პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო.
პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“.
„ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ ადამიანები დაუსჯელი რჩებიან სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის სრული კრახის გამო, ეს დამამცირებელია.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ვაშინგტონში დადება – სამხრეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკის ღრმა დამცირება და კრახია. რუსეთმა დაკარგა კონტროლი რეგიონზე და ამაზე პასუხისმგებელნი დაუსჯელები რჩებიან. დადგა დრო, რომ ვაღიაროთ შეცდომები და მოვითხოვოთ სამართლიანობა დიდი სახელმწიფოს სტატუსის აღსადგენად“, – ამბობს ის.
„როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები სრულიად დაუსჯელი რჩებიან სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის წარუმატებლობის გამო, ეს დამამცირებელია. ამ შეთანხმების დადება ვაშინგტონში ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. ასეთ ვითარებაში ვინ გაგვიწევს ანგარიშს უფრო მაღალ დონეზე? ეს ტკივილი, ეს შეურაცხყოფა, ეს სილა ზუსტად ასე უნდა აღიქვათ – როგორც სილა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ რუს ადამიანს. აზრი არ აქვს იმის თქმას: „რა ცუდები არიან! თითქოს გეუბნებოდით, რომ ფაშინიანი სოროსის ლეკვია, ალიევი კი ნაძირალა, რომელიც ერდოღანისთვის მუშაობს და ჩვენს მეგობრობას ღალატობს“.
პროპაგანდისტი ამბობს, რომ ევრაზიული ინტეგრაცია სრულად ჩავარდნილია. ის საკუთარ ტელეგრამ არხზე ასევე წერს:
„პრეზიდენტისგან იყო დირექტივა, რომ ევრაზიულ ინტეგრაციაზე გვემუშავა. ევრაზიულმა მოძრაობამ და სხვა რამდენიმე გულმხურვალე ევრაზიელმა 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე შემოგვთავაზეს მასში სრულად ჩართვა.
გვთხოვეს, არ ინერვიულოთო, ამბობდნენ, ყველაფერი კონტროლდებაო. 25 წელი გავიდა. ევრაზიული ინტეგრაცია სრულიად ჩავარდნილია: ერევანი, ბაქო, ასტანა, კიშინიოვი, ტაშკენტი, დუშანბე, ბიშკეკი – ყველაფერი დავკარგეთ. თბილისსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ყველა ჩვენი გეგმა, რომელიც არესტოვიჩის და სხვების მოყვანით კიევთან კონფლიქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, რაღაც საოცრად ცინიკური ღიმილით აღიქმებოდა.
ეს რა იყო? ევრაზიული ინტეგრაცია დაევალა მათ, ვისაც ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ატლანტიზმზე და დასავლეთზე იყო ორიენტირებული. შედეგი აშკარაა. 25 წელი გავიდა და ახლა არის ევრაზიული პოლიტიკის სრული კოლაფსი.
ისევ არ მოხდება დასკვნების გამოტანა და ყველა დაწინაურდება. რა საშინელებაა ეს?“ – წერს ის.
დუგინი ალიევისა და ფაშინიანის სამაგალითო დასჯას მოითხოვს:
„რაც მოხდა ალიევსა და ფაშინიანთან – ჩვენი დამცირებაა. ჩვენ წავაგეთ. საჭიროა თვალსაჩინოდ დაისაჯოს ის, ვინც ჩვენი საგარეო პოლიტიკა ასეთ შედეგამდე მიიყვანა.
ჩვენ გვჭირდება თვალსაჩინო დასჯა იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენი ქვეყანა ასეთ შედეგამდე მიიყვანა ჩვენს ახლო საზღვარგარეთის საგარეო პოლიტიკაში.
დროა ეს დავასრულოთ. ან ვართ იმპერია, სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია, ან ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ვაშინგტონში ვნახეთ, როდესაც ჩვენმა ორმა „მოკავშირემ“ ჩვენი მტრის ჩექმები გაილოკა…“
___
ამავე თემაზე:
სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ „მკაფიო ნაბიჯების გადადგმაზე“ ლაპარაკობს კრემლის პროპაგანდისტი სერგეი მიხეევიც.






