გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსებს პირველ რიგში მდინარეების ფორსირება უჭირთ, მით უმეტეს, როცა მდინარის მეორე ნაპირი შემაღლებულია და იქ უკრაინელი მებრძოლები არიან ჩასაფრებული:
„ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
გადამდგარ გენერალს ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც ომი თითქოს სააკაშვილის მთავრობამ, შესაბამისად საქართველომ დაიწყო „დიფ სთეითის“ დაკვეთით.
„ვინ გაისროლა პირველი, ეს არ არის ომის დაწყების განმსაზღვრელი ინდიკატორი. როდესაც საგუშაგოზე დგას სამხედრო მოსამსახურე და საგუშაგოს მიმართულებით ხორციელდება თავდასხმა, ამ დროს საგუშაგოდან გუშაგი ახორციელებს გასროლას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუშაგმა განახორციელა აგრესია და შეუტია მომხვდურებს,“ – ბრაზი დაეტყო გადამგარ გენერალს და იმასაც გაუსვა ხაზი, კობახიძის ეს განცხადება ზახაროვამ რომ უკვე გაიმერა.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, რა ცვლილებებია?
დიდი ცვლილებები არ არის, კვლავ რუსებს აქვთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, მაგრამ დიდი დანაკარგის ფასად. ამავე დროს, უკრაინელები ახორციელებენ მეორე ოპერატიული ეშელონის მშენებლობას – ორგანიზება – ფორტიფიცირებას. ეს არის იმ შემთხვევისთვის, თუ მოუწევთ უკან დახევა. ეს ეხება აღმოსავლეთ-ცენტრალურ მიმართულებას.
პოკროვსკის მიმართულებაზე, სიღრმეში, სადაც არის მეორე ოპერატიული ეშელონები, უკრაინელებმა შესაძლოა უკან დაიხიონ – 16 კილომეტრამდე არიან ერთმანეთთს მიახლოვებული რუსების ალყის შემქნელი დანაყოფები. აქ რუსები ცდილობენ სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალყაში მოაქციონ პოკროვსკი, დასახლებული პუნქტი, სადაც დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს.
ამ ალყის მარწუხები თუ ერთმანეთს მიუახლოვდება 10 კილომეტრით და უფრო მეტად, რაც რუსებს საშუალებას მისცემს, ღრიჭო ორივე მხრიდან დაფარონ ცეცხლით, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის დადგება საკითხი, გავიდნენ და არ მოხვდნენ ალყაში. ისინი თუ გავლენ ამ ალყიდან, წინასწარ უნდა იყოს მომზადებული უკან დახევის შემდგომი პოზიციები.
- გამოდის, რუსებს აქვს რაღაც ტიპის წარმატება ამ ეტაპზე?
ფრონტი მთლიანად არის 1500 კილომეტრზე გადაჭიმული და შედგება რამდენიმე მონაკვეთისგან. თითოეულ მონაკვეთზე არის განსხვავებული ვითარება, რაც დამახასიათებელია იმ მონაკვეთისათვის. მაგალითად, სუმის მიმართულებაზე უკრაინელებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება და დაპირისპირების გადაყვანა სტაბილურ ვითარებაში. შესაბამისად, უკრაინელებმა შეძლეს რუსების შეტევის მოგერიება ამ მიმართულებაზე.
ასევე, საინტერესოა ლიმანის მიმართულება. ლიმანი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, რომელიც ადრე რუსებმა დაიკავეს და შემდგომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს – ამ მიმართულებით რუსები ახორციელებენ შეტევას, აგვისტოს დასაწყისიდან გარკვეული წინსვლა აქვთ, მაგრამ წინსვლა აქვთ ძალიან მცირე მანძილზე და ძალიან ნელი ტემპებით.
ლიმანიდან შესაძლებელია სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერატზე გასვლა ჩრდილო-დასავლეთის აღმოსავლეთი მიმართულებიდან, მაგრამ ეს რომ განახორციელონ რუსებმა, მათ ჯერ ორი მდინარის ფორსირება უნდა შეძლონ. პირველი – ჩორნი ჟერებეცი დიდი მდინარე არ არის, მაგრამ ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.
წინსვლისთვის რუსებმა უნდა გადალახონ ეს მდინარე, მერე ალყა შემოარტყან ლიმანს – დასახლებულ პუნქტს, მისი აღების შემდეგ კი, რუსებს წინ დახვდებათ საკმაოდ ფართო და ხშირი ტყის მასივი, სადაც შეტევის განხორციელება ძალიან დიდი ძალისხმევის გამოყენებითაც კი, ურთულესი ამოცანაა და არა მგონია, უკრაინელებმა ეს არ გამოიყენონ დაცვისთვის.
ტყის მასივში რომც გავიდნენ რუსები, მიადგებიან უკვე მნიშვნელოვან მდინარეს – სევერნი დონეცს. ტყის მასივის გამოყენება მომგებიანია ზოგადად ფარულად მიახლოვებისთვის წყლის ზღუდეზე, მაგრამ ტყის მასივი ხელს უშლის მნიშვნელოვანი საინჟინრო ტექნიკის გადაადგილებას – ტექნიკის გარეშე კი, მდინარის ფორსირება რუსებისთვის შეუძლებელია. ამ მდინარის მეორე ნაპირი უკრაინელებს აქვთ დაკავებული – აქ არის ქალაქი სლავიანსკი, რომელიც ძლიერად გამაგრებულია, რის აღებაც ასევე, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია რუსების დღევანდელი შესაძლებლობით.
წარმოუდგენლად მეჩვენება წლის ბოლომდე რუსებმა შეძლონ ლიმანის აღება და მიუახლოვდნენ სლავიანსკის მიმართულებას.
გააქტიურება შეიმჩნევა ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებაზეც. ქალაქ ხერსონს გააჩნია გარეუბანი კარაბელნი, რომელიც ძირითადი, ცენტრალური ნაწილიდან გამოყოფილია მდინარე დნეპრის ერთ-ერთი ტოტით – ამ რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელ ხიდს ურტყამენ რუსები ბოლო პერიოდში. ვერ გეტყვით, რა სამხედრო მიზანი გააჩნია ამ დარტყმებს, არა მგონია, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა ჰქონდეს ამ ხიდს იმის გარდა, რომ ცხოვრებას გაურთულებს ამ რაიონში მაცხოვრებლებს.
ასევე გამოჟონა რუსების წყაროებიდან, რომ თითქოს პუტინმა ბრძანება გასცა სასწრაფოდ დაიკავონ ხერსონის და ზაპოროჟიეს რაიონებში ის ადგილები, რაც დაკავებული არ აქვთ რუსებს.
- თქვენი დაკვირვებით, რა გათვლებით მოქმედებს ამჯერად პუტინი?
მას აქვს გაცხადებული, რომ ეს არის რუსული რაიონები, რომლის ნაწილიც უკვე დაკავებულია.
ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ამ შემთხვევაში პუტინი თითქოს ახერხებს იმ დანაპირების შესრულებას, რომ დაიკავებდა 4 რაიონს მთლიანად, ესაა: ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. ბოლო ორ რაიონში რუსეთს ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი აქვს დაკავებული.
- ბრძოლის არსებული ტემპის მიხედვით, ალბათ მარტივად ვერც დაიკავებენ ამ რაიონებს სრულად რუსები. პუტინი აპირებს, რომ კონკრეტულად ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპაციაზე კონცენტრირდეს?
მარტივად კი არა, უდიდესი ძალისხმევითაც კი ძალიან ეჭვი მეპარება, შეძლოს. აქ საუბარია დნეპრზე, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, არ არის მდინარე გუმისთავი – ჩხერიმელა. ეს არის მდინარე, რომლის გადალახვა საჭიროებს შესაბამის ტექნიკურ და საინჟინრო მომზადებას. ამის ძალა და საშუალება რუსეთს არ გააჩნია. ამას დიდი ხანია ვაკვირდებით.
ამას ემატება ისიც, რომ მარჯვენა ნაპირი, ანუ მდინარე დნეპრის უკრაინული ნაპირი არის უფრო მაღალი, ვიდრე რუსების მიერ დაკავებული, დაჭაობებული მარცხენა ნაპირი. ეს კიდევ უფრო ურთულებს რუსებს ამოცანას. უდიდესი ალბათობით რუსები ამას წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ. არ ვიცი, რა ცვლილებები იქნება მომავალ წელს.
გაჟონა ასევე ინფორმაციამ, რომ ამ მიმართულებაზე აპირებენ გადაისროლონ ე.წ. „აფრიკული კორპუსის“ ძალები – ყოფილი ვაგნერელები, 2 ათასამდე კაცი, ვინც აფრიკაში იმყოფება, თუმცა ვაგნერელები ხიდს ვერ გადებენ ახლა მდინარეზე და პონტოვნებს ვერ აიკიდებენ ზურგზე, ეს უნდა გააკეთონ საინჟინრო ძალებმა, ამის ძალა კი, რასაც რუსეთს ვუყურებთ, დღეს არ გააჩნია.
- 8 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე. დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც… რა დონეზე ახერხებს უკრაინა საჰაერო თავდაცვას?
ამ დრონების დიდი რაოდენობა უკრაინელებმა ჩამოაგდეს. როცა 500 დრონი უტევს და იქედან 20 ხვდება მიზანს, დათვალეთ, რა პროცენტულობით ხდება მათი განადგურება. მსოფლიოში არ არსებობს არსად 100%-იანი საჰაერო თავდაცვა. ეს არც ისრაელს გააჩნია და არც რომელიმე სხვა ქვეყანას.
ძირითადად ეს თავდასხმა მიმართულია სამოქალაქო ობიექტებზე, ხარკოვის მიმართულებაზეც დაბომბეს, მაგალითად, სანოტორიუმი: ორი ბავშვია დაზიანებული, დაღუპულებიც არიან და დაშავებულებიც. არანაირი სამხედრო ობიექტი იქ ახლო-მახლო არ არის. ეს რუსების ხელწერაა, რაც არ შეიცვლება. უკრაინაში ალბათ ამას უკვე შეგუებულიც კი არიან.
- პუტინის და ტრამპის შეხვედრის შესახებ მინდა გკითხოთ: რა მოლოდინი გაქვთ? 8 აგვიტოს გავიდა ცეცხლის შესაწყვეტად რუსეთისთვის მიცემული ვადა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ჩემი გადასახედიდან საქმე გვაქვს შემდეგთან: ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვდება პუტინს და შემდეგ იქნება სამმხრივი შეხვედრა, ანუ უკვე ზელენსკის მონაწილეობით. მოგეხსნებათ ისიც, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ შეხვედრა ვაშინგტონში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამპი ცდილობს, რომ აიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. განცხადებებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ტრამპის მიზანია, ცეცხლის შეწყვეტას მაინც მოახერხოს, რაც ჩაითვლება პოზიტივში.
კარგია, რომ კონკრეტული პირობები დადებულია რუსების მხრიდან. რამდენად მისაღებია ეს უკრაინისთვის, ცალკე თემაა, მაგრამ კონკრეტიკა ისმის.
ვრჩები იმ აზრზე, რომ წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას.
- მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთი არ აპირებს სრულმასშტაბიან ზავზე დათანხმებას და შესაბამისად რუსეთის არმიის სახმელეთო იერიშები გაგრძელდება, თუმცა დათმობის სახით კრემლში განიხილავენ საჰაერო დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. რა გათვლით შეიძლება აწყობდეს პუტინს ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე?
ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მიღწევადია არსებულ ვითარებაში.
გასაგებია, რომ პუტინს აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც მას მოეწონება და რაც შორია რეალობიდან, რეალობა კი საკმაოდ მძიმეა, მაგალითად, უკრაინაში გამოქვეყნდა დაზვერვის მიერ მოპოვებული რამდენიმე დოკუმენტი, რაც არის რუსეთის 41-ე საველე არმის შტაბიდან გამოტანილი მონაცემები და ეს გაერთიანება მოქმედებს პოკროვსკის მიმართულებაზე.
ამ მონაცემების მიხედვით, არმიის მიერ დაღუპულთა ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების რაოდენობით დგინდება, რამდენი კაცი ჰყავთ დაღუპული. საუბარია იმაზე, რომ 2025 წლის ივნისის დასაწყიდან დღემდე 8600 კაცი არის დაღუპული. არმიის ზომა კი, არის 20 ათასი, მაქსიმუმ 25 ათასი. დაღუპულები ძირითადად არიან საბრძოლო დანაყოფებიდან, ახლა გამოვითვალოთ, რამდენი პროცენტია დაღუპული არმიაში, თუ 25 ათასიდან 8600 კაცია დაღუპული?!
გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია ასევე მოცემულია დეზერტირთა პროკურატურაში გადაცემული საქმეები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 8 ათასამდეა. ამის გარდა, გამოქვეყნებულია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელსაც დახმარება ეძლევა უგზო-უკვლოდ დაკარგულებისთვის. მათი რაოდენობა კი, დაახლოებით 10 ათასი კაცია. ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩათვალეთ, რომ ან ტყვეა უკრაინაში, ან დიდი ალბათობით, მოკლულია და მისი გვამის გატანა ვერ ხერხდება.
ეს ყველაფერი რომ შეაჯამოთ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ არმიამ თავიდან ბოლომდე შეიცვალა პირადი შემადგენლობა.
საინტერესოა, ასევე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ 2024 წელს დარიგდა 150 ათასი პროთეზი. პროთეზი ძირითადად დარიგებული იქნება სამხედრო მოქმედებებში მონაწილეებისთვის.
ეკონომიკურად რომ უჭირს რუსეთს, ესეც ფაქტია: რამდენიმე საწარმოში – ეს იქნება ავტობუსების წარმოება, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, თუ ქვანახშირის მომპოვებელი მაღარო – გადადიან 4-დღიან სამუშაო კვირაზე. ეს ხდება იმის გამო, რომ მათი პროდუქტი აღარ არის საჭირო – ვერ ასაღებენ.
- ამ მოცემულობაში როგორ შეიძლება თავი იმართლოს პუტინმა, თუ ის ცეცხლს შეწყვეტს?
პუტინი თავის მართლებას არავისთან არ აპირებს, მით უმეტეს, შიდა აუდიტორიისთვის. ეს არის მისთვის მორჩილი, როგორც თვითონ ეძახიან ბიო-მასა, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას დაიჯერებს.
რუს პროპაგანდისტებს რომ მოუსმინო, რუსები წარმატებული არიან. ბოლო ტყუილი იყო ის, რომ თითქოს აშშ-მა შესთავაზა პუტინს შეხვედრა. შემდეგ გამოდის აშშ-ს წარმომადგენელი და აცხადებს, რომ პუტინის მიერ იქნა ტრამპისთვის შეთავაზებული შეხვედრაო. ვის უფრო დაეჯერება?
რუსეთის გზავნილი ესაა, რომ ებრძვიან ნატოს, ებრძვიან მთელ მსოფლიოს და რუსეთი მარტოა, როგორც ლავროვმა განაცხადა, პირველად ხდება მსოფლიო ისტორიაში – რუსეთი მარტო ეომება მთელ დასავლეთსო. თითქოს დაავიწყდა ბელარუსი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
რუსეთისთვის ეს არის დამახასიათებელი – თვალებში გიყუროს და ისე მოგატყუოს შავით თეთრზე.
- დანაკარგები და ეკონომიკური დასუსტება არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც პუტინს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა?
დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მას არ აწყობს ომის დასრულება – ამ შემთხვევაში ეს შეიარაღებული ბრბო მიუბრუნდება უკან და იქნება დიდი სოციალური პრობლემა.
წარმოიდგინეთ, 300-ათასიანი ჯარის უკან დაბრუნება, როცა მათ უკვე ხელფასი აღარ ექნებათ. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი ჯარები რჩებიან პოზიციებზე, რჩებიან განსაზღვრულ რაიონებში და იღებენ ხელფასს.
- რამდენად ძლიერდება ამ დროს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის და რუსეთის ენომიკური, პოლიტიკური დასუსტების გათვალისწინებით, რამდენად იქმნება იმის პირობა, რომ უახლოეს პერსპექტივაში გარდამტეხი მომენტი დადგეს რუსეთ – უკრაინის ომში?
მიჭირს რაიმეს თქმა გარდამტეხი მომენტის დადგომაზე – უკრაინა უნდა გაძლიერდეს, მან უნდა გამოყენოს ეს ცეცხლის შეწყვეტა და გაძლიერდეს ისე, რომ გარდატეხა შეიტანოს, ან ყოველ შემთხვევაში დაელოდოს უახლოეს მომავალში მომენტს, როცა შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა არსებულ ვითარებაში.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ის, რომ უკრაინელების განწყობები კარგად ვიცი და ისინი არ არიან კმაყოფილი ცეცხლის შეწყვეტის იდეით. არ არის ისე, რომ ერთი სული აქვთ, როდის მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ხვდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს უკრაინაზე ამ მიმართულებით.
ცეცხლის შეწყვეტა იქნება გამოწვევა ორივე მხარისთვის. გამოწვევის დროს მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გამოიყენებ არსებულ ვითარებას. ორივე მხარე შეეცდება გამოიყენოს ეს თავის სასარგებლოდ.
აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დასავლეთის მხრიდან მაქსიმალურად უკრაინის გაძლიერება, რაც დაწყებულია და ვერავინ იტყვის იმას, რომ დასავლეთი არ ეხმარება უკრაინას. იზრდება ეს დახმარება და მე იმედი მაქვს, რომ უკრაინა შეძლებს კუმულაცია მოახდინოს აი ამ დახმარების ისე, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი ფაზა არ გამოიყენოს საომარი მოქმედების განახლებისთვის.
- მინდა გკითხოთ ასევე ზანგეზურის დერეფნის შესახებ: რა სამხედრო ინეტერესი აქვს აშშ-ს ამ დერეფნის მიმართ? არსებობს მოსაზრება, რომ ეს სჭირდება აშშ-ს იმიტომ, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს ირანის წინააღმდეგ.
პირდაპირ სამხედრო ინტერესზე საუბარი არასწორია, მაგრამ ამ რეგიონში შემოდის აშშ. ხელშეკრულება, რომელიც ეხება აშშ-ს, სომხეთს და აზერბაიჯანს და არის ეკონომიკური, აშშ-ს მისცემს საშუალებას, რომ რეგიონში გაიმყაროს თავისი პოზიციები. რეგიონში შემოსვლა უფრო ეკონომიკური ფორმით იქნება, მაგრამ ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა.
არ ვიცით ჩვენ ირანს რა რეაქცია ექნება ამ მიმართულებით – არანაირად ირანს ეს არ აწყობს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ფაქტია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამერიკასთან პოულობენ ძალიან კარგ გზებს და ჩვენ ვრჩებით ამ გზის მიღმა. ამ ვითარებაში ჩვენ თამაშგარეშე მდგომარეობაში დავრჩებით, თუ არ გადავდგით შესაბამისი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
- ჯერ-ჯერობით „ოცნების“ პრემიერის გზავნილები ემთხვევა ზახაროვას გზავნილებს… 8 აგვისტოს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომი „სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა“ დაიწყო „დიფ სთეითის დაკვეთით“. რას ნიშნავს ეს განცხადება თქვენთვის, როგორც გადამდგარი გენერლისთვის?
პოლიტიკურ განცხადებებს მე ვერ შევაფასებ, ვიტყვი მხოლოდ ომთან დაკავშირებით: ვინ გაისროლა პირველი, ეს არ არის ომის დაწყების განმსაზღვრელი ინდიკატორი. როდესაც საგუშაგოზე დგას სამხედრო მოსამსახურე და საგუშაგოს მიმართულებით ხორციელდება თავდასხმა, ამ დროს საგუშაგოდან გუშაგი ახორციელებს გასროლას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუშაგმა განახორციელა აგრესია და შეუტია. შეიძლება უხეში მაგალითია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინ გაისროლა პირველი, ამას არც აქვს მნიშვნელობა: ფაქტია, რომ რუსეთი ახდენდა კონფრონტაციას.
საუბარია ალბათ პროვოკაციის წამოგებაზე. ამ შემთხვევაში საკითხი დგას რუსეთის მიერ მომზადებულ პროვოკაციაზე – წამოგებასა თუ არწამოგებაზე, რამდენად მზად ვიყავით ამ პროვოკაციაზე სწორი რეაგირებისათვის. პოლიტიკური გამონათქვამების სიღრმეში არ შევალ, მაგრამ „ომი დაიწყო საქართველომ“, ეს არ არის სწორი – რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის. რუსეთმა შექმნა ყველა წინაპირობა ამ ომისთვის.
ეს უფრო პოლიტიკურად დამაზიანებელი განცხადებაა, ვინაიდან მოჰყვა ამას უკვე ზახაროვას განცხადება, რომ საქართველო აღიარებს ამ ომის დაწყებას და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთზე შეიძლება საუბრის დაწყება. რუსეთი განიხილავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
დარწმუნებული ვარ, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, ვერცერთი ხელისუფლება ვერ და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
- იქნებ გვამზადებს ამისთვის ირაკლი კობახიძე – ის რუსეთს საერთოდ აღარ ახსენებს 8 აგვისტოს.
ვერ შევაფასებ კობახიძის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ყველა განცხადებას აქვს თავისი მიზანი, მით უმეტეს, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ხდება განცხადების გაკეთება, მას აქვს თავისი წონა. ამდენად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ყველა განცხადება ძალიან გულდასმით უნდა იყოს აწონ-დაწონილი და ფრთხილად გაკეთებული.





