Batumelebi | გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს – Batumelebi
RU | GE  

გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაცია, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდეს. სამუშაოები – „სუბიექტური და ობიექტური მიზეზების, მათ შორის გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო“, ბოლო თვეებში შეჩერებულიც კი იყო. ხიდზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს, რომელმაც წელს ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანა, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ხიდზე სამუშაოების გასაგრძელებლად სამზადისი კომპანიამ ხუთი დღის წინ დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე კვირაში განახლდება. ნახევრად გადაკეტილი ხიდის მთლიანად გადაკეტვას კი, ჩვენი ინფორმაციით, თავად „ზიმოს“ მუშები გეგმავდნენ პროტესტის ნიშნად – ისინი კომპანიისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მორიგება შედგა, სახელფასო  დავალიანების არსებობა კი კომპანიაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები „ზიმომ“ 2015 წელს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს. მოესწრება თუ არა ხიდის რეაბილიტაცია პირველ ივნისამდე? – ამ კითხვაზე კომპანიაში დაახლოებით ასეთი პასუხი აქვთ – „ალბათ, არა“. ხიდის ერთი მხარე რამდენიმე თვეა გადაკეტილია და გამყოფ ხაზზე ბეტონის ბორდიურებია დაწყობილი.

„ხიდის რეაბილიტაცია ცოტა სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს, როცა გავხსენით ზედა ფენა, აღმოჩნდა, რომ პროექტში აუცილებლად უნდა შეგვეტანა ცვლილება და ველოდებოდით. დღეს უკვე ეს ცვლილებები შევიდა და დავიწყებთ ინტენსიურად სამუშაოებს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ.

მისივე თქმით, შესაძლოა სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწიოს, თუმცა ამაზე ჯერ არ არის საუბარი: „ხიდის მარჯვენა სავალ ნაწილზე როცა გადავხსნით ასფალტის საფარს, შემდეგ გამოჩნდება შიგნითა ნაწილში რა მდგომარეობაა… ხიდის ქვედა ნაწილი გავამაგრეთ, შუა ნაწილია გასამაგრებელი. მოკლედ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ზოგი სამუშაო ისეთია, საერთოდ არ ჩანს, ვთქვათ ხიდიდან, შიგ გვირაბებია და სხვ. შიგა ნაწილი თუ არ გამაგრდა, ზემოთ ასფალტის დაგებას აზრი არ აქვს. ივნისამდე შეიძლება მოესწროს, შეიძლება არა, გააჩნია ამინდსაც. იქ სპეციფიკური ადგილია და ხშირად ძლიერი ქარია, რა დროსაც შეუძლებელია მუშაობა, ამიტომ ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.

რა ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში არც კომპანიაში დააკონკრეტეს და არც გზების დეპარტამენტში. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ცვლილებები სავალ ნაწილთან დაკავშირებითაა და ვადას არ ეხება. რეალისტები რომ ვიყოთ, ხიდის სავალი ნაწილი ალბათ გასწორდება, რომ იქ სეზონისთვის მოძრაობა არ შეიზღუდოს და თუ რაღაც სამუშაოები დარჩება ხიდის ქვემოთა ნაწილში, იქ ყოველთვის შეიძლება სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება იმას, რომ სამუშაოები შეჩერებული იყო – რაღაც მიზეზები არსებობდა, ზოგი სუბიექტური, ზოგი – ობიექტური, ფინანსური პრობლემებიც იყო და აღდგომის შემდეგ გამოსწორდება საქმე“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ კომპანია 21 აპრილს გააფრთხილეს, რომ სამუშაოები დააჩქაროს. „ტროტუარებს ელოდებოდნენ გერმანიიდან, ჩამოსულია უკვე და მთელი ძალებით შეუდგებიან მუშაობას. კომპანიას, ჯერჯერობით, გადავადებაზე არ მოუმართავს. თუ მოგვმართავს, არგუმენტებიც უნდა წარმოადგინოს. ჯერ ამბობენ, რომ ასწრებენ. ვადა აქვთ და ჯარიმაზე საუბარი ზედმეტია, თუ ვერ დაასრულებს და სარწმუნო არგუმენტებს ვერ წარმოადგენს, ვადა არ გაგრძელდება, დაჯარიმდება და შეუწყდება ხელშეკრულება“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ზიმოს“ შორის მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2 მილიონ 929 ათას 440 ლარს, თუმცა, მიმდინარე წლის 20 აპრილის ცვლილებით, სახელშეკრულებო თანხა შემცირდა და 2 მილიონ 803 ათას 984 ლარით განისაზღვრა. სხვა რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ მოიპოვება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გონიოს ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2014 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ზიმომ“ მიიღო.

ხიდი მდინარე ჭოროხზე / „გონიოს ხიდი“. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ხიდი მდინარე ჭოროხზე / „გონიოს ხიდი“. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com