მთავარი,სიახლეები

ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

11.08.2025
ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 აგვისტოს, მერობის კანდიდატები დაასახელა.

ოფიციალურ წარდგენამდე, მოსახლეობამ მუნიციპალურ ცენტრებში გამოკრული დიდი სარეკლამო ბანერებით გაიგო, ვინ იყრიდა კენჭს “ოცნებიდან” მათი ქალაქის მერის პოზიციაზე.

ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე იქნება.

ირაკლი ცეცხლაძე 14 მაისს დაინიშნა ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა.

ლევან ზოიძის თანამდებობიდან გადადგომა თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება. ქობულეთის არჩეული მერი რიჟვაძის კადრი იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა.

მას შემდეგ რაც აჭარაში ადგილობრივი მთავრობა შეიცვალა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გახდა, თორნიკე რიჟვაძის კადრებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს თანამდებობები. თუმცა ოფიციალურად მათი წასვლა გაფორმდა, როგორც ნებაყოფლობითი გადადგომა.

ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი აჭარის არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ ბერიძე იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ვახტანგ ბერიძე ერთხელ უკვე იყო ხულოს მერი, 2021-2024 წლებში.

შუახევის მოქმედი მერი ომარ ტაკიძე იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შუახევში.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ქედაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი  მამუკა თურმანიძე იქნება, ხოლო ხელვაჩაურში მოქმედი მერი ზაზა დიასამიძე.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეის შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: