„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით.
გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე.
ნიკოლოზ ალავიძის თქმით, საქართველოში დღეისათვის კარგად მუშაობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. მისი თქმით, ამ პროპაგანდის მსხვერპლი სავარაუდოდ არ გახდება ის ხალხი, ვინც სათაურებს მიღმა, ცოტა მეტს კითხულობს, მაგრამ აუცილებლად გახდებიან ისინი, ვისაც არ აქვს სრულყოფილი წვდომა გადამოწმებულ ინფორმაციაზე.
მოქმედი ხელისუფლება კი, პროპაგანდის ყველა საშუალებას – ტელევიზიას, სოციალურ ქსელს იყენებს ანტიევროპული ნარატივის გასავრცელებლად. ევროპასთან დაშორების ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად, სწორედ ღრმადფესვგადგმულ პროპაგანდას მიიჩნევს ნიკოლოზ ალავიძე.
„პროპაგანდისტული ნარატივები ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს… ძველი ქართული ანდაზა ხომ იცით – „შეძახილმა ხე გაახმოო“.
ამასთან ამ პროპაგანდის დასაფინანსებლად იყენებენ ბიუჯეტს. ეს არის „რბილი ძალის“ გამოყენება, რომელიც ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, მასობრივად მოიცავს ნებისმიერი ასაკის მოსახლეობას, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა. რიგ შემთხვევებში, პროპაგანდის პირდაპირი ადრესატები არიან სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან ყოფით ცხოვრებაში,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, კიდევ ერთი ნიშანი, რითაც თვალნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ევროპას გვაშორებს, არის ინსტიტუციური მეხსიერების წაშლა, ინსტიტუციების რღვევა.
„ამაზე გადასვლის საფუძველი პროპაგანდამ შექმნა. კონსტიტუციური გადატრიალება წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”. არალეგიტიმურად, ყველანაირი კანონის დარღვევით. ამ განგსტერულმა ჯგუფმა, რომელიც იურისტებისგან შედგება, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შექმნეს ეს კონსტიტუცია, მგონი უნდა ახსნან, რა მოხდა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დოკუმენტი და მისი 78-ე მუხლიც, არის სრულიად უდიერად უგულებელყოფილი, დარღვეული და მიწასთან გათელილი.
როდესაც ქვეყანა გადის უმთავრესი კანონიდან, ოფიციალური საჯარო განცხადებებით, მაშინ უკვე ნებისმიერი სხვა კანონი ხდება მეორეხარისხოვანი.
კონსტიტუცია ერგება ჩვენი მთავარი მოძრაობის ვექტორს, რომელიც იყო გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში კანონის ძალა იქნებოდა უზენაესი.
ბნელი 28 ნოემბრის დღეს გაკეთდა განცხადება ევროპასთან დაშორების შესახებ, როდესაც ოფიციალურად, ქვეყნის დე იურე მოქმედმა მთავარმა პირმა განაცხადა, რომ ის აჩერებს ევროპისკენ სვლას, კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ იწყებს ქვეყანა სვლას და ამაზე არანაირი პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს დღემდე.
ეს არის მთავარი პოსტულატი, ქვაკუთხედი, რაზეც დგას ეს უკანონობა,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
ნიკოლოზ ალავიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ეს არ მომხდარა ერთ დღეში. პროპაგანდამ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მოამზადა ნიადაგი იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.
„პროპაგანდამ შექმნა საფუძველი, რომ ადამიანებმა უბრალოდ აღარ დასვან კითხვები მნიშვნელოვან საკითხზე. მერე რა თუ ირღვევა… რაღაცა ერთი პატარა მუხლია კონსტიტუციის, კონსტიტუციით ხომ არ ვცხოვრობთ ყოველდღიურად? „აბა ასფალტი უნდა ვჭამოთ?“ რეჟიმში გადაიტანა პროპაგანდამ საკითხი.
და ეს პროპაგანდა ფინანსდება კორუფციით. ასე ვთქვათ, სახელმწიფო, დე იურე სახელმწიფოებრივი კორუფციით, რადგან ისევ და ისევ ბიუჯეტიდან აფინანსებს ამ ყველაფერს,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
ის წუხს, რომ ევროპასთან დაშორების ერთ-ერთ ნიშნად იქცა საჯარო სამსახურების ჩამოშლა, ჩამონგრევა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა სრული დემოტივაცია.
ნიკოლოზ ალავიძე ფიქრობს, რომ დღეს საჯარო სამსახურში თითქმის ვეღარავინ აკეთებს საქმეს კარგად და ორიენტირებული არიან შეინარჩუნონ ის ბენეფიტები, რასაც „დაბალეფექტური საქმიანობიდან“ იღებენ.
„მთელი ამ ინსტიტუტებს, სამინისტროებს, საჯარო სამსახურების უმეტესობას, იქნებოდა ეს ცენტრალური თუ რეგიონულ, მუნიციპალური დონეზე, ყველას ჰქონდა გაწერილი გაიდლაინები, რეფორმების სია, ჰარმონიზების ნაწილი, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო, რომ ჩვენ იურიდიულად შევსულიყავით ოდესღაც ევროკავშირში, ამ ცივილური სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით,“ – დანანებით აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე.
ანტრეპრენერი არსებული სიტუაციიდან გამოსავლად ხედავს სამოქალაქო საზოგადოების, პარტიების, პროტესტში ჩართული ხალხის მხრიდან ზუსტი დიაგნოზის დასმას და შემდეგ „მკურნალობის“ დაწყებას.
„პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ, რას უნდა უნდა „ვუმკურნალოთ“, დიაგნოზი უნდა დავსვათ. რატომ არის “ქართული ოცნება” ასე ჩაბღაუჭებული ამ გაუგებრობებს, რატომ ექაჩება რაღაც სიბნელისკენ და ბნელეთის იმპერიისკენ ქვეყანას? რატომ არ უნდა ცივილიზაციის მიმართულებით სვლა?
ჩემი აზრით, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ კორუფციაში, არაპროფესიონალიზმსა და კლეპტოკრატიაში ჩართული, არსაიდან მოსული ტიპები უცბად გახდნენ დიდი ფიზიკური, ფინანსური აქტივების და სიმდიდრის მფლობელები.
ეს პატარა ჯგუფი იმიტომ ეჭიდავება ქვეყნის მომავალს, რომ მათ იციან, ინსტიტუციურად განვითარებულ, ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში ასეთი სახით უცბად გამდიდრება არ ხდება. რადგან ცივილიზებულ, დასავლურ საზოგადოებაში არის კონკურენციული გარემო, სადაც შენ განათლებასა და შრომაზეა დამოკიდებული წარმატება.
კორუფციაში კი არც სხვებზე არ ზრუნავენ, არც გარემოზე და ყველა სიკეთე მხოლოდ პატარა ჯგუფს თავისთვის უნდა, რომ უფრო მეტი „ხიზილალა მიირთვან“, უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე უნახავთ. ოღონდ არ იციან ეს რა არის და საიდან მოდის. ამათ ჰგონიათ, რომ „ხე ისხამს ხიზილალას და შეიძლება მოიხმარონ“, – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
ასეთ გარემოში, ის ხაზს უსვამს საზოგადოების როლს და თითოეული ადამიანის პირად, ინდივიდუალურ ბრძოლას, როგორც საერთო გამარჯვების მიღწევის ფორმულას.
„საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, თვითონვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აი ამ რეალობაზე, რაც გვაქვს. მათ შორის მეც და ყველა ჩვენგანმა, როგორც ქალბატონმა მზია ამაღლობელმა აიღო ყველას მაგივრად ეს პასუხისმგებლობა, როგორც კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ვინც მსხვერპლია ამ გაუგებრობების და ამ ძალადობრივი მოვლენების.
ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, კარგად უნდა აუხსნან მოწყვლად მოსახლეობას ის, რომ ის სოციალური დახმარება, რასაც ეს ხალხი იღებს და ჰგონიათ, რომ ამას დე ფაქტო ხელისუფლება აძლევს, სინამდვილეში მათ ამ დახმარებას აძლევს საქართველოს ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის თანაბარი მესაკუთრეები არიან ისინიც, სოციალური დახმარების მიმღებები. მიუხედავად იმისა, ისინი ავსებენ თუ არა ამ ბიუჯეტს, ნებისმიერი ადამიანის საკუთრებაა ეს ბიუჯეტი.
სწორედ აი, ამ ელემენტარული რაღაციდან უნდა დავიწყოთ,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, ცვლილებები გარდაუვალია, რადგან „არაფერი ისეთი მუდმივი არ არის, როგორც ცვალებადობა“.
„ყველა წავა, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, მან არ უნდა ჩაანაცვლოს იგივე კლეპტოკრატიული სისტემა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაზიაროთ და გავზარდოთ ცოდნა, გავაჩინოთ მოლოდინი ერთმანეთის მიმართ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ პასუხისმგებლები ჩვენს თავებზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე.
არჩევნები კი ყალბდება, მაგრამ თუ ხმას არ ამოიღებს ყველა ერთად ამის წინააღმდეგ, „ძალა ერთობაშია“, უბრალოდ დარჩება წარწერად ჩვენს გერბზე, ტყუილად დახარჯული მელანი იქნება.
მშვიდობიანი პროტესტით, მშვიდობიანი ახსნით უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი არ ნიშნავს მარტო, რომ რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანად ავუხსნათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსაც, ვისაც რაღაც რწმენა აქვს. ვიღაცას მართლა სჯერა “ქართული ოცნების”, ვიღაცას მართლა სჯერა, რომ ვიღაცები ბავშვის სისხლით იკვებებიან. ეს შეთქმულების თეორიები მე -17, მე -18 საუკუნიდან იწყება.
ესეც უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, უბრალოდ პრაგმატულ ნაწილზე უნდა გადმოვიდეთ და ველაპარაკოთ,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.






