მთავარი,სიახლეები

„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

12.08.2025
„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე.

„31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.

მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა და თავდადება გადაგვარჩენს, გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლა საერთოდ არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის ეს, უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დროულად,“ – ამბობს ლია მუხაშავრია.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს.

  • ქალბატონო ლია, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა გვაშორებს ევროპას – აგვისტოს ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო მიმოსვლა გააუქმოს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რას ვკარგავთ ამით? 

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, ის ევროკავშირის ტერიტორიაზე სამოგზაუროდ დადის, საქმიანად, დასასვენებლად, სამკურნალოდ თუ განათლების მისაღებად.

სამწუხაროდ, საზოგადოებას კარგად არ აქვს გაცნობიერებული რა ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ევროპის ეს გადაწყვეტილება. მე პირადად ევროსასამართლოს საქმეებზე ვმუშაობ და თუ დამჭირდება ევროსასამართლოში ჩასვლა ჩემი საქმეების გამო, იძულებული ვიქნები, ევროსასამართლოს ვთხოვო ვიზის გამოგზავნა. რა თქმა უნდა, მე მივიღებ ასეთ მოწვევას, მაგრამ სხვა მოქალაქეებისთვის ეს იქნება რთული.

გარკვეულ წრეებში ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ და მიგვაჩნია, რომ 31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.

ვისარგებლებ ამ შემთხვევით და გავაჟღერებ: ჩვენ უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები, იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი დანაკარგია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. ამ ხელმოწერებით და კონკრეტული პეტიციით, ჩვენი თხოვნით უნდა მივმართოთ შესაბამის სტრუქტურას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არ დავკარგოთ.

  • მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი არ იხევს უკან, რის გაკეთება შეგვიძლია ამ პროცესში მოქალაქეებს? 

დიახ.

მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არც გვისმენენ, არც ჩვენი ინტერესები არ აინტერესებთ. მათ აქვთ საკუთარი კერძო, ძალიან ვიწრო და ანგარებითი მოტივები.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და დავანახოთ, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელზეც დგას საქართველოს მთავრობა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, უშვერი და სრულიად მიუღებელი ლექსიკით გალანძღოს ევროკავშირის წარმომადგენლები, ელჩები და სხვა ოფიციალური პირები.

ამიტომაც არის საჭირო, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირს. პეტიციები დიდი ხანია კარგად გამოგვდის… მინდა, ყველას მოვუწოდო, თუნდაც საკუთარი ტექსტი დაწერონ და ამ ტექსტის ქვემოთ ხელი მოაწერონ. უმჯობესია, გუნდურად გაკეთდეს პეტიცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოაწერს ამას ხელს.

ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს.

  • რა მასშტაბის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე? 

ეს არის აშკარა ნიმუში და მაგალითი, რაც უდავოს ხდის, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საერთოდ შეიძლება დასამარდეს.

თუ კიდევ ვიღაცას ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ეს უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის დაკარგვა დიდი არაფერია, გარწმუნებთ, რომ ამ ნაბიჯს, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალში გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ ასეთი შეკვეცა უფლებების, რა თქმა უნდა, მიდის იქითკენ, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ჩვენთან, როგორც სახელმწიფოს, მის რიგებში გაწევრიანებაზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობა გვაშორებს ევროპას. უფრო მეტიც: როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია გაუქმდება, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს უკვე აღარ ექნება ევროპაში თუნდაც 90 დღით ყოფნის უფლება და მასობრივად მოხდება ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია.

ეს ადამიანები დაკარგავენ შემოსავლის წყაროებს, სამუშაო ადგილებს, თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომლითაც ისინი საქართველოში თავიანთ ოჯახებს ფინანსურად მხარს უჭერენ და აძლებინებენ. ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ის გვეხება თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა დამოკიდებულებისა თუ პოზიციისა.

ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი, სახელისუფლებო წრე, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება დაგვაშოროს ევროპას, რომ ჩვენი ხმა აღარ ისმოდეს არც ევროკავშირში და არც მის სტრუქტურებში.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებიც აღარ შეასრულოს საქართველომ, როგორც ეს რუსეთში ხდება? 

არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დროებით, ვიდრე ისინი [„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა] ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ჩვენი თანხმობის გარეშე დაპარპაშებენ და თავს უფლებას აძლევენ ასეთი თავხედობის, მაგრამ ეს დამთავრდება და როგორც კი დამთავრდება, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართალი, საქართველოს კონსტიტუცია და ქართული კანონმდებლობა.

მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს მთავრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს [ევროინტეგრაციის სავალდებულოობა]. ამას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. სამწუხაროდ, მექანიზმი, რომელიც ამ დარღვეული კონსტიტუციური უფლების აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს, აღარ არის ხელმისაწვდომი და არ არის ქმედითი – ვგულისხმობ ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამიტომაც ყველა სხვა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, რომ თავი დავაღწიოთ ჩვენთვის მიუღებელ კონსტიტუციურ დარღვევას.

  • აუცილებელია, ანტიკონსტიტუციური მთავრობა გადადგეს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს? 

უფრო მეტსაც გეტყვით: ჩვენ უნდა მოვიხმოთ პირდაპირი დემოკრატიის, უშუალო დემოკრატიის მექანიზმი, იმიტომ, რომ როგორც ყველანი დავრწმუნდით, საარჩევნო მექანიზმების გამოყენებით ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენივე მოთხოვნების რეალიზაციას.

შეუძლებელია ამ მოცემულობაში ავირჩიოთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადეკვატურად გამოხატავენ ჩვენს პოლიტიკურ მოთხოვნებს და ჩვენს პოზიციებს, ხომ?! ამიტომ არსებობს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის ფორმები, როდესაც ხალხი პირდაპირ აკეთებს თავის არჩევანს, ყოველგვარი საარჩევნო მექანიზმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გამოყენების გარეშე. მოქალაქეების ის რაოდენობა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიან, ამის შესაძლებლობას იძლევა.

  • მაგალითად, დღევანდელ მოცემულობაში რის გაკეთება, რის შეცვლა შეიძლება? 

აგვისტოს დღეები არის შედარებით მდორე და ნაკლებად აქტიური პერიოდი, ვფიქრობ, სექტემბრისთვის თუ ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას და ავუხსნით აი, ამ პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის გამოყენების აზრს, ეს მართლაც შედეგიანი იქნება.

ასეთი პრეცედენტები ევროპაში იყო, მაგრამ არა პირდაპირი დემოკრატიის ფორმით, არამედ სხვა ფორმებით, როდესაც ხელისუფლება კრიზისის პირობებში გადადგება ხოლმე და ადგილს უთმობს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც დროებით მოდის, რომ კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანოს და მოამზადოს ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნები იმისათვის.

სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს მე პირადად, როგორც იურისტი და როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი, ვერ ვხედავ.

ჩვენ გვაქვს უღრმესი კრიზისი, ტოტალური კრიზისი: საითაც არ გაიხედავ, ყველგან კრიზისული ვითარებაა და ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება ისე მიერეკება, გეგონება აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ ყველანი – თურმე, ბიზნესი გაიფურჩქნა და აყვავდა ქვეყანაში. ამ დროს ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით და თვალსაჩინოდ ვხედავთ, რომ კრიზისია ყველა სფეროში: ეკონომიკაში, ფინანსებში, პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, სოციალურ სფეროში…

მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა და თავდადება გადაგვარჩენს, გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლა საერთოდ არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის ეს, უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დროულად.

ძალიან ბევრი გონიერი ადამიანი ელოდება შეთავაზებას, თუ რა იქნება არარევოლუციური, არაძალისმიერი, კანონიერი ღონისძიება. თეორიულად ეს ასე წარმომიდგენია – ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით კონკრეტულად და პრაქტიკულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას – ყველაზე მასშტაბურ აქციაზე, რომელსაც შეიძლება არანაკლებ 100 000 ადამიანი ესწრებოდეს, უფლება აქვთ გამოაცხადონ ახალი, დროებითი, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა, გამოაცხადონ, რომ ისინი ამ მთავრობას აძლევენ უფლებამოსილებას, განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები, ხოლო არსებული მთავრობა გამოაცხადონ დაშლილად და არალეგიტიმურად.

ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შეუდგეს მისი მოვალეობების შესრულებას. თუკი ეს მოვლენა ჩატარდება ისე, როგორც უნდა მოხდეს ეს ამბავი და ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამაში უცილობლად დაგვიჭერენ მხარს, იმიტომ რომ დღეს არსებული სიტუაცია პოლიტიკის სფეროში აბნევს ჩვენს უცხოელ და სტრატეგიულ პარტნიორებს,

ეს ამოცანა შესრულებადია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ასეთი ადამიანი გვყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – გულანთებული ადამიანები, რომლებიც თანახმა იქნებიან, გამოვიდნენ თავისი პროფესიული საქმიანობის სფეროდან გარკვეული პერიოდით და თავდადებულად ემსახურონ სახელმწიფოს და სამშობლოს იმისათვის, რომ დავძლიოთ როგორმე ეს კრიზისული მდგომარეობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: