„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმეების გამოძიება უნდა ყოფილიყო, აგრძელებს ქართველი სამხედროების დაკითხვას აგვისტოს ომზე.
დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი კომისიაზე მისულ გენერალ ყურაშვილს ასე მიმართავდა. „არა დავინახო თქვენ ტონს აუწიოთ“, „მომინდომა აქ ძველბიჭურად საუბარი“, „თქვენზე ნაკლები მამაკაცი არ გეგონოთ აქ ვინმე“ და ასე შემდეგ. რის მიღწევას ცდილობს „ოცნება“ და კრემლი ამ პროცესით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს ესაუბრა.
- ქალბატონო თინა, გენერალ ყურაშვილის რეაქცია თეა წულუკიანის უხეშობაზე დღეს იყო ასეთი – „რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?“ მიმართა მან წულუკიანს. თქვენი აზრით, რისი მიღწევა უნდათ ბოლოს და ბოლოს ამ პროცესით?
ვფიქრობ, რომ ამჯერად, (იმედი მაქვს, რომ ვცდები), უბრალოდ, რიტორიკულ დონეზე საქართველოს აგვისტოს ომში დადანაშაულება არასაკმარისია კრემლისთვის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება. მათ შორის, უკრაინის ომში გამოვლენილი სისასტიკეებისა და მსოფლიო კრიტიკის ფონზე უფრო მეტს ითხოვს.
ვფიქრობ, პირდაპირი დავალება აქვს მიღებული „ქართულ ოცნებას“, რომ უნდა გამოკვეთონ „პასუხისმგებელი პირები“ საქართველოში აგვისტოს ომზე, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ერთი დანაშაული და სირცხვილი მაინც ჩამოირეცხოს ქართველების ხელით.
ამ 12 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ შეასრულა „ოცნებამ“, რადგან პირველი 4 წლის განმავლობაში, ალასანიას მინისტრობის დროს, აგვისტომ ომთან დაკავშირებით ყველაფერი არის გამოძიებული, წერტილდასმული და დასრულებული.
შემდეგ იყო ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა და ჩემი მინისტრობის დროს, როდესაც ყველა დოკუმენტი, რაც კი ითხოვეს, გავუგზავნეთ და, შესაბამისად, დადგა გადაწყვეტილება, რომელმაც, რა თქმა უნდა, გაამართლა საქართველო და დასდო ბრალი რუსეთს.
ეს ყველაფერი (რასაც ახლა ვხედავთ), იწყება უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, როდესაც კრემლს სჭირდება დამატებითი საბურველი, რომლითაც იტყვის, რომ აი, საქართველოშიც მე მაბრალებდით (ომის დაწყებას) და ასე არ ყოფილა, რაღაც დრო გავა და უკრაინაშიც დადასტურდება სიმართლე.
ეს არის მთელი ლოგიკა ამ ისტორიის.
- ამ კომისიაზე, ამ ფორმით წარმოჩენილი „სიმართლე“ რამდენად დამაჯერებელი იქნება, მაშინ, როცა არსებობს ჰააგის გადაწყვეტილება?
პუტინს რა დაეხმარება აწი, მე ეს არ ვიცი, მე მგონია, რომ ვერაფერი დაეხმარება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ისინი ცდილობენ თავისას, რაც შეუძლიათ და სადამდეც შეუძლიათ.
თბილისში ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც მზად არის ამ მცდელობებში დაეხმაროს. საბოლოო ჯამში რა და როგორ იქნება, ეს არც თბილისზეა დამოკიდებული და დიდწილად არც მოსკოვზე. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ რა მცდელობებს ახორციელებს იმ ფარგლებში, რაც მას ძალუძს – „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, იყოს დამხმარე ხელი ვლადიმერ პუტინის.
- გარდა ამ ზეპირი ლაპარაკისა, დოკუმენტების დონეზე რა შეიძლება დაუშავონ საქართველოს?
საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივთან ახლოს მდგომი საგამოძიებო ინსტრუმენტი, მას არ შეუძლია არავისი დაპატიმრება, მაგრამ მის მიერ მოკვლეული მასალები სრულფასოვნად იგზავნება შემდეგ პროკურატურაში და თუ დანაშაულის ნიშნები იქნება აღმოჩენილი, პროკურატურა იწყებს მოქმედებას.
სადამდე წავა თეა წულუკიანი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შეუძლიათ, რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე მოითხოვონ დაპატიმრების ორდერების გაცემა.
- სააკაშვილი ისედაც ციხეშია. ვისი დაპატიმრება შეიძლება იყოს მიზანი, თქვენი აზრით, და შეიძლება ესენი სამხედრო პირებიც იყვნენ?
მე მაქვს ამაზე ჩემი აზრები, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ საჯაროდ სპეკულაციას, რადგან არ მინდა ვინმესთვის მოტივაცია გავხდე.
- 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის აღიარებული და მის მიერ შექმნილი კომისიაც, წესით, არალეგიტიმურია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია მათთან თანამშრომლობა?
სამხედროები, ან თუნდაც ყოფილი სამხედროები არ არიან პოლიტიკოსები და ის პროცესი, რომელიც საქართველოში დღეს მიდის, მთლიანად არის პოლიტიკური.
ამიტომ, ინდივიდუალურად, პიროვნულად ჩვენ შეიძლება რაღაცას დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ნამდვილად არასწორად მიმაჩნია სამხედროებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოთხოვნა.
მათი ინდივიდუალური არჩევანია, სად მივლენ ან არ მივლენ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც სამხედროები შეიძლება თვლიან, რომ არ უნდა ჩაერთონ. ამიტომ ნორმალურია, რომ ისე იღებენ გადაწყვეტილებას, როგორც თავად თვლიან საჭიროდ.
- ადრეც იყო გარკვეული შიშები იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ კრემლი ამზადებდა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებისკენ და ამას ემსახურებოდა თუნდაც ოსებისთვის ბოდიშის მოხდის კამპანია წინასაარჩევნოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხაზი მიდის აქეთკენ?
რაში აწყობს „ქართულ ოცნებას“ ახლა ეს? რუსეთს აღიარებული აქვს ისედაც და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ თვითმკვლელობას არ ჩაიდენს. იდიოტები ნამდვილად არ არიან – მე მგონი ეს არის, რაც დაამტკიცეს ამ ხნის განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თვითმკვლელობაა და ასეთი პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტს პოლიტიკური პარტიები არ ჩადიან, როგორც წესი.
აგვისტოს ომი „ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანია და ის რაც ვერ მოახერხა აქამდე ივანიშვილმა, – ფორმალიზება დადანაშაულებისა და ბრალის ქართული მხარისთვის აკიდების, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ვერავის ხელით, მათ შორის „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოვნიკების ხელით და ახლა წულუკიანის ხელით აპირებს ეს გააკეთოს.
- ქართველი სამხედროების ამ ფორმით დაკითხვა პირდაპირ ეთერში, მათ მიმართ ცინიკური თუ აგრესიული დამოკიდებულება წულუკიანის და მის გვერდით მყოფების მხრიდან, რამდენად ემსახურება ჯარის სანდოობის შემცირებას და მის დემორალიზებას?
ვფიქრობ, გუშინ, გენერალმა გოგავამ იმის საპირისპირო შედეგი დადო, რასაც სავარაუდოდ წულუკიანი ვარაუდობდა.
ვნახოთ, ამას როგორ მოახერხებს გენერალი ყურაშვილი.
გოგავამ ძალიან ღირსეულად დაიცვა და წარმოაჩინა ქართული ჯარი, ამიტომ საპირისპირო შედეგს მიიღებს, ჩემი აზრით, წულუკიანი ამ პროცესიდან.
______________________
ამ თემაზე:
„ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია მარტო რუსეთს აწყობს“ – ინტერვიუ