მთავარი,სიახლეები

ახალი მტკიცებულება ნინო დათაშვილის საქმეში: „სხეულზე ჰქონდა დაზიანებები…“

10.08.2025
ახალი მტკიცებულება ნინო დათაშვილის საქმეში: „სხეულზე ჰქონდა დაზიანებები…“

ადვოკატი, უფლებადამცველი ელისო რუხაძე ამბობს, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმას, რომ საკანში მოთავსების დროს დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

„ეს არის ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, რომ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის დროს ნინო დათაშვილს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები… ეს დაზიანებები მან მანდატურების მიერ განხორციელებული ძალადობის დროს მიიღო,“- ამბობს ნინო დათაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ელისო რუხაძე.

  • ნინო დათაშვილი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტია. ის 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. ნინო დათაშვილს პროკურატურა ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას: საუბარია 2025 წლის 9 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად მისული ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან. დათაშვილი მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა და ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ აძევებდნენ. ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. საბოლოოდ, დათაშვილს წარუდგინეს ბრალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნინო დათაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ ადვოკატმა ელისო რუხაძემ მონაცემები ნინო დათაშვილის  წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა. შესაბამისად, ის ამ დოკუმენტაციას არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე წარადგენს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს.

მზია ამაღლობელის საქმის მსგავსად, არც ამ შემთხვევაში იძიებს პროკურატურა ნინო დათაშვილზე ფიზიკურ ძალადობას – ამ საქმეშიც ადვოკატები სასამართლოში გაადღებულ კადრებზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ ნინო დათაშვილი თავად არის დაზარალებული. მზია ამაღლობელის მიმართ ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება, მართალია, დაწყებულია, თუმცა არავინ დაუსჯიათ.

მანდატურების მხრიდან ძალადობის შესახებ ნინო დათაშვილს იმავე დღეს – 9 ივნისს დაურეკავს 112-ში. აქტივისტი არავის გამოუკითხავს:

„მიმართული მაქვს 112-თვის და ველოდები დეტალურ ინფორმაციას: რა ინფორმაცია მიაწოდა მან 112-ს, როცა ძალიან განერვიულებული იყო, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში…

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხეულზე დაზიანებების დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ, თუმცა რაც კადრებში ვიხილეთ – შეხლა-შემოხლა და ძალადობა ნინო დათაშვილზე – თანხვედრაშია აღნიშნულ დაზიანებებთან.

ჩემს ხელთ არსებული ეს ინფორმაცია ძალიან მსუყე ინფორმაციაა, რომ მინიმუმ გამოძიება დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – ამბობს ელისო რუხაძე.

დაიწყო თუ არა ნინო დათაშვილის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა პროკურატურის პრესცენტრს, თუმცა ინფორმაცია არ მიგვიღია.

ელისო რუხაძე, ადვოკატი

ნინო დათაშვილს პროკურატურა 9 ივნისს მომდარ შემთხვევაზე ედავება თავდასხმას, მაგრამ ის 20 ივნისს დააკავეს. როგორ დადასტურდება ის, რომ დაზიანებები, რომელიც საკანში შესვლის დროს ნინო დათაშვილის სხეულზე დაფიქსირდა, 9 ივნისის დაპირისპირებას უკავშირდება?

„ეს დაზიანებები ხანდამულობით არის ძველი… ნინო დათაშვილს ასევე მითითებული აქვს, რომ ეს დაზიანებები მიიღო 9 ივნისს.

დროებითი მოთავსების იზოლატორსაც დაფიქსირებული აქვს ნინოს სხეულზე დაზიანებები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ნინო დათაშვილია რეალურად დაზარალებული იმ ფაქტზე, რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

7 აგვისტოს სხდომაზე ნინო დათაშვილმა ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ისე ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობაზე…  მიუხედავად იმისა, რომ თავად ნინო დათაშვილმა დაურეკა 112-ს, ასევე, არაერთხელ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ვიდრე ის გაუქმდებოდა, გენერალურ პროკურატურას, თუ შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სახელმწიფოსთვის ნინოს მიმართ განხორციელებული ძალადობა უხილავია – ერთადერთი უწყება, რომელიც სწავლობს ნინოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სახალხო დამცველია. მე პირადად გენდერის დეპარტამენტს მივმართე, რათა შეისწავლონ ნინოს მიმართ განხორციელებული ძალადობა გენდერულ ჭრილში,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.

ადვოკატი ელისო რუხაძე ნინო დათაშვილის საქმეზე საუბრის დროს ხაზს უსვამს საზოგადოების რეაქციის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რამაც პროკურატურას სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების კუთხით უკან დაახევია:

„ეს სამართლებრივი ნონსენსია: პროკურატურამ დანიშნა სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ისე ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომ მხარეები ინფორმირებული არ ვიყავით. გამოდის, რომ სასამართლომ იშრომა, მოსამართლემ თქვა, რომ ნინო დათაშვილს სჭირდება ფსიაქიატრიული ექსპერტიზა, შეიძლება შეურაცხადიაო, თუმცა საბოლოოდ პროკურატურამ ეს განჩინებები [ამ საქმეზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომაც] არ გამოიყენა, მან უარყო მისივე დანიშნული სტაციონარული ექსპერტიზა და დაუშვა უფრო მსუბუქი – ამბულატორიული, სადაც ნინო დათაშვილის თანხმობა, ან დაუთანხმებლობა იქნებოდა გადამწყვეტი.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყველამ ავიმაღლეთ ხმა და განსაკუთრებით ფსიქიატრებმა დააფიქსირეს პოზიციები, რომ ეს იყო აბსურდი და სახელმწიფოს მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა – ადამიანის ჩაგვრა. საზოგადოებამ ძალიან ნათლად დაინახა, რომ ეს იყო ჩაგვრის ინსტრუმენტი. ეს რეზონანსი აღმოჩნდა სწორედ აქ გადამწყვეტი.

პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულის საუკეთესი ინტერესიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ და დავნიშნეთ ამბულატორიული ექსპერტიზაო. ცხადია,  ეს ცინიზმია,“ – მიიჩნევს ადვოკატი ელისო რუხაძე.

“ჩუმად შეაპარეს სამხარაულის ექსპერტები” – ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილს ციხეში ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: