მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის გამგეობამ პირველადი ჯანდაცვისთვის 140 100 ლარი გამოყო

19.01.2017
ქედის გამგეობამ პირველადი ჯანდაცვისთვის 140 100 ლარი გამოყო

პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ქედაში, წელს პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში განახორციელებს.

პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებს საჭირო სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეუძენს – მთლიანობაში 24 დასახელების მედიკამენტსა და ორი სახის სპეციალურ სამედიცინო ინვენტარს.

სამედიცინო პუნქტებისთვის მედიკამენტების შესაძენად ქედის გამგეობას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადება მეორედ 17 იანვარს მოუხდა, რადგანაც ფარმაცევტული პროდუქტების შესაძენად 12 იანვარს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ქედის გამგეობას სატენდერო დოკუმენტაციაში უზუსტობა გაეპარა.

„გლუკომეტრის და ტესტ-ჩხირების შესყიდვის მახასიათებლების დასახელებაში გაპარულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც მიზანშეწონილია ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შეწყდეს“ – წერია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმში.

ფარმაცევტული მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი [ღირებულება – 19 904 ლარი] 24 იანვარს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მედიკამენტები გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის განმავლობაში ყველა კვარტალში უნდა მიაწოდოს.

მედპუნქტი ქედის მუნიციპალიტეტში 39 სოფელში ფუნქციონირებს. „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის გარდა ქედის გამგეობა 2017 წელს ცხრა მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს.

16128418_1237428286352875_1942157773_n

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების დაწყებითი სკოლის შენობა, სადაც სოფლის სამედიცინო პუნქტია განთავსებული. ეკა ბარამიძის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: