მთავარი,სიახლეები

პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს

19.01.2017
პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს

მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას  2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს.

პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. ამ ბრძანების მიხედვით, პატიმრები რიგითობის მიხედვით გადიან მკურნალობას.

„გეგმიური ან გადაუდებელი გადაყვანისას სრულიად იგნორირებულია ქალთა საჭიროებები და მათ მიმართ სპეციფიკური მიდგომა“, – წერია სარჩელში.

სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ განსხვავებული მიდგომა უნდა არსებობდეს ქალი პატიმრების მიმართ და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელიც თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს.

„თანასწორობა არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანების სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში. კანონის წინაშე თანასწორობა არათუ გამორიცხავს ადამიანთა განსხვავებულ მოპყრობას, არამედ შესატყვის შემთხვევაში მოითხოვს კიდევაც ამას“. – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

მსჯავრდებული ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან ფიზიოლოგიური მდგომარეობით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით. გარდა ამისა, ციხეებში მამაკაცი პატიმრების რაოდენობა ქალების რაოდენობაზე მკვეთრად მეტია, ხოლო რიგითობის პრინციპის დაცვით ხშირად ქალი პატიმრები იჩაგრებიან.

სარჩელში მითითებულია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გასული წლის სექტემბერში მიღებული წერილიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში სულ 272 ქალი პატიმარია, მათგან 111-ს გინეკოლოგიური პრობლემები აწუხებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: