ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას.
„განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების მიწის ნაკვეთს“ – აღნიშნულია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის განკარგულებიდან
ამავე განკარგულებით მოწონებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების და საწყის გასაყიდ ფასად 3 მილიონ 940 ათასი ლარით განსაზღვრის თაობაზე.
ბორჯომის „პლატოზე“ მდებარე ნაკვეთი შემდეგი პირობებით გაიყიდება:
საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში;
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის შექმნას (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღია ან/და დახურული ტიპის აუზ(ებ)ს, სპორტულ მოედნებს (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ჩოგბურთის და პადელის სათამაშო მოედნებს),
არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომ(ებ)ს, გარე განათების მოწყობას, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება;
ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;
უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა“.
ბორჯომი. წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, რომელსაც ტყის სტატუსი შეუწყვიტეს. ამ ნაკვეთს აუქციონზე პირობებით გაყიდიან.
პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა.
„ავოკადო“ უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რადგან მისი ფილოსოფია მარტივია – ჯანმრთელობა და კომფორტი განუყოფელია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ კომფორტი იგრძნოს, არამედ დარწმუნებული იყოს, რომ მასზე ზრუნვა თითოეულ დეტალშია ჩადებული“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ქირია.
იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მთავარი ამოსავალი წერტილი თავიდანვე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ავეჯის შექმნა იყო, „ავოკადოს“ სანდო პარტნიორიც სჭირდებოდა გვერდით.
„თიბისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი მხარდაჭერის მეშვეობით შევძელით წარმოების წარმატებით დაწყება და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის. ამასთანავე, ვგეგმავთ საწარმოო ბაზების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ და წარმოების მასშტაბებიც გავზარდოთ“.
„ავოკადო“ მომავალს გლობალური ხედვით განიხილავს, რათა ეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული რბილი ავეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი.
დღეს, 9 ოქტომბერს, „ოცნების“ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 13 ადამიანს.
შს სამინისტროს გამოძიების ვერსიით:
„ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში.
შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა – კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილი“ – წერს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, კობა ეპიტაშვილს და საბა კორძაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს და გიორგი კირვალიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ასევე წერს, რომ „დაიდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების – ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი – ნანა სანდერი“. უწყება მას ორგანიზებას ედავება.
ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
9 ოქტომბრის დღის 12 საათის მონაცემებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე შს სამინისტრომ 36 პირი დააკავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ჭექა-ქუხილი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში,ზოგან გაძლიერდება 20-25 მეტრი წამამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 ოქტომბერს ღამით და დილით წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 119 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 241 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 325 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 33 534 ერთეული [+15]
MLRS – 1 517 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 68 293 ერთეული [+328]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 841 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 705 ერთეული [+55]
სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
89 275 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 429 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 598 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 317 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
43 534 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რა ვიცით „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა საქმეებზე? – „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტებს, რომელთაც თავად „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები იძიებენ.
21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გახდა პირველი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო ორგანოებმა დააპატიმრეს.
რას ედავება პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს?
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი,“ –წერია ბრალდებაში, რომელიც პროკურატურამ წარუდგინა რომეო მიქაუტაძეს.
ამის გარდა, პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. კერძოდ, პროკურატურის ბრალის თანახმად, რომეო მიქაუტაძე ვერ ადასტურებს 599 955 ევროს წარმომავლობას, რომელიც მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად გადარიცხა.
„ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ რომეო მიქაუტაძისათვის წარდგენილ ბრალში.
რომეო მიქაუტაძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეკონომიკის 5 მინისტრი გამოიცვალა. მათგან ყველაზე ხანგრძლივად ნათია თურნავასთან მუშაობდა – 2019 წლიდან 2022 წლამდე.
ნათია თურნავა ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე
მეორე დიდი და ხმაურიანი საქმე უკავშირდება საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მეცხრე წელს დაინიშნა – 2021 წლის 22 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და თანამდებობას 2024 წლამდე იკავებდა.
თავდაცვის მინისტრის დაკავებამდე სუს-ის ანტიკორუფციულმა დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. მას ბრალად 1.3 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედება. მასთან ერთად დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.
რაც შეეხება თავად ყოფილი მინისტრის ბრალდებას:
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა,“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ ჯუანშერ ბურჭულაძისადმი წარდგენილ ბრალში.
გარდა ამისა, პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით და ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ჩადენილ მაქინაციებს ედავება. პროკურატურის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით.
„ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რას ნიშნავს როცა „ქართული ოცნების“ ორი მაღალჩინოსანი და მათთან დაკავშირებული პირები კორუფციაში არიან მხილებულნი თავად „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი უწყებების მიერ? თუ მაღალჩინოსნები კორუფციაში იყვნენ ჩართულები, რატომ ვერ აღმოაჩინა ამ უწყებებმა ეს მანამდე?
„ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა,“ – მიიჩნევსეკონომისტი რომან გოცირიძე. ის რამდენიმე მაგალითს ასახელებს, რაც აჩვენებს ქვეყანაში კორუფციის მასშტაბს.
„კორუფცია, რაზეც უკვე თავად ხელისუფლება საუბრობს, პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაა. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი, როდესაც კულტურის მინისტრს აქვს 5000-იანი და 8000-ევროიანი ორი ჩანთა. მან ეს ჩანთები დაადეკლარირა. პარლამენტში ბევრ ქალს აქვს 5 და 10 000 -დოლარიანი ჩანთები, არავინ ამას არ ადეკლარირებს, მაგრამ კულტურის მინისტრი დადის ყოველდღე ამ ჩანთით და ეს ჩანთა არის ვიზუალურად თვალში საცემი. ვინმემ რომ ფოტო გადაუღოს და დაგუგლოს, მიხვდება, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული ჩანთაა.
ამ მინისტრს როდესაც დაუსვეს კითხვა, ამდენი შემოსავალი საიდან გაქვს, კონსულტაცია გავწიე 280 000 ლარადო. წარმოიდგინეთ: კონცერტს ატარებდა მერია და ამ ფირმამ, რომელმაც მიიღო მერიისგან 2.8 მილიონი ლარის შეკვეთა კონცერტების ჩასატარებლად, გადმომირიცხა 280 000 ლარიო, ანუ 10%.
რატომ გადმოგირიცხათ? – იმიტომ, რომ კონსულტანტი ვარ, დისტანციურ კონსულტაციას ვეწეოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ შუამავალი იყო თბილისის მერიასა და ამ ფირმას შორის და კორუფციულად 10% მიიღო მან ამ ტენდერიდან. ესაა ტიპური კორუფციის მაგალითი“, – აღწერს სქემას რომან გოცირიძე.
სუს-ის ყოფილი უფროსის ნათლიმამა მიმალვაში
„პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა“ – პროკურატურამ ეს განცხადება 25 სექტემბერს გაავრცელა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად,
„2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი პირი, ამავე კომპანიის დირექტორისა და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“.
შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი პირი, ბიჭიკო პაიკიძეა, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლია გრიგოლ ლილუაშვილია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი.
ამ საქმეზე ხუთი პირია დაკავებული, მეექვსე, ბიჭიკო პაიკიძე კი მიმალვაშია.
უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
16 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი, კახა კოტორაშვილი დააკავა.
პროკურატურამ თქვა, რომ„ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი“.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
რამდენად რეალურია 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრება ერთი ადამიანის მიერ? – ეკონომისტების განმარტებით, ეს არარეალური.
ბრალის თანახმად, ფულის გათეთრება სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ ეს თანხა ყოველდღე თეთრდებოდა, მაშინ დღეში მინიმუმ 607 305 დოლარი უნდა გაეთეთრებინა ბრალდებულს.
„700 მილიონი დოლარი მოგონილი რიცხვია. საქართველოში მოქმედი 720 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წელიწადში აკონვერტირებს დაახლოებით 4-5 მილიარდ დოლარს (2,5 მილიარდ დოლარს 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით) ანუ ერთი ასეთი ჯიხურის ბრუნვა წელიწადში საშუალოდ გამოდის 20 მილიონამდე დოლარი. თურმე ეს ერთი, ფულის გამთეთრებელი პუნქტი წელიწადში 350 მილიონ დოლარს აკონვერტირებდა. აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველოში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ „საქართველოს ბანკი“, თბს ბანკი“ და კიდევ ორიოდე თუ შეძლებს,“- განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე ფულის გათეთრების საქმეს.
მისი აზრით, თუ საქმეს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ „ფიზიკურად“ შევხედავთ, დავინახავთ, რა მასშტაბის აბსურდია.
„ერთი მილიონი დოლარი 100-დოლარიანი კუპიურით არის ერთი „დიპლომატი“ ხელის ჩემოდანი, რომლის წონა 10 კილოგრამია. 5 ათასი რუბლის კუპიურით ერთი მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის 2 დიპლომატი. 700 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული რუბლი არის 1400 ჩემოდანი. ეს არის 14 ტონა. ტონობით ფული შემოზიდეს და თუ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ან არაპროფესიონალიზმის, ან კორუფციული მფარველობის მაჩვენებელია. ეს ჯიხური თურმე დღეში ორ ჩემოდან ფულს ათეთრებდა. დაუჯერებელია,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
„ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება,“- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ბრალში.
„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ.
„ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას? ამ სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ბათუმელების“ ვებგვერდზე.
ბატონო გიორგი, ჟურნალისტებთან ახსენეთ, არჩევნების ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდაო. თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. რას აპირებთ ახლა?
პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ყველაფრის სწორი შეფასება, რაც მოხდა. ჩვენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ, იმდენად სერიოზული პროვოკაციის მომსწრენი გავხდით. ამ პროვოკაციაში, გასაგებია მგონი ყველასთვის, რომ მხოლოდ „ოცნება“ ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ეს არის, როგორც „ოცნების“ პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკოსების იმ ნაწილის, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობრივი დაპირისპირებისკენ.
თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, თუ შეცდომა არ გავმიჯნეთ დანაშაულისგან და თუ დანაშაულს დანაშაული არ დავარქვით, თუ ხალხს არ გავაგებინეთ, რეალურად ვინ ვინ არის, რა მოხდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, ახალ ნაბიჯებზე საუბარი იქნება ნაადრევი და ნაჩქარევი. ამიტომაც, ახლა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სიტუაციის ანალიზი.
თუ აქამდე ვსაუბრობდით ზოგიერთის იდიოტობაზე, როგორც ჩანს, უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული დანაშაულის ვერსიაც. ყველაზე ნაკლებად რჩება არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ის, რაც ჩაიდინეს, ეს ან მარტო უგუნურებით მოუვიდათ, ან ისევ და ისევ სასარგებლო იდიოტების როლში დარჩნენ.
მანამდე სახელმწიფო მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“, რასაც თქვენ არ ახსენებთ… „ოცნება“ ცდილობს დაამყაროს დიქტატურა.
ამის წინააღმდეგ სწორად ბრძოლაა საჭირო, ხომ მეთანხმებით?!
თქვენთვის სწორი ბრძოლა რა არის, რომისევ „ნაცმოძრაობას“ დაუპირისპირდეთ?
ჩვენ ეს პროცესი რეალურად უნდა გავათავისუფლოთ აი, ამ მოჯადოებული წრისგან, როდესაც „ოცნება“ ყველა არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორით იგებს. ხან გამოგონილი და ხან დადგმული სცენარებით იგებს და ახდენს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას, კონსოლიდაციას.
მე არავისთან დაპირისპირება არ მინდა.
თქვენ იცით კარგად, რომ ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ, როგორც ძალადობრივ სცენარებს, ასევე ბოიკოტს. პირველივე დღიდან ვთქვით, რომ მივდივართ არჩევნებზე. დადასტურდა ფაქტობრივად, რომ ბოიკოტი იყო ძალიან სერიოზული შეცდომა.
მიიჩნევთ, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოხდა. დისკრედიტაცია მოხდა, თუ თავიდანვე არ იყო არჩევნები? სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც კი უარი თქვეს დაკვირვებაზე, რადგან არ დარჩა არანაირი პირობა ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები.
არჩევნები იყო თუ არ იყო, ძალადობრივი დაპირისპირების სცენართან შედარებით ეს იყო არჩევანი კარგსა და უარესს შორის.
რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ „ოცნება“ არჩევნებს აყალბებს, ყველანაირი შედეგისთვის ვიყავით მზად, მაგრამ ამის ალტერნატივა არ იყო. არჩევნები არის მშვიდობიანი ფორმა ხელისუფლების შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ არ ტარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
თქვენ ახსენეთ მოჯადოებული წრე. როგორ აპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და ვისთან ერთად?
ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ კონკრეტული ნაბიჯების გამჟღავნებისგან და არც გვაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამ ეტაპზე ვართ სიტუაციის ანალიზით დაკავებული: თუ ეს არ გავაანალიზეთ და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, ახალი ნაბიჯების სწორად გადადგმა გაგვიჭირდება.
ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, აი, ამ დასკვნების საფუძველზე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ.
არჩევნებამდე გიორგი გახარიამ გააჟღერა, რომ შესაძლოა საპარლამენტო მანდატები გამოიყენოთ. შეხვალთ პარლამენტში?
ეს გადაწყვეტილებაც ელოდება სიტუაციის ანალიზს, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. ვადასტურებთ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა იქნება ამის გამოსწორების ერთადერთი გზა. რამდენიმე გზა არსებობს და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
„ჯანდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია თანხმობა [ნათია ხარატთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე]… ყველა საკადრო გადაწყვეტილებას სამინისტროსთან ვათანხმებთ აუცილებლად,“ – აცხადებს კახა აღამანაშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
„რამდენიმე თვე ვმუშაობდი ისე, რომ ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული,“ – გვიყვება ექიმი ნათია ხარატი – „30 სექტემბერს გამომიგზავნეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა 17 სექტემბერს. თურმე, გამიფორმეს ხელშეკრულება სამი თვით და გამოსაცდელი ვადით. ვთქვი, რომ თუ ხელშეკრულების ვადა უკვე ამოიწურა, უნდა ეთქვათ და აღარ მოვამზადებდი ახალ სამედიცინო დასკვნებს. მითხრეს, დირექტორს დაელაპარაკეო.
დირექტორმა თავის კაბინეტში მითხრა, კოლეგებს თქვენზე კარგი წარმოდგენა აქვთ და მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო. მე თქვენგან პოლიტიკურად სრულიად საპირისპიროს ვფიქრობო…
აღარ მითქვამს, აბა, ისე ვინ დაგნიშნავდათ ახალ დირექტორად-მეთქი. ვუთხარი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. დამეთანხმა და იქვე აღნიშნა – მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირებაო,“ – ამბობს ნათია ხარატი.
ნათია ხარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკური ელექტროფიზიოლოგის პოზიციაზე მუშაობდა.
კახა აღამანაშვილს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, არ უარუყვია ის, რომ ნათია ხარატს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ კრიტიკულ ფეისბუქსტატუსებზე ესაუბრა, მაგრამ „ეს პირადი საუბარი იყოო“ – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.
„ეს იყო პირადი საუბარი [ნათია ხარატთან], პირადი საუბარი ერთია, საქმიანი საუბარი – მეორე. რაზე ვესაუბრე მე ნათია ხარატს, თქვენ რატომ უნდა გესაუბროთ? მე თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან, კომენტარის გარეშე….
ყველა აბსოლუტურად თავისუფალია თავის პოლიტიკურ შეხედულებებში. ჩემი პირადი საუბარი ქალბატონ ნათიასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა მის დანიშვნა-არდანიშვნასთან“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა აღამანაშვილმა.
თუ პოლიტიკური შეხედულება არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება ნათია ხარატთან? – ვკითხეთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს.
„ვერაფერს ვერ გეტყვით, არ არის ცნობილი ჩემთვის საფუძველი… არ ასაბუთებს ჯანდაცვის სამინისტრო,“ – გვიპასუხა კახა აღამანაშვილმა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, კახა აღამანაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს თავდაპირველად თქვა, რომ მისთვის უცნობია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რა საფუძვლით არ დაეთანხმა რესპუბლიკურს ნათია ხარატთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, შემდეგ კი გვითხრა, რომ ნათია ხარატთან კონკრეტული ვადით, პოსტფაქტუმ გაფორმდა ხელშეკრულება და მისი გაგრძელება საჭირო აღარ იყო.
„ნათია ხარატს გარკვეული სამუშაოების რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის აქვს შესრულებული… დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა გაფორმდა იმ ვადით, რა ვადითაც იყო საჭორო, ამით დასრულდა კონტრაქტი და მან შესაბამისი ანაზღაურება მიიღო,“ – გვითხრა კახა აღამანაშვილმა.
„თუ საჭირო აღარ იყო ექიმი ნათია ხარატი რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რატომღა მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობის მისაღებად?“ – ვკითხეთ რესპუბლიკურის ხელმძღვანელს.
„კარგად ბრძანდებოდეთ,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხა ამჯერად კახა აღამანაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო შპს-ა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
რატომ სჭირდება კლინიკაში ინდივიდუალურ საკადრო გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, კონკრეტული ექიმისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას, სამინისტროს თანხმობა? – ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.
კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
2025 წლის 23 ივლისს ნათია ხარატმა, როგორც ექიმმა-ნევროლოგმა ჩვენება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“. როცა პოლიციელი ირაკლი დგებუაძე აცხადებდა, რომ მას სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა, ექიმმა ნათია ხარატმა მოსამართლეს უთხრა, რომ არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა რეალური ტკივილი.
Flagbearer of the Batumi protests, Zurab Chavchanidze, has been arrested.
According to information provided to Batumelebi, the flagbearer was detained today, October 8, in Batumi. Witnesses say around ten police officers participated in the arrest. Batumelebi has learned that Zurab Chavchanidze has been transferred to Tbilisi.
Chavchanidze attended the protest in Tbilisi on October 4. For months, he has been taking part in demonstrations carrying the Georgian and EU flags – which is why he is known as the flagbearer of the Batumi protests.
Batumelebi spoke with Zurab Chavchanidze’s wife, Marina Gorjeladze. She told us that she has not yet been informed of the charges against her husband.
Zurab Chavchanidze, 58, is an internally displaced person from Abkhazia. The old tricolor Georgian flag that he wears as a mantle is the one he brought with him from Russian-occupied Sokhumi.
Following the October 4 rally in Tbilisi, the Ministry of Internal Affairs has been making daily arrests — at least 25 people, including five organizers of the rally, have been detained so far. Irakli Kobakhidze, the Georgian Dream–appointed Prime Minister, has promised “zero compassion”.
Batumelebi is verifying the information with the Ministry of Internal Affairs.
____________ Cover Photo:Zurab Chavchanidze in Tbilisi, October 4, 2025
ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი.
„ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული.
ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი თვეებია საქართველოში მიმდინარე პროტესტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გადის, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ბათუმის აქციების მედროშეს.
„ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს.
რუსული კულინარიის ისტორიკოსზე, პაველ სიუტკინზე სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს და მას რუსეთის არმიის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.
60 წლის ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. მედიის ცნობით, იგი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, სიუტკინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა შეტყობინებები, რომლებიც „ფსიქოლოგიური და ლინგვისტური კვლევის თანახმად, შეიცავდა განზრახ ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესახებ“.
რუსული მედიის თანახმად, ბრალდება არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციაზეა საუბარი.
სიუტკინი რუსული და საბჭოთა სამზარეულოს ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია.
რუსულ სოციალურ მედიაში წერენ, რომ სიუტკინს საჯაროდ ესხმოდნენ თავს პუტინისტი Z ბლოგერები და მას რუსოფობს უწოდებდნენ.
„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა,“ – წერს თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology.
Anatolian Archaeology-ის ცნობით, ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ არქეოლოგიურ დადასტურებას იმ ისტორიული ცნობებისა, რომლის თანახმადაც აშოტ კურაპალატი არტანუჯში (დღევანდელ არდანუჩში) დაკრძალეს.
არტანუჯში გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე ვანის უნივერსიტეტის პატრონაჟით ტარდება.
არქეოლოგები იკვლევენ არტანუჯის შიდა ციხის ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნაშთებს.
გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი ნაგებობა, რომელიც ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობს.
არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის თქმით, შუა საუკუნეების ქართული წყაროები მიუთითებენ, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული.
„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ამ აღწერილობებს. მეცნიერული თვალსაზრისით, ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის საფლავის მდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელით,“ – ამბობს ოსმან აითექინი Anatolian Archaeology-ისთან საუბარში.
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ძველი შენობა დატოვეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან.
მოქალაქეების თქმით, ისინი პოლიციის მოწოდებას დაემორჩილნენ, რადგან 4 დღეა ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია.
შენობაში, სადაც 5 ოქტომბრის დილას 20-მდე უსახლკარო შეიჭრა, არაა საცხოვრებელი პირობები: შუქი და წყალი.
ამ მოქალაქეებს მეტაქსას ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე 6 ოქტომბერს შეხვდა და უთხრა, რომ 2026 წლიდან შეეძლება ბათუმის მერიას უსახლკარო ადამიანებისთვის ბინის გადაცემა, მანამდე კი, რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
ბათუმის მერიაში ვერ დაგვიდასტურეს მსგავსი პროგრამის არსებობა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ უსახლკაროებს მერიის ე.წ. საბინაო ფონდიდან ბინას გადასცემენ.
პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე 7 ოქტომბერს ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „ინსტაგრამის“ მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა და მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა, ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
პროკურატურა წერს, რომ საქმეზე გამოიკითხნენ დაზარალებულები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ჩატარდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
„ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა“ – იუწყება პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება , რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს პროდუქტებს, რომლებიც მათზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალი თაობაზე, რომელთა განვითარების ხელშეწყობაც თიბისისათვის პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით, კომპანია მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობას, უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს, რაც მათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
თიბისი მობაილბანკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა 6-დან 17 წლის მოსწავლისთვის, რომელიც ფლობს თიბისის მოსწავლის ბარათს.
ის მოსწავლეები, ვინც აქამდე hi app-ით სარგებლობდნენ, 1 ნოემბრიდან მხოლოდ მობაილბანით შეძლებენ სარგებლობას, სადაც იმავე მონაცემებით (სახელი და პაროლი) შევლენ, რასაც აპში შესასვლელად იყენებდნენ.
ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე hi app-ით არ სარგებლობდნენ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებას მშობლის დახმარებით, მისი მობაილბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე მოახერხებენ.
რუსეთში ასაიდუმლოებენ სომეხი წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის საფლავის მდებარეობას. ამის შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში იწერება.
რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი 9-თვიანი კომის შემდეგ, 26 სექტემბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა მისი სამოქალაქო პანაშვიდის ამსახველი კადრები, რომელიც მოსკოვში, სომხურ ეკლესიაში შედგა, თუმცა არც ერთი კადრი და ცნობა არ გავრცელებულა იმის შესახებ, თუ სად დაკრძალეს პროპაგანდისტი.
რუსი ჟურნალისტები მოსკოვის თითქმის ყველა სასაფლაოს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა ყველგან უარყოფენ, რომ კეოსაიანი მათთანაა დაკრძალული. მისი საფლავი ვერ იპოვეს ვერც მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში, ელიტარულ დახურულ თემში „კნიაჟიე ოზეროში“, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდნენ ტიგრან კეოსაიანი და მარგარიტა სიმონიანი. ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია კრემაციის შესახებ.
სოციალურ ქსელებში კეოსაიანის საფლავის გასაიდუმლოებაზე წერენ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მის პროპაგანდისტულ საქმიანობას და ოჯახი შიშობს, რომ კეოსაიანის საფლავი შესაძლოა შეურაცხყონ.
რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი, რომელსაც რუსეთში 8 წელი აქვს მისჯილი დაუსწრებლად, წერს, რომ საფლავის ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ იმალება როგორც მედიისგან, ასევე „ოჯახის მეგობრებისგან“ და ეს უკავშირდება რუსული უშიშროების სამსახურების გაფრთხილებას კეოსაიანის საფლავის საზოგადოებრივ ტუალეტად გადაქცევის მაღალი რისკის შესახებ.
„როგორც ირკვევა, ამისთვის კონკრეტული ტერმინიც კი არსებობს: კრიმინალური დეფეკაცია [ძეგლის, მემორიალების და საფლავების განზრახ შეურაცხყოფა ექსკრემენტებით]“ – ამბობს ნევზოროვი.
კეოსაიანის უახლესი პროექტი იყო სატირული პროპაგანდისტული შოუ – „საერთაშორისო სახერხი“, რომელშიც იგი სიძულვილის შემცველ განცხადებებს ავრცელებდა უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ.
დღეს, 8 ოქტომბერს, სტამბოლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს თურქულ შოუბიზნესში ცნობილი 19 პირი.
თურქულ შოუბიზნესში ცნობილი პირების დაკავება უკავშირდება ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის ბიუროს მიერ დაწყებულ გამოძიებას. ისინი საკუთარ სახლებში დააკავეს.
ჟანდარმერიაში გამოკითხვისა და შემოწმების მიზნით გადაყვანილ პირებს შორის არიან ცნობილი მსახიობი და მომღერალი დემეთ ევგარი, ბირჯე აქალაი და კუბილაი აკა.
„19 პირი გადაიყვანეს ჟანდარმერიაში ჩვენებებისა და სისხლის ნიმუშების აღებისთვის. ცნობილი პირების დაკავების ორდერი არ არის გაცემული. მათ გაათავისუფლებენ ჩვენებებისა და სისხლის ნიმუშების აღების შემდეგ,“ – წერს თურქული პრესა.
როგორც თურქული პრესა წერს, ჟანდარმერიაში გადაყვანილ პირებს შორის არიან:
N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა ბაჩიაშვილზე საპატიმრო დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის შემდეგ დატოვა. მასთან ერთად სამსახური დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 118 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 240 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 324 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 33 519 ერთეული [+26]
MLRS – 1 517 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 67 965 ერთეული [+401]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 841 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 650 ერთეული [+75]
სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
89 163 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 410 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 598 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 280 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
43 469 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იტყვის, რომ სუსტის მიმართ თანაგრძნობა არ მაქვს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. განათლების ექსპერტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი.
ის „ბათუმელებთან“ აფასებს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იქნება „ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველის გამზირზე 300 დღეზე მეტია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
ბატონო სიმონ, რას ამბობს ამით ირაკლი კობახიძე, როცა საუბრობს ნულოვან თანაგრძნობაზე ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რას ნიშნავს ეს?
რამდენიმე რამეზე ვფიქრობდი. ერთი ის, რომ ეს ადამიანი თითქოს არ არის ქართული კულტურის ნაწილი, თითქოს არ არის აღზრდილი ქართველებისთვის დამახასიათებელი ფასეულობებით. ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იტყვის, რომ სუსტის მიმართ თანაგრძნობა არ მაქვს.
თვითონ ხომ თვლის, რომ ეს ხალხი „რაღაც უმცირესობაა“, ხომ ასე წარმოუდგენს საზოგადოებას. მაგრამ საზოგადოებას რომ ეტყვის, თანაგრძნობა არ უნდა ჰქონდეთ ამ ხალხის მიმართ, იმას ვერ ხვდება, რომ ეს პირიქით იმოქმედებს საზოგადოებაზე?
მეორე არის ის, რომ რეალურად სუსტია თვითონ და იმიტომ საუბრობს ასე.
ჯერ დეკემბერში თუ იანვარში ამბობდა, რომ ახალ წლამდე და მერე აღარ იდგებიან რუსთაველზე, მერე ამბობდა 20 იანვარი და აღარ იქნებიან, ახლა ისევ თავიდან იწყებს ამაზე საუბარს.
მან მშვენივრად იცის, ვინ დგას იქ. თუმცა ისე უნდა გამოიყვანოს თითქოს ვიღაც უცხო ქვეყნის დაქირავებული, სულელი ხალხია, რაღაც მოძალადე, რადიკალი და ასე შემდეგ.
მე, მაგალითად, 4 ოქტომბერს ვნახე, როგორ მიდიოდნენ რუსთაველის აქციაზე კობახიძის მასწავლებლები. ანუ ის ხალხი, ვინც მას ასწავლიდა სკოლაში. თითქმის ყოველდღე ვხედავ მის თანაკლასელებს, სკოლელებს, ოჯახის ახლობლებს და ასე შემდეგ.
აი, ასე რომ ლაპარაკობს ადამიანი, რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ან სოციალური პრობლემა აქვს, ან ფსიქიკური პრობლემა აქვს. ან ფსიქოლოგიურად არ არის მზად იმ თანამდებობისთვის, რომელზეც დანიშნეს და ეს თავში ავარდნილი ძალაუფლება ალაპარაკებს ასეთ რაღაცებს. და ეს უკვე საშიშია.
მე, პირადად, განვიცდი თუ არა იმას, აქვს თუ არა ჩემ მიმართ ირაკლი კობახიძეს თანაგრძნობა – არა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მე ის მაინტერესებს, რომ პრემიერ-მინისტრი ასრულებდეს კანონს. კანონის და კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს უფლება, რომ გვქონდეს უფლებები და თავისუფლებები.
მაგალითად, ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვხატოთ პროტესტი ნებისმიერი რაღაცის წინააღმდეგ და მათ შორის, უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. ის თანაგვიგრძნობს ამ პროტესტში თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს.
სახელმწიფოც იმისთვის არსებობს, რომ ხალხი ერთმანეთს კი არ დაერიოს, როცა მეორე მხარეს რაღაც არ მოსწონს, არამედ არსებობდეს წესები. არჩევნებიც ამისთვის უნდა არსებობდეს. და თუ არჩევნებს გააუქმებ, სასამართლოს გააუქმებ, პროკურატურას გააუქმებ და ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება ვიღაცებმა იფიქრონ, რომ ერთადერთი იმაზე ვართ დამოკიდებული, ექნება რეჟიმს ჩვენ მიმართ თანაგრძნობა თუ არ ექნება.
ფეოდალურ სამყაროში ხომ არ ვცხოვრობთ, სადაც თუ ბატონს ჩვენ მიმართ თანაგრძნობა აქვს, არ გვშოლტავს და თუ არა აქვს, მაშინ შეიძლება გაგვყიდოს ან დილეგში ჩაგვსვას.
სტალინური რეპრესიების დროსაც ხომ იგივე პოლიტიკა ჰქონდა რეჟიმს მათ მიმართ, ვისაც არ მოსწონდა საბჭოთა სისტემა. მაშინაც ყველას ეძახდნენ ხალხის მტერს, აგენტს და უცხო ძალებისგან მართულს, ვინც მიუღებელი იყო რეჟიმისთვის. ასე მოექცნენ ცნობილ პოეტებს, მწერლებს – ყველას, ვინც ამ ქვეყანაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა. როგორ ფიქრობთ, კობახიძის ენით ახლაც რუსული რეჟიმი გველაპარაკება?
როცა ვამბობდი, რომ თითქოს უცხო კულტურა გველაპარაკება და ეს არ არის ქართული კულტურა, როცა კობახიძეს უსმენ, ამასაც ვგულისხმობდი.
მახსოვს, პირველად როდესაც მოვხვდით მოსკოვში, მე და ჩემი და ალბათ 10-11 წლისები ვიყავით და პირველი შთაბეჭდილება, რაც მქონდა მოსკოვზე, იყო ის, რომ ჩვენ თვალწინ მოხუც ქალს დაეყარა ხურდები მეტროს შესასვლელში. ჩვენ დავიხარეთ დასახმარებლად და საყვედური მივიღეთ მისგან: „უცხო ადამიანის ფულს როგორ იღებთო?“ მას ვერ წარმოედგინა, რომ ჩვენ თანაგრძნობა შეიძლება გვქონოდა მისდამი და დავხმარებოდით.
ამ კულტურისთვის შეიძლება გაუგებარია, რომ შეიძლება ადამიანი დააპატიმრონ და მე მის გამო დავდგე ქუჩაში. ის უცნობი ადამიანი რატომ შეიძლება გიყვარდეს, ხომ? უცნობი ადამიანისთვის სოლიდარობა სად გაგიგია? ამიტომ არის უცნაური, როცა ასეთ რაღაცას ისმენ საქართველოს პირველი პირისგან, რომ როგორ შეიძლება ეს ხალხი რაღაც იდეის გამო იდგნენ და არა ფულის გამო? სინამდვილეში, ის ვერ ხვდება, რომ იმ ხალხს, უმრავლესობას, სინამდვილეში აქვს სიმპათია იმ ხალხის მიმართ, ვინც თავის აზრს თამამად გამოხატავს და მათ ნაცვლადაც გამოხატავს. მათი სახელითაც გამოხატავს და მათი თანამოქალაქეების დასაცავადაც გამოხატავს.
მშვენივრად იცის, რომ მის პირისპირ ვიღაც აგენტურა, ვიღაც უცხო ქვეყნის დაქირავებული ხალხი კი არ დგას, არამედ დგას საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მათ შორის ის ხალხი, რომელიც მას პირადად იცნობს.
კობახიძის ენით საუბარი, ზოგადად, დამახასიათებელია ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, საქართველო, კამბოჯა თუ სამხრეთ ამერიკის რომელიღაცა დიქტატურები. ნებისმიერმა დიქტატორმა, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, უნდა გამოიგონოს მტერი, რომლისგანაც „დაიცავს“ საკუთარ სამწყსოს ან თანამოქალაქეებს.
ეს მტერი უნდა იყოს, როგორც შინამტერი, ისე უნდა იყოს გარემტერი და ამ გამოგონილ მტერთან ბრძოლაში უნდა სცადოს ხალხის კონსოლიდირება. მაგრამ ჩვენთან მაგას ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ვერ დააჯერეს საკუთარ მომხრეებსაც კი, რომ მაგალითად, ის პატიმრები, რომლებიც ციხეში სხედან, ნამდვილად დამნაშავეები არიან.
ვერ მუშაობს მათი პროპაგანდა, რომ ეს ხალხი უცხო ქვეყნის აგენტები არიან, როდესაც ივანიშვილი მთელი ცხოვრება რუსეთში ცხოვრობდა. ან მათი მთავარი პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე საერთოდ ამერიკის მოქალაქეა. ანუ ჩვენ რანაირად ვართ უცხო ქვეყნის აგენტები?
ვერ დააჯერებ სკოლის დირექტორს, რომ მე უცხო ქვეყნის აგენტი ვარ, რადგან მასთან ვმუშაობდი, რაღაცაში ვეხმარებოდი, რომ მეტი გამოცდილება მიეღო.
არც საფრანგეთის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი ივანიშვილს, როგორც ვიცი.
არ უთქვამს. და ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ თურმე უცხო ქვეყნის აგენტები.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, კრიმინალად გამოაცხადოს სამშობლოს დაცვა, რამდენად შესაძლებელია ეს?
შეუძლებელია, რომ მათ დაარწმუნონ საკუთარი მომხრეებიც კი ამაში. საკუთარი თვალით ხედავს ადამიანი, რამდენი კაცი დგას რუსთაველზე რეალურად. საკუთარი თვალით ნახა ივანიშვილმა, როგორ ემზადებოდა ხალხი 4 ოქტომბრისთვის, რომ მისულიყო და გაეპროტესტებინა. ამიტომაც ებმებოდა ენა ინტერვიუს დროს და ვერ აყალიბებდა საკუთარ აზრს.
ამაზე ნერვიულობს მაგალითად მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც ეუბნება ჟურნალისტს, რატომ არ მაღიარებ პრეზიდენტადო. ანუ თქვი, რომ მე ვარ ნამდვილად პრეზიდენტიო. როცა ძალაუფლება არ გაქვს, მაშინ ცდილობ ძალაუფლების პერფორმანსი ჩაატარო.
რეალურად, ძალაუფლებას ხალხი აძლევს ხელისუფლებას, ხომ? ამას ვერ ჰპატიობს „ქართული ოცნება” ხალხს, რომ მას არ მისცა ძალაუფლება, არ აღიარა ხელისუფლებამ მისი რუსული პოლიტიკის გამო?
თანამედროვე სამყაროში ძალაუფლება არ მოდის ღვთიური წარმომავლობისგან, როგორც ეს იყო ფეოდალურ სამყაროში, მაგალითად. ეს ხალხი არ არის ღმერთის ხელდასხმული ამ თანამდებობაზე. ერთადერთი წყარო ძალაუფლების დღევანდელ სისტემაში არის ხალხი და როცა ხალხის მხარდაჭერას ვერ იღებ, მერე ხარ ისტერიკაში და იწყებ იმის მტკიცებას, რომ ყველა შენ გარშემო არის მოღალატე, ყველას უნდა ებრძოლო, რომ თურმე საერთოდ არ არიან ესენი ადამიანები და ასე შემდეგ. როგორც კალაძემ თქვა ხომ, არ არიან ესენი ქალებიო – აქციის მონაწილეებზე.
ეს მეთოდია, რომ შენი მოწინააღმდეგე არ მიიჩნიო ადამიანად, რომ მას თითქოს არ აქვს ღირსება, ამიტომ შეგიძლია დააპატიმრო, სამსახურიდან გააგდო, ქუჩაში სცემო, ფიზიკურად გაუსწორდე და ასე შემდეგ. ან მოუწოდო, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ხელს გიშლის ძალაუფლების შენარჩუნებაში.
მათ იციან, რომ თუ ვერ მიიღებენ ლეგიტიმაციას ხალხისგან, თუ საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ, ვერასდროს დარჩებიან ხელისუფლებაში და ეს აღელვებთ.
როცა ხელისუფლება ამბობს, რომ არანაირად არ თანაუგრძნობს მოქალაქეს, თუნდაც იმაში, რომ უსამართლოდ აკრიტიკებდეს მას, ასეთ შემთხვევაში, ის საერთოდ უარს ამბობს იმაზე, რომ მას ერქვას ხელისუფლება.
ანუ ის ხელისუფლება კი არ არის, არამედ ვიღაც ჯიბგირი, რომელიც საკუთარი კუნთებით საზღვრავს, ვინ არის მისი სწორი და ვინ არა.
ამ ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს აქვს ღირებულება და განსაკუთრებით თამამ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ მომავალი შეცვალოს და არა რაღაც ფული მოიპაროს, რაღაც დემაგოგიას ეწეოდეს ყოველდღე. მაგალითად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რომ დგას რუსთაველზე და თავის მნიშვნელოვან დროს ხარჯავს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დააბრუნოს ნორმალურ გზაზე, ამას ეუბნება კობახიძე, რომ მე საერთოდ არანაირი ემპათია არ მაქვს შენ მიმართო?
რამდენი ადამიანი ჰყავს ვაჟას გადარჩენილი. ცხინვალშიც ჩავიდა, რომ ადამიანები იქიდან გამოეყვანა და რანაირად შეიძლება ამ ადამიანზე თქვა, რომ ის არ არის ღირებული.
როცა ასეთი ენით ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, ეს ნიშნავს, რომ მოუწოდებს სხვებს, თავის ქვეშევრდომებს, რომ გაუსწორდით ამ ადამიანებს, გაძლევთ სანქციას.
როცა მე, ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე, ვიღაც ფიზიკურად დამესხა თავს, ვნახე, რომ ეს თავდამსხმელი ჩემს მეგობართან მუშაობს ერთ-ერთ გამგეობაში. ქმნიან მტრულ გარემოს, რომ არავის ენდო.
ასეთი მტრული გარემოს შექმნაც ხომ რუსულ და საბჭოთა რეჟიმებს ახასიათებდა?
ხელისუფლების სტრატეგია არის, რომ მუდმივად შექმნას კრიზისი და კრიზისი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ თავის დაცვაზე იყო კონცენტრირებული.
სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვერ გაზრდი წესიერ, პასუხისმგებლიან საზოგადოებას, თუ ადამიანს ბავშვობიდან არ ასწავლი ემპათიას, თანადგომას. ახლა ვხედავთ, რომ კობახიძე ამ ყველაფრის საპირისპიროს აჩვენებს ხალხს. ნული მგრძნობელობა მათ მიმართ, ვინც შენთვის მიუღებელია. ეს ძალიან ცუდი მაგალითია?
ეს რიტორიკა მახსენებს სკოლის მჩაგვრელებს. ბულერებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ სხვისი დაჩაგვრით. როცა გრძნობენ, რომ თავად არიან სუსტები, არარაობები, მაგრამ ცდილობენ სხვისი თანდასწრებით გცემონ, დაგამცირონ, ცდილობენ მათზე სუსტს გაუსწორდნენ სხვის დასანახად.
ასეთ რამეს ყოველთვის აკეთებს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს მოუტანს მას დიდებას და სახელს. სინამდვილეში, ეს ადამიანები როცა სკოლას დაამთავრებენ, ნახავ, რომ 20 წლის შემდეგაც არარაობები არიან. ვერასდროს იმკვიდრებენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.
იმიტომ, რომ ვერასდროს ლახავენ ფსიქოლოგიურად იმ პრობლემას, რომ საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის სხვისი დაჩაგვრა მოუწიათ.
რობესპიერს მიეწერება ასეთი გამოთქმა, რომ ხიშტები სასარგებლოა ძალაუფლების მოპოვებისთვის, მაგრამ ზედ ჯდომა მაინცა და მაინც სასიამოვნო არ არის. ამიტომ ეს უნდა გააცნობიეროს „ოცნებამ“, რომ შეუძლებელია ხიშტებზე დაამყარონ თავიანთი ძალაუფლება, რადგან ეს აუცილებლად მათ წინააღმდეგ იმოქმედებს.
„ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების აბსოლუტური დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია.
გოტა ჭანტურიას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ვესაუბრეთ: „ნულოვანი თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა პროევროპულ აქციებზე საუბრის დროს.
„კობახიძე ცდილობს ყველას ერთი იარლიყი მიაკრას: აგენტია, უსამშობლო. ეს დიქტატურისთვის დამახასიათებელი მოქმედებაა. საბჭოთა კავშირშიც იყო საუბარი ხალხის მტრებზე – ხალხის მტრად მოიხსენიებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. დღეს იხსენებდნენ მუამარ კადაფს, რომელიც ასევე საუბრობდა იმაზე, რომ პროტესტის წინააღმდეგ არანაირი თანაგრძნობა არ უნდა გვქონდეს. ეს ენა არ არის ახალი,“ – გვითხრა გოტა ჭანტურიამ
„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია.
ბატონო გოტა, როგორ აღიქვით ირაკლი კობახიძის აქცენტი „ნულოვან თანაგრძნობაზე“. მან ეს ფრაზა ზედიზედ რამდენჯერმე ახსენა. „უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობასო“.
მოულოდნელი ამაში არაფერი არ არის: ეს ადამიანი პრინციპში თანაგრძნობას ან რაიმე ტიპის ადამიანობას ისედაც არ ამჟღავნებდა. ახალი ის არის, რომ პრაქტიკულად რეპრესიების ახალი ტალღა დაანონსდა, რაღაც ახალ სტრატეგიაზე გადადიან.
ეს განცხადება ასევე შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ერთგვარი დაშინების მცდელობა. „ოცნებას“ სურს წინააღმდეგობის მორალურად გატეხა. იგივე 4 ოქტომბრის აქციაზე რაც იყო შეცდომა და ავანტიურა, ამაში არ მონაწილეობდა დიდი ნაწილი აქტიურად, მაგრამ „ოცნების“ რიტორიკაა, რომ ამაზე გააკეთოს აქცენტი.
კარგად გვახსოვს, რომ წლების განმავლობაში ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა გაეროს განვითარების პროგრამას, USAID-ს და ასე შემდეგ. ამიტომაც, როცა კობახიძე საუბრობს უცხოურ აგენტებზე, ეს სრულიად სამარცხვინოა ე.წ. პრემიერის მხრიდან, თუმცა ჩვენ ეს დარტყმა სერიოზულად უნდა მივიღოთ და რეფლექსიაც მოვახდინოთ. ჩვენ გვჭირდება რეფლექსია 4 ოქტომბერზე: რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ.
კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით. იმის მიყოლება, რომ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ თურმე, ამის საუკეთესო გამოვლინებაა გელა ხასაიას დაკავება.
თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდა ირაკლი კობახიძეს ეს გზავნილი?
კობახიძე ცდილობს ყველას ერთი იარლიყი მიაკრას: აგენტია, უსამშობლო. ეს დიქტატურისთვის დამახასიათებელი მოქმედებაა. საბჭოთა კავშირშიც იყო საუბარი ხალხის მტრებზე – ხალხის მტრად მოიხსენიებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. დღეს იხსენებდნენ მუამარ კადაფს, რომელიც ასევე საუბრობდა იმაზე, რომ პროტესტის წინააღმდეგ არანაირი თანაგრძნობა არ უნდა გვქონდეს. ეს ენა არ არის ახალი.
ჩვენ უნდა გვჯეროდეს ძალის და გამარჯვების, მაგრამ მოწინააღმდეგის აღქმაც რეალობასთან ახლოს უნდა იყოს. 4 ოქტომბერიც ზუსტად ეგ იყო: საზოგადოების ნაწილმა არარეალისტურად შეხედა „ოცნებას“, ავანტიურას დაუჯერა.
რა ეტაპზე გადადის ახლა წინააღმდეგობა და მეორე მხრივ, „ოცნების“ რეჟიმი?
„ოცნება“ ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს პროტესტი, ერთი იარლიყის ქვეშ მოაქციოს, უსამშობლოებად გამოაცხადოს, გააბაიბუროს პროტესტი, თითქოს მნიშვნელოვანი არც არაფერი ხდება, სადღაც 50, თუ 100 კაცი დგას.
რეალურად „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ არც 50 და არც 100 ადამიანი არ დგას საპროტესტო აქციაზე. მოსახლეობის უმრავლესობა მათი წინააღმდეგაა: პროფესორები და მასწავლებლები, ექიმები, თუ ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები… ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ერთ იდეაზე ვთანხმდებით – საქართველოს იდეაზე. ეს „ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის და ეს აწუხებს სწორედ. ამიტომაც, სურთ, რომ თანაგრძნობა გაუფასურდეს. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, რაღაც შეკავშირებაზე იყოს ორიენტირებული, პირიქით, დაქსაქსულობა, არასოლიდარულობა, არანაირი ემპათია, ზუსტად არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ზიზღი, აი, ესაა, რასაც აღვივებენ და სჭირდებათ: ზიზღი და დეჰუმანიზაცია.
ამ ყველაფერს თავისი გავლენა აქვს, იქნება ეს ფსიქოლოგიური წნეხი, თუ ფიზიკური. ყველა ვხედავთ, ემიგრაცია როგორ მწვერვალზეა ასული, რამდენი ტოვებს ქვეყანას, ჩაიკეტა სივრცე კრიტიკული მსჯელობისთვის, კითხვებისთვის, დისკუსიისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია „ოცნების“ დღის წესრიგზე.
ახალი პოლიტიკური შინაარსის შეთავაზების გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ბრძოლაში განვითარება გვქონდეს. უკმაყოფილება ყველგანაა, მაგრამ ამის გამოხატულება ნაკლებად ხდება. მაგალითად, ფასები ყველას აწუხებს, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი და ადამიანებს პურის ფული არა აქვთ, მაგრამ ამის პოლიტიზება ნაკლებად ხდება. ეს თუ არ გავაკეთეთ, მხოლოდ რუსთაველით შემოსაზღვრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც მხოლოდ გეოპოლიტიკურზე აქცენტის გაკეთება, რომ აი, რუსულია ხელისუფლება, ეს, ჩემი აზრით, შორს ვერ წაგვიყვანს.
ჩვენ რაღაც უნდა გადავიაზროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. აუცილებელია, ამ პროტესტის გაფართოება და ახალი პოლიტიკური შინაარსის შემუშავება.
აუცილებელია გააქტიურება რეგიონებში. ამ აქტიური მუშაობის და მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის გარეშე რთული იქნება რამე გამოვიყვანოთ.
იმაზე ლაპარაკი, რომ აგერ, ჩამოიშლება რეჟიმი – ასეთი ლოზუნგების ენა უნდა დასრულდეს. ეს ძველი პოლიტიკური კლასიც, ჩემი აზრით, უნდა ჩავანაცვლოთ… ჩვენი ჩათვლით, უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, ინიციატივა, რისკიც გავწიოთ. ნუ, ეს რისკი არ გვაკლია ისედაც, მაგრამ მეტი რისკი უნდა ავიღოთ, სხვანაირად ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ.
ახალი ფაზა იწყება ნამდვილად. ჩვენი ამოცანაა, გამოვკვეთოთ ჩვენი იდენტობა და შევქმნათ ახალი პოლიტიკური შინაარსი, სადაც ხალხის წუხილები იქნება გამოხატული.
ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ხალხის ჩართულობით. ხალხს ყველაფერი მართლა ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ყველაფერი მოითხოვს ყოველდღიურ შრომას და აქტიურობას, ასევე რაღაც დროსაც და მესმის, რომ ეს დრო ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ნაბიჯებს ჩვენ უბრალოდ ვერ გადავახტებით. რაღაც სასწაული ვერ მოხდება და, მაგალითად, მეგობარი აქტიც რომ მიიღონ, მხოლოდ ამაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. საჭიროა ხალხთან აქტიურად მუშაობა.
შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.
შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“. 2025 წელს კომპანიის წილები მფლობელმა სრულად გაასხვისა, თავისი ვალდებულებით და იმ ქონებით, რაც ფიროსმანის #1-ში აქვს დარეგისტრირებული.
შეთანხმების თანახმად, ფიროსმანის #1-ში მდებარე ორსართულიანი სახლის მესაკუთრეებს ახალაშენებულ კორპუსში უნდა მიეღოთ ფართობები ძველის დათმობის სანაცვლოდ. მშენებლობის დასრულებამდე კი ახალ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას შეძლებდნენ, რასაც მშენებელი კომპანია უზრუნველყოფდა.
ფიროსმანის #1-ში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებლები სახლის უსაფრთხოების საკითხს წლების განმავლობაში აყენებდნენ დღის წესრიგში და შესაბამის რეაგირებას მერიისგან ითხოვდნენ.
ბათუმი, ფიროსმანის #1
ბათუმის მერიამ აქ მცხოვრებთა თხოვნით შენობის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს 2021 წელს დაუკვეთა, ექსპერტიზის ბიურომ კი დასკვნაში ჩაწერა, რომ ორსართულიანი ისტორიული სახლი აღდგენას არ ექვემდებარება.
„ფიროსმანის ქუჩაზე #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხასიათისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“, – დაწერა ექსპერტმა ალექსანდრე კაიფანჯიანმა.“
დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „კომუნა კონსტრაქშენმა“ [„ტერასა ჰაუსი“] მერიას ფიროსმანის #1-ში ახალი 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა სწორედ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში სთხოვა. ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომპანიას ნებართვა უპრობლემოდ უნდა მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა. ეს პროგრამა აძლევს მერს შესაძლებლობას ზონაში პროექტის განაშენიანების ინტენსივობის დადგენილი კოეფიციენტის გაზრდას დასთანხმდეს.
აქ მცხოვრებთა ინფორმაციით, გადაწყვეტილების გაჭიანურების მიზეზი გახდა მომიჯნავედ არსებულ მაღალსართულიან კორპუსში მცხოვრებთა წინააღმდეგობა, რაც მათ ბათუმის ყოფილმა მერმაც დაუდასტურა. თუმცა ამ ორსართულიანი სახლის მცხოვრებლებისთვის არავის უკითხავს, როგორ შეცვლიდა მათ საცხოვრებელ გარემოს მაღალსართულიანი კორპუსი, როცა ამ კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა მერიამ.
ბათუმის ყოფილი მერის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, მერიამ ფიროსმანის # 1-ში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა. იგივე ბრძანებით ყოფილმა მერმა კომპანიას დაავალა:
„განემარტოს განმცხადებელს, რომ პროექტის შეთანხმების ეტაპზე საჭიროა წარმოადგინოს მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების კვლევა, IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, დაურთეთ შესაბამისი სქემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება.“
2024 წლის ივნისში მერმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ფიროსმანის #1-ში 18 სართულიანი კორპუსის არქიტექტურული პროექტი შეითანხმა. თუმცა ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებისთვის ამით არაფერი შეცვლილა.
„გვეშინია, ერთ დღესაც ეს სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს“, – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებისგან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ, ბოლოს კი 2025 წლის ივლისში მიიღო, მას შემდეგ თბილისში ავარიული კორპუსის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
კიდევ ერთი შეტყობინებით აქ მცხოვრებმა გასულ კვირას მოგვმართა: „ახლა გავიგეთ პროექტი გაყიდულა, დაზუსტებით არ ვიცით. გამოდის კიდევ ერთი ზამთარი ამ სახლში ვიქნებით, ვინმე გვაძლევს გარანტიას, რომ არ ჩამოინგრევა?“
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში შპს „კომუნა ჰოლდინგმა“ კომპანიის წილების ასივე პროცენტი გაყიდა. ამ გარიგების ნაწილი იყო ისტორიული სახლი ფიროსმანის #1-ში, უფრო სწორად მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს სახლი მდებარეობს. კომპანიის ასივე პროცენტი „კომუნა ჰოლდინგმა“ 800 000 დოლარად გაყიდა, რაც 2 მილიონამდე ლარია. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველისთვის ცნობილია კომპანიის იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
კომპანიის წილები 2 ახალ მფლობელზე გადანაწილდა, ყოფილი მფლობელი გია ბერიძე კი ერთ-ერთ დირექტორად რჩება. ახალი მფლობელები არიან ნათია დიასამიძე და ეკატერინა ხალვაში [50-50%].
კიდევ ერთი ინფორმაციით, მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებლები მშენებლობის დაწყების შეფერხებას ისევ ახერხებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ გამოსდით ის, რაც სხვებს არ გამოუვიდათ, რადგან კორპუსში ცხოვრობენ საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებიც.
რეალურად, ფიროსმანის #1-ში დაგეგმილი 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დრამატულად შეცვლის გარემოს მომიჯნავედ – #1ა კორპუსში. ამ სახლს აღარ ექნება ზღვის ხედი და მზის შუქი, ამოუშენდება კედელი, ისევე, როგორც სხვა ბევრ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიროსმანის #1ა-ში მცხოვრებლებმა მოახერხეს, რომ მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს მშენებელ კომპანიასთან, რომ 18-სართულიანი კორპუსის პროექტი 6 სართულიანით ჩაანაცვლოს, საკომპენსაციოდ კი მერია კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს დაუთმობს სხვაგან, სადაც მაღალი კორპუსის მშენებლობას შეძლებს.
ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა აქ პასუხი არ გაგვცეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ გამჭვირვალე იქნება მისი მუშაობა, თუმცა მერიის სამსახურები კითხვებს არ პასუხობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას მალავენ.
არის თუ არა ეს სიმართლე? „ბათუმელები“ ამის გასარკვევად კომპანიის დირექტორსაც დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ „კარგად არ ესმის და ხვალ დღის საათებში დავურეკოთ“.
„ირაკლი კობახიძეს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ნათია ხარატი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას „ქართული ოცნების“ პრემიერის ახალ განცხადებაზე ვკითხეთ – ირაკლი კობახიძე „ნულოვან თანაგრძნობას“ აანონსებს.
რას ნიშნავს კობახიძის გზავნილი „ნულოვან თანაგრძნობაზე“? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ნათია ხარატს.
ქალბატონო ნათია, როგორ აღიქვით „ოცნების“ პრემიერის გზავნილი „ნულოვან თანაგრძნობაზე“? „უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას… ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე
ფლეშბექი მაქვს ამ ფრაზაზე, პირველ რიგში, „ნულოვან ტოლერანტობაზე“, რომელიც თქვა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით და ამაზე ატყდა მთელი ამბავი. დღესაც ახსენებენ ამ ფრაზას სააკაშვილს, რომელიც მან ახსენა რამდენიმე წლის წინ. მაშინ ამას მოჰყვა აღშფოთება.
„ოცნებისგან“ ერთი მეორეზე ბოროტი განცხადებები კეთდება – სიძულვილის გამღვივებელი. ეს ნულოვანი თანაგრძნობა მაგონებს ასევე 1937 წელს – უფრო და უფრო ვუახლოვდებით. ადამიანების ასე გამეტება და თავში დამიზნებით ნასროლი ტყვიები, მეტი სხვა რა უნდა იყოს?!
კობახიძის ეს ფრაზა აჩვენებს ჩემთვის იმას, როგორ ვერ აღიქვამს რეალობას. რა 100 და რა 150 კაცი? 150 000 და 150 ერთი და იგივეა? თუ 200 ათასი კაცის ხმით შეიძლება თბილისის მერი გახდე, რატომ ვერ შეიძლება ხედავდე 200 ათას კაცს, რომელიც ქუჩაში გამოდის? დღეს ამ პროტესტშია ნებისმიერი პროფესიის ადამიანი: ექიმი, მასწავლებელი, თუ საჯარო მოხელე და გვეუბნებიან, 15 სულელი დგასო.
კობახიძე ამ განცხადებით პროცესის უფრო მეტად რადიკალიზებას ცდილობს? არის ეს გზავნილი „ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ?
კობახიძე ცდილობს, რომ შეაშინოს და კიდევ უფრო გაყოს შუაზე მოსახლეობა. ჩემთვის ეს საგანგაშო სიგნალია – ძალიან მძიმედ აღსაქმელი.
„ოცნება“ ციფრებით მანიპულირებს და ზიზღისკენ, დაუნდობლობისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს.
შეადარონ მარტივად: რა მოუტანა ევროპამ საქართველოს და რა – რუსეთმა. ვისი ფულით ფინანსდებოდა არაერთი სასარგებლო პროექტი, სამინისტროებიც კი, ვისი ფულით გაიყვანეს ბაქო-ჯეიჰანი?! ყველა მასშტაბური პროექტი საქართველოში მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თავად რა საშუალებებით დადიან ევროპაში აქეთ-იქით და ასწავლიან თავიანთ შვილებს? თვითონ მუშაობდნენ იმ NGO სექტორში წლების მანძილზე და ამ დროს ჩვენ გულწრფელი სულელები ვყოფილვართ თურმე, რომლებიც ამდენი დღეა ვართ საპროტესტო აქციაზე და ვითხოვთ ევროპულ მომავლის გადარჩენას.
რის მიღწევას ცდილობს ამ მეთოდით „ოცნება“, თქვენი აზრით?
თანაგრძნობის და სოლიდარობის გაქრობას, მაგრამ სოლიდარობა არ გაქრება. ეს განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, რომელიც ძალიან კარგად არის გარკვეული, რაშიც არის საქმე, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წელია პროპაგანდისტული ტელევიზიებით ჰიბრიდული ომი გრძელდება საქართველოში. სამწუხაროა, რომ ამას დიდი ხანი ვაიგნორებდით ყველა და სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით.
ეს და სხვა მსგავსი ბოროტი გზავნილები არის გათვლილი იმ ადამიანებზე, რომლებმაც არ იციან, როგორ მოახერხონ საინფორმაციო წყაროების დივერსიფიცირება, ისინი მართლაც ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ეს განცხადება არის ორიენტირებული სიძულვილზე და წარსულის მინიშნებაზე, რომ ამას ჰქონდეს გამოძახილი.
ირაკლი კობახიძეს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე.
თქვენთვის რა გამოჩნდა 4 ოქტომბერს: ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ გამოცხადდა, სამაგიეროდ ვნახეთ ისევ ხალხმრავალი აქცია რუსთაველზე… რა ეტაპზე უნდა გადავიდეს წინააღმდეგობა?
ხალხი გამოდის იგივე რაოდენობით ქუჩაში, როგორც ეს ხდებოდა ადრე. მართლაც წარმოუდგენელია 300 დღე გრძელდებოდეს პროტესტი და ადამიანები ისევ იდგნენ ქუჩაში. დაფინანსებას როცა იგონებენ და იტყუებიან, რომელი დაფინანსება აუვიდოდა ამას? ადამიანები ზოგჯერ სამსახურებიდან რომ მოდიან, ან ვერ მოდიან აქციაზე, იწერებიან, სამწუხაროდ, დღეს ვერ მოვდივართო.
4 ოქტომბრის აქციაზეც ჩანდა, რომ ქართველ ადამიანს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ისევ ბრძოლის რეჟიმშია. ჩვენ მდგრადობით ვაძლიერებთ ამ პროტესტს. ეს პროცესი აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანები არასდროს არ დანებდებიან და არასდროს არ გახდება საქართველო რუსეთი.
თუნდაც, აი, ეს არჩევნები, რომელიც სიყალბე იყო თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი წერდა, რუსეთს რაზეც 12 წელი დასჭირდა, საქართველოში 12 თვეში გააფორმესო.
მაგრამ ხალხი არ ნებდება და ეს არის იმედისმომცემი. ჩამოიშლება ის სახელმწიფო, რომელსაც გვერდში არ უდგას ხალხი. უბრალოდ მტკივნეული იქნება ეს ჩამოშლა, ბოლო-ბოლო ეს პროცესი რაღაც კრიზისამდე მიგვიყვანს.
„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა.
ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი.
სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“ ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა.
ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული მკაფიო ღირებულებებსა და პრინციპებზე, ისევ არსებობს. თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი, როგორ უყურებთ პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენას და რამდენად შესაძლებელია ეს არსებული რეჟიმის პირობებში?
ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად რასაც ვითხოვ, არის ის, რომ მედიაში გაჩნდეს ახალი სადებატო სივრცეები და ეთერები მუდმივად არ დაეთმოთ იმ პოლიტიკურ სახეებს, ვისგანაც ვერასდროს ვისმენთ სიახლეს.
ფაქტია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ოპოზიცია ძალადაკარგულია და ვერ ახერხებს ცვლილებებს. თუმცა ასეთ მდგომარეობებს მიჩვეულია ჩვენი საზოგადოება, რადგან ასე ხდებოდა 2012 წლამდეც, როცა ოპოზიცია ვერ ახერხებდა ხელისუფლების ცვლილებას, სანამ არ გამოჩნდა ივანიშვილი და თავად არ შემოიკრიბა მაშინდელი ოპოზიცია პოლიტიკური მრავალფეროვნების მოსაჩვენებლად.
დღეს ოპოზიციური პარტიების პრობლემა არის ის, რომ ერთ ადამიანზე არიან დამოკიდებული და თუ ლიდერი ციხეშია, პარტიებს არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ, ეს ორ-სამკაციანი პარტიების ამბავიც უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს პარტიული პოლიტიკა დამოკიდებული. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანები არანაირი იდეის გარშემო არ ერთიანდებიან.
როცა ხაზარაძე გამოჩნდა პოლიტიკაში, მის გარშემო ადამიანები შეიკრიბნენ ფულის და არა იდეის გამო. არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ხაზარაძესთან რაღაც პარტიულ კავშირშია და არანაირი იდეური კვეთა არ აქვს.
გახარია გამოჩნდა და გარკვეული ადამიანები მხოლოდ იმიტომ შემოიკრიბა, რომ ყოფილი პრემიერი იყო, თორემ ვინ არის გახარია და რა პოლიტიკური ხედვები აქვს, ან რა ხედვის ადამიანები ჰყავს პარტიაში, არ იციან.
პარტიას ლიდერი ჰყავს ციხეში და პარტიის წევრმა არ იცის რაზე ილაპარაკოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები რაიმე კონკრეტული იდეოლოგიით არ არიან გაერთიანებული, არ აქვთ განვითარების, პოლიტიკური პროცესის გეგმა. ღირებულებებსა და სწორ პარტიულ ხედვებზე დაფუძნებულმა ოპოზიციამ იცის როგორ მოიქცეს, თუ ლიდერი ქვეყნიდან გადის, პატიმრობაშია და ასე შემდეგ, იციან, როგორ აგრძელებენ გზას.
თქვენ ფიქრობთ, რომ პარტია, რომელსაც ლიდერის გარეშე არანაირი ქმედება არ შეუძლია, ის არ არის რეალურად პარტია?
დიახ. მე ვამბობ, რომ პარტია, რომელსაც ერთი დაჭერილი ლიდერის გამო წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს, არ არის სტრუქტურულად, იდეურად ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბებული. პარტია ხომ არ არის სამეგობრო, საძმაკაცო და ნაყიდი ხალხი შემოიკრიბო და შენ თუ რამე დაგემართა, დანარჩენებმა არ იციან რა მოიმოქმედონ.
გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით არსებობს ლიდერის კულტი, მაგრამ ლიდერს ყოველთვის ჰყავს გუნდი, ხომ?! რომელსაც უზიარებ გეგმას, აძლევ მიმართულებას.
რუსთაველზე დგომის დროს პარტიების ბევრი წევრი გავიცანი და რა იდეის გარშემოა გაერთიანებული, არ იციან. „საქართველოსთვის ვიბრძვი“, „მინდა კარგი ცხოვრება“, – გეტყვის, მაგრამ ამას ნებისმიერი აქტივისტი იტყვის. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და როგორ უნდა მივიდეთ რაღაც კონკრეტულ შედეგამდე, ამაზე პასუხები არ აქვთ. განათლების სისტემა იქნება, კულტურა თუ ეკონომიკა, არაფერზე მიდის განხილვა. ამიტომ გაჩნდა ეს სადღეგრძელოები, რაც მხოლოდ მოტივაციას ემსახურება და არა შედეგს.
„ოცნების“ რეპრესიები ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში. დაანონსებულია დაპატიმრებები, ხორციელდება ტერორი ყველა მიმართულებით. ამ მოცემულობაში რამდენად გჯერათ ისეთი ოპოზიციის დაბადების, რომელიც შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას და მიტაცებული სახელმწიფოს არჩევნების გზით დაბრუნებას?
„ოცნების“ ხელისუფლება, კობახიძე, პროტესტში მყოფ ხალხს სწორედ დღეს არსებული ოპოზიციის სახელით აშავებს. ამაზე მუშაობს პროპაგანდა, რადგან საზოგადოებაში ნდობადაკარგული ოპოზიციის სახეები გვყავს და „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერიც ამას იმიზეზებს, რომ აი, სხვა არ არის არავინ და იმიტომ უჭერს „ოცნებას“ მხარს.
მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ძალები, მით უმეტეს ახალგაზრდები, არ მოდიან პოლიტიკაში და რატომ?
მე, მაგალითად, მყავს გუნდი და ყოველდღე ვიზრდებით. ძალიან მალე დავაანონსებთ კიდეც, რომ გავაკეთებთ ახალ პარტიას აუცილებლად. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ახლა უცებ დადგებიან და იტყვიან, რომ აგერ, შევქმენით პოლიტიკური პარტია და მორჩა.
ჩვენ ჯერ ვმუშაობთ შიდა საკითხებზე, ზუსტად იმ იდეაზე, რაც იქნება ჩვენი პარტიის ხედვა, ვმუშაობთ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში და როგორ. ამის მერე ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარტია შევქმენით.
როცა ვიტყვით, რომ გუნდი ვართ, გუნდს უამრავი მიმართულებით უნდა გვქონდეს ნამუშევარი. დღეს რომ პოლიტიკური პროცესი არ მიდის საქართველოში, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები არ ერთიანდებიან, არ მუშაობენ ერთად.
მახსოვს, ახალგაზრდებს ჰქონდათ ახალი პარტიების შექმნის მცდელობა, თუმცა მალევე გაქრნენ. ხშირია გადაბირების, მოსყიდვის, სუს-ის მხრიდან დაშანტაჟების და თუ დაშინების სავარაუდო შემთხვევები. ეს, ალბათ, უშლის ხელს ახალი ძალების გამოჩენას. ამაზე გაქვთ ნაფიქრი?
ამ ყველაფრისგან დაზღვეული ვერ იქნები, რომ ვიღაცას არ შემოგიგზავნიან, ვიღაც არ გადაწყვეტს პარტიის დატოვებას ან მოღალატე არ აღმოჩნდება. ერთადერთი გზა ამ ყველაფრისგან თავის არიდების მაინც არის ის, რომ იდეის გარშემო გაერთიანდნენ ადამიანები. ერთი ადამიანის პარტიიდან წასვლა იდეას ვერ ჩამოშლის, კონკრეტულ გეგმას ვერ ჩამოშლის. ყოველ შემთხვევაში, ეს რისკები გვექნება დაზღვეული.
ყოველდღე მიკავშირდებიან ადამიანები, რომ ახალი პარტია შეიქმნას და მათაც შეიტანონ წვლილი ამაში. მე ვინც გავიცანი, ძალიან ბევრი ციხეშიც კი წავიდა უკვე რაღაც იდეის გამო, ხომ?! იმიტომ, რომ იდეურად სჯერა იმის, რომ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და უნდა ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს.
ადამიანებმა საკუთარი თავი, ცხოვრება დადეს. ზოგი უცხოეთიდან ჩამოვიდა, მიატოვა იქ ყველაფერი, რომ აქ ჩართულიყო ბრძოლაში.
რა დრო სჭირდება აი, ამ ახალი პოლიტიკური ძალების ამოქმედებას, ნდობის მოპოვებას და შედეგის დადგომას. ხომ არ მუშაობს დრო ხალხის წინააღმდეგ?
მედიასივრცეზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მათაც ხომ იციან, რომ საზოგადოებაში სხვა რამეზეა დაკვეთა, ეთერს კი საათობით უთმობენ მოძველებულ სახეებს, ვისიც აღარ სჯერა ხალხს. ეს უნდა გაიაზრონ ტელევიზიებმა. იმედია, თავისუფალი სივრცეები შეიქმნება მედიებში.
ხშირად გვესმის, რომ პოლიტიკას, პარტიის შექმნას დიდი ფული სჭირდება. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ამ დიდ ფულს სხვა ინტერესები მოჰყვება ხოლმე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და თუ გჯერათ დიდი ფულის გარეშე პოლიტიკის კეთების?
ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ როცა საზოგადოება რაღაცაში ხედავს გამოსავალს, მზად არის ეს გამოსავალი დააფინანსოს. და ისიც ვნახეთ, როცა ოლიგარქი ან ბიზნესი აფინანსებს რაიმეს, ამას მოჰყვება მათი პირადი ინტერესები და შემდეგ ხელს უშლიან ადამიანებს, რომლებიც იდეის გარშემო ერთიანდებიან.
ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ არ დავთანხმდით ამას. ოფისიც საკუთარი ხარჯებით გვაქვს აღებული და სიმბოლური საწევროებიც გვაქვს დაწესებული, გვაქვს შემოწირულებები – 5, 10, 20 ლარით გვეხმარებიან ადამიანები, ახლობლები და რაღაც საჭიროებებს სწვდება.
აუცილებელია ადამიანებამდე მისვლა, უშუალო კონტაქტი და არა მხოლოდ არჩევნების წინ – ყოველთვის.
დღევანდელმა ოპოზიციამ ის შეცდომა დაუშვა, რომ არ იარეს რეგიონებში, არ შეხვდნენ ადამიანებს და „ქართულ ოცნებას“ დაუტოვეს პროპაგანდისთვის.
„ოცნება“ ადგილობრივ დონეზეც იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.
გასაგებია, მაგრამ 40 მილიონზეა საუბარი, რომ დაიხარჯა ოპოზიციის მხრიდან და რაში დახარჯეს?! არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი საქართველო მოიარო?!
სცენების გაშლა და კონცერტების ჩატარება რომ არ დაეწყოთ, მაგას ჯობდა ჩასულიყვნენ რეგიონებში და ადამიანებს დალაპარაკებოდნენ. მით უმეტეს, სულ არის ამაზე კრიტიკა, რომ არ მიდიან ხალხთან.
რეჟიმი ყოველთვის ცდილობს გააქროს პოლიტიკური ველიდან ყველა, ვისაც რაიმე წინააღმდეგობის პოტენციალი გაუჩნდება. თქვენი გუნდი არის მზად ამ გამოწვევისთვის? მით უმეტეს დღეს ჩვეულებრივი ამბავია დევნა, დაჭერა…
რა თქმა უნდა, არის რისკები. მით უმეტეს, როცა ტროლ-ბოტების ქარხანა მუშაობს და გვივარდებიან ხოლმე, როცა კრიტიკულ პოსტებს ვდებთ. მაგრამ ხალხს რეალური ცვლილებები სჭირდება და ეს ყველაფერში იგრძნობა.
რუსთაველის პროტესტს როგორ უყურებთ, ფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს?
პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან პროტესტი წყდება მაშინ, როცა უკეთესობისკენ იცვლება რაღაც, ხომ?! დღეს კი არაფერი იცვლება უკეთესობისკენ.
ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო ნადგურდება და რჩება ისევ ხალხი. მეც ძალიან ხშირად ვარ რუსთაველზე და პროექტიც გვქონდა – „საპროტესტო აუდიტორია“ ერქვა და ლექციებს ვატარებდით, სადისკუსიო სივრცე შევქმენით რუსთაველზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში.
გაქვთ გამარჯვების მოლოდინი, როგორც მოქალაქეს?
აუცილებლად. სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ.
თუმცა ფაქტია, რომ პროცესის გაგრძელებას სჭირდება ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა, ახალი სახეები, ვისაც გაჰყვება ხალხი და გამოვა ქუჩაში.
თქვენზე რა შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
33 წლის ვარ. ოთხი წელი თსუ-ში ვისწავლე სამართალმცოდნეობა, შემდეგ პოლონეთში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი. მაგისტრატურა კი ილიაუნიში დავამთავრე.
დევნილი ვარ ახალგორიდან. 2017 წელს წეროვანის დასახლებიდან მცხეთის საკრებულოს მაჟორიტარიც ვიყავი „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ არა პარტიული.
ბავშვობიდან ვიცნობდი წეროვანში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს და რაღაც მინდოდა მათთვის გამეკეთებინა.
როდის გახდა „ოცნება“ თქვენთვის მიუღებელი?
ყოველთვის მიუღებელი იყო. უამრავი პროექტი მაქვს საკრებულოში შეტანილი, რომელიც არ განხორციელდა და რომლის განხორციელებასაც მუდმივად ვითხოვდი და ესეც აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვერ ვითანამშრომლე, რადგან ვერ დავინახე, რომ მზაობა ჰქონდათ იმის გაკეთების, რაც რეალურად სჭირდება დღევანდელ საქართველოს.
2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. „ნამახვანჰესის“ აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს.
აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში მთლიანად აიკრძალება.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი.
რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს საშტატო ნუსხას მიაგნო.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოსა და საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.“
ამის გათვალისწინებით, რაჟდენ კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი 2025 წელს თვეში მინიმუმ 12 410 ლარია [1460 ლარი (საბაზო სარგო) გამრავლებული 8,5-ზე (მინისტრის სარგოს კოეფიციენტზე)]. ერთი წლის განმავლობაში ის 148 920 ლარს მიიღებს.
რაჟდენ კუპრაშვილი 2019 წლიდან ავსებს ქონებრივ დეკლარაციას. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს კუპრაშვილი შპს საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ „ტრანსპროექტის“ იურისტი იყო, იმავე წელს იგი ჯერ სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი გახდა, მალევე კი სსიპ–იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. ამ წელს კი სამივე თანამდებობაზე კუპრაშვილმა ხელფასის სახით 42 847 ლარი აიღო.
დეკლარაციების მიხედვით, რაჟდენ კუპრაშვილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2020 წელს მიღებული აქვს 38 592 ლარი, 2021 წელს – 37 632 ლარი, 2022 წელსაც იგივე თანამდებობაზე – 37 632 ლარი.
2023 წელს, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დანიშვნის შემდეგ, რაჟდენ კუპრაშვილის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. 2023 წელს [11 თვეში] მან 77 705,6 ლარი მიიღო ხელფასის სახით, 2024 წელს კი – 96 238,8 ლარი.
შესაბამისად, ბოლო სამ წელში, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნა, ანუ 2025 წლისთვის, რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი 203 პროცენტით გაიზარდა.
2019-2021 წლებში რაჟდენ კუპრაშვილის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის ქონებას 2017 წელს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე 85 000 დოლარად ნაყიდი ბინა, ავტოფარეხი და მსუბუქი ავტომანქანა შეადგენდა, 2022 წელს კი კუპრაშვილის დეკლარირებულ ქონებაში მიწა და საცხოვრებელი სახლი ჩნდება, რომელიც მისთვის 2021 წელს უჩუქებიათ, თუმცა მჩუქებელი ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
რაჟდენ კუპრაშვილისთვის უჩუქებიათ 1766 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში და საცხოვრებელი სახლი ქუთაისში – 452 კვ.მეტრი ფართობი.
2022 წელს კუპრაშვილს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე სარდაფი შეუძენია 4 000 დოლარად.
2023 წელს რაჟდენ კუპრაშვილს ძმისგანაც მიუღია საჩუქრის სახით 5000 ლარი და 1500 დოლარი.
ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამოქალაქო ორგანიზაციების, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს.
აღნიშნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო გასულ, 2024 წელს 8,5 მილიონი ლარით იყო დაფინანსებული, ბიუროში დასაქმებული 86 პირის ხელფასებისთვის კი, ჯამში 4,6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
2025 წელს ანტიკორუფციული ბიუროსთვის 13,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. გაზრდილია როგორც მომუშავეთა რაოდენობა – 121-მდე, ასევე მათი ხელფასებისთვის საჭირო თანხის ოდენობა და ჯამში 7 მილიონ 793 ათასი ლარია გაწერილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის მიხედვით, „ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, „ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით…“
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, წერილით ეხმიანება 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
„ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ ნიკა მელიას წერილს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„სალამი ყველას!
ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან არ მინდა და არც ვიზამ.
როგორც ციხეში მყოფის კრიტიკაა ჩემთვის მიუღებელი, ასევე ციხიდან ნებისმიერის ნაკლზე მითითებაც არასაკადრისია, შესაბამისად, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან ლელოზეც და გახარიას პარტიაზეც.
თუმცა კი, ახლა რამდენიმე პწკარი მაინც უნდა დავწერო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე და იქ მისულ პატრიოტ ხალხზე.
ორგანიზატორების ერთადერთი დაპირება ბიძინას 4 ოქტომბერსვე დამარცხება იყო, მაშასადამე, ვინც ასეთი ანონსის / აფიშის აქციაზე მივიდა, ალბათ, ის ხალხი მაინც არ უნდა აკრიტიკებდეს ორგანიზატორებს, თანაც პოსტ-ფაქტუმ. მისასალმებელია, რომ უმრავლესობა შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით – თავს იკავებს.
ჩემთვის ყველა ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, ვინც აქციის საარაკო და ფანტასმაგორიულ დაპირებას თავიდანვე აკრიტიკებდა, განსხვავებით მათგან, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ, ე მანდ, 4-ში რამე საჩვენო თუ მოხდა, მანამდე რატომ გავაკრიტიკოთო, თუმცა ახლა კრიტიკოსთა ყველაზე მწვავე ტრეკზე არიან.
ორგანიზატორები 4-ში თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ქოქოლას დააყრიდა, ეტყოდნენ, აი, 100 000-მდე ვიყავით და რატომ დაგვშალეთო, ასეთი ხალხის ნაკლებობას საპროტესტო საზოგადოება არ განიცდის! ორგანიზატორებმა მცდარად მიიჩნიეს, რომ 4-ში ხალხი აჯანყდებოდა და იმაზე მეტად გარისკავდა, ვიდრე აქციაზე გამოსვლა და ქუჩაში მშვიდობიანად გაპროტესტებაა.
ერთი სიტყვით, ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ, ჩემი აზრით, შეუვალ სიმართლეს:
1.დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.
2. ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.
ორგანიზატორებმა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის დაკვეთას უპასუხეს, რომელიც ხშირად საპროტესტო საზოგადოებაში, არაბუნებრივად წარმოჩნდება ხოლმე უმრავლესობად, ამიტომ მაინცდამაინც ორგანიზატორებს ნუ გაკიცხავთ. რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებულ საქმეს მავანი და მავანი უკვეთს, ასეთი დამკვეთები ხალხშიც არიან და ასეთი ხალხის გასაგონად ვწერ ამ საგამონაკლისო წერილს და ვეუბნები არაპოპულარულ სიმართლეს:
4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა მათი თავდადება იყო, რომელმაც მხარდაჭერა აქციაზე მოსული ხალხის 98 %-ში ვერ მოიპოვა და ვერც მომავალში მოიპოვებს.
დროა გავიცნოთ ჩვენი საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და დამოკიდებულება, თუ ეს ყველამ მოვახერხეთ – პროტესტი ბევრად წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მთავარია – შედეგიც, თუმცა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
პროცესში ვგულისხმობ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრ სიძნელეს გაუძლო, აქცია რეჟიმი არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში და რაც მთავარია, გაუძლო დიდ გამოწვევას 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის სიმყარით მათ გადაწყვეტილებაში, ე.წ. არჩევნები იქცა რეჟიმის არალეგიტიმურობის მორიგ დასტურად.
და თუ ვინმეს მინდა ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის, სწორი ბრძოლისთვის, პრინციპულობისათვის – ის ხალხია, რომლისთვისაც 4 ოქტომბერს არაფერი დამთავრდა, მივიდა 5-ში და მიუხედავად რეჟიმის მუქარისა და ნიჰილიზმის ბაცილისა, გასცა პასუხი – ვიდგებით აქ გამარჯვებამდე.
არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე“ – ვკითხულობთ ნიკა მელიას წერილში.
ნიკა მელია ოთხი თვეა ციხეშია. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და დააკისრა ჯარიმა – 25 ათასი ლარი.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა.
სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი 2025 წლის 6 ოქტომბერს მოეწერა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. დონორი აზიის განვითარების ბანკია [ADB].
„დონორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“ – გვითხრეს დღეს, 7 ოქტომბერს გზების დეპარტამენტში.
იგივე მოგვწერეს დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ ერთი თვის წინაც [11 სექტემბერს]: „ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა… სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში, აზიის განვითარების ბანკის პოლიტიკის თანახმად“.
დღემდე უცნობი რჩება, როდის გამოაცხადებს მშენებლობაზე ტენდერს დეპარტამენტი. გამოცხადების შემდეგ უნდა შეირჩეს მშენებელი კომპანია, გაფორმდეს ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა. ეს ყველაფერი კი „მალე“ ნამდვილად ვერ მოხერხდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით უნდა აშენდეს „ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11-კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალი. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6-კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.“
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ავტომაგისტრალი სარფში, პლაჟთან დღეს[მარცხნივ] და ახალი ავტომაგისტრალის რენდერი [მარჯვნივ] / წყარო: გზების დეპარტამენტიბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ დაიწუნა. მიზეზი სარფის პლაჟთან ახალი გზის აშენება იყო, რაც რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“.
გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში კი აღნიშნული იყო, რომ „ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“ და ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“.
თუმცა, ზემოთ ნაჩვენებ რენდერზე გარკვევითაა აღნიშნული თუ რა შემხებლობაში იქნება ახალი ავტომაგისტრალი პლაჟთან. ამასთან, რენდერზე ჩანს პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები, თუმცა არ ჩანს ქვეითთა გადასასვლელები.
არსებული გზა, გვირაბის ერთ-ერთი ბოლო და ახალი გზა სარფში, ზღვის პირას – ანდრიას ჩანჩქერთან. რენდერი / წყარო: გზების დეპარტამენტი
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად [სასესხო შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით] უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზა დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
„0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება 0!“ – ამ სიტყვების გატარება ძალიან საშიშია.
ამას იძახის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია თავმოყრილი. ეს პირდაპირი სიგნალია პოლიციელისთვის, რომ დასაშვებია გადამეტებული ძალა თუ უკანონო პატიმრობა. აგრესიული მხარდამჭერისთვის, რომ ძალადობა ნებადართულია. მთელი საზოგადოებისთვის, რომ თურმე არსებობს მოქალაქეთა კატეგორია, რომელიც უბრალოდ ადამიანურ თანაგრძნობასაც არ იმსახურებს.
ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა მასობრივი ძალადობა და რეპრესიები კონკრეტული ჯგუფების დეჰუმანიზაციით დაიწყო.
„ქართული ოცნება“ გვეპატიჟება პოლიტიკურ ფაზაში, სადაც ძალადობა წახალისებულია. რეალობაში, სადაც „უსამშობლო“ ის კი არ არის, ვინც ბავშვებს სკოლისა და ბაღის ასაშენებელ ფულს პარავს, არამედ ის, ვინც უსამართლოდ დაპატიმრებული მეგობრისა და თანამოქალაქის გვერდით დგას.
კობახიძის ლოგიკით, რა უნდა ქნან ანდრო ჭიჭინაძის მეგობრებმა? მიუხედავად იმისა, რომ ანდროს უდანაშაულობა ასეთი აშკარაა, სჯობს, სცენაზე დაბრუნდნენ და სპექტაკლი ითამაშონ, რომლის პრემიერაზეც მივა „სამშობლოიანი და ტვინიანი“ კულტურის მინისტრი 4000-ევროიანი ჩანთით და ტაშს დაუკრავს?
ხელისუფლება მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, ამას ემსახურება კორუფციასთან ბრძოლის ქრონიკაც. თუმცა, ბრძოლის ამ იმიტაციამ, პირიქით, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა კორუფციის მასშტაბები.
აღმოჩნდა, რომ ოცნების გუნდში ასე ერთი-ორი სკოლისა და ბაღის ასაშენებელი ფული თითქმის ყველას მოუპარავს. თვითონ თუ არა სიძეს, ქვისლს ან მეგობარს მაინც.
ამ დროს კი პრემიერ მინისტრი ქვეყნის მთავარ მტრად 10-15 „გულწრფელ სულელს“ აცხადებს!
„0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას.
„იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,“ – ქართული კულტურა ასეთი გვახსოვს და არა 0 თანაგრძნობით!
ხელისუფლება აღარ პასუხობს კითხვებს, აკეთებს მხოლოდ განცხადებებს. გვიმტკიცებს, რომ სოლიდარობა გულწრფელი სისულელეა.
0 თანაგრძნობა დღეს, იქცევა მსხვერპლად ხვალ და მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს”.
On October 6, thirteen more people were arrested in connection with the investigation into the October 4 protest. Deputy Minister of Internal Affairs, Aleksandre Darakhvelidze, stated that two additional individuals have been declared wanted.
According to the United National Movement (UNM), four of the detainees – Aleksandre Khabeishvili, Sergo Megrelishvili, Abo Naveriani, and Kakha Mzhavanadze – are party members.
Another detainee is Gori-based activist Vakho Phitskhelauri. His family had reported his alleged arrest even before the Ministry of Internal Affairs held its briefing.
Information on all 13 detainees was compiled by Ahali party member and lawyer Marika Arevadze. According to her, the remaining detainees are:
Tornike Mchedlishvili
Davit Zhghenti
Beka Machavariani
Aleksandre Gogoladze
Eva Shashviashvili
Giorgi Rurua
Davit Sturua
Manuchar Mikeladze
Their charges are expected to be formally presented today, October 7.
The investigation into the events of October 4 is being conducted under the following articles of the Criminal Code of Georgia:
Article 317 – Incitement to change the constitutional order of Georgia or overthrow the government by force (punishable by up to 3 years in prison);
Article 222 – Seizure or blockade of a strategic or special-purpose facility (up to 2 years in prison);
Article 225 – Organization, leadership, or participation in group violence (6 to 9 years in prison);
Article 187 – Damage or destruction of property (1 to 5 years in prison).
In the same case, immediately after the protest ended on October 4, during the night of October 5, five members of the protest’s ‘Organizing Committee’ — Paata Burchuladze, Irakli Nadiradze, Paata Manjgaladze, Murtaz Zodelava, and Lasha Beridze – were arrested.
Zodelava, Burchuladze, Nadiradze, and Beridze have been charged under the following articles:
Article 19-222, Part 2(a) – Attempted seizure or blockade of strategic or special-purpose facilities, committed by a group;
Article 225, Part 1 – Organization and leadership of group violence;
Additionally, Burchuladze, Nadiradze, and Zodelava have been charged under Article 317 – Incitement to violently change the constitutional order or overthrow the government.
As for Manjgaladze, the investigation accuses him solely under Article 225, Part 1 – organizing and leading group violence.
On October 7, Judge Lela Maridashvili ordered the pre-trial detention of Paata Burchuladze, Irakli Nadiradze, Paata Manjgaladze, Murtaz Zodelava, and Lasha Beridze.
On October 5, the State Security Service of Georgia (SSSG) held a briefing. The First Deputy Head of the SSSG, Lasha Maghradze, announced that a large cache of firearms, ammunition, and explosives had been discovered, allegedly intended for use during the October 4 protest. According to Maghradze, the authorities managed to neutralize the group suspected of planning to transport these weapons and explosives to central Tbilisi.
This part of the investigation is being conducted under Article 236, Part 3 of the Criminal Code, which concerns the illegal purchase or possession of firearms, ammunition, explosives, or explosive devices — punishable by three to six years in prison.
ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან.
„საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ…
გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილ, მიტოვებულ შენობაში შევიდა.
შორენა კონცელიძე და სხვა უსახლკაროები სოციალურად დაუცველები არიან. შორენა კონცელიძე მარტოხელა დედაა, ის მანამდე მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. შორენა ამბობს, რომ ქირის ფულის გადახდა ვეღარ შეძლო.
მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში შესული უსახლკაროები მესამე დღეა რჩებიან. მათ საკვების შეტანის უფლებას პოლიცია არ აძლევს. შორენა კონცელიძის ფოტოები
გუშინ, 6 ოქტომბერს, მეტაქსას ქუჩაზე, ავარიულ შენობაში თვითნებურად შესულ ადამიანებს რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა. იგი აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია. შეხვედრის შემდეგ რამაზ ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბათუმის მერია 2026 წლიდან გადასცემს ბინებს კონკრეტულ უსახლკაროებს მერიის ე.წ. საბინაო ფონდიდან, საამისოდ კი, წლის ბოლომდე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რა პროგრამაზეა საუბარი და რა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს უსახლკარო ბინას?
ბათუმის მერიამ „ბათუმელებს“ ვერც გუშინ, 6 ოქტომბერს და ვერც დღეს ამ დრომდე ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია მსგავსი პროგრამის შესახებ. მერია ქალაქის ცენტრში, ავარიულ სახლში შეჭრის ფაქტს უკომენტაროდ ტოვებს.
უსახლკაროების თქმით, მათთან ამ დრომდე ბათუმის მერიის, ან აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ მისულა.
მეტაქსას ქუჩა #10-ში მდებარე ძველი შენობა აჭარის საკუთრებაა, იგი სარგებლობის უფლებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაა გადაცემული. შენობის შესასვლელში ამ დრომდე პოლიციელები დგანან. გუშინ აქ „ბათუმელებს“ პოლიციელებმა უთხრეს, რომ შენობაში ვერ შეგვიშვებენ, რადგან იგი ავარიულია და საფრთხის შემცველი.
„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.
2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძეა, „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. დღეს „ოცნებამ“ უსახლკაროებს სწორედ ის შეახვედრა.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული.
მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ.
როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა მას ეს იარაღი უკვე გაჩუქებული აქვს.
იმავე დღეს ფაღავასთან ერთად დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] ყოფილი უფროსი, რუსლან შამახიაც. მასაც ასევე ტყვიები აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.
„შამახიაც ყოფილი პოლიციელია და, ბუნებრივია, ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. ამიტომ ის გამოუშვეს. ფაღავა კი, რადგან გაჩუქებული აქვს იარაღი, ამის გამო დატოვეს პატიმრობაში. თუმცა ამ დეტალებზე ადვოკატი ისაუბრებს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
ადვოკატ მარიკა არევაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე 13 პირია დაკავებული.
დაკავებულნი არიან: თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნევერიანი, დავით ჟღენტი, ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშვიაშვილი, გიორგი რურუა, ვახო ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახა მჟავანაძე, სერგი მეგრელიშვილი.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით)
225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით)
ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 117 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 238 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 319 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 33 493 ერთეული [+29]
MLRS – 1 516 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 224 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 67 564 ერთეული [+338]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 841 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 575 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
88 945 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 394 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 597 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 241 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
43 382 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში?
დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის.
„ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარია, იკვლევს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს. დავით ჯინჭარაძე „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრია.
ბატონო დავით, რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის აქციაზე – რა ეტაპზე გადადის წინააღმდეგობა საქართველოში?
4 ოქტომბრის აქციაზე ხალხი მოვიდა სხვადასხვა მოლოდინით. გაჩნდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა რევოლუცია, თუ არ მოხდებოდა, გაძლიერდებოდა საპროტესტო მუხტი, როგორც ეს იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. იყო მსჯელობაც, რომ არ ელოდნენ 4 ოქტომბერს „ოცნების“ დამთავრებას.
დაიდო კონსპირაციები იმაზე, თუ რა მოხდა, რომ ეს იყო სუს-ის გეგმა თავიდან ბოლომდე და ასე შემდეგ. მე არ ვემხრობი კონსპირაციებს. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ზედმეტ ნდობას სისტემის შიგნით მომუშავე ადამიანებთან დაკავშირებით: რაღაცას დაჰპირდნენ, მოატყუეს და მოხდა ის, რაც მოხდა.
თავისთავად, ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ისინი არიან პოლიტპატიმრები. კონსპირაციებში შესვლას, როგორც წესი, მოჰყვება დიდი დაპირისპირება. მთავარია, რომ 5 ოქტომბერსაც გამოვიდა ხალხი, თანაც საკმაოდ ბევრი.
მთავარი საფრთხეა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტად დაშლა. ჩვენი საზოგადოების მთავარი მინუსია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციას თუ პარტიას, ყველას აქვს ამბიცია, რომ მან უნდა წარმართოს პროცესი. ეს არის მთავარი რისკი – საზოგადოების დანაწევრება.
ბევრი წერს სოციალურ ქსელში, რომ „ქართულ ოცნებას“ სურდა, 4 ოქტომბერს დაესრულებინა პროტესტი, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარშიო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ 4 ოქტომბერს რაც არ უნდა მომხდარიყო, რუსთაველზე ხალხი მაინც არ შეწყვეტდა გამოსვლას 5 ოქტომბერს თუ 6 ოქტომბერს. მგონია, რომ „ოცნების“ გათვლა არ იყო მთლიანი სამოქალაქო საზოგადოების დაშლა ერთიანად, არამედ ამოცანა იყო, გაეჩინათ შიდა დაპირისპირებები, რომ დაგროვებულიყო ლეგიტიმური ბრაზი ორგანიზატორების მიმართ, იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
დავით ჯინჭარაძე
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ წაადგება ამ პროცესს. უნდა ვიცოდეთ საზოგადოებამ, რომ დასავლეთის ყურადღებაც შეზღუდულია, იქ ბევრი სხვა მოვლენა ხდება: უკრაინა, პალესტინა, ისრაელის მოვლენები. ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები უსასრულოდ ვერ ივლიან ბრიუსელსა და ლონდონში. პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ დასავლეთმა არ დაინახა, რომ რომ ქართველი ხალხის მეტ-ნაკლებად კოორდინირებული შეთანხმება არსებობს.
შეიძლება დაიკეტოს ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გაიხსნა, შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს. ზოგადად გეოპოლიტიკაზე აგება მოქმედების ან უმოქმედობის, არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ რუსეთი დამარცხდება ომში და აი, მაშინ შეიცვლება რეჟიმიო, ანუ რუსეთის დამარცხებას მიანდეს „ქართული ოცნების“ დამარცხებაც. ეს სტრატეგიულად არასწორია.
„ქართული ოცნების“ ჩამოშლა შეიძლება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი ჩამოიშლება, იმიტომ, რომ რუსეთის ჩამოშლა მართლა გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზეა დამოკიდებული, ანუ მსოფლიო პროცესებზე, ხოლო ქართული რეჟიმის, პრორუსული რეჟიმის ჩამოშლა საქართველოში არამარტო გეოპოლიტიკაზეა დამოკიდებული, არამედ მოქმედებაზე ქვეყნის შიგნით. ამას ალტერნატივა არ აქვს, არც სანქცია არ იქნება ამისი ალტერნატივა, იმის მიუხედავად, რომ იქნება ეს სანქციები.
ხედავთ საერთო ხედვაზე ჩამოყალიბის რესურსს, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის?
4 ოქტომბერი არის პოლიტიკური სპექტრის გადატვირთვის შანსი. ეს შანსი ნამდვილად არის, რომ დავფიქრდეთ – „სხვები რას აკეთებდნენ არასწორად კი არა, მე რას ვაკეთებდი არასწორად?“
საჭიროა პროტესტის ახალი ფორმების შემოღება. პროტესტის ძალიან ბევრი ფორმაა, რომელიც ჩვენ არ აგვითვისებია. მშვიდობიან აქციებსა და ხელისუფლების დამხობის გამოცხადებას შორის არის უამრავი რაღაც, რის გაკეთებაც შეიძლება….
არ უნდა მოხდეს რევოლუციური განწყობის დელეგიტიმაცია. რევოლუციას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ჯანყი, დემონტაჟი, შემონგრევა, მაგრამ არ ცვლის შინაარსს, რომ ეს რევოლუციაა.
პროტესტის რა ფორმებს გულისხმობთ, რაც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს? 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ თქვენ ფეისბუკშიც წერდით, რეჟიმის „ჩამოშლა“/„რევოლუცია“ არის გამოსავალი და არა არჩევნებიო.
რუსთაველის პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ცხადია. ეს შედეგი, რაც გვაქვს, სწორედ ყოველდღიურმა პროტესტმა მოიტანა – გადალახა მსოფლიოს ყველა რეკორდი. ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ მთავარია: მოსახლეობას რას ვთავაზობთ? პროტესტის გავრცობაზე თუ ვსაუბრობთ, როგორ ჩავდივართ რეგიონებში, რაზე ველაპარაკებით ხალხს, მათ შორის, პასიურ, მდუმარე უმრავლესობას როგორ ვარწმუნებთ, რომ საჭიროა მოქმედება, რომ ჩვენ ვქმნით რეალობას?
მე მგონია, რომ მხოლოდ თბილისით ყველაფერი ვერ მოგვარდება. ამას აჩვენებს მსოფლიოს გამოცდილება.
პროტესტის სხვადასხვა ფორმის ორგანიზება უნდა დაიწყოს. გასაგებია, რომ დღეს და ხვალ შეიძლება მოსახლეობას ამის რესურსი არ აქვს, ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის დიდი ემოციური განცდებიდან ვერ გამოვდივართ, მაგრამ აუცილებელია, მაგალითად, გაფიცვებზე ფიქრის დაწყება, პიკეტირებები და ასე შემდეგ.
ჩემი ვარაუდია, რომ უნდა ველოდეთ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და ეს არ არის გამორიცხული. „ოცნება“ თუ საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს იმ დროს, როდესაც საზოგადოება დემორალიზებულია და ოპოზიციონერები ციხეში არიან, ასევე, ვიცით, რომ თეა წულუკიანის კომისიის საფუძველზე ყველა ოპოზიციური პარტია, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობად“, ან კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ და მათ ხელშემწყობებად არიან მიჩნეული.
ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებით ოპოზიციას ისევ დაუყენებს არჩევანს: მიიღებენ თუ არა მონაწილეობას? ახლა თუ ორ და სამ სეგმენტადაა დაშლილი ოპოზიცია, ამჯერად შეიძლება ხუთად დაიშალოს. დაიწყება დისკუსია, რომ ღირს მონაწილეობა კონკრეტული პირობების მიღების სანაცვლოდ, ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს მორიგი ფარსია და ასე შემდეგ. ამას გამოიყენებს „ქართული ოცნება“ და ამ ფონზე, როდესაც კანონმდებლობით არანაირი საარჩევნო მექანიზმი აღარ არსებობს, დაფინანსების და ყველა პირობის გარეშე, ჩანიშნავენ საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც ჩამოყალიბდება პარტიული დიქტატურა. „ოცნება“ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ის კონსტიტუციიდან საერთოდ ამოიღებს ჩანაწერს ევროინტეგრაციის შესახებ.
ამას თუ მიაღწევს „ოცნება“, შემდეგ უკვე ძალიან დიდი კონსენსუსი იქნება საჭირო, რომ ეს შეცვალო.
ჩემი აზრით, ისინი ამას ამზადებენ, რადგან პარტიული დიქტატურა უფრო სტაბილურია, ვიდრე ერთი ადამიანის დიქტატურა. თუ ივანიშვილს აქვს გარანტია, რომ იპოვის, ან უკვე იპოვა 100 ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ აქვს, ეცდება, რომ პარტიულ დიქტატურად გადააქციოს რეჟიმი.
არჩევნების ჩანიშვნას „ოცნებისთვის“ 2026 წლის აპრილის იქეთ აზრი აღარ აქვს, რადგან ისედაც 2 წელში უწევს არჩევნები. ახლა ჩანიშვნას აქვს „ოცნებისთვის“ აზრი, რადგან ამ შემთხვევაში 2030 წლამდე ოთხწლიანი ავტორიტარული მანდატი ექნება „ოცნებას“ და 2030 წლის შემდეგ უკვე დააკვირდება, როგორი იქნება მსოფლიო გადალაგება.
თანაც, 2030 წელს ივანიშვილი იქნება უკვე 78 წლის.
სერბეთშიც ასე მოხდა არჩევნებით მანიპულირება: პროტესტი გააქრეს და მისი დემორალიზება შეძლეს, ასევე გამოუშვეს პოლიტპატიმრების ნაწილი… მთავარი მოტივაციაა დუღილის ტემპერატურის დაწევა.
ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მხარდამჭერები კიდევ უფრო მეტნი არიან, ვიდრე ზოგადად ხელისუფლების ცვლილების მხარდამჭერები.
ამასობაში, ამომრჩეველმა რა აჩვენა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე? ცესკოს დათვლითაც კი, ბოლო არჩევნებზე ყველაზე დაბალი იყო გამოცხადება. ამავდროულად, ასი ათასამდე ამომრჩეველი იდგა რუსთაველზე.
ამან აჩვენა ის, რომ ხალხი ზუსტად ხვდება, ივანიშვილის გეგმა რაც არის.
ამან აჩვენა აპათიაც: არ არსებობს სტრატეგიული ერთიანობა, მაგალითად, რატომ არ უნდა მისულიყო ადამიანი არჩევნებზე – იმიტომ, რომ ეს არ იყო არჩევნები, ხომ?! თუმცა მსგავსი სიტუაცია თუ შეიქმნა ისევ უკვე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მე პირადად დაპირისპირების უფრო დიდ ტალღას ველოდები საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, თუ ვერ დაინახავს დასავლეთი, რომ ქართველი ერი რაღაცაზე თანხმდება. დღეს დასავლეთმა პროტესტის მხარე დაიკავა, უამრავი პროვოკაციის მიუხედავად, როცა, მაგალითად, კობახიძემ სთხოვდა ევროკავშირის ელჩს, რაღაც დაეწერა პროტესტის წინააღმდეგ.
არ მგონია, რომ გადავდივართ რაღაც მდუმარე პერიოდში, სადაც პროტესტის სტატუს-ქვო გრძელდება და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო.
ახლა არის გადაჯგუფების ეტაპი. პროტესტი გაგრძელდება, როგორც გრძელდებოდა 4 ოქტომბრამდე, თუმცა უნდა მოხდეს როლების გააზრება, ლიდერშიპის გადანაწილება. ამ ყველაფერზე იწყება ფიქრი: როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, რა ფორმით, ვინ იქნება ჩართული წინააღმდეგობაში?
როგორ უყურებთ წინააღმდეგობაში მყოფი პოლიტიკური ძალები ამ პროცესში საკუთარ როლს? საყვედური ყველგან ისმის პოლიტიკოსების მიმართ, რომ მთავარი პრობლემა ოპოზიციაა, პროტესტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსები ვერ მოქმედებენ
ვფიქრობ, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც აქამდე ვთანხმდებოდით რაღაცებზე და საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს „ქართული ოცნების“ შემდეგ ქვეყანა რა ფორმით იცხოვრებს, რა განმეორდება და აღარ განმეორდება. ეს ყველაზე დიდი სისუსტეა ჩვენი, რომ ალტერნატივის შეთავაზება ვერ მოხერხდა.
ვერ მოხერხდა ვერც კონსენსუსის მიღწევა: მაგალითად, ვინ უნდა მართოს ქვეყანა სატრანზიტო პერიოდში. ამ საკითხზეც შეთანხმებაა საჭირო – როგორმე დისკუსიების ფორმატიდან მოქმედების ფორმატზე უნდა გადავიდეთ.
4 ოქტომბრის როგორც არჩევნებმა, სადაც ამომრჩეველი მასობრივად არ მივიდა და ასევე მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ, რამდენად დაანახა პოლიტიკოსებს კოორდინირებული მოქმედების საჭიროება?
გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ახლა ამის კრიზისია, მეტი კოორდინაციაა საჭირო. საჭიროა პირადი დასკვნების რეჟიმიდან გადავიდეთ საქმეზე, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში.
ავტორიტარული რეჟიმები ტექნოლოგიებს უკეთესად იყენებენ, ვიდრე დემოკრატიული აქტორები. ამიტომ ჩვენ უნდა ავაწყოთ სისტემები, რომელიც მოგვცემს დემოკრატიული კონტროლის დაწესების გზას: თუ „ქართული ოცნება“ აკეთებს მოქმედებს კონკრეტული გეგმის შესაბამისად, ჩვენ რას ვაკეთებთ? უნდა არსებობდეს გეგმა A, B, C. უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა სტრატეგია გვაქვს „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად.
ჩვენ ხშირად ვართ თავდაცვის პოზიციაში – არ შეიძლება ყველაფრის გადაწყვეტა იმის მიხედვით, თუ „იმედი“ რას დაწერს ჩვენზე.
შესაბამისად, მეტი გამბედაობაც არის საჭირო.
საუბრობთ პოლიტიკური ძალები კოორდინაციაზე? აპირებთ დიალოგს იმ პარტიებთან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ?
იმედია, არჩევნებში მყოფი ძალები დამოკიდებულებას შეიცვლიან პროტესტის მიმართ.
ფაქტია, რომ რაღაც ტიპის კოორდინაცია არის აუცილებელი, მაგრამ კოორდინაცია ისეთ ხალხთან ვერ იქნება და ისეთ პარტიებთან, ვისაც ამის სურვილი არ აქვს. ვერ დააძალებ ვერავის ამას და ის განცხადებები, რაც გაკეთდა არჩევნების შემდეგ ამ ორი პარტიის მხრიდან [„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“], არის სამწუხარო. ვისურვებდი, რომ ახალი ფორმები მოიძებნოს. შეიძლება ეს იყოს გაერთიანებული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს, როგორც ეს იყო „ოტპორი“ [სერბული ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა] სერბეთში.
საუბრის დონეზე ეს იდეა 4 ოქტომბრამდეც განიხილებოდა, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ახალი გადაწყობა და სისხლის გადასხმა სჭირდება ამ პროტესტს.
ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი.
__________________
მთავარ ფოტოზე: თბილისი, 4 ოქტომბერი. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე რუსთაველზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/დავით მძინარიშვილი
One of the key figures arrested on serious criminal charges in connection with the October 4 events Colonel Lasha Beridze, former Deputy Chief of Joint Staff of the Georgian Armed Forces. Since 2022, when Russia launched its full-scale invasion of Ukraine, Batumelebi has published several interviews with Lasha Beridze, featuring him as a military analyst.
Old materials are still available on the website of Georgia’s Ministry of Defense, documenting Lasha Beridze’s visits to Afghanistan and his participation in meetings and award ceremonies related to training programs preparing Georgian troops for the ISAF mission.
Following the protest rally on October 4, 2025, Lasha Beridze was arrested on criminal charges. He is accused under Article 19-222, Part 2, Subparagraph “a” of the Georgian Criminal Code [attempted seizure and blockade of strategic and critical infrastructure, committed in a group], and Article 225, Part 1 [organization and leadership of group violence]. The charges carry a sentence of up to nine years in prison.
გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია თუ არა საცხოვრებელ ადგილას მოვიდეს და ნივთები დააყადაღოს?
ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტმს, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ იურისტის განმარტებას:
„შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების და განხილვის პროცედურები ამოწურულია და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაწყებულია აღსრულება.
სახლს, რომელიც თქვენს სახელზე არაა რეგისტრირებული, ვერავინ შეეხება (მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრის, ნათესავის თუ ასე შემდეგ).
აღმასრულებელს შეუძლია აღწეროს და დააყადაღოს მოვალის (დაჯარიმებულის) საცხოვრებელ ადგილას მხოლოდ მოძრავი ნივთები, მაგალითად, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თუმცა ეს არაა კატასტროფა და გამოსავალიც, რა თქმა უნდა, არსებობს.
რატომ იქცევა ასე აღმასრულებელი? რატომ აყადაღებს მოძრავ ნივთებს, რომლებიც თქვენი არაა?
კანონში წერია, იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის. ამიტომ აღმასრულებელი მოვალის საცხოვრებელ ადგილას მოძრავ ნივთს რასაც იპოვის, ყველაფერი შეუძლია დააყადაღოს. ეს ახლა არ მოუგონია „ოცნებას“, დიდი ხანია კანონში წერია და იყენებენ ამ ჩანაწერს.
რა ითვლება მოვალის საცხოვრებელ ადგილად?
ამას კანონი არ აკონკრეტებს და ამიტომ, აღმასრულებელს როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ მისამართზე შეუძლია ნივთების დაყადაღებისთვის მისვლა.
რა ხდებადაყადაღებისას და მიაქვთ თუ არა ნივთები სახლიდან?
ნივთებს სახლიდან არავინ წაიღებს. დგება მხოლოდ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის შემდეგაც ამ ნივთების გასხვისება გეკრძალებათ, თუმცა ისინი რჩება თქვენთან და იყენებთ მათ მანამდე, სანამ აუქციონზე არ გაიყიდება.
გაითვალისწინეთ, რომ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტის ასლი აღმასრულებელს აუცილებლად გამოართვათ, ნივთებზე დავაში გამოგადგებათ. ჩაბარებით არაფერს აღიარებთ და მეტიც, ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარუდგინოთ სასამართლოს. (ზოგადად, სირაქლემას პოზაში თავის ჩაყენებას აზრი სამართლებრივად არც აქვს.)
როგორ უნდა გავაჩეროთ აუქციონი და გადავარჩინოთ ნივთები გაყიდვისგან?
ნივთების ნამდვილმა მესაკუთრემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით, მოითხოვოს ნივთების მესაკუთრედ ცნობა და ყადაღისგან გათავისუფლება. ამავე საქმეში მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, დავის გადაწყვეტამდე აღსრულების შეჩერების სახით, რომლის შედეგადაც სააღსრულებო ბიურო აუქციონს ვერ ჩაატარებს.
ვინ უნდა შეიტანოს სარჩელი?
სარჩელის შეტანა შეუძლია იმას, ვისაც შეუძლია დაადასტუროს, რომ ეს ნივთები ეკუთვნის მას. მაგალითად, მოსარჩელე შეიძლება იყოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელსაც მარტივად შეუძლია დაადასტუროს, რომ ბინაში არსებული ავეჯი ან ტექნიკა მას ეკუთვნის. მოსარჩელე ასევე შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც ეს ნივთები ეკუთვნის და ამის დადასტურება შეუძლია.
ვის წინააღმდეგ უნდა შევიდეს სარჩელი?
ამ საქმეში მოპასუხეები (კანონის მიხედვით) არიან სააღსრულებო საქმის კრედიტორი და მოვალე. მარტივად რომ გითხრათ, დაჯარიმებულის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შედის სარჩელი.
რომელ სასამართლოს უნდა მივმართოთ სარჩელით?
ეს საქმე განსჯადობით იმ სასამართლოს ეკუთვნის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.
როგორ უნდა დავარწმუნოთ სასამართლო, რომ ნივთები მოვალეს კი არა, თქვენ გეკუთვნით?
ამისთვის ნებისმიერი მტკიცებულება გამოდგება და წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს არც ერთ მათგანს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, საგარანტიო ფურცლები, ასევე მოწმეთა ჩვენებები (მაგალითად, მეზობლების), რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მესაკუთრეობის დადასტურება.
აუქციონის/აღსრულების შეჩერებისთვის რა უნდა გავაკეთოთ?
აუქციონის/აღსრულების შეჩერებისთვის სასამართლოს უნდა მიმართოთ შუამდგომლობით ამ მოთხოვნით. შუამდგომლობა სარჩელთან ერთადაც შეგიძლიათ შეიტანოთ და სარჩელის აღძვრამდეც (ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სარჩელი 10 დღეში უნდა შეიტანოთ). აღსრულების შესაჩერებლად დამატებით დაგჭირდებათ ცნობა სააღსრულებო ბიუროდან, რომ აუქციონი არ გამოცხადებულა. სასურველია, ეს ცნობა ისე აიღოთ, რომ იმავე ან მომდევნო დღესვე მაინც შეიტანოთ სარჩელი/შუამდგომლობა.
რა ვადაში უნდა შეიტანოთ სარჩელი?
სარჩელი უნდა შევიდეს აუქციონის გამოცხადებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება და მერე მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე მოგიწევთ დავა. ზოგადი წესის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონს აცხადებს ნივთებზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლოში ბაჟი რამდენი იქნება გადასახდელი?
ამ შემთხვევაში სასამართლოში ბაჟი იქნება გადასახდელი და უფასოდ ვერ შეიტანთ სარჩელს. სადავო ნივთების ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარი იქნება სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი (ცალკეულ შემთხვევებში ბაჟის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს) და ამას დამატებული 50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფისთვის (აუქციონის შესაჩერებლად)
საქმის მოგების შანსი არსებობს?
ასეთი სარჩელი საფუძვლიანია და მდიდარი სასამართლო პრაქტიკაცაა ასეთ საქმეებზე.
ეს არის ზოგადი კითხვები, რომლებზეც ინფორმაცია უნდა გქონდეთ, რომ არ დაიბნეთ და იცოდეთ, როგორ მოიქცეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს ისეთი შაბლონებით, როგორსაც შსს-ს ჯარიმების შემთხვევაში გიზიარებდით ხოლმე, ცოტა გაჭირდება მოქმედება მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ამ დოკუმენტების დაშაბლონება შესაძლებელია. ამიტომ რეკომენდაცია მექნებოდა, კონკრეტული ნაბიჯები და სხვა ტექნიკური დეტალები ადვოკატთან ერთად გაიაროთ და დაგეგმოთ“ – წერს ნიკა სიმონიშვილი.