მთავარი,სიახლეები

„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე

09.10.2025
„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილით ეხმიანება N8 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობას. რეზო კიკნაძე, სინდისის სხვა პატიმრებთან ერთად, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს და შესაბამისად, პირადად იცნობდა ციხის უფროსს.

„რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა, ორივე შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ რეჟიმმა შეიწირა ეს კაცი.

კარცერში რაც უმიზეზოდ ჩამიყვანეს, იმის მერე ვამბობდი – მორჩა, ციხის დირექტორი ჩემთვის აღარ არსებობს-მეთქი. ბაჩიაშვილის ამბების შემდეგაც ბუნებრივია იგივე დამოკიდებულება მქონდა მისადმი და ახლა თითქოს ვნანობ და გული დარდით გევსებაო ეგეთი გრძნობა მაქვს.

არადა, იმ კარცერის ამბებამდე საკმაოდ კარგად ვიყავით ბატონ დავით გოგობერიშვილთან. ერთ „ვოისში“ ნათქვამიც მაქვს, ახალი ტელევიზორი გვაჩუქა-მეთქი. საკმაოდ ხშირად გვნახულობდა და კითხულობდა ჩვენს ამბებს.

სიგარეტის ჩუქება იცოდა ყოველ ნახვაზე და თან აშკარად ეტყობოდა, რომ ყველა ჩვენი სიტყვით გამოსვლა ნანახი ჰქონდა და თავად გვახსენებდა ციტატებს.

აი, მაგალითად, კლონების ნაწილი მოსწონდა ჩემი სფიჩიდან და ყოველი შეხვედრისას სიცილით მეკითხებოდა – ჰა, აბა მერამდენე კლონზე ხარ ასულიო. მეც სიცილით ვპასუხობდი – ახლა აქ რომ ვარ, ჩემი ერთ-ერთი კლონი ციხიდან გაქცევის გზებს ეძებს და ფრთხილად იყავი-თქო.

ორი აზრი არ არის, რომ ბაჩიაშვილისთვისაც დაავალეს იმის თქმა, რაც უთხრა და მერეც ისეთი შევიწროება დაუწყეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ადრე ვეფხია [ვეფხია კასრაძე, სინდისის პატიმარი] ყოველ ნახვაზე ეუბნებოდა, რომ სინდისის პატიმრებთან რომ კარგი დამოკიდებულება გაქვს, მაგის გამო თუ გაგსვარეს ან ზეწოლა დაგიწყეს, მაშინვე მითხარიო. თუ ზეწოლა დამიწყეს, იცოდე მე აქ აღარ ვიქნებიო ესე პასუხობდა.

და ის აქ აღარ არის…“ – წერს რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც 9 ოქტომბრით თარიღდება.

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საკანში სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგობერიშვილის სავარაუდო სუიციდს გამოეხმაურა სინდისის ყოფილი პატიმარი, გიორგი ახობაძეც.

„აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია! არ ვიცი სუიციდია ეს, თუ აქამდე მიყვანა, თუ პირდაპირ მკვლელობა, მაგრამ ეს ქნა ქოცურმა რეჟიმმა და ამ გამოსავლისგან არავინ ვართ შორს!

ფაქტია, რომ რეჟიმის ტყვეების მიმართ, მის ხელთ არსებულ ლიმიტებში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყო.

ცოტა უცნაურია ციხის დირექტორზე ამას წერდეს ადამიანი დღეს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა მის სიკვდილზე”, – დაწერა გიორგი ახობაძემ ფეისბუქზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: