ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პროექტების საჯარო განხილვას იწყებს. „პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება“ – აცხადებენ მერიაში. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ეტაპობრივად წარმოდგენილი იქნება ქალაქში არსებული წრიულების ესკიზების რამდენიმე ვარიანტი. გამარჯვებული ესკიზი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.
ამ ეტაპისთვის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ თამარ მეფის გზატკეცილზე, – ,,ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ არსებული წრიულის ესკიზები.
„სამსახურის მიერ შემუშავებული წესების მიხედვით, ვირჩევთ სასურველ ფოტოს შესაბამისი ნომრით და ვწერთ კომენტარში. ესკიზების შერჩევა შემდგომშიც ასეთი სახით გაგრძელდება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის განმარტებით, ერთი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში 10-15 ესკიზი განთავსდება, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაუწერონ like-ები და კომენტარები. ლევან ჭანუყვანიძის აზრით, ხუთი დღე საკმარისია იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ესკიზი შეაფასონ: „ეს იქნება მუდმივი პროცესი, ერთ ესკიზს რომ დავდებთ, დაახლოებით ხუთ დღეს დაველოდებით შეფასებას, ვფიქრობ, ეს დრო საკმარისია შესაფასებლად, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ესკიზი გვექნება გასაკეთებელი და დრო სჭირდება შემდეგ იმის განხორციელებას“.
ლევან ჭანუყვანიძის განცხადებით, რამდენი იქნება ერთი ესკიზის განსახორციელებელი ბიუჯეტი, ჯერ დაზუსტებული არ არის: „დანახარჯები უნდა იყოს მინიმალური, ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ, მაგრამ ის მცენარეები, რომლებიც დარგულია ქალაქში, ბევრი არასწორ ადგილზეა დარგული, ამიტომ ამ მცენარეების შესაბამის ადგილზე გადატანა მოხდება. ამის კორექციას გავაკეთებთ. როცა ერთ ესკიზს დავაპროექტებთ, ამ მცენარეების რესურსით გავაკეთებთ. ბუნებრივია დაგვჭირდება ახალი მცენარეების შესყიდვაც, ამიტომ ვაპირებ რომ თანხის დამატებაზე მივმართოთ საკრებულოს, თუმცა, მანამდე, მინდა სხვა ხერხს მივმართო და არასაბიუჯეტო სახსრები მოვიზიდო. ბიზნესს მივმართავთ, რომ შემოგვწირონ მცენარეულობა ან სხვა რამეს მოვიფიქრებთ“.
მიმდინარე წელს ერთწლოვანი ყვავილების შესაძენად აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში 320 ათასი ლარი აქვთ გათვალისწინებული, ხე-მცენარეების შესაძენად კი – 200 ათასი ლარი.
სოციალური დაცვის პროგრამებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რეგიონში აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. გთავაზობთ სამინისტროს ინფორმაციას პროგრამების შესახებ – თუ ვის შეუძლია ისარგებლოს ამა თუ იმ პროგრამით, რას ითვალისწინებს კონკრეტული პროგრამა და რა ფორმით ხდება მათი დაფინანსება.
სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [178 ლარი], რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.
მოსარგებლეები
– სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
პროგრამა ითვალისწინებს
სამკურნალო ვარჯიშებს;
მასაჟს;
ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 7კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.
პროგრამა ვრცელდება
– 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა;
– ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.
პროგრამა ითვალისწინებს
ფიზიკურ თერაპიას
მეტყველების და ენის თერაპიას;
ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;
ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.
შენიშვნა:
თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
დაფინანსების ფორმა
წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) – 10 ლარით.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა
პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარება.
პროგრმა ითვალისწინებს
მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ინდივიდუალურ მომსახურებას (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა). სულ 8 შეხვედრა.
პროგრამის მოსარგებლე
გონებრივი განვითარების შეფერხების (დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა) მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
მოსარგებლეები
მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა
მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), ბენეფიციარის მიერ უფრო ძვირად ღირებული ეტლის შერჩევის შემთხვევაში განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.
მოსარგებლეები
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
– ასაკით პენსიონერები.
პროგრამა ითვალისწინებს
სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფას;
ეტლის მორგებას;
ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.
სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამა
მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (250 ლარი), ბენეფიციარის მიერ უფრო ძვირად ღირებული აპარატის შერჩევის შემთხვევაში განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.
მოსარგებლეები
– III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები;
-18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.
პროგრამა ითვალისწინებს
ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას;
აპარატის მორგებას;
აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.
100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამა
მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს
– 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 17 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
დაფინანსების ფორმა
– დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 20 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით ორი პიროვნება შსს-მ 19 იანვარს დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით].
2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველ ორგანოებს, მერებსა და გამგებლებს აირჩევენ. მოქმედი საკრებულოს წევრების უმეტესობა არ უარყოფს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოშიც უნდათ მოხვედრა.
სანამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მიიღებს გადაწყვეტილებას აირჩიოს თუ არა ისინი, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ რა ინიციატივა წარადგინა საკრებულოში, რისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო.
დაასახელეთ თქვენი ერთი ინიციატივა საკრებულოში, რომელმაც ამომრჩეველს სარგებელი მოუტანა – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს წევრებს მივმართეთ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ, რომელიც ჯერ თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კი, თავმჯდომარედ არჩევამდე ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა, ქეთევან წამებულის ქუჩის რეაბილიტაცია დაასახელა: „ამ უბნის მაჟორიტარი ვარ და როდესაც ბიუჯეტის დაგეგმვაზე ვსუბრობდით, ამ ქუჩის რეაბილიტაციის დაფინანსება ჩემი თხოვნით გაითვალისწინეს.“
ბათუმის აქტივების შექმნაზე მუშაობის დაწყება დაასახელა ამომრჩევლისთვის ყველაზე სასარგებლო ინიციატივად თავის ინიციატივებს შორის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ: „ეს იმიტომ არის სასარგებლო, რომ ჩვენ გვეცოდინება რა აქტივების მფლობელები ვართ. კადასტრი მთლიანად გასწორდება და აღარ დასჭირდება მას ჯი-პი-ეს-ებით ცალ-ცალკე გასწორება. შევძლებთ ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლს. ასევე, შევძლებთ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ეს აქტივები და გადავაქციოთ ფულად. შევძლებთ უამრავი სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ ჩვენს ამომრჩეველს.“
აქტივების რუკაზე მუშაობა დაწყებულია და სავარაუდოდ მისი დასრულება ახალი მოწვევის საკრებულოს მოუწევს.
„ჩვენი ინიციატივები არც ერთი არ გაითვალისწინეს, გარდა ერთისა – გაზის ტარიფთან დაკავშირებით. სოციალურად დაუცველები ღებულობდნენ დახმარებას, ჩვენ დამატება მოვითხოვეთ და ეს გაითვალისწინეს, დანარჩენი თითქმის არაფერი“ – უთხრა „ბათუმელებს“ საკრებულოს წევრმა გიორგი კაკაბაძემ, რომელიც საკრებულოში თავის დროზე „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზისგან“ მოხვდა. ისეთ ინიციატივად კი, რომელიც დაასახელეს და არ გავიდა, მან ბაღების ვაუჩერიზაცია დაასახელა. ასეთი ინიციატივა საკრებულოს უმრავლესობასაც ჰქონდა.
საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ თემურ ბასილაძემ რამდენიმე ინიციატივის დასახელება მოინდომა, საბოლოოდ კი ურეხის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასახელა: „ბევრ ინფრასტრუქტურულ პრობლემას შორის ერთ-ერთი იყო საბავშვო ბაღის არარსებობა. ურეხის დასახლებაში ვერ ვახერხებდით ბაღის აშენებას, რადგან შესაბამისი თავისუფალი ადგილი არ იყო. ასეთი სივრცე მე გამოვნახე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრება. ინიცირებით შევედი საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიაში და მანამდე ვინახულე ხელვაჩაურის გამგებელი, ბათუმის მერს ველაპარაკე და ხელვაჩაურის გამგებლის კეთილი ნებით გადმოეცა ბათუმის მერიას ნაკვეთი, სადაც შემდეგ ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. ეს ბაღი წელს სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ეს მიმაჩნია ერთ-ერთ დიდ მონაპოვრად.“
საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივებს ხშირად არ ითვალისწინებს: „ინიციატივა მქონდა მიწის აღიარების კომისიათან დაკავშირებით, მარტო ჩემი არა, ფრაქციის ინიციატივა იყო. იურისტის დამატება მოვითხოვეთ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა, რადგან ჩვენი დასახელებული პირი მიაქცევდა ყურადღებას საჯარო ინფრომაციის გაცემას. კომისიაში შედის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი და უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი ცალკე, რომელიც პასუხებს მიაწვდიდა მოქალაქეებს. ბევრი ვერ გავიტანეთ, რადგან მხარი არ დაგვიჭირეს. რაც შეეხება ქუჩებთან დაკავშირებულ საკითხებს, ზურაბ გორგილაძის ქუჩა რომ გვაქვს ბათუმში, მე ერთ-ერთი პიროვნება ვარ, რომელმაც ამას მივეცი ხმა.“
ნინო ბერაძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ საკრებულოს განათლების კულტურისა და სპორტის კომისიას ხელმძღვანელობს. ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივად, რომლისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო, მან ბათუმელი სტუდენტებისთვის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის დაწესება დაასახელა: „ჩემი ინიციატივით გაიცემა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ნებისმიერ სასწავლებელში. სტიპენდია გაიცემა კონკურსის წესით. პრიორიტეტი არის რამდენიმე მიმართულება, ასეთებია მაგალითად, არქიტექტურა, მუსიკა, ეკოლოგია, თუმცა ყველა მიმართულებისთვის არის ხელმისაწვდომი. სტიპენდია გაიცემა თვეში 200 ლარის ოდენობით ათი თვის მანძილზე. კონკურსი წელიწადში ორჯერ ცხადდება.“
ირაკლი მიქელაძე – საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყო და თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა. მნიშვნელოვან მიღწევად მან მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება დაასახელა: „გარდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რაც განხორციელდა ჩემს სამაჟორიტარო უბანში, მე ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად და გამარჯვებად მიმაჩნია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მოპოვებული თანხა, რომლითაც მოვახდინეთ მეჯინისწყლის კალაპოტის რეაბილიტაცია და გამაგრებითი სამუშაოები. როცა მე გავხდი მაჟორიტარი, იმ წელს ბოლოჯერ დაიტბორა ადლია და აეროპორტი. ამის მიზეზი კი იყო მეჯინისწყლიდან გადმოსული წყალი. კალაპოტი გავაფართოვეთ და გავამაგრეთ.“
მას შემდეგ რაც „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა, საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით აგრძელებს მუშაობას კობა ჩხეიძე. მთავარ ინიციატივად მან ბათუმის საბავშვო ბაღებში დასაქმებული პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესახებ გადაწყვეტილება დაასახელა: „ჩვენ 100%-იან დაფინანსებას ვითხოვდით, მაგრამ ამაზე არ დაგვთანხმდნენ.“
„ქართული ოცნების“ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ მთავარ მიღწევად რეაბილიტირებული გზები დაასახელა. მისივე თქმით იგი იმ გზებს გულისხმობს, რომლებიც არ იყო პროექტებში ჩასმული და მერიასთან საკითხის განხილვის შემდეგ, მან ჩაასმევინა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა მთავარ ინიციატივად ბათუმის გენგეგმის პროექტზე მუშაობის დაწყება დაასახელა, თუმცა, მისივე თქმით, საკითხი სხდომაზე არ დამტკიცდა. მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა: „ ხოლო, რომელიც დამტკიცდა, ეს იყო ის, რომ ე.წ. k2 – ის გაზრდაზე [განაშენინების ინტენსივობის კოეფიციენტი] გადაწყვეტილების მიღების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჩამოერთვა და საკრებულოს ბიუროს გადაეცა. ეს საკითხი საკრებულომ დაამტკიცა.“
საკრებულოს წევრების უმეტესობამ მთავარ ინიციატივად ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. საკრებულო უფლებამოსილია აკონტროლოს ბიუჯეტი და მიმდინარე სამუშაოების თანმიმდევრულობა, ხარჯვა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება უნდა უზრუნველყოს. რა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემაა კონკრეტულ ქუჩაზე თუ დასახლებაში, ამაზე ინფორმაციის მერიამდე მიტანა მერის რწმუნებულებსაც ევალებათ.
დღეს, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა.
საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა.
ამავე პროგრამით მოხდა მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, გაიცა კომპენსაციები.
ახლახან ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მოვლისა და ფილაქნების სარეველებისგან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიაზე, დაზიანებული ფილების აღდგენა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების, რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომლებიც მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმებით დაიწყება.
ბათუმის ბულვარის მოვლა შენახვისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 7 590 300 ლარი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ტერიტორიის ბაზალტის ბორდიურებით მოწყობა, ბულვარის გარე განათების სისტემების შეცვლა და სხვა.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება.
პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი შეცვლის. ტროტუარებზე დაიგება ფერადი ფილები, ქუჩები ადაპტირებული იქნება უსინათლოებისთვის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვისაც.
ბათუმი. სარეაბილიტაციო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე
პუშკინის ქუჩაზე დასაქმებულების თქმით, პუშკინის ქუჩიდან აღებულ ქვის ფილებს ქობულეთიდან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადატანის დროს, გზის დროებითი მოწყობისთვის იყენებენ. თუმცა, კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელი ირაკლი შანავა ამას არ ადასტურებს და გვეუბნება, რომ დროებითი გზების დასაგებად ისინი ფილებს ყიდულობენ: „აჭარის ტერიტორიიდან არა, ეს ფილები აღმოსავლეთიდან შემოგვაქვს“.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თენგიზ კორძაძე ამბობს, რომ პუშკინის ქუჩიდან აღებული ფილები, მერიის საწყობში გადადის: „ფილებს, რასაც პუშკინის ქუჩაზე იღებენ, კომპანია „ზიმო 7“-ს მიაქვს მერიის საწყობში და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება“. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ ასრულებს.
ბათუმი, პუშკინის ქუჩა. 2017 ფოტო: ლელა დუმბაძე
თენგიზ კორძაძის განმარტებით, პუშკინისა და მისი მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2018 წლამდეა გაწერილი, თუმცა სამუშაოებს უფრო ადრე დაასრულებენ: „ფალავანდიშვილის ქუჩამდე, მიწისქვეშა სამუშაოები დასრულებულია. ბერიძის ქუჩიდან ფალავანდიშვილამდე ასფალტის საფარის დაგება უკვე შესაძლებელია და ძალიან მალე დავიწყებთ. შემდეგ, ფალავანდიშვილიდან შავშეთის ქუჩამდე უნდა გაგრძელდეს მიწისქვეშა სამუშაოები და პუშკინის ქუჩისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან სამუშაოები წამოვა სასტუმრო „ლეო გრანდანდის“ მიმართულებით. ამ მონაკვეთში დარჩენილია ფალავანდიშვილის და შევჩენკოს ქუჩა. პუშკინის ქუჩის ბოლოს რაც შეეხება, მიმდებარედ საკანალიზაციო სამუშაოებია დარჩენილი ჯავახიშვილის და ლორიას ქუჩებზე და როცა ეს სამუშაოები დასრულდება, კეთილმოწყობით სამუშაოებს შემდეგ დავიწყებთ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ქუჩის კეთილმოწყობის შემდეგ ისევ იმოძრავებენ თუ არა მძიმეწონიანი ავტომანქანები მაგალითად პუშკინის, შავშეთის ან სხვა ქუჩებზე და ექნებათ თუ არა მოვაჭრეებს უფლება, ტროტუარებზე ისევ გამოიტანონ გასაყიდი ნივთები? – თენგიზ კორძაძე ამბობს, რომ კეთილმოწყობის სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ ქუჩის კეთილმოწყობაზე.
რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
„ტროტუარებზე ვაჭრობის საკითხი ჩვენი კომპეტენცია არ არის და შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გააკონტროლონ. მძიმე ტექნიკამ რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღარ უნდა იაროს, მაგრამ როგორ გადაწყდება ეს საკითხი არ ვიცი, ტექნიკასაც აქვს თავისი შეზღუდვები… რამდენი ტონა ტვირთი უნდა გადაიტანოს მანქანამ, ამას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მძიმე ტექნიკა გადაინაცვლებს ბაგრატიონის ქუჩაზე და იქედან ივლის“, – ამბობს თენგიზ კორძაძე.
თენგიზ კორძაძის თქმით, ზემოთ დასახელებული ქუჩებიდან 2017 წლის ზაფხულისთვის ჯავახიშვილის და ლორიას ქუჩის გარდა, თითქმის ყველა ქუჩის რეაბილიტაცია მოესწრება.
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა პროექტის პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს, თუ როდის დაიწყება უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშნებლობა, ჯერ ვერ ასახელებენ.
„სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ეს ჯერ არ ჩანს, რადგან სანამ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, იქამდე მას სჭირდება მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ველოდებით მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. პირველ რიგში დაიწყება პროექტის კვლევითი კომპონენტი – მონიტორინგი როგორც მდინარე ჭოროხის აუზის, ასევე ზღვის სანაპირო ზოლის, რისთვისაც ხდება აპარატურის ჩამოტანა, დაწყობა, დალაგება და ა.შ.“ – განმარტავს რევაზ გიგილაშვილი, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერი.
ნაპირდაცვის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან, წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. რეზო გიგილაშვილმა განმარტა, რომ სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გადაბმულად არ ჩატარდება: „კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ ნოემბრის ბოლოს, მაგრამ აი ამ წელიწადნახევრის ათვლა დაიწყება სამუშაოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაცემის შემდეგ, რომელიც ჯერ გაცემული არ არის. მოგეხსენებათ, როგორ სენსიტიურ მონაკვეთზე ვმუშაობთ, ეს არის სანაპირო ზოლი და ზაფხულის 3 თვე უშუალოდ სამუშაოები არ გვექნება, წყვეტა გვექნება“.
ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა დღის განმავლობაში უწყებიდან არავინ შეგვხმიანებია.
პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ქედაში, წელს პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში განახორციელებს.
პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებს საჭირო სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეუძენს – მთლიანობაში 24 დასახელების მედიკამენტსა და ორი სახის სპეციალურ სამედიცინო ინვენტარს.
სამედიცინო პუნქტებისთვის მედიკამენტების შესაძენად ქედის გამგეობას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადება მეორედ 17 იანვარს მოუხდა, რადგანაც ფარმაცევტული პროდუქტების შესაძენად 12 იანვარს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ქედის გამგეობას სატენდერო დოკუმენტაციაში უზუსტობა გაეპარა.
„გლუკომეტრის და ტესტ-ჩხირების შესყიდვის მახასიათებლების დასახელებაში გაპარულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც მიზანშეწონილია ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შეწყდეს“ – წერია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმში.
ფარმაცევტული მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი [ღირებულება – 19 904 ლარი] 24 იანვარს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მედიკამენტები გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის განმავლობაში ყველა კვარტალში უნდა მიაწოდოს.
მედპუნქტი ქედის მუნიციპალიტეტში 39 სოფელში ფუნქციონირებს. „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის გარდა ქედის გამგეობა 2017 წელს ცხრა მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების დაწყებითი სკოლის შენობა, სადაც სოფლის სამედიცინო პუნქტია განთავსებული. ეკა ბარამიძის ფოტო.
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ახალი პროექტის “ტურიზმის განვითარების სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განმარტებით “ტურიზმის განვითარების სკოლის” ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება.
როგორც შეხვედრზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და ამ ობიექტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით.
გარდა ამისა, “ტურიზმის განვითარების სკოლაში” იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება.
სულხან ღლონტის თქმით, დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში არასამთავრობო და კერძო სექტორის გარდა, მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვა სამთავრობო უწყებებთან, რათა მათ მიერ გაწეული სამუშაოები იყოს სინქრონული და შესაბამისად უფრო ეფექტური. ერთ-ერთ ასეთ უწყებად სულხან ღლონტმა “გზების დეპარტამენტი” დაასახელა – “ჩვენი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, გაიარეს კონკრეტული მარშრუტები თუ რა გვჭირდება, რათა ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში” – აღნიშნა მან.
სერვისის განვითარების ხელმძღვანელმა თამარ კაიკაციშვილმა, პრეზენტაციისას აღნიშნა რომ მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებით მწვავედ დგას უცხო ენის ცოდნის პრობლემა, შესაბამისად უცხო ენების სწავლის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება განათლების სამინისტროს ჩართლობა, “ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების თანამედროვე სტანდარტები დავნერგოთ და სადაც არ არსებობს ჯერ-ჯერობით მომსახურების მინიმალური სტანდარტი – შევქმნათ, შემდეგ კი ვიზრუნოთ მის გნვითარებაზე. ამ ობიექტების ყველა სეგმენტს – მფლობელებს, თანამშრომლებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში ჩვენ შევთავაზებთ მაქსიმალურად გამართულ, მათ საჭიროებებზე მორგებულ მოდულებს” – თქვა თამარ კაიკაციშვილმა.
პროექტისთვის საგანმანათლებლო ნაწილზე 100 000 ლარი, ტურიზმის დეპარტამენტის არსებული ბიუჯეტიდან დაიხარჯება – “ჩვენ გვაქვს თანხები, რომლებსაც უბრალოდ გადავააწილებთ ამ პროექტზე. ბიუჯეტი არ გაიზრდება” – თქვა სულხან ღლონტმა.
“ტურიზმის განვითარების სკოლაში” სასწავლო პროცესები მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება.
მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას 2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს.
პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. ამ ბრძანების მიხედვით, პატიმრები რიგითობის მიხედვით გადიან მკურნალობას.
„გეგმიური ან გადაუდებელი გადაყვანისას სრულიად იგნორირებულია ქალთა საჭიროებები და მათ მიმართ სპეციფიკური მიდგომა“, – წერია სარჩელში.
სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ განსხვავებული მიდგომა უნდა არსებობდეს ქალი პატიმრების მიმართ და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელიც თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს.
„თანასწორობა არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანების სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში. კანონის წინაშე თანასწორობა არათუ გამორიცხავს ადამიანთა განსხვავებულ მოპყრობას, არამედ შესატყვის შემთხვევაში მოითხოვს კიდევაც ამას“. – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.
მსჯავრდებული ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან ფიზიოლოგიური მდგომარეობით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით. გარდა ამისა, ციხეებში მამაკაცი პატიმრების რაოდენობა ქალების რაოდენობაზე მკვეთრად მეტია, ხოლო რიგითობის პრინციპის დაცვით ხშირად ქალი პატიმრები იჩაგრებიან.
სარჩელში მითითებულია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გასული წლის სექტემბერში მიღებული წერილიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში სულ 272 ქალი პატიმარია, მათგან 111-ს გინეკოლოგიური პრობლემები აწუხებს.
ბათუმი, ყაზბეგის #8 – ამ მისამართზე თუ მიხვალთ, ძველ, ბათუმურ ბელეტაჟს დაინახავთ. ირგვლივ ახალაშენებული, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებია, ეს სახლი კი პატარა კუნძულივით დგას, ხის ჭიშკარი ღიაა და ეზოში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ფორთოხლისა და ხურმის ხეებია. ტერასაზე, წითელ ბალიშზე, მზეს მიფიცხებულ კატას სძინავს. ბელეტაჟში ძველი ბუხარი და პიანინოა, კედლებზე – ძველი ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხეებით დაჩრდილულ ეზოში – ქვით მოკირწყლული ბილიკები, კოცონის ადგილი და ჰამაკებია – ეს „დელირიაა“, კაფე-რესტორანი, რომელიც ბათუმელმა ნინო გაბუნიამ თავის საგვარეულო სახლში გახსნა.
„დელირია” მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლშია განთავსებული
სახლი, რომელშიც „დელირია“ მდებარეობს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ბათუმში. ბელეტაჟი თავისი ეზოთი თავართქილაძეებისგან პირველი გილდიის ვაჭარმა, დომენტი გაბუნიამ შეიძინა ოჯახისთვის 1894 წელს. იქედან მოყოლებული სახლს მფლობელები არ შეცვლია.
მას შემდეგ ბათუმმა ბევრჯერ იცვალა იერი და ახლა ბელეტაჟის ირგვლივ და მოპირდაპირე მხარეს ახალაშენებული კორპუსები დგას. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნინო გაბუნიამ სახლის გაყიდვაზე არაერთი შეთავაზება მიიღო მენაშენეებისგან. რადგან სახლსა და ეზოს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს, ნინოს სახლის გაყიდვის სანაცვლოდ სარფიან პირობებს სთავაზობდნენ, ბინებისა და საოფისე ფართობების სახით, თუმცა არც ერთ წინადადებას არ დასთანხმდა, ბანკიდან სესხი აიღო და სახლისა და ეზოს ერთ ნაწილში კაფეს გაკეთება გადაწყვიტა.
„ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ამაზე. ამ სახლში მცხოვრებ ოჯახს ჰქონდა სტუმარმასპინძლობის დიდი ტრადიცია. აქაურობა მუდამ შეხვედრების ადგილი იყო, ყოველთვის ვაწყობდით ზეიმებს, საღამოებს, აქ დაბადების დღეც კი არ იყო ჩვეულებრივი დაბადების დღე და მას ახლდა ყოველთვის რაღაც წარმოდგენა. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, მოდიოდნენ ბებიას მეგობრები ბრიჯის სათამაშოდ, ფრანგულად მოსაუბრე ქალები, პომადით, ხელთათმანებითა და ბერეტებით, დასხდებოდნენ და თამაშობდნენ კარტს. ეს შეხვედრების საყვარელი ადგილი იყო. ვიფიქრე, რომ ეს ტრადიცია გამეცოცხლებინა და ასე გაჩნდა კაფე-რესტორნის გახსნის იდეა,“ – ამბობს ნინო.
კაფე-რესტორანი “დელირია”„დელირია”ნინო გაბუნია
„დელირიას“ გახსნას წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, ბიზნესგეგმა და ღელვა, გამოვიდოდა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. მთავარი აქ იყო ძველი, ბათუმური სახლის ისტორია, რომელსაც ახალი სიცოცხლე უნდა დაეწყო თითქმის 150 წლის შემდეგ. ნინო, რომელსაც სამხატვრო და ტექნიკური განათლებაც აქვს, თავად იყო ჩართული სახლის მოწყობის ყველა ეტაპზე, თავად ჩაუტარა რესტავრაცია ძველ ნივთებს, იდგა ხარაჩოებზე, ღებავდა, წმენდდა და ყველა ძველ ნივთს უძებნიდა ადგილსა და ახალ სიცოცხლეს.
„გასულ წელს სამზარეულო ჩაინგრა. ფილები, რომლებიც სამზარეულოში იყო, იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო, სათითაოდ ამოვიღეთ, უდიდესი სიფრთხილით, რომ არც ერთი არ დამტვრეულიყო. ყველა ფილა გამოვიყენე ინტერიერში. აივანზე ძველი კედლები არ გავლესე, ყველა მეჩხუბებოდა, გაულესავი გაქვს კედლებიო, მაგრამ მგონია, რომ ასე სუნთქავს სახლი, ეს მისი ფილტვებია და არ მინდა დავუხშო, იმიტომ, რომ ასე „ლამაზი“ არ არის. მე ასე მომწონს, სჯობს ასე იყოს, იმიტომ, რომ ამ სახლს თავისი ცხოვრება აქვს, უნდა დარჩეს ასე, მას არ სჭირდება თანამედროვე ინტერიერი. სულ რომ კორპუსები აშენდეს ირგვლივ და მხოლოდ ეს სახლი დარჩეს, უნდა დარჩეს ასეთი, ის რაც ბათუმის არის, რაც მისი გულია, რაშიც ედინებოდა ქალაქის სისხლი, რომ გადაეცეს ისტორიას ერთი სახლი მაინც, იმის მაგალითად, თუ რა იყო ბათუმი, როგორ ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, როგორ მეგობრობდნენ, როგორ უყვარდათ.“
მზიანი დღე “დელირიას“ ფანჯრიდან
კაფე-რესტორნის სახელზე ძალიან ბევრი იფიქრა. უნდოდა, რომ უნდა ყოფილიყო ერთი სიტყვა, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდებოდა კაფე-რესტორნის კონცეფციას. სახელწოდების ბევრი ვერსია ჰქონდა, შემდეგ ერთი შეარჩია, მაგრამ უმცროსმა ქალიშვილმა ურჩია, კაფესთვის „დელირია“ დაერქმია. „წიგნს კითხულობდა ამ დროს, „დელირიუმს“. მოდი, დელირია დაარქვიო. დელირიუმი დაავადებაა, სიგიჟეს, შეშლილობას ნიშნავს, სიყვარულის გამო. ვფიქრობ, სახელი შესაბამისობაშია ამ შემთხვევაში შინაარსთან. „დელირია“ არის ადგილი, სადაც ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ბათუმი, ბუნება…“
„დელირია“ რამდენიმე ზონადაა დაყოფილი: ყველაზე დიდ ოთახში გარემო კლასიკურია, აქ ძველი ბუხარი და მე-20 საუკუნის დასაწყისში, პარიზიდან ჩამოტანილი პიანინო დგას. გარდა ამისა, არის ოთახი, რომელსაც „ახალგაზრდების ოთახს“ ეძახიან, რადგან აქ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს მოსწონთ ყოფნა და ვერანდა, ყველა სტუმრის საყვარელი ადგილი, რომელიც ეზოს გადაჰყურებს.
„დელირიას“ კიდევ ერთი „სიგიჟე“ კოცონია, რომელსაც ეზოში ანთებენ.
„ბათუმში ვერ ნახავთ კაფე-რესტორანს, რომლის ეზოშიც ანთებენ კოცონს და სადაც არის ჭა, რომელიც ამ სახლის ასაკისაა. ჭა მოქმედია, წყლის დალევის რეკომენდაციას ნამდვილად ვერ ვაძლევთ ვერავის, რადგან ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ეს „ცოცხალი“ ჭაა. ეს კოცონი არ არის მწვადის შესაწვავად, ეს ადგილია თავშეყრისა და დასვენებისთვის, ეს „დელირიას“ რიტუალია, კოცონი საღამოოობით. როცა აქ შემოდიხარ, შეგიძლია ქალაქის ხმაური და სტრესები ტვირთივით მოიხსნა, გარეთ დატოვო და მოხვდე სულ სხვა ადგილას, სულ სხვა გარემოში, სადაც დასვენებას შეძლებ.“
„დელირიას“ ეზო, კოცონის ადგილიკოცონი „დელირიაში”
ახლა „დელირიას“ აივანზე ეზოში დაკრეფილი ხურმა ალაგია, ეზოში ფორთოხალი მწიფს. ნინო ამბობს, რომ გაზაფხულზე „დელირია“ ყვავილებში ჩაიძირება, მანამდე კი თავად იზრუნებს ეს ზამთარი „დელირიაში“ მოსული ადამიანებისთვის განსაკუთრებული იყოს. ამისათვის ყოველ დილით დგება და ბაზარში მიდის პროდუქტების საყიდლად, ყველაფერი ახალი და განსაკუთრებული უნდა იყოს, შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს „დელირიასთვის“ და განვითარებაზე ფიქრობს:
„მე უკან დასახევი გზა არ მაქვს. სასწორზე დევს სახლი, რომელსაც თითქმის 150 წლის ისტორია აქვს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სამი და-ძმა ვართ ოჯახში, ჩემი საკუთრებაა, ამ სახლს მე უნდა მოვუარო და მე ეს გავბედე. ბევრჯერ უჭირდა ჩემს ოჯახს და არ გაყიდულა, ახლა მე უნდა შევინარჩუნო სახლი, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა, სახლი, რომელიც არა მარტო მე, არამედ ბათუმს ეკუთვნის“ – ამბობს ნინო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ხვალ ბათუმიდან 733 დელეგატი დაესწრება. „პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლა არ ასახულა აჭარის ორგანიზაციაზე. აქ მხოლოდ ხულოს საკრებულოს ოთხი წევრი და რაულ თავართქილაძე გამოგვაკლდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი.
ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მის პარტიიდან წასვლის შესახებ „ევროპულ საქართველოში“ გადასული რაულ თავართქილაძე საუბრობდა. ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, პეტრე პარტიაში რჩება და ის, როგორც დელეგატი, პარტიულ ყრილობასაც დაესწრება.
დაესწრება თუ არა ყრილობას ლევან ვარშალომიძე – პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. „ჩვენი ინფორმაცით, ის არ იმყოფება საქართველოში და ალბათ პირდაპირ ყრილობისთვის თბილისში ჩამოფრინდება,“ – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში პარტიას დაახლოებით 100 ახალი აქტიური მხარდამჭერი შეუერთდა და ისინი დელეგატებადაც შეარჩიეს პარტიის პირველადმა ორგანიზაციებმა. ამ დროისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“აჭარაში ყველაზე მეტი დელეგატი – 278 ბათუმში ჰყავს, ყველაზე ნაკლები – 42 კი, ქედაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ:
შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები 18 წლამდე;
ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირები;
– ასაკით პენსიონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 10% – ით;
– 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 20% -ით;
– მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 20% -ით;
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს – 20% -ით.
სხვა დანარჩენ ბენეფიციარს: 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდულ შშმ პირებს, ონკოლოგიურ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ 30%- იანი თანაგადახდა სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში;
არ დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის თანაგადახდის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა.
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამა
ეს პროგრამა, სამინისტროს ინფორმაციით, ითვალისწინებს მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
პროგრამით მოსარგებლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.
დაფინანსების ფორმა
სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
– სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით; – სამედიცინო მომსახურების ღირებულება – 1000 ლარზე მეტი – 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;
წლის განმავლობაში არაუმეტეს 4000 ლარისა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
პროგრამების მოსარგებლე 2017წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გათვალისწინებული [100 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე შარშან], ხოლო მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც წელს პირველად ხორციელდება – 350 ათასი ლარი.
დღეს, 18 იანვარს, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა ნისანის ტიპის ავტომანქანა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოყირავდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ ავტომანქანაში მგზავრები არ ჰყავდა.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
შემთხვევის ადგილზე ამბობენ, რომ მძიმედ არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. ჟიურიმ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი შეარჩია – თეონა ბაკურიძე. ის აჭარის ტელევიზიის წამყვან-რეპორტიორი გახდება.
აჭარის ტელევიზიაში ვაკანტური რჩება საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისა და ვებრედაქტორის ადგილები.აღნიშნულ პოზიციებზე ჟიურიმ ამ ეტაპზე ვერავინ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი.
აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის თქმით, ჟიურიმ კონკურსში მონაწილე რამდენიმე კანდიდატზე ტელევიზიის ხელმძღვანელობას რეკომენდაცია მისცა მათი სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლო დასაქმების შესახებ.
პატარა სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს. 30 წელია თაგო გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება. ამ ტრანსპორტს სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი, საბაგირო გზის მეშვეობით კი ხულოს ცენტრიდან კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ.
საბაგირო გზა მძიმე ტვირთის გადასატანად საუკეთესო და იაფი საშუალებაა.თაგოელები პროდუქტების შესაძენად ხულოში დადიან.თოვლის სიმაღლე თაგოში ახლა ერთ მეტრამდე აღწევსსოფლის გზაზე.თაგოთაგოს სკოლათაგოთაგოელები გაფუჭებულ ტრაქტორთანციგას თაგოში გადაადგილებისთვის ხშირად იყენებენთაგოელები ტყეში ციგით წასასვლელად ემზადებიან. ტყემდე მათ რამდენიმე კილომეტრი უნდა იარონ თოვლში.სოფლის გზაზე. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი keda.ge ორ კვირაზე მეტია გათიშულია. საიტის გათიშვასთან დაკავშირებით ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტენდერი მათ ინტერნეტის მიწოდებაზე გამოაცხადეს, სატენდერო პირობებში ოფიციალური ვებგვერდის მომსახურება არ ჩადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უარი თქვა ოფიციალური საიტის მომსახურება ქედის გამგეობისთვის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების გარეშე მიეწოდებინა.
„ტენდერში ვებგვერდის მომსახურების პირობა არ გვქონდა ჩადებული, ამ ტიპის მომსახურებაზე ხელშეკრულებას ცალკე ვაფორმებდით გამარჯვებულ კომპანიასთან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სილქნეტმა“ სატენდერო პირობების გარეშე მომსახურებაზე უარი გვითხრა, მოლაპარაკება ვაწარმოეთ და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ხელშეკრულებას გავაფორმებთ „სილქნეტთან“ და დამატებით, ვებგვერდის მომსახურებას გაგვიწევს,“ – ამბობს ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გივი დევაძე.
„სილქნეტმა“ ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტმომსახურება ქედის გამგეობას 7 488 ლარად შესთავაზა. გამგეობასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება კი შესყიდვების ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის.
ქედის გამგეობაში განხორციელებულ ღონისძიებებისა თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ facebook – ის მეშვეობით აქვეყნებენ, რასაც ადმინისტრირებას ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ხაბაზი უწევს.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე “თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2017“-ის ფარგლებში პროექტების კონკურსს აცხადებს.
კონკურსში პროექტები მიიღება ბათუმიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან.
კონკურში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
პროექტის შემსრულებელი შესაძლებელია იყოს საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
პროექტი მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების სფეროს უნდა ეხებოდეს;
აუცილებელია გამოფენას ჰქონდეს გამოკვეთილი კურატორული კონცეფცია (არაუმეტეს ორი თაბახის ფურცლისა) და განსაზღვრული მონაწილე მხატვრები (თითო გამოფენაში ორი ან მეტი ხელოვანი);
განაცხადს უნდა ერთვოდეს ვიზუალური მასალა, მონაწილე ხელოვანების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების მაგალითები PDF ანა JPEG ფორმატში;
განაცხადს უნდა ერთვოდეს მიახლოებითი ხარჯაღრიცხვა.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე უზრუნველყოფს გამოფენის მომზადებისთვის საჭირო მცირე ხელშეწყობას – საგამოფენო, საექსპოზიციო ხარჯი, ტექნიკური მხარდაჭერა, პუბლიკაცია და მგზავრობა (გამონაკლისის სახით). გამოფენის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1 თვე.
განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: info@casbatumi.ge casbatumi@gmail.com. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის განცხადებით, თუ თქვენ კონკურში მონაწილე არ მიიღებს ელფოსტით დასტურს, განცხადება არ ჩაითვლება მიღებულად.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 თებერვალი. განაცხადები განიხილება თანამედროვე ხელოვნების მოწვეული კურატორების და ხელოვანების მიერ. პროექტები 20 თებერვლამდე შეირჩევა. მხოლოდ შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ ელექტონულ მისამართზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ: +995 593 141212, +995 593 60 45 95 ან casbatumi@gmail.com, info@casbatumi.ge
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, თითო კალათბურთის დაფა დამონტაჟდება. „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ დამონტაჟდება სულ 20 დაფა, თუმცა, კონკრეტული მისამართები ჯერ შერჩეული არ არის.
ბათუმის ტერიტორიაზე „ქუჩის კალათბურთის 20 მოედნის მოწყობაში“ ქალაქის ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს „ბათუმის კორპუსი“ ტენდერის საშუალებით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულს კი მისამართებს ეტაპობრივად მიაწვდიან. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულს არა 20, არამედ 28 მისამართს მიაწვდიან, თუმცა სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ეს ტექნიკური უზუსტობაა და ჩასწორდება.
ტენდერის მიხედვით, „უნდა დამონტაჟდეს ანტივანდალური კალათბურთის დაფა ლითონის კალათითა და ბადით; კალათა და ბადე უნდა იყოს მოთუთიებული ლითონის. ქუჩის კალათბურთის მოედანი უნდა დაიხაზოს საგზაო მარკირების საღებავებით“.
20 ასეთი „მოედნის“ მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი კი 7 თებერვალს დასრულდება.
როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება? გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში? მინისტრის განცხადებით სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას „ბათუმელებთან“ აფასებენ.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა ძალიან ზოგადი განაცხადია და მისთვის უცნობია რა იგულისხმება ამაში.
თამთა კვარაცხელია
„კატეგორიზაციის საკითხი იყო დეკლარირებული, თუმცა დაწვრილებით, – როგორ და რანაირად, ეს არ არის ჩემთვის ცნობილი. როცა ყველაფერი დაიდება, შემდეგ ავწონ-დავწონით. ცოტათი რთულია წარმოვიდგინო თანაბარ პირობებში როგორ ჩავაყენებთ თბილისის პირველ საჯარო და ჩხოროწყუს რომელიმე საჯარო სკოლას. ამიტომ, დოკუმენტს რომ გავეცნობი შემდეგ ალბათ უფრო ნათელი იქნება“ – გვეუბნება დირექტორი.
თამთა კვარაცხელიას თქმით, ასევე გაუგებარია რას ნიშნავს მინისტრის განცხადება, – „ვინც უკეთ აგვარებს პრობლემას“.
„შესაძლოა სკოლას ბევრი ფული ჰქონდეს და მაინც ვერ მოაგვაროს თავისი პრობლემები; ან ცოტა ჰქონდეს და ამის გამო ვერ მოაგვაროს და პირიქით, ცოტა ფული ჰქონდეს და მაინც კარგად მოაგვაროს. ასე, რომ ცოტა ბუნდოვანი საკითხია.“
თამთა კვარაცხელიას აზრით, თუ სკოლაში სველი წერტილები წესრიგში არ არის და არც კვების უსაფრთხოებაა დაცული, ამაზე პასუხისმგებლობა დირექტორმა უნდა აიღოს.
„თუ ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ცხადია ამაზე დირექტორია პასუხისმგებელი. „თუმცა, რას ნიშნავს „წესრიგი“ ესეც შეიძლება იყოს სხვადასხვა დონეზე განმარტებული. გააჩნია, როგორია სკოლის წყალმომარაგება, რომელ რეგიონშია სკოლა, მაგრამ თუ სკოლას ყველა პირობა აქვს შექმნილი მუნიციპალიტეტებისგან და უბრალოდ ინფექციის ბუდეა, ცხადია დასასჯელია ადმინისტრაცია“-გვეუბნება ის.
თამთა კვარაცხელიას აზრით, ყველაზე მეტი თავისუფლება რაც დღეს სკოლას სჭირდება, საათობრივია ბადეა: „ვერ ვიტყვი რომ თავისუფლების ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ არის გარკვეული საკითხები რაშიც ვისურვებდი მეტ თავისუფლებას. მაგალითად, საათობრივი ბადის გამო, შეიძლება სკოლა ვერ სთავაზობდეს მოსწავლეს დამატებით სააღმზრდელო მომსახურებას, ზოგიერთ სკოლას აქვს იმის შესაძლებლობა რომ აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ვერ ახერხებს სხვადასხვა შემზღუდავი საკანონმდებლო აქტების გამო და ა.შ. თუმცა, საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წერია დოკუმენტში“.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის, დათო ეცადეიშვილის თქმით, „ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. დადებითი ის, რომ ე.წ „კატეგორიზაცია“ სკოლებს შორის კონკურენციას გაზრდის, ხარისხს აამაღლებს ალბათ, მაგრამ ეს ქალაქის სკოლებისთვის შედარებით ადვილი იქნება, რეგიონის სკოლებისთვის კი რთული. ადგილმდებარეობა, მოსწავლეთა კონტინგენტი, კვალიფიციური მასწავლებლები, ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი განსაზღვრავს სკოლის ხარისხს“.
დათო ეცადეიშვილის აზრით, სკოლის თავისუფლება მხოლოდ დირექტორზე არ არის დამოკიდებული.
დათო ეცადეიშვილი
„თუ ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ამის მოგვარებას სჭირდება შესაბამისი თანხა, რომელიც სკოლას შეიძლება არ ჰქონდეს. მაგრამ, თუ აქვს და ვერ აგვარებს, მაშინ სკოლის უუნარობაა, მაგრამ თუ არ აქვს, როგორ მოაგვაროს? ისევ სამინისტროს უნდა მოსთხოვოს. საკადრო პრობლემაც ნაწილობრივ არის დირექტორზე დამოკიდებული, რადგან თუ გამოაცხადა კონკურსი და კადრი მაინც არ მივიდა სკოლაში, როგორ მიიყვანოს, რა ბერკეტი აქვს დირექტორს? ქალაქი, მთა და ბარი ერთნაირ პირობებში არ არის, ამიტომ ე.წ „კატეგორიზაციის“ უარყოფითი მხარე არის ეს. კონკურენცია თანაბარ პირობებში უნდა იყოს“ – გვეუბნება ის.
სკოლის თავისუფლებას რაც შეეხება, დათო ეცადეიშვილის აზრითაც სკოლა თავისუფალია – „იქნება ეს საკადრო, ფინანსური, აღმზრდელობითი და სხვა არ ვიცი რა თავისუფლებაზეა საუბარი, თუმცა სკოლების კატეგორიებად დაყოფა სკოლების სტიგმატიზაციას გამოიწვევს და მოსწავლეების პრესტიჟულ სკოლებში გადინებას გამოიწვევს“.
ბათუმის მე-2 საჯაროს სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა, გარკვეული შედეგების და კვალიფიციური კადრების საფუძველზე უნდა მოხდეს.
მარიზა აბაშიძე
„არ შეიძლება ყველა დაწესებულება განვიხილოთ ერთ ჭრილში, ზოგს აქვს წარმატებები, ზოგს არა. ვფიქრობ ეს სკოლისთვის ან მოსწავლისთვის დამთრგუნველი არ იქნება. ქალაქის ცენტრალურ სკოლებში მოსწავლის მიღება ისედაც პრობლემაა, ამიტომ არა მგონია კატეგორიებად დაყოფის შემდეგ, ამან სურათი შეცვალოს. ვფიქრობ, სკოლების კატეგორიებად დაყოფა მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს და კონკურენციასაც გაზრდის სკოლებს შორის“.
მარიზა აბაშიძის აზრით, სკოლას მაღალ კატეგორიაში მოსახვედრად ახალი ნოვაციები სჭირდება: „სკოლების კატეგორიზაციის საკითხი, ჩემი აზრით რამდენიმე მიმართულებით უნდა განიხილებოდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო შედეგი, მიღწევები, რაღაცაში წარმატებას უნდა მიაღწიოს, რაღაც სიახლე უნდა დანერგოს, ოლიმპიადებში, კონკურსებში უნდა ჰქონდეს წარმატებები. არის ნოვაციის გამტარებელი სკოლები და ისეთიც, რომელიც 50 წლის წინანდელი სტრუქტურით რომ მუშაობს. სიახლის მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ ამ სკოლებს, რადგან 21-ე საუკუნის მოსწავლის დაინტერესება რთული პროცესი გახდა და სკოლამ მრავალმხრივად უნდა შეუწყოს ხელი მოსწავლეებს რომ მოხდეს მათი მოტივაციის ამაღლება. გარდა ამისა, კვალიფიციური კადრების ფაქტორი, ინფრასტრუქტურა მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე. სკოლაში მოსწავლე უნდა მოდიოდეს სიამოვნებით, სიხარულით და ყველაფერი უნდა უწყობდეს ამაში ხელს. სკოლების კატეგორიზაციებად დაყოფა კი მისცემს ჩვენს მოსწავლეებს ამის საშუალებას.
მეტ თავისუფლებას რაც შეეხება, ამაში ალბათ იგულისხმება „თავისუფალი გაკვეთილები“ და თავისუფალი მიდგომები. იმიტომ, რომ აქცენტი ამათზეა გაკეთებული, რადგან გადაწყვეტილებების მიღებაში სკოლა ისედაც თავისუფალია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით და იქ „თავისუფალი გაკვეთილი“ არ არის. ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს მინისტრი თავისუფლებას“.
მარიზა აბაშიძის თქმით, პრობლემას რომელსაც დღეს ქალაქის სკოლაში დირექტორი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, ფაქტობრივად არ არსებობს: „გარკვეული პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მცირეკონტინგენტიან სკოლებს, რადგან ასეთი სკოლა რემონტს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს. მიმდინარე რემონტსაც კი და ალბათ ამ კუთხით სჭირდება სამინისტროს ჩარევა. ჩვენი ბიუჯეტის პირობებში კი სამინისტროს ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, ტენდერი იქნება თუ მიმდინარე სხვა სამუშაო, სკოლა აკეთებს ამას დამოუკიდებლად“.
მარიზა აბაშიძის თქმით, დირექტორი ვალდებულია სკოლაში მოსწავლისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას, თუმცა დაბალბიუჯეტიან სკოლებს სამინისტროს თანადგომა სჭირდება.
„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება.
დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, რომ ამ კომპანიას ხიდისთვის არ სცალია.
„მართლა არ სცალია. კომპანია „ზიმომ“ გადაიტანა ასწლოვანი ტიტა ბიძინა ივანიშვილის ბაღში. ამ კომპანიას გადააქვს ახლაც ხეები ციხისძირიდან, კიდევ 50 ხე უნდა გადაიტანოს. მთელი ტექნიკა იქ ჰყავს და ამიტომაც ვერ ახერხებს ხიდის რეაბილიტაციას. ჩვენ ვთხოვთ გზების დეპარტამენტს, შეუწყვიტოს ამ კომპანიას ხელშეკრულება და გაფორმდეს იმასთან, ვინც შეასრულებს სამუშაოს. ვამბობთ, რომ ტურიზმია მნიშვნელოვანი. ამ დროს კი, სარფიდან ბათუმისკენ როცა მოდიხარ, პირველი ეს დანგრეული ხიდი გხვდება“, – აცხადებს ნოდარ დუმბაძე.
ხიდის რეაბილიტაციის დაუსრულებლობის კავშირს ხეების გადატანასთან გამორიცხავენ კომპანია „ზიმოსა“ და გზების დეპარტამენტში. კომპანიაში გვითხრეს, რომ სამუშაოების რამდენჯერმე გადავადების მიზეზი ის იყო, რომ ხიდი რთული საინჟინრო ნაგებობაა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტში ცვლილებების შეტანა დარჩა საჭირო.
„ჩვენ უკვე დავამაგრეთ ბურჯები, რადგან ჭოროხის დონე იყო დაწეული, რამაც გამოიწვია ბურჯების ძირის გამოთხრა. შემდეგი იყო ხიდის შუა ნაწილის, მეტალის კონსტრუქციის გამაგრება. ახლა ვართ დასრულების ეტაპზე – ეს არის სავალი ნაწილის გამაგრება, რაც ზაფხულამდე, სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ჩვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჩავეტევით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ზიმოს“ თანამშრომელი, ირაკლი შანავა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია „ზიმოს“ მხოლოდ 944 075 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული, რაც პროექტის საერთო ღირებულების ნახევარიც კი არაა. „გონიოს ხიდის“ აღდგენისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონ 399 ათას 573 ლარი დაიხარჯება.
ამავე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ხელშეკრულებაში გაფორმებიდან დღემდე 11-ჯერ შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილება ხარჯების დაზუსტებაზე მიმდინარე წლის 6 იანვრით თარიღდება. მანამდე შესული ცვლილებებით კომპანიას რამდენჯერმე გადაუვადეს სამუშაოების დასრულების დრო. ბოლოს მას გასული წლის დეკემბრამდე უნდა შეესრულებინა ვალდებულებები, მაგრამ იგი მიმდინარე წლის ივლისამდე გადავადდა.
პროექტის დასრულების ვადის კიდევ ერთხელ გადავადებას გამორიცხავენ გზების დეპარტამენტში. მიიჩნევენ, რომ კომპანია ამჯერად პირობას არ დაარღვევს და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. აქ კომპანიისთვის ხელშემშლელ გარემოებად არც ასწლოვანი ხეების ზღვით გადატანას განიხილავენ.
„სად იყო ხეების თემა, როცა ჩვენ ვაჯარიმებდით კომპანია „ზიმოს“ ვადების დარღვევის გამო? სხვა მიზეზი იყო ალბათ, არ ვიცი, ფირმის შიდა საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევით. ბოლოს 26 ათასით დაჯარიმდა ეს კომპანია, ჯამში 181 ათასით დავაჯარიმეთ, მეტი რა შეგვიძლია, რა უნდა გვექნა?“, – გვითხრა ზურაბ სიხარულიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა.
რა გამორიცხავს იმას, რომ კომპანიას ხეების გადატანის სამუშაოების გამო არ ჰყოფნის ტექნიკური რესურსი ხიდის რეაბილიტაციისთვის? – „ზიმოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დღესაც იქ მუშაობენ. იმავეს ამბობს ზურაბ სიხარულიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი: „განათების პრობლემაც მოგვარდა და რეაბილიტაციის პროცესი გვიანობამდე გაგრძელდება, რომ ზაფხულამდე მოესწროს“.
შუახევის გამგეობამ ინტერნეტმომსახურებაზე ტენდერი 13 იანვარს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 12 100 ლარი.
სატენდერო პირობების მიხედვით ინტერნეტპროვაიდერმა კომპანიამ დაბა შუახევში, თამარ მეფის ქუჩაze, N30-სა და რუსთაველის ქუჩა N 20 – ში განთავსებულ შენობებს, გლობალური ინტერნეტი, გარანტირებული სიჩქარით 40მგბ/წმ და ლოკალური ინტერნეტი გარანტირებული სიჩქარით 100 მგბ/წმ-ით 11 თვის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
შენობებში, რომელთა ინტერნეტმიწოდებაზეც ტენდერია გამოცხადებული, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო და სავალდებულო სამხედრო გაწვევის სამსახურია განთავსებული.
ინტერნეტმიწოდებაზე გამოცხადებული ტენდერი 20 იანვარს დასრულდება.
2016 წელს შუახევის გამგეობა და საკრებულო „სილქნეტის“ ინტერნეტით სარგებლობდა.
ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანას ითხოვს. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრება. მეწყრული პროცესები თხილვანაში 10 იანვარს გააქტიურდა. გუშინ, 17 იანვარს სოფელში მისულმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს ესაუბრა.
გუშინ აღნიშნეთ, რომ შეიქმნებოდა კომისია, თუმცა ცნობილია, რომ საფრთხე ყოველდღიურად ელოდება მოსახლეობას.
გეთანხმებით. მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა. ამ კუთხით ვერ მივაღწიეთ მოსახლეობასთან შეთანხმებას. ჩვენ მათ ვთავაზობთ სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავებას. ამ სამ თვეში გადაწყდება, კონკრეტულად რომელ ოჯახს რა საცხოვრებელს შევთავაზებთ. რაც შეეხება კომისიას, მე ვიგულისხმე კომისიის შექმნა ადგილზე, სადაც მოსახლეობა იმუშავებს და გაარკვევს ყველა დეტალს. ჩვენ ჯგუფურად ყველას ვერ დაველაპარაკებით. ისინი პირდაპირ მოითხოვენ, რომ მივცეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება.
რატომ გითხრათ მოსახლეობამ უარი დროებით საცხოვრებელზე?
იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვთავაზობდით სოციალურ სახლებს, ბინებს ქალაქის ტერიტორიაზე, მათ კი ჰყავთ საქონელი, მათი საკვებიც აქ აქვთ, ისეთი თემაა, ასე უცებ ვერაფერს მოახერხებდნენ. მათი მოთხოვნაა დროებითი საცხოვრებელი ადგილიც მოიძებნოს მიმდებარე სოფლებში.
აპირებთ ამ მოთხოვნის შესრულებას, თუ სხვა შეთავაზება გაქვთ?
კი, ჩვენი სამთავრობო კომისია და ის კომისიაც, რომელსაც დღეს მოსახლეობა ჩამოყალიბებს ვეძებთ უსაფრთხო საცხოვრებლებს მეზობელ სოფლებში. მაქსიმუმ ორ დღეში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მოსახლეობას ყავს საქონელი, უნდა მიხედონ პირუტყვს და ამიტომაც გაგვიჭირდა აქამდე გადაწყვეტილების მიღება.
რა ტიპის მუდმივი საცხოვრებლის შეთავაზებას აპირებთ მათთვის და რა ფინანსური რესურსი დასჭირდება ამას?
ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის, არც მუდმივ საცხოვრებელზე მიგვიღია გადაწყვეტილება, რადგან როგორც გითხარით, პირველი რიგის ამოცანა არის ამ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანის შემდეგ სამთავრობო კომისია თითოეული ოჯახის შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს, სულადობას, რა პროგრამებით სარგებლობენ და ასე შემდეგ. ამისთვის თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ რესურსი მოიძებნება. არსებობს იგივე სარეზერვო ფონდები, საიდანაც შეიძლება ამისთვის თანხა დაიხარჯოს.
2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 600 ათასი, ხოლო ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის – რომელიც მეორე წელია ხორციელდება – 800 ათასი ლარი, რაც 100 ათასი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ზემოაღნიშნულ პროგრამებს, ისევე როგორც სხვა, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
– საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:
100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;
დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;
სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%-ით.
დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები
დაფინანსების ფორმა
დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:
70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები-100 %-ით;
70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები-90 %-ით;
100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები-80%-ით.
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
ონკოლოგიურპაციენტთადამატებითი სამედიცინომომსახურების პროგრამა
ეს პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების [სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით] დაფინანსებას.
მოსარგებლეები
ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
1000 ლარის ჩათვლით-100%-ით;
1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით;
2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით-80%-ით;
3000 ლარზე მეტი-70%-ით [არაუმეტეს 5 000 ლარისა].
სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
პროგრამების მოსარგებლე 2017წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
15 წლის მოზარდი, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 იანვარს დაჭრეს. ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა ცხელ კვალზე დადგინდა, თუმცა ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. როგორც სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
„ჭაობის დასახლებაში“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის მერია გარკვეული ქუჩებისა და ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობას გეგმავს. მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2018 წელს უნდა დასრულდეს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყველა ქუჩაზე სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტბეტონის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და რიგ ადგილებში სანიაღვრე სისტემის მოწყობას.
ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ მაისამდე პერიოდში. ტენდერი მიმდინარე წლის 10 თებერვალს დასრულდება და სამუშაოებისთვის 2 682 478 ლარია გათვალისწინებული.
ქუჩების მონაკვეთები, სადაც სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე:
ტენდერი ამ შემთხვევაშიც 10 თებერვალს უნდა დასრულდეს. სამუშაოებისთვის კი 5 436 647 ლარია გათვალისწინებული.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს სამუშაოები შემდეგ მონაკვეთებზეც:
აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 10 თებერვალს დასრულდება. ამ სამუშაოებში მაქსიმუმ 4 966 693 ლარი დაიხარჯება.
ბათუმის მერია გეგმავს ქუჩების კეთილმოწყობას „ბონისა“ და „ბარცხანის“ დასახლებებში; ასევე ტენდერია გამოცხადებული ლორთქიფანიძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის, რაშიც მერია მაქსიმუმ 240 ათას ლარს გადაიხდის.
კომპანია „V&T Agro“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის. უკრაინელი ბიზნესმენების მიერ დაარსებული ეს კომპანია ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმ სასათბურე მეურნეობას ფლობს, რომელიც გასული წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. კომპანია ზარალის 80%-ის ანაზღურებას ითხოვს, რასაც სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
„სათბურის თოვლისგან განადგურების შემდეგ, აპრილში ადგილზე ჩამოვიდნენ ექსპერტები და თქვეს, რომ რამდენიმე დღეში დაიდებოდა დასკვნა. „ალდაგი“ დღემდე გვეუბნება, რომ ელოდება ექსპერტის დასკვნას. რეალურად ერთ წელზე მეტი დრო გავიდა, როცა დიდთოვლობამ მასშტაბური სათბური დაშალა. სადაზღვევო კომპანიას სასამართლოშიც კი არ წარმოუდგენია რომელიმე ექსპერტიზის დასკვნა. არც იმას გვეუბნებიან, რომელ ექსპერტს მიმართეს დასკვნის გასაკეთებლად“, – გვიყვება ლელა ბჟალავა. ის კომპანია „V&T Agro“-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში.
ლელა ბჟალავა ამბობს, რომ კომპანია „ალდაგთან“ დაზღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა 2012 წელს გააფორმეს და კომპანია დაზღვევისთვის ყოველთვიურად იხდიდა დაახლოებით 2600 დოლარის ექვივალენტს ლარში. „დაზღვევის მთლიანი ღირებულება 590 ათასი აშშ დოლარია. ჩვენი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ზარალი ამ შემთხვევაში დაახლოებით 400 ათას დოლარს შეადგენს. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა სტიქიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის, დიდთოვლობას. ეს პირდაპირ ჩანს ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, გაუგებარია, რის გამო აარიდა თავი ვალდებულებებს სადაზღვევო კომპანიამ“, – აცხადებს ლელა ბჟალავა.
„არაერთი საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ ეს არ იყო სადაზღვევო შემთხვევა. ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვქონდა,“ – გვითხრა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა. კითხვაზე, რა დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით, გვიპასუხა, რომ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყოდა.
ამ შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მხარეთა არგუმენტები ჯერ სასამართლოს არ მოუსმენია.
კომპანია „V&T Agro“-ს ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, უკრაინელი ბიზნესმენები, რომლებმაც სასათბურე მეურნეობა ქობულეთში 2012 წელს მოაწყვეს, სათბურის გაყიდვას აღარ აპირებენ. სათბურის დანგრევის შემდეგ შესასვლელთან გაჩნდა წარწერა: „იყიდება“. მიმდინარე წლის ივნისში კომპანიის დირექტორმა, ნუკრი დოლიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომპანიას მოგების მიღება უჭირდა და სადაზღვევო კომპანიასთანაც შეთანხმების პროცესი გაიწელა.
უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტსაც ინარჩუნებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ეს არის ჩემი ტვირთი. გამომეკიდონ ერთი დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე რამდენ საქმეს ვაკეთებ…“ – უთხრა ილია ვერძაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრის დროს.
ილია ვერძაძე კანონის იმ ნორმაზე აქცენტირებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას არ უზღუდავს.
„ხელისუფლებას აქვს იგივე ინტერესი, რომ დაიცვას დასაქმებულის ინტერესები. მე რომ ვიყო მთავრობაში, სხვა ამბავია, მაგრამ კანონმდებელი ვარ, შემიძლია კონკრეტული ცვლილება შევიტანო კანონში, ან ამისთვის ვიბრძოლო… ევროპაშიც ასე ხდება. ამის ბევრი მაგალითია, როცა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა პარტიიდან პარლამენტში ხვდებიან და პროფკავშირშიც რჩებიან“, – ამბობს ილია ვერძაძე.
ინტერესთა შეუთავსებლობა – ამ პრობლემას ხედავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი, როცა დეპუტატი იმავდროულად პროფესიული კავშირის ხელმძღვანელიცაა. მისი შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ძალიან ცუდი იურიდიული დოკუმენტია და მის შეცვლაზე უნდა იმუშაონ დეპუტატებმა, თუმცა არსებული რეგლამენტიც უწესებს შეზღუდვას დეპუტატებს.
„აჭარის რეგლამენტი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე გავრცელდეს საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო ასეთ კანონს წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც განმარტებულია, რომ აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს (დეპუტატს) უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. პირველ რიგში, რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და შემდგომ შესაბამისი დასკვნით მიმართოს უმაღლეს საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
„ვიდრე იურიდიული კომისია დასკვნას არ დადებს, პოზიციას ვერ გეტყვით“, – ამბობს დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მისი თქმით, კომისია ილია ვერძაძის შემთხვევას უკვე განიხილავს.
ილია ვერძაძე უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარეცაა და მას დეკემბრის თვეში უმაღლეს საბჭოში ხელფასის სახით ჯამში 5170 ლარი აქვს აღებული. რაც შეეხება ილია ვერძაძის, როგორც პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის ხელფასს, ამასთან დაკავშირებით ის ამბობს: „ახლა ვერ გეტყვით, დეკლარაციას როცა შევავსებ, მაშინ ნახავთ“.
ბათუმში ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს. 2017 წლის ნაძვის ხის შესაძენად მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა.
წელს ნაძვის ხის გასაფორმებლად 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშოები იყო შეკვეთილი, რასაც 180 ცალი წითელი ბაფთა დაემატება. ნაძვის ხის დემონტაჟის შემდეგ, ევროპის მოედნიდან საახალწლო ჯიხურებსაც აიღებენ.
ევროპის მოედანზე ნაძვის ხე დაშალესდაშლილი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე
წელს ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე, წინა წელთან შედარებით დაგვიანებით, 25 დეკემბერს დადგეს.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მანქანა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზიდან მიმდინარე წლის 14 იანვარს გადავარდა და ფაქტზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს აჭარაში, ბატონ რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო.
„დღეს, ჩვენი სტუმრობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიზნად ისახავს გავაღრმავოთ ურთიერთობა ტურიზმის სფეროში. აზერბაიჯანის მოქალაქეები დაინტერესებული არიან აჭარის ტურისტული პოტენციალით. საკონსულოს მიზანია ეფექტური ურთიერთობა გვქონდეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტთან. ასევე ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა. შევთანხმდით მომავალ აქტიურ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა აჭარაში ბატონმა რაშად ისმაილოვმა.
„მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოსა და პირადად ბატონი კონსულის მხრიდან არის ასეთი მაღალი ინტერესი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან სათანამშრომლოდ. ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენს რეგიონში ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია. ჩვენი მთავარი სტრატეგია – აჭარა ოთხივე სეზონზე გავხადოთ ტურისტებისთვის მიმზიდველი – ვერ განხორცელდება მეზობელი ქვეყნებისა და ჩვენი ტრადიციული ბაზრების აქტიური ჩართულობის გარეშე. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოსთან. გვჯერა, ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა. დღემდე ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიმართულებას ხელმღვანელობდა.
დავით მაკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს.
1997-1998 წლებში ის იყო აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მთავარი სპეციალისტი და უფროსი.
1998-2004 წლებში კი აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განყოფილების -აჭარის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად მუშაობდა.
2004-2005 წლებში დავით მაკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურთა კოორდინაციის სამმართველოს – აჭარის არქმშენინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
2006-2007 წლებში ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2007 წელს აჭარის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ჯემალ მ-ს, რომელსაც ყაჩაღობაში ედება ბრალი. აღმკვეთი ღონისძიება ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, 31 დეკემბრის საღამოს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბრალდებულმა სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხურიდან სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე თებერვალში შედგება. პროკურატურა ჯემალ მ.-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.