„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
კობახიძის განცხადებას ეხმაურება დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე.
მის მოსაზრებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.
„0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება 0!“ – ამ სიტყვების გატარება ძალიან საშიშია.
ამას იძახის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია თავმოყრილი. ეს პირდაპირი სიგნალია პოლიციელისთვის, რომ დასაშვებია გადამეტებული ძალა თუ უკანონო პატიმრობა. აგრესიული მხარდამჭერისთვის, რომ ძალადობა ნებადართულია. მთელი საზოგადოებისთვის, რომ თურმე არსებობს მოქალაქეთა კატეგორია, რომელიც უბრალოდ ადამიანურ თანაგრძნობასაც არ იმსახურებს.
ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა მასობრივი ძალადობა და რეპრესიები კონკრეტული ჯგუფების დეჰუმანიზაციით დაიწყო.
„ქართული ოცნება“ გვეპატიჟება პოლიტიკურ ფაზაში, სადაც ძალადობა წახალისებულია. რეალობაში, სადაც „უსამშობლო“ ის კი არ არის, ვინც ბავშვებს სკოლისა და ბაღის ასაშენებელ ფულს პარავს, არამედ ის, ვინც უსამართლოდ დაპატიმრებული მეგობრისა და თანამოქალაქის გვერდით დგას.
კობახიძის ლოგიკით, რა უნდა ქნან ანდრო ჭიჭინაძის მეგობრებმა? მიუხედავად იმისა, რომ ანდროს უდანაშაულობა ასეთი აშკარაა, სჯობს, სცენაზე დაბრუნდნენ და სპექტაკლი ითამაშონ, რომლის პრემიერაზეც მივა „სამშობლოიანი და ტვინიანი“ კულტურის მინისტრი 4000-ევროიანი ჩანთით და ტაშს დაუკრავს?
ხელისუფლება მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, ამას ემსახურება კორუფციასთან ბრძოლის ქრონიკაც. თუმცა, ბრძოლის ამ იმიტაციამ, პირიქით, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა კორუფციის მასშტაბები.
აღმოჩნდა, რომ ოცნების გუნდში ასე ერთი-ორი სკოლისა და ბაღის ასაშენებელი ფული თითქმის ყველას მოუპარავს. თვითონ თუ არა სიძეს, ქვისლს ან მეგობარს მაინც.
ამ დროს კი პრემიერ მინისტრი ქვეყნის მთავარ მტრად 10-15 „გულწრფელ სულელს“ აცხადებს!
„0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას.
„იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,“ – ქართული კულტურა ასეთი გვახსოვს და არა 0 თანაგრძნობით!
ხელისუფლება აღარ პასუხობს კითხვებს, აკეთებს მხოლოდ განცხადებებს. გვიმტკიცებს, რომ სოლიდარობა გულწრფელი სისულელეა.
0 თანაგრძნობა დღეს, იქცევა მსხვერპლად ხვალ და მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს”.

ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი






