მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრის ინიციატივა – ერთი კითხვა, ერთი პასუხი

19.01.2017 • 2456
ბათუმის საკრებულოს წევრის ინიციატივა – ერთი კითხვა, ერთი პასუხი

2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველ ორგანოებს, მერებსა და გამგებლებს აირჩევენ. მოქმედი საკრებულოს წევრების უმეტესობა არ უარყოფს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოშიც უნდათ მოხვედრა.

სანამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მიიღებს გადაწყვეტილებას აირჩიოს თუ არა ისინი, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ რა ინიციატივა წარადგინა საკრებულოში, რისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო.

დაასახელეთ თქვენი ერთი ინიციატივა საკრებულოში, რომელმაც ამომრჩეველს სარგებელი მოუტანა – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს წევრებს მივმართეთ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ, რომელიც ჯერ თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კი, თავმჯდომარედ არჩევამდე ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა, ქეთევან წამებულის ქუჩის რეაბილიტაცია დაასახელა: „ამ უბნის მაჟორიტარი ვარ და როდესაც ბიუჯეტის დაგეგმვაზე ვსუბრობდით, ამ ქუჩის რეაბილიტაციის დაფინანსება ჩემი თხოვნით გაითვალისწინეს.“

ბათუმის აქტივების შექმნაზე მუშაობის დაწყება დაასახელა ამომრჩევლისთვის ყველაზე სასარგებლო ინიციატივად თავის ინიციატივებს შორის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ: „ეს იმიტომ არის სასარგებლო, რომ ჩვენ გვეცოდინება რა აქტივების მფლობელები ვართ. კადასტრი მთლიანად გასწორდება და აღარ დასჭირდება მას ჯი-პი-ეს-ებით ცალ-ცალკე გასწორება. შევძლებთ ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლს. ასევე, შევძლებთ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ეს აქტივები და გადავაქციოთ ფულად. შევძლებთ უამრავი სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ ჩვენს ამომრჩეველს.“

აქტივების რუკაზე მუშაობა დაწყებულია და სავარაუდოდ მისი დასრულება ახალი მოწვევის საკრებულოს მოუწევს.

„ჩვენი ინიციატივები არც ერთი არ გაითვალისწინეს,  გარდა ერთისა – გაზის ტარიფთან დაკავშირებით. სოციალურად დაუცველები ღებულობდნენ დახმარებას, ჩვენ დამატება მოვითხოვეთ და ეს გაითვალისწინეს, დანარჩენი თითქმის არაფერი“ – უთხრა „ბათუმელებს“ საკრებულოს წევრმა გიორგი კაკაბაძემ, რომელიც საკრებულოში თავის დროზე „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზისგან“ მოხვდა. ისეთ ინიციატივად კი, რომელიც დაასახელეს და არ გავიდა, მან ბაღების ვაუჩერიზაცია დაასახელა. ასეთი ინიციატივა საკრებულოს უმრავლესობასაც ჰქონდა.

საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ თემურ ბასილაძემ რამდენიმე ინიციატივის დასახელება მოინდომა, საბოლოოდ კი ურეხის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასახელა: „ბევრ ინფრასტრუქტურულ პრობლემას შორის ერთ-ერთი იყო საბავშვო ბაღის არარსებობა. ურეხის დასახლებაში ვერ ვახერხებდით ბაღის აშენებას, რადგან შესაბამისი თავისუფალი ადგილი არ იყო. ასეთი სივრცე მე გამოვნახე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრება. ინიცირებით შევედი საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიაში და მანამდე ვინახულე ხელვაჩაურის გამგებელი, ბათუმის მერს ველაპარაკე და ხელვაჩაურის გამგებლის კეთილი ნებით გადმოეცა ბათუმის მერიას ნაკვეთი, სადაც შემდეგ ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. ეს ბაღი წელს სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ეს მიმაჩნია ერთ-ერთ დიდ მონაპოვრად.“

საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივებს ხშირად არ ითვალისწინებს: „ინიციატივა მქონდა მიწის აღიარების კომისიათან დაკავშირებით, მარტო ჩემი არა, ფრაქციის ინიციატივა იყო. იურისტის დამატება მოვითხოვეთ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა, რადგან ჩვენი დასახელებული პირი მიაქცევდა ყურადღებას საჯარო ინფრომაციის გაცემას. კომისიაში შედის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი და უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი ცალკე, რომელიც პასუხებს მიაწვდიდა მოქალაქეებს. ბევრი ვერ გავიტანეთ, რადგან მხარი არ დაგვიჭირეს. რაც შეეხება ქუჩებთან დაკავშირებულ საკითხებს, ზურაბ გორგილაძის ქუჩა რომ გვაქვს ბათუმში, მე ერთ-ერთი პიროვნება ვარ, რომელმაც ამას მივეცი ხმა.“

ნინო ბერაძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ საკრებულოს განათლების კულტურისა და სპორტის კომისიას ხელმძღვანელობს. ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივად, რომლისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო, მან ბათუმელი სტუდენტებისთვის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის დაწესება დაასახელა: „ჩემი ინიციატივით გაიცემა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ნებისმიერ სასწავლებელში. სტიპენდია გაიცემა კონკურსის წესით. პრიორიტეტი არის რამდენიმე მიმართულება, ასეთებია მაგალითად, არქიტექტურა, მუსიკა, ეკოლოგია, თუმცა ყველა მიმართულებისთვის არის ხელმისაწვდომი. სტიპენდია გაიცემა თვეში 200 ლარის ოდენობით ათი თვის მანძილზე. კონკურსი წელიწადში ორჯერ ცხადდება.“

ირაკლი მიქელაძე – საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყო და თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა. მნიშვნელოვან მიღწევად მან მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება დაასახელა: „გარდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რაც განხორციელდა ჩემს სამაჟორიტარო უბანში, მე ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად და გამარჯვებად მიმაჩნია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მოპოვებული თანხა, რომლითაც მოვახდინეთ მეჯინისწყლის კალაპოტის რეაბილიტაცია და გამაგრებითი სამუშაოები. როცა მე გავხდი მაჟორიტარი, იმ წელს ბოლოჯერ დაიტბორა ადლია და აეროპორტი. ამის მიზეზი კი იყო მეჯინისწყლიდან გადმოსული წყალი. კალაპოტი გავაფართოვეთ და გავამაგრეთ.“

მას შემდეგ რაც „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა, საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით აგრძელებს მუშაობას კობა ჩხეიძე. მთავარ ინიციატივად მან ბათუმის საბავშვო ბაღებში დასაქმებული პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესახებ გადაწყვეტილება დაასახელა: „ჩვენ 100%-იან დაფინანსებას ვითხოვდით, მაგრამ ამაზე არ დაგვთანხმდნენ.“

„ქართული ოცნების“ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ მთავარ მიღწევად რეაბილიტირებული გზები დაასახელა. მისივე თქმით იგი იმ გზებს გულისხმობს, რომლებიც არ იყო პროექტებში ჩასმული და მერიასთან საკითხის განხილვის შემდეგ, მან ჩაასმევინა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა მთავარ ინიციატივად ბათუმის გენგეგმის პროექტზე მუშაობის დაწყება დაასახელა, თუმცა, მისივე თქმით, საკითხი სხდომაზე არ დამტკიცდა. მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა: „ ხოლო, რომელიც დამტკიცდა, ეს იყო ის, რომ ე.წ. k2 – ის გაზრდაზე [განაშენინების ინტენსივობის კოეფიციენტი] გადაწყვეტილების მიღების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჩამოერთვა და საკრებულოს ბიუროს გადაეცა. ეს საკითხი საკრებულომ დაამტკიცა.“

საკრებულოს წევრების უმეტესობამ მთავარ ინიციატივად ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. საკრებულო უფლებამოსილია აკონტროლოს ბიუჯეტი და მიმდინარე სამუშაოების თანმიმდევრულობა, ხარჯვა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება უნდა უზრუნველყოს. რა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემაა კონკრეტულ ქუჩაზე თუ დასახლებაში, ამაზე ინფორმაციის მერიამდე მიტანა მერის რწმუნებულებსაც ევალებათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: