მთავარი,სიახლეები

„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

11.08.2025 •
„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.

მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი.

რატომ ცდილობს „ოცნება“ აგვისტოს ომი დააბრალოს საქართველოს და არა მის რეალურ წამომწყებს, ოკუპანტ რუსეთს, რას უპირებს საქართველოს პუტინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად? – „ბათუმელები“ ლელა ჯეჯელავას ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, დღეს კობახიძემ ზედიზედ მინიმუმ სამჯერ გაიმეორა, რომ „სააკაშვილია მოღალატე“ და ომის დამწყები. „ოცნება“ ცდილობს, „სამშობლოს ღალატის“ ისრები, რაშიც მას „რუსული კანონის“ ინიციირების და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ადანაშაულებდნენ, ახლა სხვა მიმართულებით გადაიტანოს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?

ეს არის ძალიან ცნობილი და აპრობირებული მეთოდი – დააბრალო სხვას ის, რასაც ჩადიხარ შენ. ეს არც კობახიძის გამოგონებაა და არც ივანიშვილის, ცნობილი მეთოდია ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების.

ახლანდელი ისტერია მიემართება იმას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ოფიციალურად კაპიტულაცია გამოაცხადოს რუსეთის წინაშე და ამ კაპიტულაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე შექმნილია წულუკიანის კომისიის დასკვნის სახით, რომელსაც ჯერჯერობით დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ რასაც ახლა ახმოვანებს პაპუაშვილი, კობახიძე და ასე შემდეგ, ეს არის ამ დოკუმენტის ექო.

ლელა ჯეჯელავა

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის ეს დასკვნა ტოლფასია ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“.

დიახ, ეს არის სრული კაპიტულაცია, რასაც ეს დოკუმენტი ემსახურება და რომელმაც სამართლებრივად მოამზადა ბაზა ამისათვის.

მერე რა, რომ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს სდებენ ბრალს, გგონიათ არ იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მაშინ საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი?! ეს იგივეა, თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროინტეგრაციას და ასეთია ევროკავშირის გადაწყვეტილება, დღეს ჩვენ მაინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოგვადგენს და ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ევროინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაციის თემაც და სხვა ბევრი სიკეთე და მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე, თავისი ბრძოლით და მიზანმიმართული ქმედებებით მოიპოვა.

ჩვენ რომ სწორედ ეს ხელისუფლება წარმოგვადგენს დღეს, ამიტომ დგას საფრთხის წინაშე ჩვენი ყველა ეს მონაპოვარი.

  • თქვენ თქვით, რომ „ოცნება“ აპირებს კაპიტულაციას, ანუ რას აპირებს – კონკრეტულად რომ განვუმარტოთ მკითხველს?

ეს კაპიტულაცია არის ლეგიტიმაციის მინიჭება 2008 წელს, საქართველოში რუსეთის არმიის შემოჭრისა და შემდგომ, აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის აღიარებისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

  • რამდენიმე თვის წინ, როცა მაგალითად თინა ხიდაშელს ვკითხეთ ოკუპირებული რეგიონების შესაძლო აღიარებაზე „ოცნების“ მხრიდან, მან თქვა, რომ ნებისმიერი პარტიისთვის ეს იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი და ამას ალბათ ვერ გაბედავს „ოცნება“. თქვენ ფიქრობთ, რომ „ოცნება“ ჰარაკირს იკეთებს დღეს, ანუ მიდის ამ ნაბიჯზე?!

მე მაინტერესებს, აქამდე რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რა ნაბიჯებიც გადადგა, ის, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქცია, არ არის ჰარაკირის ტოლფასი? მაგრამ ხომ გადადგა ეს ნაბიჯები. 28 ნოემბრის განცხადება რა იყო, არ იყო ჰარაკირი? მაგრამ ხომ გაკეთდა ეს განცხადება და შემდეგ ამას მიება შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები.

როცა ჩვენ ვიცით, რომ გაცხადებული მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა და საბოლოოდ მოწყვეტა ჩრდილო-ატლანტიკური სივრცისთვის, მაშინ რატომ არის მიზნის მისაღწევად გადადგმული ეს ნაბიჯი ჰარაკირი „ქართული ოცნებისთვის“ – ის ემსახურება იმ მიზანს, რაც აქვთ დასახული.

ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ რაღაცებით.

  • თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მართლა დადებს მსგავს დოკუმენტს წულუკიანის კომისიის მეშვეობით, ეს ნიშნავს, რომ აპირებენ აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის აღიარებას?

რასაკვირველია.

ამისთვის მზადება დიდი ხანია მიდის „ქართული ოცნების“ წიაღში. უბრალოდ, შესაბამისი დრო და პოლიტიკური კონტექსტი იმის ფონზე, რომ უარი არ ჰქონდათ ნათქვამი ასე მკაფიოდ ევროინტეგრაციაზე, აქამდე ვერ იპოვეს.

და ახლა, ყველაზე შესაფერისი კონტექსტია. იმიტომ, რომ ქვეყანა იზოლირებულია, ჩვენ აღარ გვყავს რეალურად მეგობრები და პარტნიორები, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც კი, იმიტომ რომ მკაფიოდ ასცდა ჩვენი განვითარების გზები უკვე ერთმანეთს. ასეთ დროს ყველაზე შესაფერისი კონტექსტია ამ ნაბიჯის გადასადგმელად „ქართული ოცნების“ მხრიდან.

  • აფხაზეთის ომიც ხომ სააკაშვილის დროს არ მომხდარა, ამას რით გაამართლებენ?

აფხაზეთის აღიარებას გაამართლებს რუსეთის მხრიდან იმით, რომ რუსეთი „გახდა იძულებული“, გადაედგა ეს ნაბიჯი და შესაბამისად, არალეგიტიმური არ იყო მისი ეს ქმედება.

ეს ერთი და მეორე, თქვენ იცით, რომ რუსეთს აფხაზეთში კარგა ხნით ადრე ჰქონდა დარიგებული რუსეთის პასპორტები და ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა აფხაზეთში. ასევე, პირდაპირ წერია რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინაში, რომ მას აქვს უფლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაიცვას რუსეთის მოქალაქეები. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც „ოცნების“ გაკეთებული დასკვნის შემდეგ ხელს შეუწყობს იმას, რომ რუსეთმა ნელ-ნელა დაიძვრინოს თავი საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლობისგან.

  • კობახიძემ დღეს ასევე დასძინა, რომ კი, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%-ი, მაგრამ ეს ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს „მშვიდობიანი გზით“. ეს „მშვიდობიანი“ გზა რა არის, თქვენი აზრით?

„მშვიდობიანი“ გზა არის დიდი ალბათობით ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც კარგა ხანია მუსირებს ე.წ. კონფედერაციის შესახებ, როდესაც ქართველები, აფხაზები და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დადებენ ხელშეკრულებას კონფედერაციის ფარგლებში, როგორც სამი თანასწორუფლებიანი სახელმწიფო.

აი, ეს არის ყველაზე დიდი ხიფათი, რომელიც ელის ამ დასკვნის (წულუკიანის კომისიის) შემდეგ საქართველოს. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდეს კონფედერაციული კავშირი.

  • თუ როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ისე მოაწერს „ოცნება“ ხელს, მაშინ საქართველოს როგორ ამთლიანებენ. „დამოუკიდებელ“ აფხაზეთთან თანამშრომლობაა მშვიდობიანი გაერთიანება?

კონფედერაციის მოწყობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს საერთო ჯარი, გვქონდეს საერთო ფული და ასე შემდეგ. და ეს მოიაზრება სწორედ „მშვიდობიან“ გამთლიანებაში „ქართული ოცნების“ აზრით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაზე დიდი რისკი, რაც ამას ემუქრება არის ის, რომ ამ აღიარების შემდეგ, თუნდაც მეორე კვირაში, ერთსაც და მეორესაც უფლება აქვთ უარი თქვან და უკვე ლეგიტიმურად დატოვონ კონფედერაციის ფარგლები.

ანუ, იმას, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით სეპარატიზმს, კონფედერაციის პირობებში, აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შეეძლებათ დატოვონ ეს გაერთიანება, რაც გახდება მათი სრული ლეგიტიმაციის და დამოუკიდებლობის საფუძველი.

სრულიად წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ეს ტერიტორიები, განსაკუთრებით კი აფხაზეთის შავი ზღვის რეგიონი, თავისი ნებით დათმოს.

  • ადრე რუსეთის მხრიდან საუბარი იყო 3+3 ფორმატზე, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა დარჩენილიყვნენ ირანის, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ქვეშ, თუმცა ჩვენ ვხედავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის პროდასავლურ პოლიტიკას. ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ს მხრიდან კონტროლის დამყარება არ შეუშლის ხელს რუსეთის ჩანაფიქრს საქართველოსთან მიმართებაში?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცოტა წინ ვუსწრებთ მოვლენებს.

8 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება არ გულისხმობს აშშ-ს მხრიდან ზანგეზურის დერეფნის მართვაში აღებას. ამ ხელშეკრულებას აქვს სხვა ტიპის ბენეფიტები და პირველი ბენეფიტი არის ის, რომ ამერიკა იქნება გარანტორი ინფრასტრუქტურის განვითარებისა ამ რეგიონში და ის, რომ აბსოლუტურად გარანტირებული იქნება ამ ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკამ კავკასიის რეგიონი უკვე მონიშნა, როგორც თავისი გეოსტრატეგიული გავლენების სფერო და ამას დაეთანხმა კავკასიის ორი სახელმწიფო.

ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, გარდა იმისა, ამერიკელები აიღებენ თუ არა იჯარით, ეს არის ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ამერიკელებმა გადადგეს ნაბიჯი ცენტრალურ აზიაში თავისი ინტერესების გასამყარებლად.

ამიტომ, ჩვენ ახლა ვუყურებთ ცენტრალური აზია-კავკასიიდან რუსეთის გავლენის ამოგდების პროცესს. გარდა ამისა, პირველად, მე მგონი 300 წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ დამაბრკოლებელი რგოლი თურქულ სამყაროში რუსეთის სახით, ვარდება.

  • თუ „ოცნება“ ასე გამწარებით ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს რუსეთის ჩანაფიქრი საქართველოში და შესაბამისად კავკასიაშიც, საქართველოს რა როლი რჩება ამ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში?

საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ გადასვლა ახლა პრობლემურია არა მარტო დასავლეთისთვის, არამედ თურქეთისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვისაც, რადგან, რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო არის ეკალი ბორბლებში, რომელმაც შესაძლოა სრულიად ამოაგდოს რელსებიდან ის გეოპოლიტიკური ახალი პროექტი, რომელიც იბადება კავკასია-ცენტრალური აზიის გზაზე.

ამიტომ მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ჩვენი მეზობლები რეგიონში და პარტნიორები, ძალიან შეეცდებიან, რომ საქართველომ ვერ შეძლოს ბოლომდე მიყვანა, „ქართული ოცნების“ იმ მართლა მოღალატეობრივი მიზნისა, რასაც ჰქვია საქართველოს რუსული პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაბრუნება.

ამ ინტერესებმა და ქართველი ხალხის ნების სინერგიამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ქვეყანა.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებთან. ასეთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები რამდენად ლეგიტიმური იქნება საერთაშორისო დონეზე, თუნდაც?

დავიწყოთ იქიდან, რომ ლეგიტიმურიც რომ იყოს ეს ხელისუფლება, ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ის იღებს წულუკიანის დასკვნის ჩათვლით, არის არაკონსტიტუციური. იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ასევე – ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს „ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ.

ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ძალიან ხელჩასაჭიდი სამართლებრივი მიზეზი იმისათვის, რომ შემდგომში ყველა ეს გადაწყვეტილება იყოს გაბათილებული.

მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელშიც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების ნაწილიც მონაწილეობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს ცნობილი ლეგიტიმურად.

მე მეჩვენება, რომ ჩვენ, იმ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობს პროტესტში, კარგად ვერ ვაჩვენებთ იმ საფრთხეებს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ომის საფრთხით რეალურად მთლიანად პარალიზება გაუკეთა ქვეყნის დასავლურ კურსს. ჩვენ ვერ ვაკეთებთ ალტერნატიულს და ცოტა ვაგებთ საინფორმაციო ომს.

ჩვენ ვერ ვაჩვენებთ საფრთხეებს ბოლომდე, თუ რა ელის საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში. ამას ვერ ხედავს კარგად საზოგადოება. ვფიქრობ, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული პოლიტიკური პარტიების, ყველა გავლენის ჯგუფების მცდელობა, რომ ძალიან ზუსტად ვაჩვენოთ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის „მშვიდობის“ თვალსაზრისით, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლას.

ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ცაიტნოტში ვართ, რადგან მანამდე გვაქვს დრო, სანამ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მანამდე უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი.

გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვის ფუფუნება ჩვენ აღარ გვაქვს.

  • წულუკიანის კომისია კი შექმნეს თითქოს სააკაშვილის ხელისუფლების გასასამართლებლად, მაგრამ იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ „ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯების, მათი განცხადებების და ქმედებების სახით, არის საკმარისი იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ მართვის დასრულების შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გასამართლდეს?

იცით რატომ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ასე ჰარი-ჰარალეზე ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობაზე და ასე შემდეგ?! ჩვენ არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული რა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

ეს რომ გვქონდეს, მაშინ ძალიან მარტივი იქნება კრიტერიუმების დადგენა, უღალატა თუ არა რომელიმე ხელისუფლებამ ამ სახელმწიფო ინტერესებს.

  • ერთ-ერთი ხომ არის ევროინტეგრაცია?

ამათი მთავარი გზავნილი და ლუზუნგი ხომ არის ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ჩვენ საქმეში არავინ უნდა ჩაერის. სინამდვილეში, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე, საქართველოს ისეთი დესუვერენიზაცია არ მომხდარა, როგორიც ახლაა.

შეხედეთ, კავკასიის რეგიონში ხდება ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ფორმირება და საქართველოს იქ არავინ არაფერს ეკითხება. ყველაფერს წყვეტენ სხვები და მათ შორის იმასაც გადაწყვეტენ სხვები, საქართველოს ადგილი სად იქნება.

  • „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, მაგრამ სხვა პოლიტიკური ძალები, იგივე ოპოზიცია არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესებში?

მართალი გითხრათ, მე ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. მგონია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ რისკებს, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ.

დიახ, მგონია, რომ ახლა ქართული პოლიტიკური სპექტრი აქტიურად უნდა მუშაობდეს, როგორც მეზობელი სახელმწიფოების ხელისუფლებებთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან, სადაც უნდა წარმოდგენილი იყოს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ხედვა, სად არის ჩვენი ადგილი ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როგორია ჩვენი ფუნქცია და როგორ უნდა მივიდეთ მის რეალიზაციამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: