მთავარი,სიახლეები

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

11.08.2025
სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ ნატოს ბაზებიც გაჩნდეს. და ეს იმდენად სახიფათოა, რომ თუ გეოპოლიტიკური პოზიციიდან განვიხილავთ, შესაძლოა ამან ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რომ ეს [უკრაინაში ომი] არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის უკანასკნელი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. 

ამიტომ აქ უნდა ჩაირთოს დიპლომატიის ყველა შესაძლო მეთოდი, რათა ყველა მონაწილე [ქვეყანა] მიხვდეს, რომ რუსეთის ინტერესებს პატივი უნდა სცენ“ – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა „Соловьёв LIVE-ს“ ეთერში.

გადაცემაში მიწვეულმა კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, სერგეი მიხეევმა დასძინა, რომ კავკასიაში ნამდვილად რთული სიტუაციაა და საჭიროა „მკაფიო ნაბიჯების გადადგმა“:

„ჩვენთვის რეალურად დიდი პრობლემაა – ჩვენი მტრების პერსპექტივა გავიდნენ კასპის ზღვაში“ – თქვა მან.

მიხეევმა გააჟღერა ირანის პოზიცია, რომელიც, მისივე თქმით, რუსეთის მოკავშირეა ამ საკითხში:

„ირანელებმა ღიად განაცხადეს, რომ ყველა ეს ტრამპის დერეფნები, რომელთა მოწყობასაც ისინი სამხრეთ კავკასიაში აპირებენ, სხვა საკითხებთან ერთად, მათ წინააღმდეგაა მიმართული და ისინი ამას დაუპირისპირდებიან. სხვათა შორის, ისრაელის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ირანელებმა ღიად განაცხადეს, რომ რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ირიბად ეხმარებოდნენ ამ თავდასხმას.

თუ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ყველა დანარჩენი, მათ შორის ცენტრალური აზია, შეხედავს და იტყვის – ასე შეიძლება – გააბრიყვო ათწლეულების განმავლობაში, შეიძლება ატყუო, ერთად ვართო – შემდეგ კი რაღაც მომენტში გადაგაგდონ და არაფერი მოხდება. ეს ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი სიტუაციაა“ – დასძინა მიხეევმა.

კრემლის პროპაგანდისტების განხილვის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასია და ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: