2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 600 ათასი, ხოლო ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის – რომელიც მეორე წელია ხორციელდება – 800 ათასი ლარი, რაც 100 ათასი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ზემოაღნიშნულ პროგრამებს, ისევე როგორც სხვა, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
– საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:
- 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;
- დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;
- სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%-ით.
დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
მოსარგებლეები
- 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები
დაფინანსების ფორმა
დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:
- 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები-100 %-ით;
- 70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები-90 %-ით;
- 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები-80%-ით.
შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
- თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა
ეს პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების [სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით] დაფინანსებას.
მოსარგებლეები
- ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.
დაფინანსების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
- 1000 ლარის ჩათვლით-100%-ით;
- 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით;
- 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით-80%-ით;
- 3000 ლარზე მეტი-70%-ით [არაუმეტეს 5 000 ლარისა].
სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
– განცხადება;
– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.
შენიშვნა:
- პროგრამების მოსარგებლე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
- პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
- არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.