კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის მთა ისევ ინტერნეტის გარეშე

30.12.2016 • 30271
აჭარის მთა ისევ ინტერნეტის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დელტა კომი“ აჭარის მთის სოფლების ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვას 2015 წლისთვის აანონსებდა, ამ ტიპის ინტერნეტი სოფლებისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. კომპანია „დელტა კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 2013 წელს დაიწყო.

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობს. მომხმარებლების თქმით, ეს ინტერნეტსერვისი არის ძალიან ძვირი, ლიმიტირებული და დაბალსიხშირიანია. ამასთან, ინტერნეტის სიხშირე ამინდის ცვალებადობასთან ერთად იკლებს.

რატომ არ შეასრულა დაპირება „დელტა კომმა“? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შეძლო. ამ კომპანიაში ვებგვერდზე მითითებულ არც ერთ ნომერზე არ პასუხობენ, მათ შორის – არც ცხელ ხაზზე. კითხვაზე პასუხი არც გამგეობებში აქვთ.

„დელტა კომის“ გარდა მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი აჭარის მთიანეთში „სილქნეტმაც“ გაიყვანა 2014 წელს. თუმცა აჭარის მთის მოსახლეობას ინტერნეტს არც ეს პროვაიდერი სთავაზობს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა წერეთელი განმარტავს, მაგისტრალი კომპანიამ აჭარის მთაში სილქნეტის სადგურებისთვის გაიყვანა, მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება კი პროგრამულად არ ყოფილა გაწერილი. „სილქნეტი“ მთიანეთში მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მხოლოდ იურიდიულ პირებს სთავაზობს.

„პროექტი გულისხმობდა ქედის, ხულოსა და შუახევის ტერიტორიაზე ოპტიკური კაბელის ჩადებას, რომელიც მოემსახურებოდა ამ ზონაში განთავსებულ „სილქნეტის“ სადგურებს. პროექტი 2014 წელს დასრულდა და ის არ ითვალისწინებდა ცალკეული აბონენტების მიერთებას. ჩვენ გვყავს კორპორატიული კლიენტები და კონტრაქტორები. ზოგადად, ჩვენი კორპორატიული კლიენტები ბანკები, სხვა პროვაიდერები, მობილური კომპანიები და მსხვილი კომპანიები არიან, რომლებსაც ოპტიკური ქსელით ვაწვდით ჩვენს  სერვისს. კომპანია უკაბელო, 4G ინტერნეტს დაბებსა და სოფლებს: ახალშენს, ჩაქვს, კახაბერს, ბობოყვათს, მახინჯაურს, ხელვაჩაურს, ციხისძირს, კვირიკეს, გონიოს, კვარიათს, ავგიას, ჩაისუბანსა და ზემო აჭყვას სთავაზობს. ამ სოფლებში მოსახლეობას ინტერნეტს 4G LTE მოდემის საშუალებით, კაბელის გარეშე ვაწვდით. ეს მოწყობილობა მუშაობს იქ, სადაც კომპანიის ეს სერვისი ვრცელდება, ხელვაჩაურის მცხოვრებს შეუძლია ეს მოდემი სხვა სოფლებშიც გამოიყენოს, სადაც ამ ტიპის მომსახურება გვაქვს, მაგრამ ვერ გამოიყენებს აჭარის მთიანეთში, რადგანაც ეს მომსახურება იქ არ ვრცელდება,“ – ამბობს თეონა წერეთელი.

კითხვაზე, ვინ არიან „სილქნეტის“ კონტრაქტორი კომპანიები აჭარის მთაში და რა მომსახურებას სთავაზობს მუნიციპალიტეტებს? – თეონა წერეთელი ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

გარდა კერძო კომპანიებისა, სოფლებისთვის ბოჭკოვანი იტერნეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში უნდა მიეწოდებინა. სახელმწიფო პროგრამით პირველ ეტაპზე ბოჭკოვან ინტერნეტს საქართველოს 10 რეგიონი უნდა მოეცვა, მათ შორის აჭარაში – 44 სოფელი. ამ სოფლებში ინტერნეტის გაყვანასთან დაკავშირებით სამუშაოები არ მიმდინარეობს. რა ბედია ეწია პროექტს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი გასულ კვირას ვერ მიიღო.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 26 დეკემბერს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: