მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

11.08.2025 •
როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გაახანგრძლივეს 2026 წლის იანვრამდე.

იუსტიციის მინისტრის მიერ 5 თვის წინ გამოცემული შესაბამისი ბრძანებების მიუხედავად, დღემდე უცნობია როდის დაიწყებენ ახალი დიზაინის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას.

„ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილს ID ბარათების აღების ფასი გაუნახევრა:

ვრცლად: მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაიცემა არა ახალი ფორმის, არამედ იმ ფორმის პირადობები [ID ბარათები], რომლებიც დღეს მოქმედებს.

„რაც შეეხება პირადობის, პასპორტის და სხვა მოწმობების ტექნიკური მახასიათებლების/ფორმების შეცვლას, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების შეტანის ვადები გადაიწია, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემა, არ არის დადგენილი. ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემის დეტალები მიმდინარე წლის ბოლომდე დაზუსტდება“ – გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემის დაწყება? – ამ კითხვაზე სააგენტოს ცხელ ხაზზე პასუხი ვერ გაგვცეს.

  • რა ხდება?

იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები:

ვრცლად: პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანებით კი, დამტკიცდა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ახალი ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები.

ახალი ფორმის პასპორტების გაცემაც 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო.

ვრცლად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება

მოგვიანებით ამ ბრძანებებში შეტანილი ცვლილებებით ვადა – 4 ივნისი შეცვალეს 1-ლი აგვისტოთი.

ვრცლად: ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა აგვისტოდან გაიცემა – ცვლილება ბრძანებაში

აგვისტომდე ერთი დღით ადრე, ანუ 31 ივლისს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, კვლავ შეიცვალა დოკუმენტების ფორმების შეცვლასთან დაკავშირებული ვადები.

ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის მოწმობის დიზაინის ცვლილებაზე ბრძანებები ამოქმედდება 2025 წლის 6 ოქტომბრიდან.

თუმცა, „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად“, არსებული დიზაინის მოწმობისა და პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი იანვრისა და იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

ამასთან, ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნული [დღეს არსებული ფორმის] დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი დოკუმენტების სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები“.

ცნობისთვის, როცა ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემა დაიწყება, უკვე გაცემული [ანუ, დღეს არსებული ფორმის] დოკუმენტების მოქმედება რჩება ძალაში მათზე მითითებული ვადის განმავლობაში.

განახლება: შესაბამის ბრძანებაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: