მთავარი,სიახლეები

„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

07.10.2025 •
„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან.

„საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ…

გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილ, მიტოვებულ შენობაში შევიდა.

შორენა კონცელიძე და სხვა უსახლკაროები სოციალურად დაუცველები არიან. შორენა კონცელიძე მარტოხელა დედაა, ის მანამდე მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. შორენა ამბობს, რომ ქირის ფულის გადახდა ვეღარ შეძლო.

მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში შესული უსახლკაროები მესამე დღეა რჩებიან. მათ საკვების შეტანის უფლებას პოლიცია არ აძლევს. შორენა კონცელიძის ფოტოები

გუშინ, 6 ოქტომბერს, მეტაქსას ქუჩაზე, ავარიულ შენობაში თვითნებურად შესულ ადამიანებს რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა. იგი აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია. შეხვედრის შემდეგ რამაზ ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბათუმის მერია 2026 წლიდან გადასცემს ბინებს კონკრეტულ უსახლკაროებს მერიის ე.წ. საბინაო ფონდიდან, საამისოდ კი, წლის ბოლომდე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რა პროგრამაზეა საუბარი და რა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს უსახლკარო ბინას?

ბათუმის მერიამ „ბათუმელებს“ ვერც გუშინ, 6 ოქტომბერს და ვერც დღეს ამ დრომდე ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია მსგავსი პროგრამის შესახებ. მერია ქალაქის ცენტრში, ავარიულ სახლში შეჭრის ფაქტს უკომენტაროდ ტოვებს.

უსახლკაროების თქმით, მათთან ამ დრომდე ბათუმის მერიის, ან აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ მისულა.

მეტაქსას ქუჩა #10-ში მდებარე ძველი შენობა აჭარის საკუთრებაა, იგი სარგებლობის უფლებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაა გადაცემული. შენობის შესასვლელში ამ დრომდე პოლიციელები დგანან. გუშინ აქ „ბათუმელებს“ პოლიციელებმა უთხრეს, რომ შენობაში ვერ შეგვიშვებენ, რადგან იგი ავარიულია და საფრთხის შემცველი.

—————–

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძეა, „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. დღეს „ოცნებამ“ უსახლკაროებს სწორედ ის შეახვედრა.

ამ თემაზე:

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: