მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

18.01.2017
რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანას ითხოვს. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრება. მეწყრული პროცესები თხილვანაში 10 იანვარს გააქტიურდა. გუშინ, 17 იანვარს სოფელში მისულმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს ესაუბრა.

გუშინ აღნიშნეთ, რომ შეიქმნებოდა კომისია, თუმცა ცნობილია, რომ საფრთხე ყოველდღიურად ელოდება მოსახლეობას.

გეთანხმებით. მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა. ამ კუთხით ვერ მივაღწიეთ მოსახლეობასთან შეთანხმებას. ჩვენ მათ ვთავაზობთ სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავებას. ამ სამ თვეში გადაწყდება, კონკრეტულად რომელ ოჯახს რა საცხოვრებელს შევთავაზებთ. რაც შეეხება კომისიას, მე ვიგულისხმე კომისიის შექმნა ადგილზე, სადაც მოსახლეობა იმუშავებს და გაარკვევს ყველა დეტალს. ჩვენ ჯგუფურად ყველას ვერ დაველაპარაკებით. ისინი პირდაპირ მოითხოვენ, რომ მივცეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება.

რატომ გითხრათ მოსახლეობამ უარი დროებით საცხოვრებელზე?

იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვთავაზობდით სოციალურ სახლებს, ბინებს ქალაქის ტერიტორიაზე, მათ კი ჰყავთ საქონელი, მათი საკვებიც აქ აქვთ, ისეთი თემაა, ასე უცებ ვერაფერს მოახერხებდნენ. მათი მოთხოვნაა დროებითი საცხოვრებელი ადგილიც მოიძებნოს მიმდებარე სოფლებში.

აპირებთ ამ მოთხოვნის შესრულებას, თუ სხვა შეთავაზება გაქვთ?

კი, ჩვენი სამთავრობო კომისია და ის კომისიაც, რომელსაც დღეს მოსახლეობა ჩამოყალიბებს ვეძებთ უსაფრთხო საცხოვრებლებს მეზობელ სოფლებში. მაქსიმუმ ორ დღეში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მოსახლეობას ყავს საქონელი, უნდა მიხედონ პირუტყვს და ამიტომაც გაგვიჭირდა აქამდე გადაწყვეტილების მიღება.

რა ტიპის მუდმივი საცხოვრებლის შეთავაზებას აპირებთ მათთვის და რა ფინანსური რესურსი დასჭირდება ამას?

ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის, არც მუდმივ საცხოვრებელზე მიგვიღია გადაწყვეტილება, რადგან როგორც გითხარით, პირველი რიგის ამოცანა არის ამ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანის შემდეგ სამთავრობო კომისია თითოეული ოჯახის შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს, სულადობას, რა პროგრამებით სარგებლობენ და ასე შემდეგ. ამისთვის თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ რესურსი მოიძებნება. არსებობს იგივე სარეზერვო ფონდები, საიდანაც შეიძლება ამისთვის თანხა დაიხარჯოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: