„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“.
მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად.
- ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზიის შესანარჩუნებლად. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს ამ პირობების შესრულებისთვის. ოპოზიციის წევრებს თუ გაქვთ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან ამ თემაზე და როგორ აპირებთ მუშაობას თუნდაც ამ ერთ თვეში მათთან?
გარდა იმისა, თუ რა უნდათ გავაკეთოთ გარეთ, ევროკავშირის განცხადებაში არის ის, რომ მან ნათლად დაუსახა ქართველ ხალხს, ქართულ პროდასავლურ ოპოზიციას, ძალიან კონკრეტული ამოცანა. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ არაფერს არ ველით, იმიტომ რომ რუსული ოცნებაა და ისინი რეალურად არაფერს გააკეთებენ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ ვიდგეთ და ვიძახოთ, რა ცუდია „ქართული ოცნება“ და მისი ბრალია, რომ ქვეყანას არ ექნება ლიბერალიზაცია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.
პირველ რიგში ეს მოქმედება არის პროტესტი და მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხს უდგება პასუხისმგებლობით და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეგუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრძვის მათი წასვლისთვის.
ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიო ამოცანაა, რომ სექტემბერში პროტესტის ახლი ეტაპი დაიწყოს. მათ შორის ვიზებთან დაკავშირებით. ეს ღიად უნდა ვთქვათ. 31 აგვისტო არა მხოლოდ „ოცნებისთვის“ არის დედლაინი, არამედ ჩვენი მოქმედების დედლაინიცაა გარკვეულწილად.
ჩვენ სექტემბერში უნდა ვაჩვენოთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ძალიან დიდი მასშტაბით.

ელენე ხოშტარია/ „დროა“.
- ხომ არ იქნება სექტემბერი დაგვიანებული ახალი მოქმედებების დასაწყებად?
აგვისტო არის „ოცნებისთვის“ დედლაინი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტემბერში დაიწყება შეჩერების პროცედურა. მათაც იციან, რომ„ოცნების“ მთავრობა არაფერს იზამს და დაიწყება განხილვები სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში.
ამიტომ ჩვენ ქართველი ხალხის ბრძოლა კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ კარგად ევროპას, რომ მოცემულობა არის არა მხოლოდ რუსული მთავრობა, არამედ ქართველი ხალხის ბრძოლაც. ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვიბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მარტო ვიზალიბერალიზაციაზე არ არის აქ საუბარი, საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ღირსება, თავისუფლება და შესაბამისად, ევროპული პერსპექტივა თავის ვიზალიბერალიზაციით უნდა შევინარჩუნოთ, მოვუფრთხილდეთ და არ გავატანოთ რუსულ ოცნებას.
მეორე კომპონენტი არის გარე კომუნიკაცია. ამ გარე კომუნიკაციაში გვაქვს ორი ამოცანა, ერთი ისევ და ისევ ბრძოლის ჩვენებაა. მეორეა იმის ჩვენება, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, თუ რა მარტივია იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქვს ევროკავშირს დაყენებული.
ოპოზიციის კოალიციური ხედვა, რვა პარტიას ამაზე რაც გაგვაჩნია, ჩამოყალიბებულია და ამაზე ვმუშაობთ სწორედ, რომ ეს ხედვა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც დისტანციური, რადგან ამ პერიოდში ვიზიტების დრო არ არის, ევროპაშიც შვებულებების პერიოდია, მაგრამ კომუნიკაცია არის მუდმივი, როგორც ევროპარლამენტთან, ასევე ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურებთან, ცალკეულ დედაქალაქებთან, რადგან ესეც ცალკე ამოცანაა, რომ დედაქალაქებთანაც გვქონდეს ეს კონტაქტი.
სალომე ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ გარე ფრონტზე და მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები.
გიორგი წერეთელი მუდმივად დადის ვიზიტებზე, თინა ბოკუჩავას აქვს ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტები და ვფიქრობ, ეს ფუნქციები გადანაწილებული იქნება.
ევროპასთან კომუნიკაცია გვაქვს ასევე საელჩოების მეშვეობით, მიმოწერის მეშვეობით და ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება, მაგალითად, პოლიტპატიმრებს, აქტივისტებს, ნინო დათაშვილზე მივაწოდეთ ინფორმაცია და ასე შემდეგ. ყველაფერი მყისიერად ეგზავნება ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ ჰქონდეთ სრული სურათი.
ჩვენი ამოცანაა ერთი მხრივ დავანახოთ პარტნიორებს, რომ ვიბრძვით, მეორეს მხრივ დავანახოთ მათ, რომ გვაქვს ხედვა, როგორ უნდა შევცვალოთ „ოცნების“ ხელისუფლება და მესამე, – როგორ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულებები.
- „ოცნებას“ ალბათ აწყობს კიდევ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადგან ამით კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროკავშირს და დაუახლოებს რუსეთს, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს ამ საფრთხეებს, იმ ხალხთან კომუნიკაციის ფორმა უნდა შეიცვალოს? თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას, რომ კარგად აუხსნათ ხალხს, რა განსაცდელში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა იზოლაციის პირობებში?
ვფიქრობ, ხალხს ესმის ევროპის მნიშვნელობა, ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, შემოსავლისთვის და სწორედ ამიტომ არის უამრავი ადამიანი წასული საქართველოდან ევროპაში.
რატომ არიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? – იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის, ცალკეული ოჯახების დონეზე, რომ პერსპექტივა და შესაძლებლობა არის სწორედ ევროპაში.
აქედან გამომდინარე, გააზრების პრობლემა არ არის, აქ სხვა პრობლემა გვაქვს და ეს არის პროპაგანდის პრობლემა.
„ქართული ოცნება“ ხან ომის პროპაგანდით, ხან „დიფ სთეითით“ ემუქრება ხალხს, რომ თითქოს არანორმალურ რაღაცებს გვთხოვენ ევროპიდან და ასე შემდეგ. ამიტომ პოლიტიკური სპექტრის ამოცანა არის ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ და საზოგადოება ვერ მოატყუოს „ოცნებამ“.
- როგორ აპირებთ დაპირისპირებას, გაქვთ ნაფიქრი?
ჩვენ, რვა პარტიას, გვქონდა, მაგალითად პროექტი სწორედ პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით. გავაკეთეთ ვიდეო მასალა, ფილმი ომისა და მშვიდობის თემაზე, რომელიც გავუშვით რუსთაველზე და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა.
რუსთაველზე ვინც დგას, ვფიქრობ მას გააზრებული აქვს ეს საფრთხეები მეტ-ნაკლებად.
რუსთაველის ჩვენება არის პოლიტიკური აქტი, სოცმედია პროდუქტი, რომელიც სწვდება ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან დიდი ინტერესი იყო. ასევე ვაპირებთ, რომ არაერთ ქალაქში და უბანში გვქონდეს ასეთი კომუნიკაცია და მარტო ერთ ფილმზე არ არის აქ ლაპარაკი, რადგან პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება როგორც სატელევიზიო პროდუქტი და სოცმედია, ასევე უშუალო, პირადი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
როცა ჩვენ დავიწყეთ ადამიანების რეგისტრაცია წინააღმდეგობის მოძრაობაში, ამას ჰქონდა დიდი გამოხმაურება, უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა და მერე მათთან გვქონდა შეხვედრები, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროპაგანდისტულ ხაზებს და შემდეგ ეს ადამიანებიც გახდნენ ამ პროპაგანდაში სიმართლის მატარებლები და გამავრცელებლები. ამიტომ ეს ხედვა, თუ როგორ არ უნდა მივცეთ საშუალება პროპაგანდას იმუშაოს, გვაქვს, როგორც სოციალურ და სატელევიზიო მედიაში, ასევე, პირდაპირ კომუნიკაციაში.
- თქვენ თქვით, რომ გააზრების პრობლემა არ არის ხალხში. მაშინ პროპაგანდა როგორ ახდენს გავლენას მათზე?
პროპაგანდა იმაში მდგომარეობს ზუსტად, რომ ადამიანებს გააზრების უნარის პირობებშიც კი ურევს სიმართლეს, ანუ ანაცვლებს რაღაც ცნებებს და ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას.
პროპაგანდა სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ის ემსახურება ადამიანების დაბნევას, პირველ რიგში. იმას, რომ ეჭვი დაბადო ადამიანების ტვინში, საერთოდ ვერ გაიგონ რა ხდება და ასე შემდეგ.
მანიპულაცია არის პროპაგანდის იარაღი, რომელსაც ჰიბრიდული ომის პირობებში იყენებს რუსული ოცნება აქტიურად და თავის დროზე იყენებდა რუსეთი.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გააზრებული აქვთ ეს, მაინც სჭირდებათ პოლიტიკური სპექტრისგან მკაფიო ინფორმაციის მიწოდება.
- ბევრი ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, ვისაც ვესაუბრებით, ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო გრძელვადიანი სტრატეგიებისთვის, რომ საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, თუ იქნება ძლიერი პროტესტი, ამან შესაძლოა შეცვალოს ევროკავშირის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე? თუ ფიქრობთ, რომ ისინი მაინც მიიღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებას?
გარე ფონზე ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სურათი. ერთი არის ის, რომ გეოპოლიტიკური სურათი იცვლება აბსოლუტურად რუსეთის საწინააღმდეგოდ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდაც.
ვხედავთ, რომ რუსეთი სუსტდება სირიაში, ირანში, უკრაინაში ვერ აღწევს საკუთარ მიზნებს, ამერიკისთვის ეს არის დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი საკითხი. ევროპულ დედაქალაქებთან ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის პრობლემის მოგვარებასთან ერთად, რუსული რეჟიმიც მოცილებული იყოს ამ რეგიონიდან, რომელსაც მართლა გაუჩნდა ნამდვილი მშვიდობის პერსპექტივა.
შესაბამისად, გარე მოვლენები არის ერთი მიმართულება, რომ ჩავჯდეთ ამ გეოპოლიტიკურ სურათში, რომელიც იკვრება. მეორეა აჩვენო, რომ იბრძვი. იმიტომ, რომ თუ იქ არ ჩანს, რომ შენ იბრძვი, მაშინ შენ იქ წარმოგადგენს „ოცნების“ მთავრობა.
ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ „ოცნება“ არის არალეგიტიმური, რომ ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ, აქ არ არის ნორმალური ვითარება, რომ აქ არის კრიზისი და ქართველი ხალხი იბრძვის, რომ უდიდესი ნაწილი არის ციხეში და ციხეში არიან სწორედ იმიტომ, რომ არ ეგუებიან ამ რეჟიმს. შესაბამისად, როდესაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ უმრავლესობის ბრძოლას, მაშინ ამ გეოპოლიტიკურ სურათში ჩაჯდომით ბევრად უფრო დიდი საშუალება გვაქვს.
თუ ჩვენ შევეგუებით რეჟიმს, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა – ვაჩვენოთ გარეთ, რომ ვიბრძვით. არ ვიცი რამდენხნიანი იქნება ეს ბრძოლა, შეიძლება ხვალ, შეიძლება ერთ საათშიც ჩამოიშალოს ეს რეჟიმი. მთავარია – ჩვენ რეჟიმს ვუტევთ, თუ ვეგუებით.
რა თქმა უნდა, ევროპა უსასრულოდ არ დაელოდება საქართველოს, მაგრამ დრო იმ თვალსაზრისით მუშაობს, რომ ყოველი დღე პრობლემა უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენ ვხედავთ შიდა ბზარებსაც.
- შესაძლოა სასარგებლოდ მუშაობს ამ მხრივ დრო, მაგრამ შესაძლოა მუშაობდეს საზიანოდაც, რადგან ვხედავთ რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, ისე წყდება პოლიტიკური საკითხები, რომ არსად ისმის საქართველოს ხმა. ამ კონტექსტში თუ შეუძლია ოპოზიციას გავლენიან ფიგურანტებისთვის ხმის მიწვდება?
უხერხულ მდგომარეობაში ნამდვილად ვერავის ჩავაყენებ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან კომუნიკაცია არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ამ რეგიონში ნამდვილი მშვიდობის მშენებლობით არიან დაკავებული, ესმოდეთ, რომ საქართველოს გარეშე ეს მშვიდობა ვერ იქნება სრულყოფილი.
მეორე – საქართველოს გარეშე ვერც ზანგეზურის დერეფანი იმუშავებს სრულყოფილად, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამხრეთ კავკასიაში სამივე ქვეყნის ერთად მუშაობით არის მხოლოდ შესაძლებელი იმ სიკეთეების მოტანა, რაც ამ შეთანხმებაშია. ამაზეა სამუშაო ჩვენს პარტნიორებთან. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ეს სამხრეთ კავკასიის თემას სცდება და ეს არის შემაკავშირებელი, პრაქტიკულად აბრეშუმის გზა.
- თუმცა ამ აბრეშუმის გზამ შესაძლოა საქართველოს დაუკარგოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში.
ვერ აგვივლის გვერდს ეს ჩვენ, იმიტომ, რომ რუსულ რეჟიმს მოვიცილებთ და ის ამოცანები, რაც დგას ამ აბრეშუმის გზის წინაშე, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობა, იქნება საჭირო. ამიტომ, მთავარი, რაც ჩვენ ახლა გვაბრკოლებს, ეს არის ამ რეჟიმის არსებობა და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთადერთი წინაღობა დაგვრჩა მისი სახით.
მთელი მსოფლიო ლაგდება ისე, როგორც საქართველოს ინტერესებს შეეფერება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ სამხრეთ კავკასიის ერთად შეკვრით და შავი ზღვის უსაფრთხოებით არის შესაძლებელი მხოლოდ ევროპაში მშვიდობა და ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
ევროპას ძალიან კარგად ესმის და ამერიკასაც, რომ შეკრული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და სამივე ქვეყნის თავისუფლება რუსეთისგან არის მათ ინტერესში. უბრალოდ უნდა დაინახონ, რომ ამ ინტერესისთვის მათ კი არ ვავალებთ, რომ რაღაც შემიცვალე აქ, არამედ ჩვენ თავადაც ვიბრძვით და მხარდაჭერას ვთხოვთ, რომ ეს ისტორიული ბრძოლა გავაგრძელოთ.
_______________
ფოტოზე: ჩელიაბინსკი, რუსეთი და ამსტერდამი, ნიდერლანდები






