სიახლეები

როგორ შეიქმნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

27.07.2015 • 2647
როგორ შეიქმნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში მესამე წელია არსებობს. იდეა ხელოვანთა ჯგუფს ეკუთვნოდა, თუმცა ოფიციალური ფორმის მიღების შემდეგ, წრე შევიწროვდა და დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ხუთი ადამიანითაა წარმოდგენილი.
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა ანა რიაბოშენკოს ევალება, რომელიც ასევე ხელოვანია. მასთან საუბარი ვერ მოვახერხეთ, რადგან ინტერვიუს ჩაწერის დროს ის ბათუმში არ იმყოფებოდა. ანას მოვალეობებზე მისი მეგობრები გვესაუბრებიან.


ირაკლი ძნელაძე

„ხელოვანებთან კავშირებს ძირითადად ანა აგვარებს, ის წყვეტს რა გამოფენა უნდა გაიმართოს და როდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, იდეებს ვისმენთ, ვხვეწთ და ვუზიარებთ ერთმანეთს“, – ამბობს ირაკლი ძნელაძე. ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დირექტორის ანუ მენეჯერის ფუნქციას ასრულებს:

„ბევრი ფიქრობს, რომ აქ კაკომ ანუ მამაჩემმა დამსვა, რადგან დეპუტატია, მაგრამ ასე არ არის“, – ამბობს ირაკლი.  „მე დემოკრატი ვარ აზროვნებაში და ბევრჯერ ისეთი რამეც დამიწერია ან გამიკეთებია, რაც „დეპუტატის შვილს არ შეეფერება“. ამ სივრცის შექმნა ჩვენი, ხელოვანების იდეა იყო და ეს მამის გადეპუტატებამდე დავგეგმეთ“. მას მიაჩნია, რომ დირექტორობა არ უნდა იყოს „მარადიული“ და ერთი-ორი წლის შემდეგ ეს პოზიცია ხელოვნების სივრცეში სხვამ უნდა დაიკავოს.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ფოტოგრაფი ამიკო ქავთარაძე ტელევიზიაში მუშაობს რეჟისორად და მაგისტრატურაზე სწავლობს. ჰქონდა არაერთი ფოტოგამოფენა როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ასევე ევროპის ქვეყნებშიც. „ვმეგობრობ ირაკლისთან, პირველი საჩვენებელი გამოფენის დროს ჩართული ვიყავი მომზადების პროცესში და შემდეგ ბუნებრივად დავრჩი“, –  გვეუბნება ამიკო. ის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია. მის ფუნქციებში შედის გამოფენის ტექნიკური მხარის მოგვარება და კინოჩვენებების ორგანიზება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შაბათობით იმართება. ამიკოს თქმით, „ფილმი შეიძლება სახლშიც ნახო, ან კინოდარბაზში, მაგრამ იქ არ გაქვს შესაძლებლობა სხვას გაუზიარო შენი აზრები, ელაპარაკო რა განიცადე, რა როგორ გაიგე და ა.შ. ეს სივრცე კი ამის შესაძლებლობას გაძლევს.“

ფილმის შეთავაზება ყველა მსურველს შეუძლია, მათ შორის მოყვარულსაც. „მთავარია, ახლოს იყოს კინოსამყაროსთან“.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ძირითადად საავტორო ფილმებს აჩვენებენ, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. ყველა ჩვენებას სხვადასხვა მასპინძელი ჰყავს. ისინი თავად არჩევენ ფილმებს და მოაქვთ. მასპინძლები უკვე იყვნენ რეჟისორები: შოთა გუჯაბიძე, ზაზა ხალვაში და პაატა ციკოლია.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარი ფსიქოთერაპევტი თამარ შაშიკაძეა. ის მესამე თვეა, რაც აქ მუშაობს. განათლება პეტერბურგში მიიღო და როგორც ამბობს, ცოტა ხანი პროფესიითაც იმუშავა: „თუმცა აქ ყოველთვის ვიყავი. მე თვითონაც ვაკეთებ ხოლმე პერფორმანსებს, ამიტომ ეს სამყარო ჩემთვის ახლობელია“. თამარი თანამედროვე ხელოვნების სივრცის პოპულარიზებას ძირითადად ონლაინსივრცეში ეწევა.


თამარ შაშიკაძე

„სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანია ჩართული, ამიტომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ინტერნეტსივრცე კარგი საშუალებაა. ვიყენებთ ტელევიზიასაც“, – ამბობს თამარი.

მოახერხა თუ არა „თანამედროვე ხელოვნების სივრცემ“ ბათუმში შეექმნა გარემო, რომელიც ყოველთვის დააინტერესებს მნახველს? თანამედროვე ხელოვნების სივრცის ჯგუფი მიიჩნევს რომ – კი.

თამარის აზრით, ინტერესთა ჯგუფების სეგმენტირება აუცილებელიც კია, რადგან თანამედროვე სახელოვნებო სივრცე განსხვავდება კლასიკური ხელოვნებისგან, რომელსაც უფრო მეტად იცნობს საზოგადოება.

„ზოგი მოდის და გვეუბნება –  „აბა, სად არის ნახატები? – რადგან გამოფენა ჰქვია, ბევრი ფიქრობს, რომ აუცილებლად ფერწერული ტილოები უნდა იყოს კედლებზე. თანამედროვე ხელოვნების დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ შეიძლება ნახო ის, რაც აქამდე არ გინახავს. შეიძლება დაეთანხმო ამ შემოთავაზებას, შეიძლება არა“, – ამბობს თამარი.

თანამედროვე ხელოვნების სივრცე ყველა ასაკის ადამიანზეა ორიენტირებული. მათ შორის ბავშვებზეც. წელს გოეთეს ინსტიტუტმა მოაწყო გერმანული ზღაპრების გამოფენა, რომელიც ორი ათასამდე მოსწავლემ ნახა. როგორც ირაკლი ამბობს, ეს არ იყო მხოლოდ სურათების გამოფენა. გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზღაპრის გმირების გასაცოცხლებლად, გახმოვანებული იყო მუსიკალურად.

საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენას ერევნის მუზეუმიდან, რომელსაც ასევე ბევრი მნახველი ჰყავდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოხატვის ბევრი კომპონენტი – მუსიკა, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, სამსახიობო ოსტატობა – ხშირად ერთადაა გამოყენებული.

არის შემთხვევები, როცა მაყურებელი თვითონაც ჩართულია შემოქმედებით პროცესში. ამ მხრივ საინტერესო იყო პერფორმანსი – „მე ვარ მედეა“.
ამ დროისთვის „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ უკრაინულ ჯგუფ „რეპის“ მასპინძლობს. როგორც თამარი ამბობს, ჯგუფი 2004 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს შეიქმნა, რევოლუციური ჯგუფია და აქციების თემაზე მუშაობს. ხშირად მიაქვთ ნამუშევრები „ბიენალეზე“, ბათუმში კი მათი ათი წლის შემოქმედებაა ნაჩვენები.

ამიკო ქავთარაძე

„აქ ძირითადად ვიდეოინსტალაციებია წარმოდგენილი, რადგან ნამუშევრების ტრანსპორტირება და დაზღვევა ძვირი ჯდება“, – ამბობს ამიკო. ზოგი ნამუშევარი კი კონკრეტულ სივრცეზეა გათვლილი და ის სწორედ იქ უნდა ნახო.

ირაკლის აზრით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის განსხვავებულს სთავაზობს ქალაქს: „აქ მხოლოდ გამოფენა ან კონცერტი არ იმართება. გამოფენას ახლავს ხოლმე მასტერკლასები, დისკუსიები და ბევრი საინტერესო ელემენტი. ბევრი ისეთი ხელოვანი გვყავდა, ვისი სემინარების მოსმენა ევროპაში ფასიანია“.

აგვისტოს დასაწყისში ხელოვნების სივრცე გეგმავს საერთაშორისო ფოტოგამოფენას – „ოდესა-ბათუმი“, რომელშიც ხელოვანები ხუთი ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი ძნელაძის თქმით, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი. გამოფენას ოთხი ლოკაციის ადგილი ექნება – თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ხელოვნების მუზეუმი, გალერეა 41/41 და „თი ბი სი“ ბანკის საგამოფენო სივრცე. იქნება ღამის ჩვენებები „კემპინსკის“ ტერიტორიაზეც.

ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თანამედროვე ხელოვნების სივრცე ცნობადი გახდა ბათუმის გარეთაც. „ერთი თურქი ფოტოგრაფის დამსახურება იყო საერთაშორისო გამოფენაზე ჩემი მიწვევა თურქეთში. ის ტურისტად იყო ჩამოსული ბათუმში და სწორედ ამ სივრცეში გამიცნო“, – ამბობს ირაკლი. გოეთეს ინსტიტუტის მიწვევით კი ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი იმყოფებოდა ერთი კვირით ბერლინში.

„ეს ყველაფერი ამ სივრცის პოპულარობის შედეგია“,-  ამბობს ირაკლი და გეგმებზე საუბარს აგრძელებს. –  „სექტემბერში იგეგმება ახალი პროექტი ბავშვებისთვის. კედლებზე გაეკვრება თეთრი ფურცლები და ერთ წელს გადაცილებული ასაკის ბავშვებს შეეძლებათ თეთრი კედლები გააფერადონ, შეუძლიათ დახატონ ხელით, ფუნჯით, ყველაფრით. კვირაში ერთი-ორი საათი იქნება ამისთვის გამოყოფილი“.

ზაფხულში ჯგუფის წევრებს დაგეგმილი აქვთ თანამედროვე ხელოვნების სივრცის გარეფასადის მოხატვაც.

ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერაა დაფუძნებული და მისი წლიური ბიუჯეტი 120 ათასი ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: