მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი კუპრაშვილის ბიუროს – „ესაა ნაბიჯი ორგანიზაციის გასანადგურებლად“

03.10.2025 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი კუპრაშვილის ბიუროს – „ესაა ნაბიჯი ორგანიზაციის გასანადგურებლად“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 3 ოქტომბერს განცხადება  გაავრცელა და განაცხადა, რომ უარით პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს დაუსაბუთებელ მოთხოვნას ინფორმაციის გადაცემაზე.

30 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოითხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ქარტია თავის კანონიერ უფლებებს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს.

ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით.

ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებსა და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა.

მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებელთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას“ – აცხადებს ქარტია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დააფუძნეს ჟურნალისტებმა.

დღემდე ქარტიამ ჟურნალისტური ნამუშევრების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა. განმცხადებლებს შორის, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულები და რიგითი მოქალაქეები, რაც საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტებში ქარტიის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს.

„ქარტიას წვლილი აქვს შეტანილი ქართული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ქარტია არჩევნებს პირველად 2012 წელს დააკვირდა და მას შემდეგ, წლევანდლამდე, ორგანიზაციას არჩევნები არ დაუტოვებია, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგაშუქების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხი რომ არ შეეფასებინა, რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იყო იმის დასადგენად, ესა თუ ის არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა თუ არა.

ქარტიამ პროფესიული განვითარების მრავალი შესაძლებლობა მისცა ასეულობით ქართველ ჟურნალისტს და სტუდენტს, ჩაატარა ტრენინგები, გაუწია მათ კონსულტაცია პროფესიულ საკითხებზე, მოამზადა და გამოაქვეყნა მეგზურები და სახელმძღვანელოები. ქარტია თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაჩენილიყო მოთხოვნა დამოუკიდებელ და ხარისხიან ჟურნალისტიკაზე.

ამ ყველაფერს ქარტია მინიმალური რესურსებით და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. ქარტიის საბჭოს არჩეული წევრები, ქარტიის საბჭოს არჩეული თავმჯდომარეები, განცხადებებს მოხალისეობრივ საწყისებზე იხილავდნენ, ამ საქმეს უშურველად უთმობდნენ დიდ დროს და ენერგიას იმ რწმენით, რომ ყოველი გადაწყვეტილებით კიდევ ერთ აგურს დებდნენ საქართველოში უფრო მაღალპროფესიული მედიის მშენებლობაში, რომელიც უკეთ მოემსახურებოდა მეტად მედიაწიგნიერ საზოგადოებას“ – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: