მთავარი,სიახლეები

ენმ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი “ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი გახდა

11.08.2025 •
ენმ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი “ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი გახდა

დღეს, 11 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე დაასახელა.

გიორგი ცინცაძე 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე.

კერძოდ, გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი.

2018-2022 წლებში გიორგი ცინცაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩევლად.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2025 წლის 13 აპრილიდან კი გიორგი ცინცაძე იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

გიორგი ცინცაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს აქვს შევსებული, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს.

დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლისთვის, გიორგი ცინცაძის მეუღლემ, როზალია ჯომიდავამ იყიდა 95 ათასი დოლარის ღირებულების 69 კვ.მ ბინა თბილისში. ის ასევე ფლობდა 320 000 დოლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს დაბა კოჯორში.

გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კოჯორში მდებარე სახლის ფასი შეცვლილია 320 ათასი ლარით და წერია, რომ გიორგი ცინცაძის მეუღლეს ეს სახლი მამამ აჩუქა.

2022 წლის დეკლარაციაში ჩანს გიორგი ცინცაძის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული 166 კვ.მ ფართობის მქონე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ასევე, 2022 წელს გიორგი ცინცაძემ იყიდა სამი მიწის ნაკვეთისაგარეჯოში, სოფელ მანავში, ჯამური ღირებულებით – 38 ათასი ლარი.

2023 წლის დეკლარაციაში ასევე აღარ იძებნება მიწის ნაკვეთები საგარეჯოში, სოფელ მანავში. უცნობია გაყიდა თუ გააჩუქა ის ბათუმის მერობის კანდიდატმა.

ბოლო დეკლარაცია გიორგი ცინცაძეს 2024 წლის სექტემბერში აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, როზალია ჯომიდავა ისევ ფლობს სახლს კოჯორში, ასევე ნაყიდი აქვს 89 628 ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა Toyota Rav4-ს.

გიორგი ცინცაძის სახელზე 2024 წლის დეკლარაციაში არანაირი უძრავი ქონება აღარაა მითითებული. 2024 წელს, დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ცინცაძეს ჰქონდა 15 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და 71 700 ლარად განვადებით შეძენილი ავტომობილი.

გიორგი ცინცაძეს სამი შვილი ჰყავს, მისი უმცროსი შვილი 2020 წელს ვენაშია დაბადებული.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: