მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება

11.08.2025
ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება.

ინფორმაცია მერობის კანდიდატის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ცინცაძე ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ის ამ პოსტზე აჭარის მთავრობაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც თორნიკე რიჟვაძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის ნაცვლად სულხან თამაზაშვილი დანიშნეს.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეის შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

განახლება:

გიორგი ცინცაძის ოფიციალური ბიოგრაფია.

გიორგი ცინცაძე 2025 წლის 13 აპრილიდან იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2018-2022 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩეველად.

2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2008-2011 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებას.

მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფინანსების სპეციალობით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი.

2005-2006 წლებში მონაწილეობდა ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის „FHTW“ გაცვლით პროგრამაში.

ამავე წლებში დასრულებული აქვს თბილისის კავკასიის ბიზნესის სკოლა, ფინანსების მიმართულებით.

გიორგი ცინცაძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი და ტრენინგი სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში.

ის დაიბადა ბათუმში და არის 39 წლის.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: