ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

“ტურიზმის განვითარების სკოლა” მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად

19.01.2017 • 3455
“ტურიზმის განვითარების სკოლა” მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ახალი პროექტის “ტურიზმის განვითარების სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განმარტებით “ტურიზმის განვითარების სკოლის” ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება.

როგორც შეხვედრზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და ამ ობიექტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით.

გარდა ამისა, “ტურიზმის განვითარების სკოლაში” იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება.

სულხან ღლონტის თქმით, დეპარტამენტი  პროექტის ფარგლებში არასამთავრობო და კერძო სექტორის გარდა, მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვა სამთავრობო უწყებებთან, რათა მათ მიერ გაწეული სამუშაოები იყოს სინქრონული და შესაბამისად უფრო ეფექტური. ერთ-ერთ ასეთ უწყებად სულხან ღლონტმა “გზების დეპარტამენტი” დაასახელა – “ჩვენი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, გაიარეს კონკრეტული მარშრუტები თუ რა გვჭირდება, რათა ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში” – აღნიშნა მან.

სერვისის განვითარების ხელმძღვანელმა თამარ კაიკაციშვილმა, პრეზენტაციისას აღნიშნა რომ მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებით მწვავედ დგას უცხო ენის ცოდნის პრობლემა, შესაბამისად უცხო ენების სწავლის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება განათლების სამინისტროს ჩართლობა, “ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების თანამედროვე სტანდარტები დავნერგოთ და სადაც  არ არსებობს ჯერ-ჯერობით მომსახურების მინიმალური სტანდარტი – შევქმნათ, შემდეგ კი ვიზრუნოთ მის გნვითარებაზე.  ამ  ობიექტების ყველა სეგმენტს – მფლობელებს, თანამშრომლებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში ჩვენ  შევთავაზებთ მაქსიმალურად გამართულ, მათ საჭიროებებზე მორგებულ მოდულებს” – თქვა თამარ კაიკაციშვილმა.

პროექტისთვის საგანმანათლებლო ნაწილზე 100 000 ლარი, ტურიზმის დეპარტამენტის არსებული ბიუჯეტიდან დაიხარჯება – “ჩვენ გვაქვს თანხები, რომლებსაც უბრალოდ გადავააწილებთ ამ პროექტზე. ბიუჯეტი არ გაიზრდება” – თქვა სულხან ღლონტმა.

“ტურიზმის განვითარების სკოლაში” სასწავლო პროცესები მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: