მთავარი,სიახლეები

შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი

13.08.2025
შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით, გასულ 24 საათში საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.

დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.

ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა“ – წერს შსს.

უწყების ცნობით, თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: