სიახლეები

ვინ ისარგებლებს სოციალური დაცვის პროგრამებით აჭარაში 2017 წელს

20.01.2017 • 2224
ვინ ისარგებლებს სოციალური დაცვის პროგრამებით აჭარაში 2017 წელს

სოციალური დაცვის პროგრამებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რეგიონში აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. გთავაზობთ სამინისტროს ინფორმაციას პროგრამების შესახებ – თუ ვის შეუძლია ისარგებლოს ამა თუ იმ პროგრამით, რას ითვალისწინებს კონკრეტული პროგრამა და რა ფორმით ხდება მათი დაფინანსება. 

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [178 ლარი], რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.

მოსარგებლეები

– სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა ითვალისწინებს

  • სამკურნალო ვარჯიშებს;
  • მასაჟს;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

 

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 7კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.

პროგრამა ვრცელდება

– 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა;

– ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.

პროგრამა ითვალისწინებს

  • ფიზიკურ თერაპიას
  • მეტყველების და ენის თერაპიას;
  • ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;
  • ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

შენიშვნა:

თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა

  • წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) – 10 ლარით.

 

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა

პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარება.

პროგრმა ითვალისწინებს

მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ინდივიდუალურ მომსახურებას (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა). სულ 8 შეხვედრა.

პროგრამის მოსარგებლე

გონებრივი განვითარების შეფერხების (დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა) მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.

სამიზნე ჯგუფისთვის გაწეული მომსახურება  ანაზღაურდება თვეში არაუმეტეს 144 ლარის ოდენობით. პროგრამით გაწეული მომსახურება დაფინანსდება ღირებულების 100%-ით.

 

მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა

მოსარგებლეები

მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), ბენეფიციარის მიერ უფრო ძვირად ღირებული ეტლის შერჩევის შემთხვევაში განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

მოსარგებლეები

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

– ასაკით პენსიონერები.

პროგრამა ითვალისწინებს

  • სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფას;
  • ეტლის მორგებას;
  • ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
  • საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.

 

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამა

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (250 ლარი), ბენეფიციარის მიერ უფრო ძვირად ღირებული აპარატის შერჩევის შემთხვევაში განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

მოსარგებლეები

– III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები;

-18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.

პროგრამა ითვალისწინებს

  • ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას;
  • აპარატის მორგებას;
  • აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
  • საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.

 

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამა

მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა

-თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 

ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა

– თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

 

2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს

– 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 17 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

დაფინანსების ფორმა

– დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 20 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: