„ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის 34-ე ბაღთან, რომელიც 2018 წელს დიდი ზარზეიმით გაიხსნა. მასში მილიონობით ლარი გაიხარჯა და დღეს ეს ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ბაღებიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის გახდა კორუფციის წყარო,“ – პარტია „ლელო“ ბათუმში არსებულ საბავშვო ბაღების პრობლემაზე საუბრობს.
დღეს, 12 აგვისტოს, „ლელოს“ წევრებმა თამარის დასახლებაში მდებარე 34-ე საბავშვო ბაღთან ბრიფინგი გამართეს.
ბათუმის 34-ე საბავშო ბაღი მიმდინარე წლის აპრილში დაიხურა. ადმინისტრაციამ მშობლებს დახურვის მიზეზად, შენობაში გაჩენილი ბზარები დაუსახელა.
ბაღი ახლადაშენებულია. შესყიდვების პორტალის მიხედვით ბათუმის მერიამ ტენდერი 34-ე საბავშვო ბაღის აშენებაზე 2017 წელს გამოაცხადა. მის ასაშენებლად კი, 1 მილიონ 574 ათასი ლარი დაიხარჯა. დამატებითი თანხები დაიხარჯა ასევე შენობის რემონტსა და ინვენტარით აღჭურვაზე.
„ქალაქში, სადაც მუნიციპალური ბაღები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ქალაქში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება მუნიციპალური ბაღების გარეშე, 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში, ვერ შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს [საბავშო ბაღები] არ არის მთავარი პრიორიტეტი,“ – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.
ვაჟა დარჩიას თქმით, დღეს ბაღის ასაკის მქონე ბავშვების მშობლებისთვის, შვილების სახელმწიფო ბაღში დარეგისტრიტება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა.
„დარეგისტრირებაც კი იქცა კორუფციის წყაროდ, მშენებლობებიც იქცა კორუფციის წყაროდ. მაშინ როცა ჩვენს ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობს საბჭოთა სახლებში, წარმოუდგენელია 7 წლის წინ აშენებული ბაღი დაიხუროს იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდეს ავარიულის სტატუსი. მაშინ როცა მასში დაახლოებით 4 მილიონ ლარამდეა დახარჯული.
ამიტომ ეს მიუთითებს ერთ რამეზე, იმაზე რომ ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, ბავშვების ნორმალურ პირობებში ჩაყენება. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა არის რაღაცნაირად კორუფციული ინტერესები გამოკვეთონ და არა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინტერესები,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
რამდენი ბაღია ბათუმში მზად სექტემბერში ბავშვების მისაღებად და რამდენია ავარიულ მდგომარეობაში ან რემონტს საჭიროებს – ამ კითხვით მივმართეთ ბათუმის ბაღების გაერთიანებას.
პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.






