ვერ გამოიყვანეს შენობიდან. სწორედ მათ შემკავებელ ძალად გვინდა, რომ გადავიქცეთ, თუმცა [აქციის] მასშტაბი, სამწუხაროდ, ვერ გავზარდეთ”, – გვიყვება თეონა.

თეონა პროტესტის განსხვავებულ ფორმასაც მიმართავს და სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ:

„რამდენიმე დღე, სანამ აქციას შევუერთდებოდი, ჩემი საპროტესტო ბანერით დავდექი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მარტო. აქციის მონაწილეებსაც ვეუბნები, რომ ეს ფორმა, მგონი, უფრო ეფექტურია, იმიტომ, რომ თითქოს დისკომფორტსაც აღარ ვუქმნით, ხელს აღარ ვუშლით [გორის საკრებულოს წინ შეკრებით] და აქციის როლი სწორედ რომ დისკომფორტის შექმნა უნდა იყოს. ვდგები გზაჯვარედინზე და ძირითადად ბანერზე ვწერ შეკითხვას. მახსოვს, ერთხელ მეწერა – „შენც თვლი, რომ რუსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ?” ვინც გაივლიდა და კითხულობდა, დიდი ნაწილი ჩერდებოდა და პოლემიკაში შემოდიოდა”.

თეონას თქმით, ყოველთვის გამოხატავს პროტესტს უსამართლობაზე და იბრძვის ადამიანის უფლების დასაცავად, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებები აღელვებს.

თეონა ბზიშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა განსაკუთრებით ქალთმოძულეა და წარმოუდგენლად დიდი დრო დასჭირდება ქვეყანაში პოლიციის რეპუტაციის რეაბილიტაციასაც. პოლიციის, რომელიც გამოდის და ქალებს გვეუბნება – „რას გავხარ, შენი ადგილი იცოდე“ და ა.შ., დაუსრულებლად.

პოლიციელზე საერთოდ როგორ შეიძლება ილაპარაკო, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება გყავს და პირდაპირ ისინი ესხმიან თავს ქალ ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ამცირებენ, აკნინებენ, უთითებენ სად უნდა იყვნენ – “პარლამენტში კი არა, სამზარეულოში”, ასეთი პირდაპირი მითითებებიც ყოფილა – „წადი საჭმელი გააკეთე, ქალო, აქ რა გინდა“.

ძალიან დიდი ბრძოლის შედეგია ის, რომ ქალები იყვნენ სოციალიზებულები და სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შუამდეც არ გვყავს მიყვანილი. არაერთი ქალი ხდება ფემიციდის მსხვერპლი და ამის ფონზე, როცა ფემიციდს უნდა ებრძოდე, ქალებს გაძლიერებაში მიეხმარო, ვიღაც მაღლიდან გითითებს, რომ შენი ადგილი აქ კი არა, აი, აქ არის.

კაცებმა საერთოდ ხმა რომ არ ამოიღონ და ყველასთვის მისაღები იყოს „ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკა, ჩემი აზრით, ქალები არ უნდა გავჩერდეთ არასდროს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და უქმის.

ამის მაგალითია მზია ამაღლობელი.

და როგორი კაცი არ უნდა გვყავდეს საქართველოში, ამის პირდაპირი ნიმუშია ირაკლი დგებუაძე”, – ამბობს თეონა ბზიშვილი.

თეონა ჩვენთან საუბრისას უბრუნდება იმას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი პროტესტი იყოს შენსავე ქალაქში თუ რაიონში:

„მე ორი შვილი მყავს, ბავშვების დატოვების პრობლემა მაქვს მუდმივად და მინდა, რომ ჩემი პროტესტის ხმა მაინც ისმოდეს, მჭირდება ლოკაცია, რომელიც ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, რათა გავაჟღერო ჩემი სათქმელი და ამის გაკეთება რუსთაველზე, სამწუხაროდ, აღარ ხელმეწიფება.

ყოველდღე რომ არ შევუერთდე პროტესტს, არ შემიძლია. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მეორე – ყველაფერს ვებღაუჭები, რომ ქვეყნიდან არ წავიდე.

„მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!“ – როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა. როგორც კი გავჩერდებით, როგორც კი სიმართლისთვის ბრძოლა გაჩერდება, ამ ქვეყნის მოღობვა გარდაუვალი იქნება, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ და მე განსაკუთრებული იმედი მაქვს თავისუფლებაში დაბადებული თაობის.

მე 31 წლის ვარ და ჩვენი იმედი მაქვს, ვინც აქ ბავშვები გავაჩინეთ. მართლა ღმერთს ვეხვეწები, ღმერთო, აი, ამ ბავშვებისთვის მიგვატანინე თავისუფალი ქვეყანა და მერე არაფრის აღარ მეშინია. ესენი აღარ დაკარგავენ და ვეღარ დაკარგავენ სამშობლოს…

დღეს მთავარი პატიმარია საქართველო და საქართველოს პროდასავლური კურსი.

სანამ ადამიანებს არ ვასწავლით მადლიერებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არიან ჩვენი მეგობრები, სანამ ადამიანებს არ ვასწავლით, მტერი და მოყვარე როგორ განასხვაონ ერთმანეთისგან, სანამ ამ ადამიანებს რაღაც აბსურდისგან მტრის ხატის შექმნას არ მოვაშლევინებთ, მანამდე ბრძოლა არ უნდა გაჩერდეს“ – ამბობს თეონა.

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„აჩვენეთ ეს კადრი ნებისმიერს და ჰკითხეთ, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?“ – ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის კადრზე  გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ საუბრის დროს, ადვოკატი, პირველ რიგში, საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა… ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, რომ თურმე ტკივილი განიცადა და ასე შემდეგ, არ გამოვა.

ეს ქმედება [სილის გაწნა] კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ შეიძლება იგი ძალით აქციო სისხლის სამართლის დანაშაულად.

როდესაც უფრო ვამძიმებთ ბრალდებას, ცხადია, ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოება გრძნობს, რომ ეს არის უსამართლო დასჯა, არაადეკვატური სასჯელი,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე და შემდეგ თავისი სამოსამართლეო პრაქტიკიდან კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს: კაცს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს სახე ჩამოუკაწრავს. წლების წინ მოსამართლე მაია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს შემთხვევა განუხილავს, როგორც სამართალდარღვევა.

ყოფილ მოსამართლეს „მზია ამაღლობელის საქმეში“ რამდენიმე გარემოება აფიქრებინებს, რომ ეს სასამართლო პროცესი „გაწერილი სცენარია“. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? – „ბათუმელებმა“ ადვოკატ მაია ბაქრაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. მაია ბაქრაძე „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრია.

  • ქალბატონო მაია, თქვენთვის რამდენად დასაბუთებული და სამართლიანია პოლიციელზე სილის გაწნის თავდასხმად შეფასება? 

მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ ვიცნობ ბრალდების შესახებ დოკუმენტს, კადრებით, რაც საჯარო გავრცელდა, თვალხილულია აუდიტორიისთვის ის, რომ ეს ქმედება [სილის გაწნა] არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

როცა ვიყავი თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ეს უნდა იყოს 2006 წელი, მქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელს წინააღმდეგობის გაწევის დროს სახე ჩამოკაწრეს. მახსოვს, მომართვაც სასამართლოსადმი ამ შემთხვევაზე იყო, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და განხილული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით.

მე არ ვიცი სილის გაწვნის წინარე ისტორია, მაგრამ რაც კადრებიდან ცალსახად ჩანს, მზია ამაღლობელის ეს შემთხვევა არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიღმა. ეს იყო ნამდვილად სამართალდარღვევა პოლიციელის შეურაცხყოფის სახით და არა სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ ქმედების სისხლის სამართლის წესით განხილვა კატეგორიულად მიუღებელია ბევრი რამის გამო: პირველ რიგში, დანაშაულს უნდა ჰქონდეს სოციალური მიმღეობა. მხოლოდ ფორმალურად რაღაც ქმედების აღწერა და გარკვეულ ფორმულაში ჩასმა – ასე არ ხდება ნორმის განმარტება. რაც არ უნდა იძახოს დაზარალებულმა, რომ თურმე ლოყა აუწითლდა და ტკივილი განიცადა, რომ მძიმე დღეში ჩააგდეს და ასე შემდეგ, ეს არაა დამაჯერებელი საზოგადოებისთვის. თუ კონკრეტულ ქმედებას არ აქვს სოციალური მიმღეობა, როგორც დანაშაულს, ის დანაშაულად ვერც იქნება აღქმული.

ძალიან ადეკვატური მოქმედება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ის, რომ ქალბატონი მზიასთვის პასუხი მოეთხოვათ სამართალდარღვევის კუთხით. ეს საზოგადოებისთვის იქნებოდა მისაღები და გასაგები, რადგან ეს რეალურია.

  • როგორ აისახება საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე? ცხადია, რომ დგებუაძის აწითლებული ლოყა საზოგადოების ნაწილს სასაცილოდ არ ჰყოფნის. თავად ირაკლი დგებუაძემაც თქვა ეს დაკითხვის დროს, რატომღაც სასაცილო გახდა ჩემი ამბავიო. 

კადრში ჩანს, რომ ქალი გამოდის მდგომარეობიდან და სილას აწნის მას, პოლიციელს, ბრაზს გამოხატავს. აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამართალმცოდნეები როგორ ხედავენ ამ ქმედებას, არამედ საზოგადოების ჩართულობა: არადამაჯერებელი ფონი შეიქმნა, რადგან კადრში, პირველ რიგში, ჩანს, რომ ეს არ იყო ძლიერი დარტყმა, თორემ ქალმაც შეიძლება კაცს ძლიერად დაარტყას.

მეორეა, როგორ მიიღეს ეს, როგორია სოციალური დატვირთვა? ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა არ აღიქმება, როგორც ტანჯვა და წამება.

სილის გაწნა სოციალური დატვირთვით არის შეურაცხმყოფელი ქმედება, მით უმეტეს, ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა. ამას აჩვენებს მხატვრული ლიტერატურა, სცენები ქართული ფილმებიდან და არა მხოლოდ ქართული ფილმებიდან. ჩვენ გვინახავს არაერთი კადრი ფილმში, რომ ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა არის პროტესტის ერთგვარი გამოხატულება.

თავისთავად, სილის გაწნა არ არის კარგი, რადგან პოლიციელი განსაკუთრებული დაცვის ობიექტია, ის სახელმწიფოს წარმოადგენს იმ კონკრეტულ დროს, მაგრამ ეს ქმედება არის სამართალდარღვევა და არაა დანაშაული.

ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს ქმედება [სილის გაწნა] კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ შეიძლება იგი ძალით აქციო სისხლის სამართლის დანაშაულად. როდესაც უფრო ვამძიმებთ ბრალდებას, ცხადია, ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოება გრძნობს, რომ ეს არის უსამართლო დასჯა, არაადეკვატური სასჯელი.

თუ ამ ქმედებას მოჰყვებოდა რეაგირება, როგორც სამართალდარღვევას, ეს იქნებოდა ქმედებაზე დაფუძნებული, დამსახურებული პასუხისგება.

საზოგადოება ამჩნევს იმას, რომ ხელოვნურად ამძიმებ კონკრეტულ ქმედებას და აქცევ სისხლის სამართლის კოდექსში იმიტომაც, რომ პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა მართლმსაჯულება. მე აღარ ვსაუბრობ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება არ ხორციელდება პოლიციელების მიმართ. მართლმსაჯულება ხორციელდება საზოგადოების წინააღმდეგ. საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება დგას პოლიციურ დაცვაზე. განსაკუთრებით უკანასკნელ 6-7 თვის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლება სრულიად ეყრდნობა პოლიციურ დაცვას. ამიტომაც, ასეთი პოლიციის მიმართ ხელისუფლება ლოიალურია – ის თავის დამცველებს იცავს.

  • პროკურატურის არგუმენტი ეყრდნობა იმას, რომ ირაკლი დგებუაძემ სილის გაწვნით ტკივილი განიცადა. ირაკლი დგებუაძემაც ტკივილის განცდა დაუდასტურა სასამართლოს. 

ტკივილის განცდა არის სუბიექტური აღქმა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს საზოგადოების მიმღეობა: აჩვენეთ ეს კადრი [ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნა] ნებისმიერი ასაკის ადამიანს და ჰკითხეთ, რა შთაბეჭდილება დარჩათ, მათი აზრით, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?

შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ვკითხოთ, განიცადა თუ არა შეურაცხყოფა? რა თქმა უნდა, როცა ქალმა მას სახალხოდ გააწნა სილა, ეს შეურაცხმყოფელია. ამიტომაც იყო ეს პოლიციის შეურაცხყოფა და არა თავდასხმა. ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, რომ თურმე ტკივილი განიცადა და ასე შემდეგ, არ გამოვა – ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა.

სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ რეპრესიულია, ამიტომაც სჭირდება მას მეტი დასაბუთება და სხვა სტანდარტით მიდგომა. რადგანაც რეპრესიულია სისხლის სამართალია, იგი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. ეს შემთხვევა [სილის გაწნა] ცალსახად არის პოლიციელის შეურაცხყოფა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლი [პოლიციელის შეურაცხყოფა].

  • ბათუმში ახლაც პოლიციაში მუშაობს პირი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავში მინის ბოთლი ჩაარტყეს და სისხლჩაქცევები ჰქონდა. ეს ქმედება არ შეუფასებია უზენაეს სასამართლოს პოლიციელზე თავდასხმად. თქვენთვის რას აჩვენებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა თავდასხმის მუხლით განხილულ საქმეებზე? 

რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არის გასათვალისწინებელი. ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტული სამართალი, როცა სავალდებულო წესით არის პრაქტიკა გასათვალისწინებელი, მაგრამ გვაქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა.

თუ ამ პრაქტიკას მოსამართლე შეცვლის, მას კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი დასაბუთება დასჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს განმარტებები. პრაქტიკაში იყო გადაწყვეტილებაც, როცა ფიზიკური დაზიანება საერთოდ არ იყო, მაგრამ იყო ქონებრივი დაზიანება, მაგალითად, ავტომანქანა დაუწვეს. თავდასხმა შინაარსობრივად გულისხმობს რაღაც კუთხით დაზიანებას, როგორც ფიზიკური, ისე ქონებრივი კუთხით. თავდასხმის სუბიექტს ქმედება უნდა აყენებდეს ზიანს და ეს უკავშირდებოდეს მის სამსახურებრივ საქმიანობას. თუ ქმედება მიმართულია პოლიციელის პატივისა და ღირსებისკენ, მისი დამცირებისკენ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შეურაცხყოფა და არა თავდასხმა, ასევე უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით.

  • მაგალითად, პოლიციელის რეპუტაციის შელახვა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმის ზიანი?

ყველა ქმედებას აქვს თავისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც დამოკიდებულია ქმედებასა და შედეგზე ერთობლივად, შეფასება ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ შედეგზე.

მაგალითად, თუ მზია ამაღლობელი გამოაქვეყნებდა სტატიას ირაკლი დგებუაძის შესახებ და ირაკლი დგებუაძე ჩათვლიდა, რომ მას ამით ზიანი მიადგა, ამას ხომ თავდასხმად ვერ შევაფასებდით? ეს საერთოდ სამოქალაქო დავა იქნებოდა და არ იქნებოდა არათუ სისხლის და არც ადმინისტრაციული დავის საგანი.

  • „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ, როცა პოლიციის მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიყოლებით ადვოკატები სიცრუეში ამხელენ? მაგალითად, დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სტიკერი გაკვრის გამო დავაკავეთო, მეორე მოადგილის თქმით კი, ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. 

ძალიან ბევრი ფაქტორია ამ საქმეში, რომელიც ტოვებს განცდას, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და სასჯელი, რომელიც იქნება, გაწერილი სცენარია.

ასევე, ირაკლი კობახიძემ დაასახელა ფაქტები, რომელიც, როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატი ამბობს, საერთოდ არ არსებობს ასეთი მიმართულება ბრალდებაში. მსგავსი მოქმედებები და წინასწარი განწყობა, რაც იკვეთება პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, ვიტყოდი, რომ ეს არის წინასწარ დაწერილი გეგმით მიმდინარე პროცესი. იმედი მაქვს, რომ ადვოკატები გაართმევენ თავს და იმ შედეგამდე მივალთ, რაც რეალობას შეესაბამება.

მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი კვალიფიკაცია და იმ ქმედებაზე პასუხისგება, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა და არა სხვა, დამძიმებულ ქმედებაზე. მეორეა ის, რომ საპროცესო უფლებები იყოს დაცული.

ასევე, ლეგიტიმურია პრეტენზია მოსამართლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემა არსებობს არაერთ საქმეში. შეიძლება, მოსამართლეს ამ დროს აქვს საბაზისო ცოდნა, აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ის გამოდის შემფასებლად, სასჯელის განმსაზღვრელად.

ერთია, პოლიციელების ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები, მეორეა დაზარალებული პოლიციელის სიტყვები: „სისხლით დავიჭერო“. როგორც მახსოვს, ასე თქვა შემდეგ ირაკლი დგებუაძემ, ასე აღვწერე მოვლენებიო. სინამდვილეში, ამბის აღწერა იქნებოდა, რომ ეთქვა, რომ ქალმა სილა გამარტყაო. როცა ამბობ, ამას სისხლით დავიჭერო, როგორ არის ეს მოვლენის აღწერა? ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს ამბავი მეტ ეჭვს აჩენს საზოგადოებაში ამ პროცესის სამართლიანობის მიმართ.

  • ამ მუქარის გამოც არ უგია პასუხი ირაკლი დგებუაძეს. მას მზია ამაღლობელი, ასევე აქციაზე დაკავებული სხვა პირები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, თუმცა არცერთი შემთხვევა არ გამოიძიეს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?  

ირაკლი დგებუაძემ თქვა, რასაც ვამბობ სისხლით დაჭერის შესახებ, ეს მოვლენების აღწერაო. მერე ყველა იმავეს გაიმეორებს.

ეს აჩვენებს სისტემურ შეკრულობას ამ საქმის ირგვლივ, რაც, ცხადია, აჩენს ეჭვს იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მზია ამაღლობელის მიმართ შესაძლოა დაირღვეს.

  • „მზია ამაღლობელის საქმე“ თქვენთვის არის თავისუფალი ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიის დევნა? 

ვფიქრობ, ამის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია „ოცნებისთვის“: სხვადასხვა უწყების საპოლიციო ძალებს – თოფიან ადამიანებს – მაქსიმალური თანადგომა გამოუცხადონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა.

თოფიანმა ადამიანებმა კი, მათთვის დასაშვები წესებით უნდა დაიცვან პოლიტიკური ხელისუფლება.

ჩემი აზრით, ეს უფრო არის მიზანი. შესაძლოა, ამ პოლიციელებს დამატებით პრემიებიც დაურიცხონ, რადგან ისინი ამ ხელისუფლების საყრდენი.

რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის კუთხით, ამ საქმეს ხელისუფლების თვალში აქვს პრევენციული მნიშვნელობა, რომ აი, ჩვენ შეგვიძლია დაგაკავოთ, აჯობებს, სხვა რამეზე წეროთ და არა იმაზე, რაზეც, მაგალითად, თქვენ წერთ, იმ საკითხებზე, რაც არის თქვენი მკითხველის პრიორიტეტი.

ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს

ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე ქობულეთის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ირაკლი ცეცხლაძე პროფესიით ეკონომისტია, 2005 წლიდან 2024 წლის 30 ივლისამდე  ის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2024 წლის ივლისში კი ქობულეთის მერის მოადგილედ დანიშნეს.

ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 14 მაისს, დილით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხემძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი   ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“.

გუშინ, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად იორგი მურვანიძე დანიშნეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი ბათუმის მერიაში დღეს, 14 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიყვანა.

„პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, განსხვავებული აზრი რომ არ გააჭაჭანონ“ – ინტერვიუ

ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა.

თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო]. 

ბათუმის ყოფილი მერის, არჩილ ჩიქოვანის პოსტი ფეისბუქზე გადადგომის შესახებ
ქობულეთის ყოფილი მერის, ლევან ზოიძის პოსტი ფეისბუქზე გადადგომის შესახებ

რაზე მეტყველებს მერების ცვლილება აჭარაში და რა პროცესი მიდის „ოცნებაში“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ირაკლი, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ცვლილებებზე, რაზე მეტყველებს თვითმმართველობებში დაწყებული ცვლილებები, უბრალოდ რიჟვაძის გუნდი მოიშორეს სისტემიდან თუ სხვა პროცესებთანაც გვაქვს საქმე?

რიჟვაძესთან პრობლემა შეიქმნა, რაღაც ვერ გაიყვეს, პარტიიდანაც გაუშვეს და როგორც ჩანს, მისი კადრებისგანაც დაიწყება რეგიონის დაცლა.

ვინც გადარჩება, ისინი შეეცდებიან დაუმტკიცონ ერთგულება ახალ ხელმძღვანელობას.

ნიშანდობლივია ერთი ფაქტი, რომ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ პოლიციელი დაინიშნა, ბათუმის მერიც ძალოვანი უწყებიდან მოდის, რაც მიუთითებს ერთ რამეზე, რომ მათთვის ეკონომიკურ განვითარებას მეორადი მნიშვნელობა აქვს.

ბათუმში გამოსვლებია და ყველა უჭკუო ხელისუფლება, როდესაც ხედავს, რომ მოსახლეობაში არის უკმაყოფილება, ცდილობს ეს უკმაყოფილება ძალისმიერი მეთოდებით ჩაკლას, მაშინ როცა ჭკვიანი ხელისუფლება ცდილობს მიაკვლიოს რა არის უკმაყოფილების მიზეზი და გამოასწოროს.

საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების კუთხითაც ბევრად უფრო მდგრადია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გაიგოს, რა არის პრობლემა, რატომ გამოდის მოსახლეობა ქუჩაში და ეს პრობლემები გადაჭრას.

  • თქვენ ამბობთ, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა პროტესტს უკავშირდებოდეს, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგივე სურათი გვაქვს. მაგალითად, ხელვაჩაურის მერიც ყოფილი პოლიციელია, ამიტომ ასეთი საპოლიციო სისტემის შექმნა მხოლოდ პროტესტს არ უნდა უკავშირდებოდეს. ასე არ ფიქრობთ?

მსგავსი რამ წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, მაგრამ ძალისმიერი მეთოდებით სიტუაციის გაკონტროლება ბოლო წლებია არის ძირითადი ხაზი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“.

მე როდესაც რეგიონული სამსახურის უფროსი ვიყავი, მაშინაც ჰქონდათ ძალოვნებს ეს მცდელობა.

პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, უფრო დისციპლინაზე ორიენტირებული, მთელი საჯარო სექტორი ხელში რომ ჰყავდეთ დაჭერილი, რომ განსხვავებული აზრი არ გააჭაჭანონ. აი, ამ მეთოდებით ეცდებიან ამას.

  • საჯარო მოხელეების დაშინებას აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ არ მოხდეს იქ რღვევა?

რა თქმა უნდა. მაინც ეშინიათ თვითმმართველობის არჩევნების, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, მიიღოს თუ არა მონაწილეობა.

ეშინიათ, რომ ვერ მიაღწევენ კონსოლიდირებას ქვედა დონეებზე. ხვდებიან ისინიც, რომ ადამიანები უკმაყოფილონი არიან. ამიტომ ამ უკმაყოფილების გადალახვის, ჩახშობის ეს გზა აქვთ არჩეული და არა პრობლემის მოგვარების გზა.

უნდათ, რომ ადამიანები არ აპროტესტებდნენ, ქუჩაში არ გამოდიოდნენ, ამიტომ არიან დაშინებაზე ორიენტირებული.

  • „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო კანონი პარტიების გაუქმების შესახებ, ხომ? როგორ ფიქრობთ, თანამდებობას ჩამოშორებული ხალხისგან ხომ არ შექმნის „ოცნება“ ე.წ., ფსევდო ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ერთპარტიული არჩევნები რომ არ გამოუვიდეთ ისევ? შეიძლება რომ ეს ხალხი ფსევდო ოპოზიციაში ვიხილოთ?

რა მოუვათ ამ ადამიანებს თავში, ვინც „ოცნებაში“ არიან, არავინ იცის. საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად რა სისულელეს ჩაიდენენ, კაცმა არ იცის.

რაზე შეიძლება ველაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად ავრცელებდნენ, სერიოზულად იჯერებდნენ იმას, რომ საფრანგეთის, გერმანიის და ინგლისის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს და კოკაინით იკაიფეს.

  • იჯერებენ თუ ეს პროპაგანდის ნაწილია?

სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში ვართ პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველანაირი სისულელე გააკეთოს. აგერ ტრამპს წერილი მიწერეს და ფაქტობრივად უთხრეს, რომ „დიფ სთეითმა“ დაგამარცხაო.

ამიტომ ასეთ ვითარებაში რაიმეს პროგნოზირება ამ ხალხისგან, ძალიან რთულია.

შეიძლება რიჟვაძისგან წასულებისგან ან სხვა განაწყენებულებისგან რაღაც შექმნან და გააკეთონ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რადგან „ნაციონალური მოძრაობაც“ ხომ ეცადა თავის დროზე ფსევდო ოპოზიციის შექმნას, მაგრამ სად არის ახლა „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“? აღარ არსებობს.

  • თუმცა მათ კანონები არ მიუღიათ ოპოზიციის გასაუქმებლად.

არ მიუღიათ, ფაქტია, თუმცა ფსევდო ოპოზიციის შექმნის მცდელობები არის ყოველთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს განწირულია მარცხისათვის, რადგან ადამიანი თუ ხელისუფლებას აძლევს ხმას, ხელისუფლებას მისცემს და ამომრჩეველს უთხრა, წადი ახლა და ფსევდო ოპოზიციას მიეცი ხმა, ცოტა რთული კომბინაციაა.

  • მრავალფეროვნების წარმოსაჩენად დასჭირდებათ. იტყვიან, რომ ისინი ვინც არ მიიღო მონაწილეობა, მტრული ძალები არიან…

ბევრ რამეს ეცდებიან, ბევრ სისულელეს შეეცდებიან, მაგრამ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ამას არავინ გადაყლაპავს. საქართველოში ან გარეთ ვინმეს სჯერა, რომ სოზარ სუბარი ან ვიქტორ ჯაფარიძე ოპოზიციაა?

ასეთ სისულელეებს კიდევ ბევრს გააკეთებენ, რადგან ძალიან დაბალია მათი პოლიტიკური აზროვნების დონე. კოკაინის თემაც კი ვერ ასწიეს, ეტყობათ სოცქსელებშიც უჭირთ მომხრეების პოვნა. ამის ქვევით არ ვიცი ადამიანი რაზე შეიძლება დაეშვას.

ამიტომ, ესენი ფსევდო ოპოზიციის შექმნას მოინდომებენ თუ სხვა რამეს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

  • აჭარაში დღეს „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელი, საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ იყო წარდგენაზე. მერიის საკითხებზეც კი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის პიარ სამსახური აკეთებდა მედიასთან კომენტარებს და ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ ისედაც დასუსტებული თვითმმართველობების კიდევ უფრო დასუსტებას აპირებს?

ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან „ოცნების“ სათავეში, იდეური მტრები არიან თვითმმართველობის. ჯერ კიდევ 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ და კარგად ვერ ვხვდებოდით ვინ მტრობდა და რა ხდებოდა, მაგრამ კობახიძე იქნება თუ სხვა, მტრობდნენ იმას, რომ თვითმმართველობის რეფორმა გატარებულიყო.

UNDP-ში მომუშავე ირაკლი კობახიძემ შსს-ში მოხსენება წაიკითხა, რომ თურმე ჩვენ ვაკეთებდით თვითმმართველობის რეფორმას იმ მიზნით, რომ არაქართულ დასახლებებს ხელს ვუწყობდით უცხოური გრანტების მიღებაში.

ამ ადამიანებისთვის ერთმმართველობაა ერთადერთი პრინციპი სათავეში დარჩენის. მათ იციან, რომ საჯარო მმართველობაში ისინი კონკურენტუნარიანები არ არიან, პიროვნული მხარდაჭერის რეიტინგები ძალიან დაბალი აქვს ყველა მათგანს, ამიტომ უნდათ დემოკრატია შეზღუდონ. დემოკრატია კი არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ესეც იციან.

ამიტომ ეს ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასუსტა იმით, რაც გააკეთა 2005-2008 წელში, როდესაც ყველაფერი წაართვა თვითმმართველობას და თავიდან ბოლომდე, ქონებრივადაც და ფინანსურადაც ჩამოკიდა ცენტრალურ ხელისუფლებას, აი ამ სისტემის შენარჩუნება უნდათ.

მათთვის თვითმმართველობა არის მათი თანამდებობების მტერი.

ეს ადამიანები იყვნენ კლერკები, ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ესენი იყვნენ სხვისი ბრძანებების შემსრულებლები და ამათ რომ უთხრან თვითმმართველობაა და მათ ბრძანებები არ უნდა მისცეო, გული გაუსკდებათ. ასე აზროვნებს ეს ხალხი.

ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველანაირად შეეცდებიან თვითმმართველობის დაკნინებას.

ძალოვანი უწყებებიდან ხალხის მოყვანა ნიშნავს კიდევ ერთ რამეს – ეს ადამიანები ყოველთვის არიან მორჩილები, ბრძანებას ემორჩილებიან, რადგან ერთმმართველობაზეა ეს სისტემები აგებული და თვითმმართველობებში მოჰყავთ ზუსტად ისეთი კადრები, რომლებიც ფსიქოლოგიურად შეჩვეული არიან, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება და რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ.

  • როგორი მოლოდინი გაქვთ, „ოცნება“ მიაღწევს თვითმმართველობის არჩევნებამდე? და თუ ჩაატარეს ეს არჩევნებიც, აქ რა სურათი გვექნება?

ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე. თუ ოპოზიცია გაერთიანდება და ერთიანი კანდიდატები ეყოლებათ, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნებათ.

  • ფიქრობთ, რომ ისინი გაერთიანდებიან ან მონაწილეობას მიიღებენ ამ არჩევნებში?

არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება და დატოვება იმ შანსის, რომ მთელი ეს პირამიდა უბრძოლველად დააკომპლექტოს „ოცნებამ“ და შექმნას ზემტკიცე და ზემყარი ავტორიტარული სისტემა, ჩემი აზრით არის დანაშაული.

საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა, ეს იყო სისულელის შედეგი, რადგან რატომღაც წინასწარ იყვნენ დარწმუნებული მოგებაში, მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო გაყალბების საშიში სისტემა.

  • იგივე სისტემით არ მოხდება ახლაც ხმის მიცემა, ახლა რა დაიცავს ხმებს?

უნდა იცოდე ეს სისტემა როგორ გააკონტროლო. უნდა გაანალიზონ ეს შეცდომები და თუ კარგად მოემზადებიან, მოიგებენ ამ არჩევნებს.

თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, „ოცნება“ ასი პროცენტით გაიმარჯვებს, ძალიან ცუდი სურათი შეიქმნება ქვეყანაში. ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, რადგან პარტიები, რომლებიც არცერთ სახელისუფლებო ორგანოში არ არიან წარმოდგენილი, რაც არ უნდა ილაპარაკონ, მაინც არსებობს მათი მარგინალიზების რისკი, როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით.

შეიქმნება აბსოლუტურად ავტორიტარული სისტემა ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, სოფლის გამგებლამდე, ყველა იქნება ვერტიკალს დამორჩილებული და მერე ეს სისტემა იქნება დასანგრევი.

ასეთი სისტემის უბრძოლველად შექმნის საშუალების რომ არ მისცე „ოცნებას“, ეს ყოფილა თურმე ბიძინა ივანიშვილის თამაშში ჩაბმა და ის, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიო, დაამარცხო და თბილისი, ბათუმი და კიდევ ერთი-ორი ქალაქი წაართვა, ეს თურმე არის ივანიშვილის თამაში.

„ივანიშვილს ყველაფერი დავუტოვოთ„ – ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა?

როცა სახლს ერთი დარტყმით ვერ შლი, მაშინ აგურ-აგურ უნდა დაშალო. სადაც შეგიძლია უნდა დაასუსტო, ბრძოლაში უნდა შეხვიდე ყველგან. ბრძოლიდან გასვლა ყოფილა ბრძოლაში შესვლა, თურმე.

  • საზოგადოება ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, ანტიკონსტიტუციურია, მათ არ აღიარებენ დასავლეთშიც. თუ არაღიარებული ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, რა გამოდის მაშინ?

კარგი იქნება სიტყვა „ლეგიტიმაციის“ მნიშვნელობაში რომ გაერკვეს ზოგიერთი ოპოზიციონერი. ეს არჩევნები დანიშნულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან საერთო არ აქვს. ამას ლაპარაკობს უვიცი ან პროვოკატორი.

იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციამ ბევრად უფრო ადრე განსაზღვრა როდის უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები. ის არის საფუძველი ამ არჩევნების ჩატარების და თუ კონსტიტუციას ვცნობთ არალეგიტიმურად, მაშინ თქვან.

კონსტიტუცია და კანონი განსაზღვრავს ამას და არა ის, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ეს არ არის სამართლებრივი საფუძველი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების. ასე არის რეალობა.

________________

ფოტოზე: ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.

26 მაისისთვის ბათუმი 65 ათას ლარს დახარჯავს – დეტალები შეთანხმებულია ცენტრალურ კომიტეტთან

26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმში წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება. ღონისძიების ჩასატარებლად ბათუმის კულტურის ცენტრი 65 ათას ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის.

ბათუმის კულტურის ცენტრის განმარტებით, ღონისძიების დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამიტომ მომსახურების ტენდერით შესყიდვა დროში ვეღარ მოესწრება.

„გადაწყდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდეს ერთი გარკვეული საერთო კონცეფციის, რეჟისურისა და სცენოგრაფიის შესაბამისად, იმ აქცენტების გათვალისწინებით, რაც ამ დღეს განსაკუთრებულად გამოარჩევს [საერთო ლოგო, საერთო ღონისძიებები და ა.შ.].

ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ კონსულტაციები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ საორგანიზაციო კომიტეტთან; ამ დრომდე მიმდინარეობდა პროექტის დეტალების საბოლოო შეთანხმება. გამომდინარე აქედან კულტურის ცენტრი მთლიანად დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე.

ვინაიდან ღონისძიების შემადგენელი კომპონენტები და დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, შეუძლებელი იყო საჭირო შესყიდვების და ვადების წინასწარ განსაზღვრა. ამდენად, მომსახურების შესყიდვა მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეუფერხებლად, მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში.“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

ცენტრის განაცხადის მიხედვით, 65 ათას ლარში შესასყიდი მომსახურება მოიცავს: ბანერების დამზადებას; საგამოფენო სივრცისა და თემატური დეკორაციების მოწყობას; ბოძებზე დროშების განთავსებას; კარვებით უზრუნველყოფას, ბექსთეიჯის მომსახურებას; საბავშვო კუთხის მოწყობას; ელექტროენერგიის ქსელის მოწყობასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ამავე თანხაში შედის ღონისძიებაში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარიც.

შესყიდვების პორტალზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიკა 26 მაისის დილის 10 საათისთვის უნდა იყოს მზად.

ამ ეტაპზე უცნობია ვისგან შეისყიდის კულტურის ცენტრი ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

_______________

ფოტო: ბათუმის მერია

  • ამავე თემაზე:

26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში

ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ პარასკევს,  16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენას გამართავს.

ფოტოგამოფენა მეჩეთში დაიწყება პარასკევის ნამაზის შემდეგ, 14:00 საათიდან, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთში და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

„შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები”, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ ფეისბუქგვერდზე, ღონისძიების ანონსში.

________________

ფოტოზე: მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამავე თემაზე: 

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

 

Exit mobile version