მთავარი,მთიანი აჭარა

უკრაინელი ბიზნესმენი ქობულეთში სათბურის ბიზნესზე უარს ამბობს

07.06.2016 • 5164
უკრაინელი ბიზნესმენი ქობულეთში სათბურის ბიზნესზე უარს ამბობს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, სასათბურე მეურნეობა იყიდება. სათბურში 4 წლის განმავლობაში ბოსტნეული მოჰყავდათ და იგი გასულ ზამთარს მოსულმა უხვმა ნალექმა თითქმის მთლიანად დაშალა. სასათბურე კონსტრუქციების აღდგენის ხარჯების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, თუმცა უკრაინელი ინვესტორი საწარმოს გაყიდვას მაინც გეგმავს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება უცხოელმა ინვესტორმა – ხელისუფლებას მიზეზების გარკვევა არ სურს.

„აბრა „იყიდება“ დაზამთრებამდე გამოვაკარით, როცა სათბური ფუნქციონირებდა. ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ სათბურის მესაკუთრე კომპანიის „V&T Agro“-ს დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ. მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად მან ადგილობრივი აგრარული ბაზარი დაგვისახელა, სადაც იმპორტირებული კიტრი და პომიდორი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ადგილზე მოწეული. „ასე გამოდიოდა, რომ ისინი განსაზღვრავდნენ ფასს. ძირითადად თურქეთიდან შემოსული ბოსტნეული გვიწევდა კონკურენციას. ვერ ვიტყვი, რომ წაგებაზე ვიყავით, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ტონამდე მოსავალი გაგვქონდა ბაზარზე, მაგრამ დანახარჯი დიდი იყო“, – ამბობს ნუკრი ტაკიძე.

პაატა ჩაგანავა, ეკონომისტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ კონკურენცია ვერ აიკრძალება, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ. „ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ტექნოლოგიებშია განსხვავება. ასევე გააჩნია ვინ უფრო მეტად იყენებს იაფ სამუშაო რესურსს“.

„არასწორია, ვიფიქროთ, თითქოს იმპორტი გვჩაგრავს“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, თურქეთში, მაგალითად, პომიდვრის მოყვანა გაცილებით უფრო იოლი და იაფია, ვიდრე საქართველოში: „განსაკუთრებით თურქეთის სამხრეთ ნაწილში გაცილებით ბევრი მზიანი დღეებია, ვიდრე ჩვენთან, იქ სათბობი რესურსიც შესაბამისად ნაკლები იხარჯება, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებაც. არსებობს რეგიონში სხვა სათბურები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემა შეექმნა აგრარულ სექტორში მყოფ ინვესტორს, რომელიც აცხადებს, რომ სათბურის ბიზნესის წარმოება აღარ ღირს. ამ სათბურთან კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მხოლოდ მამუკა თურმანიძეს ჰქონია: „მე როგორც სპეციალისტი, ისე ვიყავი ჩასული. მცენარეთა დაავადებებზე მივაწოდე კონკრეტული ინფორმაცია. სხვა მხრივ, არც წინათ და არც ახლა ჩვენთვის არავის მოუმართავს, თორემ აუცილებლად დავინტერესდებოდით და დავეხმარებოდით“.

2013 წელს განსაზღვრული საბაჟო რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში კიტრის ან პომიდვრის შემოტანის დროს, განბაჟების საფასური 1 კილოგრამ პროდუქტზე 1 ლარს შეადგენს. ამ წესის მიუხედავად, რატომ შეიძლება ვერ უწევდეს ქვეყნის შიგნით არსებული საწარმო იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენციას? – კითხვაზე პასუხის მიღება სათბურის დირექტორმა უკრაინაში მყოფ დამფუძნებლებთან გვირჩია, თუმცა კვირის განმავლობაში „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

რატომ ამბობენ უარს უკრაინელი ბიზნესმენები სათბურის ბიზნესზე ქობულეთში? – კითხვაზე პასუხი არ აქვთ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებაში ინახება კომპანია „V&T Agro“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ ინვესტორმა სოფლის მეურნეობის პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. 2011 წელს დაფუძნებულ შპს „V&T Agro“-ს [კომპანიის სამივე დამფუძნებელი უკრაინის მოქალაქეა] მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძის მთავრობამ, პირობიანი აუქციონის წესით, 2011 წელს მიყიდა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ მოაწყობდა თანამედროვე სტანდარტების სასათბურეს, სადაც დასაქმდებოდა მინიმუმ 25 ადამიანი და ინვესტორი გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებს. 22 169კვ. მეტრ მიწის ნაკვეთში უკრაინულმა ინვესტორმა, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 17 800 ლარი გადაიხადა.

სათბურის დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ აქამდე სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმების პროცესიც გაიწელა, მაგრამ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა: „მალე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ალბათ, მერე გაიყიდება, ზუსტად არ ვიცი. მილიონ-ნახევრად აფასებდა აქამდე. ისე, ორი მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და ამ იანვარს, როცა სასათბურე კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი განადგურდა, დაახლოებით მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. სადაზღვევო კომპანია დაახლოებით ზარალის 80 პროცენტს აანაზღაურებს. სათბურში 25 ადამიანი ვმუშაობდით. ახლა აქ მხოლოდ დარაჯები არიან“.

სათბური ხუცუბანში

სათბური ხუცუბანში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: