Batumelebi | „პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე „პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე – Batumelebi
RU | GE  

„პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე

როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება?  გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში?  მინისტრის განცხადებით  სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას „ბათუმელებთან“ აფასებენ.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა  ძალიან ზოგადი განაცხადია და მისთვის უცნობია რა იგულისხმება ამაში.

18757

თამთა კვარაცხელია

„კატეგორიზაციის საკითხი  იყო დეკლარირებული, თუმცა დაწვრილებით, – როგორ და რანაირად, ეს არ არის ჩემთვის ცნობილი. როცა ყველაფერი დაიდება, შემდეგ ავწონ-დავწონით. ცოტათი რთულია წარმოვიდგინო თანაბარ პირობებში როგორ ჩავაყენებთ თბილისის პირველ საჯარო და ჩხოროწყუს რომელიმე საჯარო სკოლას. ამიტომ, დოკუმენტს რომ გავეცნობი  შემდეგ ალბათ უფრო ნათელი იქნება“ – გვეუბნება დირექტორი.

თამთა კვარაცხელიას თქმით, ასევე გაუგებარია რას ნიშნავს მინისტრის განცხადება, – „ვინც უკეთ აგვარებს პრობლემას“.

„შესაძლოა სკოლას ბევრი ფული ჰქონდეს და მაინც ვერ მოაგვაროს თავისი პრობლემები; ან ცოტა ჰქონდეს და ამის გამო ვერ მოაგვაროს და პირიქით, ცოტა ფული ჰქონდეს და მაინც კარგად მოაგვაროს. ასე, რომ ცოტა ბუნდოვანი საკითხია.“

თამთა კვარაცხელიას აზრით, თუ სკოლაში სველი წერტილები წესრიგში არ არის  და არც კვების უსაფრთხოებაა დაცული, ამაზე პასუხისმგებლობა დირექტორმა უნდა აიღოს.

„თუ ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება,  ცხადია ამაზე დირექტორია პასუხისმგებელი.  „თუმცა, რას ნიშნავს „წესრიგი“  ესეც შეიძლება იყოს სხვადასხვა დონეზე განმარტებული.  გააჩნია, როგორია სკოლის წყალმომარაგება, რომელ რეგიონშია  სკოლა, მაგრამ თუ სკოლას ყველა პირობა აქვს შექმნილი მუნიციპალიტეტებისგან  და უბრალოდ ინფექციის ბუდეა, ცხადია დასასჯელია ადმინისტრაცია“-გვეუბნება ის.

თამთა კვარაცხელიას აზრით, ყველაზე მეტი თავისუფლება რაც დღეს სკოლას სჭირდება, საათობრივია ბადეა: „ვერ ვიტყვი რომ თავისუფლების ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ არის გარკვეული საკითხები რაშიც ვისურვებდი მეტ თავისუფლებას. მაგალითად, საათობრივი ბადის გამო, შეიძლება სკოლა ვერ სთავაზობდეს მოსწავლეს დამატებით სააღმზრდელო მომსახურებას, ზოგიერთ სკოლას აქვს იმის შესაძლებლობა რომ აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ვერ ახერხებს სხვადასხვა შემზღუდავი საკანონმდებლო აქტების გამო და ა.შ. თუმცა, საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წერია დოკუმენტში“.

 

მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის, დათო ეცადეიშვილის თქმით, „ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. დადებითი ის, რომ  ე.წ „კატეგორიზაცია“ სკოლებს შორის კონკურენციას გაზრდის, ხარისხს აამაღლებს ალბათ, მაგრამ  ეს ქალაქის სკოლებისთვის შედარებით ადვილი იქნება, რეგიონის სკოლებისთვის კი რთული. ადგილმდებარეობა, მოსწავლეთა კონტინგენტი, კვალიფიციური მასწავლებლები, ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი განსაზღვრავს სკოლის ხარისხს“.

დათო ეცადეიშვილის აზრით, სკოლის თავისუფლება მხოლოდ დირექტორზე არ არის დამოკიდებული.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, დათო ეცადეიშვილი

დათო ეცადეიშვილი

„თუ ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ამის მოგვარებას სჭირდება შესაბამისი თანხა, რომელიც სკოლას შეიძლება არ ჰქონდეს. მაგრამ, თუ აქვს და ვერ აგვარებს, მაშინ სკოლის უუნარობაა, მაგრამ თუ არ აქვს, როგორ მოაგვაროს? ისევ სამინისტროს უნდა მოსთხოვოს.  საკადრო პრობლემაც ნაწილობრივ არის დირექტორზე დამოკიდებული, რადგან თუ გამოაცხადა კონკურსი და კადრი მაინც არ მივიდა სკოლაში, როგორ მიიყვანოს, რა ბერკეტი აქვს დირექტორს? ქალაქი, მთა და ბარი ერთნაირ პირობებში არ არის, ამიტომ ე.წ „კატეგორიზაციის“ უარყოფითი მხარე არის ეს. კონკურენცია თანაბარ პირობებში უნდა იყოს“ – გვეუბნება ის.

სკოლის თავისუფლებას რაც შეეხება, დათო ეცადეიშვილის აზრითაც სკოლა თავისუფალია – „იქნება ეს საკადრო, ფინანსური, აღმზრდელობითი და სხვა არ ვიცი რა თავისუფლებაზეა საუბარი, თუმცა სკოლების კატეგორიებად დაყოფა სკოლების სტიგმატიზაციას გამოიწვევს და მოსწავლეების პრესტიჟულ სკოლებში გადინებას გამოიწვევს“.

ბათუმის მე-2 საჯაროს სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა, გარკვეული შედეგების  და კვალიფიციური კადრების საფუძველზე უნდა მოხდეს.

მარიზა აბაშიძე მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი

მარიზა აბაშიძე

„არ შეიძლება ყველა დაწესებულება განვიხილოთ ერთ ჭრილში, ზოგს აქვს წარმატებები, ზოგს არა. ვფიქრობ ეს სკოლისთვის ან მოსწავლისთვის დამთრგუნველი არ იქნება. ქალაქის ცენტრალურ სკოლებში მოსწავლის მიღება ისედაც პრობლემაა, ამიტომ არა მგონია კატეგორიებად დაყოფის შემდეგ, ამან სურათი შეცვალოს. ვფიქრობ, სკოლების კატეგორიებად დაყოფა მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს და კონკურენციასაც გაზრდის სკოლებს შორის“.

მარიზა აბაშიძის აზრით, სკოლას მაღალ კატეგორიაში მოსახვედრად ახალი ნოვაციები სჭირდება: „სკოლების კატეგორიზაციის საკითხი, ჩემი აზრით რამდენიმე მიმართულებით უნდა განიხილებოდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო შედეგი, მიღწევები, რაღაცაში წარმატებას უნდა მიაღწიოს, რაღაც სიახლე უნდა დანერგოს, ოლიმპიადებში, კონკურსებში უნდა ჰქონდეს წარმატებები. არის ნოვაციის გამტარებელი სკოლები და ისეთიც, რომელიც 50 წლის წინანდელი სტრუქტურით რომ მუშაობს.  სიახლის მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ ამ სკოლებს, რადგან 21-ე საუკუნის  მოსწავლის დაინტერესება რთული პროცესი გახდა და სკოლამ მრავალმხრივად უნდა შეუწყოს ხელი  მოსწავლეებს რომ მოხდეს მათი მოტივაციის ამაღლება. გარდა ამისა, კვალიფიციური კადრების ფაქტორი, ინფრასტრუქტურა მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე.  სკოლაში მოსწავლე უნდა მოდიოდეს სიამოვნებით, სიხარულით და ყველაფერი უნდა უწყობდეს ამაში ხელს. სკოლების კატეგორიზაციებად დაყოფა კი მისცემს ჩვენს მოსწავლეებს ამის საშუალებას.

მეტ თავისუფლებას რაც შეეხება,  ამაში ალბათ იგულისხმება „თავისუფალი გაკვეთილები“ და თავისუფალი მიდგომები. იმიტომ, რომ აქცენტი ამათზეა გაკეთებული, რადგან გადაწყვეტილებების მიღებაში სკოლა ისედაც თავისუფალია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით და იქ „თავისუფალი გაკვეთილი“ არ არის. ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს მინისტრი თავისუფლებას“.

მარიზა აბაშიძის თქმით, პრობლემას რომელსაც დღეს ქალაქის სკოლაში დირექტორი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, ფაქტობრივად არ არსებობს: „გარკვეული პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მცირეკონტინგენტიან სკოლებს, რადგან ასეთი სკოლა რემონტს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს. მიმდინარე რემონტსაც კი და ალბათ ამ კუთხით სჭირდება სამინისტროს ჩარევა. ჩვენი ბიუჯეტის პირობებში კი სამინისტროს ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, ტენდერი იქნება თუ მიმდინარე სხვა სამუშაო, სკოლა აკეთებს ამას დამოუკიდებლად“.

მარიზა აბაშიძის თქმით, დირექტორი ვალდებულია სკოლაში მოსწავლისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას, თუმცა დაბალბიუჯეტიან სკოლებს სამინისტროს თანადგომა სჭირდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com