მთიანი აჭარა

თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

16.10.2012 • 5404
თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

საბაგიროს, რომელიც 1985 წელს გაიხსნა, თაგოსკენ მივყავართ. სოფელი მთის წვერზეა გაშენებული, გზად ორი თაგოელი გვემგზავრება –  რომან ცეცხლაძე და ჯემალ ცეცხლაძე. თაგოში სულ 70 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად ცეცხლაძეები, ბოლქვაძეები,  შავაძეები და ლაბაძეები. საბაგირო გზით გადაადგილება 20 თეთრი ღირს. თაგოელებს ტვირთიც საბაგიროს მეშვეობით გადააქვთ. ერთი კონა თივისა და ერთი ტომარა კარტოფილის გადატანისთვისაც 20 თეთრია გადასახადი.

„საბაგირო რომ არ ყოფილიყო, ნახევარი სოფელი დაიცლებოდა, სხვაგან წავიდოდნენ საცხოვრებლად, საბაგირო გზამ შეაჩერა, ზამთარში მით უმეტეს, დაკიდულ გზაზე მანქანა ვერ გავა და ვერაფერი,“  –  ამბობს თაგოელი ჯემალ ცეცხლაძე.

საბაგირო ჩერდება. ბაქანზე ხალხმრავლობაა. ერთი თაგოელი ცდილობს, ხის უზარმაზარი ბოძი საბაგიროს კაბინაში შეიტანოს, იქვე ბაქანზე კარტოფილით სავსე ტომრები დევს. „12 საათიანზე გამოგყვები, ეს ტომრები უნდა წევიღო,“ –  ეუბნება თაგოელი თემურ ცეცხლაძე საბაგიროს გამცილებელს. საბაგირო მიდის, ჩვენ კი თაგოელებს ვეცნობით და მათი ცხოვრებით ვინტერესდებით. კითხვაზე, როგორ ცხოვრობთ, თემურ ცეცხლაძე ირონიით გვპასუხობს: „უმაღლესად, უმაღლესად. ყველაფერი მაგრად გვაქვს, ბევრი გვაქვს ძალიან. 20 კაპიკად ვაბარებთ კარტოფილს და 50 დამჯდარია უკვე მაგისი დამუშავება,“ –  ამბობს ის.

საბაგიროს ბაქანზე თავშეყრილი თაგოს მცხოვრებლები თავიან ცხოვრებაზე ყვებიან.  საუბრის თემა გაიაფებული კარტოფილია. კარტოფილის ფასი ყველას აწუხებს, რადგან ყველას ეხება.

„ყველაზე გაჭირვებული სოფელი თაგოა,  ერთი კარტოფილი მოყავდა გლეხს და იმასაც 20 კაპიკში აბარებენ. შემოდგომაზე არ ჩავაბარეთ, ვიფიქრეთ გაზაფხულზე ძვირი ეღირებოდა. ახლა კიდევ  ეგვიპტის კარტოფილი შემოვიდა, ირანის, თურქეთის და ფასი დააგდო. ადრე 1,20 ში აბარებდენ. ახლა აზოტი 48 ლარი ღირს, როგორღა უნდა დათესოს გლეხმა კარტოფილი?“ – კითხულობს თაგოელი თენგიზ ცეცხლაძე.

საუბარში ბაირამ შავაძე ერთვება. ის ამბობს, რომ მალე სოფლის დატოვებას და ქალაქში გადასახლებას აპირებს: „წასვლას  ვაპირებთ, მაგრამ რა ვიცი, ვნახოთ ერთი რა იქნება. ჩვენთვის საშიშია უკვე აქ ცხოვრება. მიწა მოშვავებულია და ექანება სახლი. აზრი აღარ აქვს აქ ახლის აშენებას, უნდა წევიდეთ ქვევითკენ.  ბათუმში დები მყავს გათხოვილი, თავიდან იმათთან ვიქნებით და მერე ავეწყობით ნელ-ნელა“.

სოფელში გავდივართ. სოფლის ცენტრში მეჩეთი დგას. იქვე გვერდით ერთსართულიანი ხის სკოლაა, რომელსაც რეაბილიტაცია 5 წლის წინ ჩაუტარდა და თავიდან აშენდა. თაგოს 9-წლიან საბაზო სკოლაში 44 ბავშვი სწავლობს. სკოლა მთლიანად ხისაა, ხისაა საკლასო ოთახების გამყოფი კედლებიც, რომელიც ხმას ატარებს და ამის გამო სკოლაში გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც კი ხმაური ისმის. სკოლის შესასვლელში ფიჭვის მწვანე ტოტებია დაფენილი, მას ფეხსაწმენდის ფუნქცია აქვს. დირექტორი კითხვებზე არ გვპასუხობს, რესურსცენტრის ნებართვას გვთხოვს და სკოლის შენობიდან ზრდილობიანი უარით გვისტუმრებს.

სოფლის გზაზე წვიმა გვისწრებს და იქვე მდგარ ერთ-ერთი სახლის აივანს ვაფარებთ თავს. აქაც ცეცხლაძეები ცხოვრობენ. ცოლ-ქმარი ლილი და ემინ ახმედ ცეცხლაძეები თავიანთ ცხოვრებაზე გვიყვებიან.

„ჩვენი ცხოვრებაი ნეტა რამეს შეედრება? მაღალი თოვლი ჩვენთან არის და გაჭირვება ჩვენთან არის. დამხმარე არვინ არ გვყავს და არაფერი არ არის,“ – გვეუბნება ლილი ცეცხლაძე.  „არ უნდა ტირილი,“  – შენიშვნას აძლევს მეუღლეს ემინ ახმედი.

„ტირილი რათ უნდა, მაღალ რაიონებში დახმარება უნდა. მოსახვნელები დაგვრჩა. ბენზინი არ არის, რა უნდა ვქნათ. ერთი კარტოფილი იყო, ისიც 20 კაპიკზე ჩამოიყვანეს. იმითაც ვეღარ ვსარგებლობთ, რით უნდა შამეიბრუნო ხელი, სამსახური არ არის, ფული არ არის. მე და ჩემს მეუღლეს პენსია გვაქ და ჰა, სხვა არაფერი შემოსავალი არ არი,“ –  აგრძელებს ლილი ცეცხლაძე.

ოჯახი, რომელსაც  შემდეგ ვესტუმრეთ, ისევ ცეცხლაძეები აღმოჩნდა.

„პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ვშრომობთ, ვშრომობთ ბიძია. აბა, სხვა რა ვქნათ. უპრობლემო სოფელი არ არსებობს, მაგრამ პრობლემებს დახვედრა უნდა. პრობლემა არ გვაქვს ფაქტობრივად, გასაკეთებელს ვაკეთებთ,“ – ამბობს ჯუმბერ ცეცხლაძე.

იქვე ფანჯრიდან შუახანს გადაცილებული ქალი იხედება, რომელიც მაყვალა ცეცხლაძე აღმოჩნდა. ვეუბნებით, რომ ჟურნალისტები ვართ და მისი ჩაწერა გვინდა. „ტელევიზორში გამოვჩნდები? მოიცა, მოვწესრიგდები“ –  გვეუბნება და სახლში ბრუნდება. ცოტახანში აივანზე გამოდის და ორ წუთში მთელი ცხოვრების ისტორიას ატევს:

„61 წელში მოსული ქალი ვარ. კოლექტივი იყო, პარტია იყო, თამბაქო იყო, ვმუშაობდით. გვქონდა გაჭირვებაც. მერე თანდათან, გადატრიალდა ეს ქვეყანა და ცოტა სიკეთისკენ ვარ. ვმუშაობთ სახლში, გვყავს საქონელი. მივდივართ მთაში, ბეშუმში. იქ ვაკეთებთ ყველს, ნადუღს. ავიბარგებით ახლა ცოტა ხანში,  მაისის თვეში და უკან მოვდივართ სექტემბრის თვეში. იქ ვცხოვრობთ სამი თვე საქონლით. რასაც ვაკეთებთ, ზამთარში გვყოფნის. თუ რამე ზედმეტი გვაქვს, შესაძლებელია გავყიდოთ, თუ არ გვაქვს ზედმეტი, ჩვენ თვითონ ვხმარობთ. ჩამოვალთ ყანა არის, ჭალა არის, კარტოფილია ასაწევი, იმას გავაკეთებთ, ამასობაში მოვა ზამთარი და შევძვრებით სახლში. მივალ ბოსელში, მოვალ სახლში,“ –  ამბობს მაყვალა ცეცხლაძე.

სოფლიდან უკან,  საბაგიროსკენ მივდივართ, სადაც ისევ ხალხმრავლობაა. შუადღის ბოლო რეისი სრულდება. საბაგიროს მუშაობის საათები განსაზღვრულია. დილის ცხრის ნახევრიდან იწყებს მუშაობას და პირველზე წყვეტს, სამ საათზე ისევ ანახლებს და საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს. საბაგირო მოდის. სანამ ერთი თაგოელი პურის მარცვლით სავსე ტომრებს კაბინიდან ბაქანზე ტვირთავს, თემურ ცეცხლაძე კარტოფილით სავსე ტომრებს კაბინაში აწყობს. კაბინა ხალხით ივსება. უკან ვბრუნდებით, ხულოში.

გადაბეჭდვის წესი