მთავარი,სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

11.08.2025
„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.

2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსულ კანონის“ მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.

ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და საქმეები პროკურატურას გადაეცა. მანამდე, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “მედიაომბუდსმენის” მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსი 12 ჟურნალისტს მიანიჭა. არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ არ ცნეს დანარჩენი ცხრა პირი დაზარალებულად.

ბოლო მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.

2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნედ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.

საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:

  • სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, შემდეგი მედიასაშუალებებიდან: ტელეკომპანია „პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“,  ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“, ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“, ტელეკომპანია „მთავარი“, რადიო „თავისუფლება“ და ონლაინ გამოცემა on.ge.

„რუსული კანონის“ საქმე მედიაზე სისტემური წნეხისა და ძალადობის უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. საქართველოში კრიტიკული მედიის საქმიანობა უფრო და უფრო საფრთხისშემცველი ხდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ღირებულებების შესანარჩუნებლად“ – ვკითხულობთ „მედიაომბუდსმენის“ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: