მთავარი,სიახლეები

ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო

08.10.2025 •
ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო

ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

„ჯანდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია თანხმობა [ნათია ხარატთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე]… ყველა საკადრო გადაწყვეტილებას სამინისტროსთან ვათანხმებთ აუცილებლად,“ – აცხადებს კახა აღამანაშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„რამდენიმე თვე ვმუშაობდი ისე, რომ ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული,“ – გვიყვება ექიმი ნათია ხარატი – „30 სექტემბერს გამომიგზავნეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა 17 სექტემბერს. თურმე, გამიფორმეს ხელშეკრულება სამი თვით და გამოსაცდელი ვადით. ვთქვი, რომ თუ ხელშეკრულების ვადა უკვე ამოიწურა, უნდა ეთქვათ და აღარ მოვამზადებდი ახალ სამედიცინო დასკვნებს. მითხრეს, დირექტორს დაელაპარაკეო.

დირექტორმა თავის კაბინეტში მითხრა, კოლეგებს თქვენზე კარგი წარმოდგენა აქვთ და მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო. მე თქვენგან პოლიტიკურად სრულიად საპირისპიროს ვფიქრობო…

აღარ მითქვამს, აბა, ისე ვინ დაგნიშნავდათ ახალ დირექტორად-მეთქი. ვუთხარი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. დამეთანხმა და იქვე აღნიშნა – მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირებაო,“ – ამბობს ნათია ხარატი.

ნათია ხარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკური ელექტროფიზიოლოგის პოზიციაზე მუშაობდა.

კახა აღამანაშვილს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, არ უარუყვია ის, რომ ნათია ხარატს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ კრიტიკულ ფეისბუქსტატუსებზე ესაუბრა, მაგრამ „ეს პირადი საუბარი იყოო“ – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

„ეს იყო პირადი საუბარი [ნათია ხარატთან], პირადი საუბარი ერთია, საქმიანი საუბარი – მეორე. რაზე ვესაუბრე მე ნათია ხარატს, თქვენ რატომ უნდა გესაუბროთ? მე თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან, კომენტარის გარეშე….

ყველა აბსოლუტურად თავისუფალია თავის პოლიტიკურ შეხედულებებში. ჩემი პირადი საუბარი ქალბატონ ნათიასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა მის დანიშვნა-არდანიშვნასთან“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა აღამანაშვილმა.

თუ პოლიტიკური შეხედულება არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება ნათია ხარატთან? – ვკითხეთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, არ არის ცნობილი ჩემთვის საფუძველი… არ ასაბუთებს ჯანდაცვის სამინისტრო,“ – გვიპასუხა კახა აღამანაშვილმა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, კახა აღამანაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს თავდაპირველად თქვა, რომ მისთვის უცნობია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რა საფუძვლით არ დაეთანხმა რესპუბლიკურს ნათია ხარატთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, შემდეგ კი გვითხრა, რომ ნათია ხარატთან კონკრეტული ვადით, პოსტფაქტუმ გაფორმდა ხელშეკრულება და მისი გაგრძელება საჭირო აღარ იყო.

„ნათია ხარატს გარკვეული სამუშაოების რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის აქვს შესრულებული… დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა გაფორმდა იმ ვადით, რა ვადითაც იყო საჭორო, ამით დასრულდა კონტრაქტი და მან შესაბამისი ანაზღაურება მიიღო,“ – გვითხრა კახა აღამანაშვილმა.

„თუ საჭირო აღარ იყო ექიმი ნათია ხარატი რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რატომღა მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობის მისაღებად?“ – ვკითხეთ რესპუბლიკურის ხელმძღვანელს.

„კარგად ბრძანდებოდეთ,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხა ამჯერად კახა აღამანაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო შპს-ა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

რატომ სჭირდება კლინიკაში ინდივიდუალურ საკადრო გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, კონკრეტული ექიმისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას, სამინისტროს თანხმობა? – ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.

კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

2025 წლის 23 ივლისს ნათია ხარატმა, როგორც ექიმმა-ნევროლოგმა ჩვენება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“. როცა პოლიციელი ირაკლი დგებუაძე აცხადებდა, რომ მას სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა, ექიმმა ნათია ხარატმა მოსამართლეს უთხრა, რომ არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა რეალური ტკივილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: