მთავარი,სიახლეები

სასათბურე მეურნეობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის

17.01.2017
სასათბურე მეურნეობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „V&T Agro“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის. უკრაინელი ბიზნესმენების მიერ დაარსებული ეს კომპანია ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმ სასათბურე მეურნეობას ფლობს, რომელიც გასული წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. კომპანია ზარალის 80%-ის ანაზღურებას ითხოვს, რასაც სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

„სათბურის თოვლისგან განადგურების შემდეგ, აპრილში ადგილზე ჩამოვიდნენ ექსპერტები და თქვეს, რომ რამდენიმე დღეში დაიდებოდა დასკვნა. „ალდაგი“ დღემდე გვეუბნება, რომ ელოდება ექსპერტის დასკვნას. რეალურად ერთ წელზე მეტი დრო გავიდა, როცა დიდთოვლობამ მასშტაბური სათბური დაშალა. სადაზღვევო კომპანიას სასამართლოშიც კი არ წარმოუდგენია რომელიმე ექსპერტიზის დასკვნა. არც იმას გვეუბნებიან, რომელ ექსპერტს მიმართეს დასკვნის გასაკეთებლად“, – გვიყვება ლელა ბჟალავა. ის კომპანია „V&T Agro“-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ლელა ბჟალავა ამბობს, რომ კომპანია „ალდაგთან“ დაზღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა 2012 წელს გააფორმეს და კომპანია დაზღვევისთვის ყოველთვიურად იხდიდა დაახლოებით 2600 დოლარის ექვივალენტს ლარში. „დაზღვევის მთლიანი ღირებულება 590 ათასი აშშ დოლარია. ჩვენი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ზარალი ამ შემთხვევაში დაახლოებით 400 ათას დოლარს შეადგენს. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა სტიქიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის, დიდთოვლობას. ეს პირდაპირ ჩანს ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, გაუგებარია, რის გამო აარიდა თავი ვალდებულებებს სადაზღვევო კომპანიამ“, – აცხადებს ლელა ბჟალავა.

„არაერთი საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ ეს არ იყო სადაზღვევო შემთხვევა. ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვქონდა,“ – გვითხრა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა. კითხვაზე, რა დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით, გვიპასუხა, რომ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყოდა.

ამ შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მხარეთა არგუმენტები ჯერ სასამართლოს არ მოუსმენია.

კომპანია „V&T Agro“-ს ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, უკრაინელი ბიზნესმენები, რომლებმაც სასათბურე მეურნეობა ქობულეთში 2012 წელს მოაწყვეს, სათბურის გაყიდვას აღარ აპირებენ. სათბურის დანგრევის შემდეგ შესასვლელთან გაჩნდა წარწერა: „იყიდება“. მიმდინარე წლის ივნისში კომპანიის დირექტორმა, ნუკრი დოლიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომპანიას მოგების მიღება უჭირდა და სადაზღვევო კომპანიასთანაც შეთანხმების პროცესი გაიწელა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: