მთავარი,სიახლეები

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

12.08.2025
დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია.

„მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, არის უბრალოდ ამ ქვეყნის საუკუნოვანი სწრაფვის ღალატი. ეს ღალატია ყველა იმ მსხვერპლისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც ახლა ხელის გაწვდენაზეა.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს,“ – მიიჩნევს შალვა შავგულიძე.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ვერ დაგვაშოროს ევროპას, რას ვკარგავთ უვიზო რეჟიმის გაუქმებით? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე შალვა შავგულიძეს ესაუბრა. იგი არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატია, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმის. შალვა შავგულიძე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.

  • ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რას კარგავს საქართველო, თუ უვიზო მიმოსვლას „ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის გამო გაგვიუქმებენ? 

უვიზო რეჟიმი ნიშნავს იოლ კომუნიკაციას, იოლ მიმოსვლას ევროპასთან. თუ ეს არ გვექნება და შეგვეზღუდება, მოგეხსნებათ, რამდენად რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული ევროპის ქვეყნებში ვიზის აღება. ეს გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.

ეს ნიშნავს დაშორებას დასავლური ცივილიზაციასთან, რაც არის უდიდესი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ სიკეთეებზე, რაზეც წვდომა გახდება რთული, ან შეუძლებელი: სამუშაოდ წასვლა ევროპაში, სამედიცინო მომსახურება ევროპული სტანდარტით, რაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და ასე შემდეგ. მრავალი სხვა, კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილება მოაკლდება ჩვენს ხალხს.

უმთავრესს გავიმეორებ: ეს არის დაშორება ევროპული, დასავლური ცივილიზაციისგან! ეს არის დამღუპველი.

  • დამღუპველი ახსენეთ – როგორ იცვლება ჩვენი დღევანდელობა „ოცნების“ დამსახურებით?  

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა, სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს და გაკეთოს ყველაფერი დასავლურ სივრცეში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებისთვის. ამ ხელისუფლებამ კი, პირიქით – ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ჩვენ დავშორებულიყავით და დავშორდეთ ევროპას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს.

კონსტიტუციაში წერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ევროკავშირთან და ნატოსთან, დასავლურ ცივილიზაციასთან სრულფასოვანი ინტეგრირებისთვისო და შენ საერთოდ ისე იქცევი, რომ ევროპა იძულებული ხდება, უარი თქვას და გაგიუქმოს ეს პრივილეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებ, რადგან ჩვენი ქვეყნის კეთილი მომავალი მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირებით არის შესაძლებელი.

როდესაც შენ ამას სპობ და რატომ სპობ? რის გამო აკეთებ ამას? – პირადი კეთილდღეობისთვის! პირადი ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის წინაშე და იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებებს. პირადი ვალდებულება აქვთ მთავრობის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან – დაწყებული პრემიერი კობახიძიდან, დამთავრებული რიგით მინისტრით, თუ მათი მოადგილეებით, რომლებიც მხარს უჭერენ პრორუსულ პოლიტიკას.

იგივე პარლამენტის წევრები პირადი ხეირის გამო ღუპავენ დღეს ქვეყნის იმ მომავალს, რომლისკენაც საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა ქრისტიანული საქართველო? მენტალურად ჩვენ დასავლური, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ვიყავით და ეს მენტალობა გვქონდა.

დასავლეთი არის ქრისტიანულ სამყაროსთან ინტეგრირება, დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირება. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა და ამას შესწირეს თავი თაობებმა ომებით და ბრძოლებით, რადგან აქ ხედავდა ჩვენი გენეტიკური კოდი – დასავლურ, ქრისტიანულ ცივილიზაციაში ინტეგრირებით ხედავდა თავის გადარჩენას და თავის მომავალს.

ახლა ამის ღალატი, ეს ქვეყნის ღალატია.

  • რა შემთხვევაში უშვებთ, რომ „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოს, რაც არის საჭირო უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად?  

არავითარი ასეთი მოლოდინი არ მაქვს.

მარტივად დგას საკითხი: ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი ვალდებულება რუსეთის წინაშე და ის იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებას, მას აქვს თავისი დღის წესრიგი: როგორმე უნდა მოახერხოს და ეს ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს, რომ დაუტოვონ ის ფული, რაც რუსეთში აშოვნინეს.

ამ მთავრობის წევრებს, „ოცნების“ წარმომადგენლებს, აქვთ თავიანთი ვალდებულებები ივანიშვილის წინაშე და არავითარ ვალდებულებას არ გრძნობენ ხალხის წინაშე – ამას არც ფიქრობენ. იციან, რომ თუ მოემსახურებიან ივანიშვილის ინტერესებს, დარჩებათ და კიდევ გაზრდიან მატერიალურ სიკეთეს, რომელიც სწორედ სამშობლოს ღალატში იშოვეს. თუ არ მოემსახურებიან, პიროვნულად დიდს არაფერს არცერთი არ წარმოადგენს, რომ თავისით შეძლონ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება.

ეს ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდიან ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის რაღაც კონკრეტული, ერთი ინტერესი – ეს არის ამ ხალხის და ამ სახელმწიფოს საუკუნოვანი სწრაფვა: ბოლოს და ბოლოს გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი!

ადრე სხვა განზომილება იყო დროის და სივრცის: მუსლიმური იმპერიები გვქონდა, ერთის მხრივ, ოსმალეთის და სპარსეთის სახით, მეორეს მხრივ, რუსეთი, რომელსაც თანამშრომლობა შევთავაზეთ და მუხანათურად გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა. რუსეთი ყველაზე დიდი დამპყრობლად თვითონ გადაგვექცა. ადრე ვერ აუდიოდი იქიდან რუსეთს, აქედან – სპარსეთს და ოსმალეთს. გეოგრაფიულად დრო და სივრცით ვიყავით შემოსაზღვრული და ვერ აუვლიდი ამას ადვილად გვერდს. ამიტომაც იყო, რომ სულხან-საბას და ჩვენი სხვა მოღვაწეების მცდელობა – დასავლეთისკენ მეტი ინტეგრირებისა – ვერ აღწევდა წარმატებას, მაგრამ ასე აღარ არის დღეს.

დღეს შეცვლილია დრო: ერთ მანძილზეა ნიუ-იორკი, გორი და ნოვგოროდი, შეიცვალა დროის და სივრცის განზომილება და ეს მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა. ამიტომაც ხდება დღეს მსოფლიოს გეოპოლიტიკის რაღაცნაირი გადალაგება – მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, არის უბრალოდ ამ ქვეყნის საუკუნოვანი სწრაფვის ღალატი. ეს ღალატია ყველა იმ მსხვერპლის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც ახლა ხელის გაწვდენაზეა.

რუსეთმა მოახერხა და აქ პრორუსული მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანით შეძლო, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ეს მისწრაფება – დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციისკენ. ვიმეორებ, ეს არის ქრისტიანული ცივილიზაცია, ეს არის ლიბერალური-დემოკრატია, სადაც ადამიანია პრიორიტეტი და არა რაღაც მოგონილი ღირებულებები. სწორედ ეს არის ქრისტიანობის ქვაკუთხედი: ერთ ადამიანს აქვს თავისი გზა ღმერთთან – ეს არის ქრისტიანობა!

  • რის გაკეთებაა საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპას ვერ დაგვაშოროს? 

წინააღმდეგობა საჭიროა, სწორი და გონივრული, თანმიმდევრული ბრძოლა, რომ ეს ეტაპი გავიაროთ და მოვერიოთ ამ პრორუსულ შემოტევას.

მოქალაქეებს რაც შეუძლიათ, აკეთებენ – ვხედავთ ხანგრძლივ წინააღმდეგობას, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი. საჭიროა პოლიტიკური სპექტრის უფრო გონივრული და მიზანდასახული, სწორი მოქმედება.

უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაუღალავად იბრძვის და ამ პროტესტს თითქმის ერთი წელია გამოხატავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: