ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება.
პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი შეცვლის. ტროტუარებზე დაიგება ფერადი ფილები, ქუჩები ადაპტირებული იქნება უსინათლოებისთვის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვისაც.
პუშკინის ქუჩაზე დასაქმებულების თქმით, პუშკინის ქუჩიდან აღებულ ქვის ფილებს ქობულეთიდან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადატანის დროს, გზის დროებითი მოწყობისთვის იყენებენ. თუმცა, კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელი ირაკლი შანავა ამას არ ადასტურებს და გვეუბნება, რომ დროებითი გზების დასაგებად ისინი ფილებს ყიდულობენ: „აჭარის ტერიტორიიდან არა, ეს ფილები აღმოსავლეთიდან შემოგვაქვს“.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თენგიზ კორძაძე ამბობს, რომ პუშკინის ქუჩიდან აღებული ფილები, მერიის საწყობში გადადის: „ფილებს, რასაც პუშკინის ქუჩაზე იღებენ, კომპანია „ზიმო 7“-ს მიაქვს მერიის საწყობში და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება“. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ ასრულებს.
თენგიზ კორძაძის განმარტებით, პუშკინისა და მისი მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2018 წლამდეა გაწერილი, თუმცა სამუშაოებს უფრო ადრე დაასრულებენ: „ფალავანდიშვილის ქუჩამდე, მიწისქვეშა სამუშაოები დასრულებულია. ბერიძის ქუჩიდან ფალავანდიშვილამდე ასფალტის საფარის დაგება უკვე შესაძლებელია და ძალიან მალე დავიწყებთ. შემდეგ, ფალავანდიშვილიდან შავშეთის ქუჩამდე უნდა გაგრძელდეს მიწისქვეშა სამუშაოები და პუშკინის ქუჩისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან სამუშაოები წამოვა სასტუმრო „ლეო გრანდანდის“ მიმართულებით. ამ მონაკვეთში დარჩენილია ფალავანდიშვილის და შევჩენკოს ქუჩა. პუშკინის ქუჩის ბოლოს რაც შეეხება, მიმდებარედ საკანალიზაციო სამუშაოებია დარჩენილი ჯავახიშვილის და ლორიას ქუჩებზე და როცა ეს სამუშაოები დასრულდება, კეთილმოწყობით სამუშაოებს შემდეგ დავიწყებთ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ქუჩის კეთილმოწყობის შემდეგ ისევ იმოძრავებენ თუ არა მძიმეწონიანი ავტომანქანები მაგალითად პუშკინის, შავშეთის ან სხვა ქუჩებზე და ექნებათ თუ არა მოვაჭრეებს უფლება, ტროტუარებზე ისევ გამოიტანონ გასაყიდი ნივთები? – თენგიზ კორძაძე ამბობს, რომ კეთილმოწყობის სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ ქუჩის კეთილმოწყობაზე.
„ტროტუარებზე ვაჭრობის საკითხი ჩვენი კომპეტენცია არ არის და შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გააკონტროლონ. მძიმე ტექნიკამ რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღარ უნდა იაროს, მაგრამ როგორ გადაწყდება ეს საკითხი არ ვიცი, ტექნიკასაც აქვს თავისი შეზღუდვები… რამდენი ტონა ტვირთი უნდა გადაიტანოს მანქანამ, ამას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მძიმე ტექნიკა გადაინაცვლებს ბაგრატიონის ქუჩაზე და იქედან ივლის“, – ამბობს თენგიზ კორძაძე.
თენგიზ კორძაძის თქმით, ზემოთ დასახელებული ქუჩებიდან 2017 წლის ზაფხულისთვის ჯავახიშვილის და ლორიას ქუჩის გარდა, თითქმის ყველა ქუჩის რეაბილიტაცია მოესწრება.