„დღეს აღარ დამირეკავს ბათუმის მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – კითხულობს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე. მისი ორსართულიანი სახლის პირველი სართული წვიმის შემდეგ დღესაც დაიტბორა.
დღეს, 9 აგვისტოს წვიმის შემდეგ ბათუმის არაერთი ქუჩა დატობორილია. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში…
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა სანიაღვრე არხების პრობლემას ბათუმში წლებია არ აგვარებს.

დატბორილი პუშკინის ქუჩა ბათუმში

დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე ამბობს, რომ ყოველ გაწვიმაზე იტბორება მისი სახლი და ეზო, მაგრამ ბათუმის მერია პრობლემას არ აგვარებს, ამ ოჯახს არც ზიანის ანაზღაურება მიუღია.
დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის სამეზობლოც დატბორილია. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მერიასა და მთავრობაში მათი პრობლემების შესახებ კარგად იციან, მაგრამ წლებია არაფერი იცვლება.
„112-ში ადრე რამდენჯერაც დავრეკე, მიპასუხეს, რომ ქუჩაში უნდა გავიდეს ჯერ წყალი, დაიწრიტოს და მერე ამოვტუმბავთო. ქუჩიდან რომ გავა წყალი, მერე სახლიდანაც გავა, რაში მჭირდება ამოტუმბვა?
ამიტომაც არ დამირეკავს არსად.
ყოველ გაწვიმებაზე ვიტბორებით, ავეჯი სულ გაფუჭებულია და აგურებზე შემოდებული, მერე გავა წყალი, დაალაგებ და გაწვიმდება ისევ, ამ ჩაყოლებაზე სულ ასეა ჩაიკოვსკიმდე…
ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, აბა, გლეხმა რა? მერიის წარმომადგენლემა მითხრა, აგემაღლებინათ ეზოო. ესაა მთავრობის პასუხი, წყალში უნდა დავიხრჩოთ?
დღეს არავინ მოსულა. მოდიან ისე, ფოტოებს გადაირებენ და წავლენ, ვიცით, რომ იტბორებითო. ზიანის ანაზღაურება არასდროს მიგვიღია,“ – გვითხრა დარიკო გოგოლიშვილმა-თურმანიძემ და დატბორილი სახლი გვაჩვენა.

დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის დატბორილი სახლი და ეზო



მერიის სამსახურებიდან არავინ მოსულაო, გვითხრეს მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა
„ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 9 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. „ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, 11 აგვისტოდან კი გამოიდარებს.






