მთავარი,სიახლეები

რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

11.08.2025
რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი რამდენიმე საერთო წესით ცდილობდა ამ დრომდე კონტროლის შენარჩუნებას: მაგალითად, სომხეთს და საქართველოს ეუბნება, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დაგაკარგვინებთ, აზერბაიჯანელებს კი, გაყალბებული სტატისტიკით აფრთხობს: რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს!

ხომ არ გეცნობათ იგივე გზავნილი საქართველოში? – რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ამ დროს რეალური მონაცემები არავის დაუთვლია.

„მათრახი და თაფლაკვერი“ – ისტორიკოს ბექა კობახიძის დაკვირვებით, რუსეთი ყველაზე აქტიურად ამ პრინციპს იყენებს სამხრეთ კავკასიაში.

„…მაგალითად, რუსეთმა 2020 წელს გამოიყენა მათრახი სომხეთის წინააღმდეგ, ხოლო თაფლაკვერი – ალიევთან მიმართებით, შემდეგ უკვე აერია, რადგან რესურსი აღარ ეყო,“ – ამბობს ისტორიკოსი და ყურადღებას ამახვილებს, „ოცნებაც“ უნდა ელოდოს რუსეთისგან მათრახს, პუტინის ვასალობის მიუხედავადო.

„თამამად შეიძლება ვთქვა, როგორც ისტორიკოსმა, რომ 1918-21 წლებში სამხრეთ კავკასიის ერთიანობა რომ ყოფილიყო, 1920 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში, 1921 წელს კი, საქართველოს ოკუპაცია ვერ მოხდებოდა. რუსეთმა მაშინ სწორედ ამით ისარგებლა – ჩვენ ერთიანი არ ვიყავით,“ – მიიჩნევს ბექა კობახიძე.

რა წესებით მოქმედებს რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და რა ამარცხებს მას?  – „ბათუმელებმა“ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ბექა, თქვენი დაკვირვებით, ისტორიულად და ახლა რა მექანიზმებს იყენებს რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გავლენის შესანარჩუნებლად? ჩანს, რომ ბევრი მსგავსებაა: რუსეთს არ აწყობს კონფლიქტების დასრულება და აშინებს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, მაგალითად, ფაშინიანი; რუსეთი სომხეთსა და საქართველოში იმეორებს ერთი და იგივე ანტიდასავლურს გზავნილებს, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დავკარგავთ…

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ დრომდე რუსეთი მთლიანად ეყრდნობოდა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ კონფლიქტს. წლებია გვახსოვს, როცა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ჩადიოდნენ რუსეთში – ძალიან არასასიამოვნო სცენა იყო, როცა პუტინი იდგა შუაში და გვერდით ედგა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, მაგრამ ამით არაფერი არ მოგვარდა. არ მოგვარდა კონფლიქტი იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესი არ ყოფილა ეს.

2020 და განსაკუთრებით 2023 წლის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა დაკარგა კონტროლის მექანიზმები, მას შეზღუდული აქვს უკვე ზემოქმედების რესურსი სომხეთსა და აზერბაიჯანში – არცერთ ქვეყანას არ სჭირდება რუსეთი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აზერბაიჯანს ისედაც ჰქონდა ანტირუსული, ეროვნული მეხსიერება. ყარაბაღის საკითხმა ეს მეხსიერება გააჩინა და გააძლიერა სომხეთშიც. ვხედავთ კონტურებს, რომ მათ არ უნდათ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში.

2020 წელს რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ყარაბაღის წაგებული ომის შემდეგ ფაშინიანს შეცვლიდა სომხეთის განაწყენებული მოსახლეობა, მაგრამ ფაშინიანმა არჩევნები მოიგო – ფაშინიანის ოპონენტები, პრორუსი ქოჩარიანის დაჯგუფება, საოცრად დისკრედიტებულია და ასოცირდება არა ყარაბაღთან, არამედ კორუფციასა და სომხეთის გაღარიბებასთან, უპერსპექტივობასთან…

  • ამჯერად რუსეთი სომხეთში 2026 წლის არჩევნებისთვის ემზადება, რომ ფაშინიანი ჩამოიცილოს. არ აქვს შანსი? 

დიახ, რუსული პროპაგანდა სრული დატვირთვით არის ჩართული, მაგრამ ვხედავთ, რომ დაპირისპირება სომხეთის პრორუსულ ფლანგსა და ფაშინიანს შორის, ფაშინიანის უპირატესობით მიმდინარეობს. სომხეთში პრორუსული ფლანგიდან ბოლო კარტიც გადმოაგდეს, რომ აი, თითქოს ფაშინიანი ეკლესიასაც უტევს. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2024 წელს, როცა საქართველოში რუსული კანონი შემოაბრუნეს.

ბექა კობახიძე

ფაშინიანი გადასულია შეტევაზე… რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩააჭიროს და გამოიყენოს სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდი, რადგან სამხედრო მეთოდის გააქტიურების საშუალება სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს.

სომხეთს აქვს უპირატესობა – მას უშუალო საზღვარი არ აქვს რუსეთთან, აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ 2020, ასევე 2023 წლის მოვლენების დროს დამტკიცდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არაა იოლი საკბილო. აზერბაიჯანი გეგმავს ასევე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზა ააშენოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ამ მოცემულობაში რუსეთს არ აქვს რესურსი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდეს და იქიდან გადავიდეს სომხეთში. საეჭვოა უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგაც რუსეთს გაუჩნდეს სამხედრო მეთოდების გამოყენების საშუალება .

საინტერესოა ირანის პოზიციაც: აიათოლა ხამენეის მრჩეველმა თქვა, რუსეთის, ან რუსეთის გარეშე დავბლოკავთ ზანგეზურის დერეფანსო. ირანს უშუალო სახმელეთო საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე უშუალოდ ზანგეზურის კორიდორთან. გასათვალისწინებელია, რომ ირანის ძალა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი – 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი სუსტი ირანი არასდროს ყოფილა.

მნიშვნელოვანია, რეალურად აშშ რა ძალით ჩაერთვება ზანგეზურის კორიდორის ინფრასტრუქტურის შექმნაში: ერთია დეკლარაცია და მეორე – მისი განხორციელება. ასევე, სომხეთს და აზერბაიჯანს რამდენად ეყოფათ ნება, ბოლომდე მიიყვანონ შეთანხმება.

ბევრი მსგავსი შემთხვევა გვინახავს, როცა ლამაზი სიტყვებით შედგენილ ხელშეკრულებას ხელს აწერენ, მაგრამ საქმე არ მიდის ბოლომდე. მაგალითად, ამერიკელების და ბრიტანელების შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ფაქტობრივად აუქმებდნენ საბაჟოებს საზღვარზე – საქონლის უბაჟო მიმოსვლა უნდა ყოფილიყო, ასევე გამორიცხავდნენ ტერიტორიული დავების ძალისმიერ გადაწყვეტას, პირობას დებდნენ დავის მოლაპარაკებებით და არბიტრაჟით გადაწყვეტას, თუმცა ეს ხელშეკრულება არ შესრულდა: მალე ყარაბაღში მოხდა სომხური აჯანყება, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან მოჰყვა პასუხი და ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეიყარა ყარაბაღის ფრონტზე.

ამ დროს ბაქო დარჩა უკონტროლოდ და დაცარიელებულ ბაქოში ბოლშევიკები ჯერ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ, შემდეგ კი, ტყვიის გაუსროლელად იქ ორჯონიკიძეს შეჰყავს მე-11 არმია…

ამჯერად ასეთ დრამატულ მოვლენებს არ ველით, მაგრამ ისტორიაში ბევრი მაგალითია, როცა მშვიდობაზე მოილაპარაკეს, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

  • საქართველოში კრემლის პროპაგანდის მთავარი გზავნილია: აბა, ომი გინდათ? კიდევ უფრო გაძლიერდება რუსეთის გავლენა საქართველოზე მას შემდეგ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს? 

რა თქმა უნდა. ახლა საქართველო რუსეთის ერთადერთი დასაყრდენია რეგიონში.

საქართველოსთან მიმართებით სხვა მდგომარეობა გვაქვს – თუ ბოლო წლებია რუსეთს შეუსუსტდა გავლენის ბერკეტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოში პირიქით, გავლენის ბერკეტები ძლიერდება.

დავიწყოთ იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს თავისი ბაზები, ასევე, ქართული ეკონომიკა მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე: თუ 2012 წელს ნული ბოთლი ღვინო გადიოდა რუსეთში ექსპორტზე, ახლა ქართული ღვინის 80 % რუსეთზე გადის.

რუსეთმა სტრატეგიული შეცდომა ამ რეგიონში მაშინ დაუშვა, როცა გადაწყვიტა ფაშინიანის ჩამოშორება: ფაშინიანი რევოლუციონერია, რუსეთი კი, სამეზობლოში რევოლუციებს ვერ იტანს, თვლის, რომ რევოლუციები გადამდებია. ფაშინიანმა ერთი „ცოდვა“ 2018 წელს დაუშვა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა რევოლუციის გზით, შემდეგ კი, პირდაპირ შეუტია და კორუფციაში ამხილა პრორუსული ფლანგი, მათ შორის, ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი.

ამის შემდეგ ფაშინიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ყოფნის მიზანშეწონილობა: რამდენად იცავს ეს ორგანიზაცია სომხეთს? ასევე, სომხურ ტელევიზიებში შეიზღუდა რუსულენოვანი მაუწყებლობა, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სომხეთში რუსეთის საელჩოს მხრიდან.

გაითვალისწინეთ, რომ ფაშინიანი ერთბაშად რუსეთს არ დაშორებია. მან თანდათანობით დაიწყო მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის კეთება: რუსეთთან ვართ, მაგრამ სხვებთანაც უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლის წლიდან, ანუ 2018 წლიდან სომხეთი პირველად აფიქსირებს ნეიტრალურ პოზიციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ბოლო ორი წელია, ფაშინიანის ხელისუფლება საქართველოს უჭერს მხარს.

ამ პროცესის პარალელურად სომხეთში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სომხეთში რუსული ბიზნესის მონოპოლია არ უნდა იყოს, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორზე.

ამ ყველაფერმა დააფიქრა რუსები: თუ ლიბერალური დემოკრატიის სახელით და რევოლუციის გზით მოსული კაცი ამ ანტირუსულ პოლიტიკას გაიტანს და წარმატებას მიაღწევს, ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის – ფაშინიანი უნდა დასჯილიყო. ზუსტად აქ დაუშვეს რუსებმა სტრატეგიული შეცდომა, როცა ალიევის ხელით გადაწყვიტეს სომხეთის დასჯა. რუსეთი ელოდა, რომ სომხები ფაშინიანზე გაბრაზდებოდნენ და თავად გამოცვლიდნენ მას. ეს იმდენად მკაფიო ტყუილი აქტი ოყო, ხალხი არა იმდენად ფაშინიანზე, არამედ რუსეთზე გაბრაზდა.

ყარაბაღის მეორე წაგებულმა ომმა უკვე 2023 წელს ანტირუსული განწყობები გააღვივა, როცა აზერბაიჯანმა სრულად დაიკავა ყარაბაღი. ამ დროს რუსეთს ძალა აღარ ჰქონდა, აზერბაიჯანი შეეჩერებინა და სომხებმა იხილეს 100 ათასზე მეტი დევნილი ყარაბაღიდან. ფაშინიანმა დაიწყო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის და აშშ-ს მიმართულებით.

ამავდროულად, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთმა ამოწურა თავისი ფუნქცია, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება რუსეთთან. ასე მოვედით ამ მდგომარეობამდე.

  • საქართველოშიც დიდი ხანია აღარავის სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა რამეს სასიკეთოდ შეცვლის, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს… ფაშინიანზე იმიტომ ამახვილებთ ყურადღებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში მთავრობის არჩეული კურსია? 

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს „დიპ სთეიტებსა“ და გლობალური ომის პარტიაზე, სხვა ათას სისულელეზე, „ოცნებას“ ყველაზე მეტად რუსეთის ეშინია. ისინი რუსეთის ლოიალური ვასალები არიან, მაგრამ არსებობს ისტორია: 1801 -ელ წელს რუსეთი საქართველოში ბაგრატიონებმა შემოიყვანეს და ისინი რუსებმა გაასახლეს. 1921 წელსაც, როცა საქართველოს ოკუპაცია ქართველების ხელითაც ხდებოდა, ის ქართველები 1937 წელს დახვრიტეს…

1993-94 წლებში ედუარდ შევარდნაძემ დსთ-ში შეიყვანა საქართველო და სამინისტროების წამყვანი პორტფელები რუსეთს გადასცა: იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრი გახდა, ვარდიკო ნადიბაიძე – თავდაცვის მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი – შს მინისტრი. ამის მიუხედავად შევარდნაძეს 1995 წელს ტერაქტი მოუწყვეს „კაგებეს“ ოფიციალურმა თანამშრომლებმა.

ასე რომ, ეს პატრონალისტურ-ვასალური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს შორის არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისგან თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს.

პროცესი უნდა დავინახოთ დინამიკაში: 2012 წლიდან, როგორც კი მოდის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, აქტიურდება რიტორიკა, რომ ყველაფერი სააკაშვილის ბრალია და დაიწყეს, პირველ რიგში, ეკონომიკის რუსეთზე მიბმა. დღეს საქართველოს ეკონომიკა სრულად მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე. რომ აირიოს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს ეკონომიკა შევა რეცესიაში: არ იქნება ტურიზმი, ფრენები, ნავთობპროდუქტები, ღვინო, თუ სხვა.

„ქართული ოცნება“ ისედაც უიდეოლოგიო წარმონაქმნია. ამას ეკონომიკური რეცესიაც რომ დაემატოს, საკუთარ მხარდამჭერებსაც აღარ ენდომება, რომლებსაც ვეღარ დააპურებს.

„ოცნებამ“ დაიწყო ის რიტორიკა, რომ აი, ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რომ შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამ დროს რუსეთის ხელშია ცხინვალის რეგიონის ანექსიის შესაძლებლობა. 2012 წლიდან, ნატოს და მაღალი დონის წვრთნების დროს, რუსეთი მუდმივად იწყებდა საუბარს ცხინვალის რეგიონის ანექსიაზე. ეს რომ მოხდეს, რას უპასუხებენ საკუთარ ამომრჩეველს? 13 წელია ამბობენ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება არის შესაძლებელი.

„ქართულ ოცნებას“ არასდროს უზრუნია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაზე: საქართველოში მშპ-ს მხოლოდ 1.7 % იხარჯება თავდაცვაზე. ფაქტობრივად, ხელფასების ფულია. ამ დროს სომხეთი მშპ-ს 6.1 %-ის ხარჯავს, აზერბაიჯანი 5 %-ზე მეტს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია იხსენებდა: 2014 წელს, რუსეთის მოთხოვნით ივანიშვილმა დაბლოკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაო. ასე რომ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იმთავითვე აკონტროლებს რუსეთი.

  • სომხეთის პრემიერი დაუპირისპირდა პატრიარქსაც. არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთსა და საქართველოში რუსეთი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს ეკლესიას. 

დიახ, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით სომხეთის ხელისუფლებას აღმოაჩნდა გამბედაობა, რომ ყველაფრისთვის დაერქმია თავისი სახელი, მათ შორის, პირდაპირ ემხილებია სომხეთის ეკლესია, რომელიც იყო და არის რუსეთის დამოკიდებულებაში. რუსეთს ძლიერი გავლენა აქვს სომხეთის ეკლესიაზე.

საქართველოში ხელისუფლებები ერთი-მეორის მიყოლებით ბოლო 35 წელია ყველაფერზე თვალს ხუჭავენ და არათუ მხილება, არამედ მაამებლობის გზას ადგანან. აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როცა რუსული ჰიბრიდული ელემენტია ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია საქართველოში – საპატრიარქო და ეკლესია.

  • რაც შეეხება აზერბაიჯანს: საქართველოს მსგავსად აზერბაიჯანელებს რუსული პროპაგანდა კონკრეტული ღია მონაცემების გარეშე ეუბნება, რომ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელია რუსეთში და მათი ბედი რუსეთის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული. 

დიახ, როცა დაიწყო საქართველომ ურჩობა 2006 წელს რუსეთთან მიმართებით, ქართულ დიასპორას შეუტიეს და გვახსოვს ყველას, როგორ გამოყარეს ქართველები სატვირთო თვითმფრინავით. მაშინ პირწავადნილი პრორუსებიც კი შეაწუხებს, მაგალითად, ზურაბ წერეთელსაც მიადგნენ.

ასე რომ, ეს უკვე ნანახი ფილმია.

ანალოგიური ამბავი მოაწყვეს რუსებმა ახლა უკვე აზერბაიჯანელებს, როცა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების დაკავებები დაიწყეს ველური ფორმებით. ამას ალიევმა სარკისებური პასუხი გასცა: სუვერენიტეტი დაიცვა და თავმოყვარეობაც.

ის, რომ მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ფოლკლორული ლეგენდაა. არავის დაუთვლია რამდენი ქართველია რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, რამდენია საქართველოს მოქალაქე.

  • სომხეთის და აზერბაიჯანის ბოლო მაგალითებმა რა გვაჩვენეს – რა ამარცხებს რუსეთს? 

რუსეთის პრინციპებია: „დაყავი და იბატონე“, ასევე „მათრახი და თაფლიკვერი“. მაგალითად, რუსეთმა 2020 წელს გამოიყენა მათრახი სომხეთის წინააღმდეგ, ხოლო თაფლიკვერი – ალიევთან მიმართებით, შემდეგ უკვე აერია, რადგან რესურსი აღარ ეყო.

რუსეთი ახლა „ქართულ ოცნებასთან“ თაფლაკვერს იყენებს: კარგად იქცევით და დაგეხმარებითო, მაგრამ ამას ლიმიტი აქვს, თავისი წესები, მაგალითად, არანაირი სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ იქნება, თუმცა ბევრი ტურისტი ჩამოვა და ბათუმში იქნება ბევრი რუსული ენა.

  • რუსული ენა, მგონი, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში რუსეთის განსაკუთრებული ბერკეტია, არა? მაგალითად, ბათუმში ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანი არ რეაგირებდა რუსულენოვან ბარებზე, სადაც სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ მიიღებდით. 

დიახ და ბათუმში ყველაზე მეტად იგრძნობა ეს. ამ საფრთხეებს არავინ აკონტროლებს.

იგივე 2020 წელს, როცა კოვიდპანდემიის გამო აზერბაიჯანმა ჩაკეტა რუსეთთან საზღვრები, ეს საზღვარი მას დღემდე არ გაუხსნია – აზერბაიჯანს არ სურს, რომ რუსეთის ეს ნაკადი შევიდეს მასთან. ალიევი ამ ხალხს ხედავს თვლის საფრთხედ ეროვნული ინტერესებისთვის.

რუსები რომ ჩამოდიან საქართველოში, არ აქვთ განცდა, რომ სტუმრად არიან. მათ აქვთ განცდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არიან, „რუსული სამყაროს“ კუთხეში – საქართველოში.

  • სადაც საჯარო უწყებებშიც კი, რუსულად ესაუბრებიან. 

სამწუხაროდ, ასეა.

რუსეთის მოქალაქეები ასევე საქართველოში მასობრივად იღებენ უძრავ ქონებებს, დაიწყეს მოქალაქეობის მიღებაც. კრემლი მათ განიხილავს, როგორც საკუთარ დემოგრაფიულ ერთეულს, რომელთა დასაცავად კონკრეტული ქმედებები შეიძლება ჰქონდეს. ასე არ იყო ცხინვალში, ან აფხაზეთში, დონბასში, ან ყირიმში? ამ ყველაფერზე კონტროლი და რეაგირება არის ნული. კმაყოფილი ვართ იმით, რომ ორი კაპიკი შემოდის დღეს. ხვალ რა გველოდება?

  • უნდა ელოდეს „ქართული ოცნება“ რუსეთისგან მათრახს, როცა ის კრემლის გზავნილებს იმეორებს და დავალებებს ასრულებს?

რასაკვირველია. ნებისმიერი ურჩობის შემთხვევაში, შეიძლება რუსეთმა თაფლაკვერი მათრახით შეცვალოს.

მეტწილად ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე: როგორ დამთავრდება ომი, რა შედეგი იქნება? ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა, როგორი იქნება მისი ურთიერთობა ე.წ. ახლო საზღვარგარეთთან, როგორც ის განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცეს.

  • რა შეიძლება შეცვალოს ამ მოცემულობაში სამხრეთ კავკასიურმა ერთობამ? 

თამამად შეიძლება ვთქვა, როგორც ისტორიკოსმა, რომ 1918-21 წლებში სამხრეთ კავკასიის ერთიანობა რომ ყოფილიყო, 1920 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში, 1921 წელს კი, საქართველოს ოკუპაცია ვერ მოხდებოდა. რუსეთმა მაშინ სწორედ ამით ისარგებლა – ჩვენ ერთიანი არ ვიყავით.

პარადოქსია, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველო ითვლებოდა ერთადერთ პროდასავლურ ქვეყნად ამ რეგიონში, ახლა კი, ერთადერთი პრორუსული სახელმწიფო ვართ, თუმცა ეს შემობრუნებადია. დაუძლეველი პრობლემა უფრო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო. თუ ეს დაიძლია, მჯერა, ადრე თუ გვიან სამხრეთ კავკასიის ერთიან პაკეტს საქართველო აუცილებლად ჩაებმება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: