მთავარი,სიახლეები

მერია გამწვანების ესკიზებს like-ებით შეარჩევს

20.01.2017 • 2733
მერია გამწვანების ესკიზებს like-ებით შეარჩევს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პროექტების საჯარო განხილვას იწყებს. „პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება“ – აცხადებენ მერიაში. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში  ეტაპობრივად წარმოდგენილი იქნება ქალაქში არსებული წრიულების ესკიზების რამდენიმე ვარიანტი. გამარჯვებული ესკიზი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

ამ ეტაპისთვის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ თამარ მეფის გზატკეცილზე,  – ,,ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ არსებული წრიულის ესკიზები.

„სამსახურის მიერ შემუშავებული წესების მიხედვით, ვირჩევთ სასურველ ფოტოს შესაბამისი ნომრით და ვწერთ კომენტარში. ესკიზების შერჩევა შემდგომშიც ასეთი სახით გაგრძელდება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის განმარტებით,  ერთი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში 10-15 ესკიზი განთავსდება, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაუწერონ like-ები და კომენტარები. ლევან ჭანუყვანიძის აზრით, ხუთი დღე საკმარისია იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ესკიზი შეაფასონ: „ეს იქნება მუდმივი პროცესი, ერთ ესკიზს რომ დავდებთ, დაახლოებით ხუთ დღეს დაველოდებით შეფასებას, ვფიქრობ, ეს დრო საკმარისია შესაფასებლად, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ესკიზი გვექნება გასაკეთებელი და დრო სჭირდება შემდეგ იმის განხორციელებას“.

ლევან ჭანუყვანიძის განცხადებით, რამდენი იქნება ერთი ესკიზის განსახორციელებელი ბიუჯეტი, ჯერ დაზუსტებული არ არის: „დანახარჯები უნდა იყოს მინიმალური, ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ, მაგრამ ის მცენარეები, რომლებიც დარგულია ქალაქში, ბევრი არასწორ ადგილზეა დარგული, ამიტომ ამ მცენარეების შესაბამის ადგილზე გადატანა მოხდება. ამის კორექციას გავაკეთებთ. როცა ერთ ესკიზს დავაპროექტებთ, ამ მცენარეების რესურსით გავაკეთებთ. ბუნებრივია დაგვჭირდება ახალი მცენარეების შესყიდვაც, ამიტომ ვაპირებ რომ თანხის დამატებაზე მივმართოთ საკრებულოს, თუმცა, მანამდე, მინდა სხვა ხერხს მივმართო და არასაბიუჯეტო სახსრები მოვიზიდო. ბიზნესს მივმართავთ, რომ შემოგვწირონ მცენარეულობა ან სხვა რამეს მოვიფიქრებთ“.

მიმდინარე წელს ერთწლოვანი ყვავილების შესაძენად აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში 320 ათასი ლარი აქვთ გათვალისწინებული, ხე-მცენარეების შესაძენად კი – 200 ათასი ლარი.

ესკიზების ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: